ესტონელი დეპუტატი - ჩეჩნეთში მომხდარს მოჰყვა ის, რაც შემდეგ საქართველოში ვიხილეთ, რასაც დღეს უკრაინაში ვხედავთ და თუ ჩვენ ამას ვერ გავაჩერებთ, კიდევ სადღაც სხვაგან ვნახავთ

ჩეჩნეთში მომხდარს მოჰყვა ის, რაც შემდეგ საქართველოში ვიხილეთ, რასაც დღეს უკრაინაში ვხედავთ და თუ ჩვენ ამას ვერ გავაჩერებთ, კიდევ სადღაც სხვაგან ვნახავთ, - ამის შესახებ ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობების საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, მარკო მიკელსონმა ტალინში, აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების მედიასაშუალებების ჟურნალისტებისთვის გამართულ კონფერენციაზე განაცხადა.

მან უპასუხა „ინტერპრესნიუსის" შეკითხვას, რამდენად დაეთანხმება მოსაზრებას, რომ რუსეთის მიმართ დასავლეთის „რბილმა" პოზიციებმა 2008 წლის ომთან დაკავშირებით რუსეთისთვის უკრაინის ტერიტორიების ოკუპაცია და ანექსია შესაძლებელი გახადა.

„მე ვიტყოდი, რომ ყველაფერი ჩეჩნეთიდან დაიწყო. როდესაც 1995 წლის თებერვალში, ჩეჩნეთში გროზნოს დაცემის შემდეგ დუდაევთან ინტერვიუ ჩავწერე, მან მითხრა, რომ თუ ჩეჩნეთი დაეცემა, შემდეგი ყირიმი იქნება, ასევე, თქვა, რომ რუსეთი „ნადირობას დაიწყებს" რუსეთის იმპერიის დიდ „ჩრდილებზე" ყველა მიმართულებით, როგორც სამხრეთში, ისე აღმოსავლეთში და ის არ გაჩერდება მხოლოდ სსრკ-ს ან რუსეთის იმპერიის ყოფილ საზღვრებზე. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ასე ვთქვათ, ნამდვილი საწყისი წერტილი, როდესაც დასავლელი პოლიტიკოსები ან დასავლური პოლიტიკა მეტისმეტად რბილი იყო რუსეთთან მიმართებაში, სწორედ მაშინ იყო, განსაკუთრებით ჩეჩნეთის მეორე ომში. შეგახსენებთ, რომ რუსეთი 1996 წელს მიიღეს ევროსაბჭოს წევრად, ჩეჩნეთის სასაკლაოების შემდეგ. იქ მომხდარს მოჰყვა ის, რაც შემდეგ საქართველოში ვიხილეთ, რასაც დღეს უკრაინაში ვხედავთ და თუ ჩვენ ამას ვერ გავაჩერებთ, კიდევ სადღაც სხვაგან ვნახავთ.

რაც შეეხება 2008 წლის ომს, ალბათ ერთადერთი რამ, რისი იმედიც 2008 წელს მქონდა, იყო ის, რომ შემდგარიყო მყარი კონსენსუსი ნატო-ს წევრ ქვეყნებს შორის, მაგრამ ბუქარესტში აზრთა გაყოფა ძალიან აშკარა იყო რუსეთისთვის და მათ მწვანე შუქი მიიღეს მოქმედებებისთვის სამხრეთ ოსეთში", - აღნიშნა მიკელსონმა.

მანვე უპასუხა „ინტერპრესნიუსის" კითხვას, აქვს თუ არა რეალური შედეგები სანქციებს რუსეთთან მიმართებაში.

„რაც შეეხება სანქციებს, ისინი მუშაობს. სხვადასხვანაირი კალკულაციებია, მაგრამ ვიტყოდი, რუსეთი წელიწადში მშპ-ის მინიმუმ 1%-ს კარგავს სანქციების გამო. თუმცა ამავდროულად ყველას გვესმის, რომ რუსეთის მმართველობაში გარკვეულ მთავარ პირებზე კონცენტრირების გარეშე სანქციებს ის შედეგები არ მოაქვს, რაც გვსურს, დავინახოთ საქართველოში, უკრაინაში. ვხედავთ, რომ რუსეთი ეკონომიკას ისე იყენებს, რომ მოსახლეობამ შეძლოს ფუნქციონირების გაგრძელება თუნდაც დიდი სამხედრო კონფლიქტის დროს. ასე რომ, შეიძლება მათ სულაც, მოსწონთ სიტუაცია, რომ ნაკლებად არიან დამოკიდებულები ევროპაზე თუ გარე სამყაროზე. შესაბამისად, ეს ჩახლართული საკითხია. თუმცა, სანქციები აბსოლუტურად მინიმუმია იმის სათქმელად, რომ „იცით რა, ბიჭებო, საზღვრების მოშლა, როგორც თქვენ ეს საქართველოში და უკრაინაში გააკეთეთ, მიუღებელია". ესტონეთი ასე ვთქვათ, ერთ-ერთი პირველია თქვენი (აღმოსავლეთ პარტნიორობის) ქვეყნების მერე, რომელიც რიგში დგას რუსეთთან ნორმალური და გამჭვირვალე ურთიერთობის მიზნით, მაგრამ რა თქმა უნდა, არ შეგვიძლია, მივიღოთ ასეთი ქმედება", - აღნიშნა მარკო მიკელსონმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა