ქართული პრესის მიმოხილვა 13.12.2019

“ჩვენ ვიბრძოლებთ, კარდაკარ ვივლით და აქტიურები ვიქნებით...” - ფოფხაძე იურიდიულ კომიტეტში რჩება

„ძნელია ასეთი ადამიანების გვერდით იყო“ - ჭიჭინაძე ყოფილ თანაპარტიელებთან ურთიერთობაზე უარს ამბობს

ინვესტორებს საქართველოს რეგიონებისკენ გახედვაც არ უნდათ - “თუ რაღაც არ ამოქმედდა, რეგიონებიდან ხალხის გადინება არ შეჩერდება...”

* * *

“ჩვენ ვიბრძოლებთ, კარდაკარ ვივლით და აქტიურები ვიქნებით...” - ფოფხაძე იურიდიულ კომიტეტში რჩება

“ბოიკოტის რეჟიმზე ყოფნას არ ვაპირებთ და ამ ფუფუნებას ნამდვილად არავის არ მივცემთ”, - ასეთია დამოუკიდებელი დეპუტატის გედევან ფოფხაძის სამომავლო საქმიანობის გეგმები, რომელიც მან “რეზონანსთან” გააჟღერა. ფოფხაძის თქმით, იგი არ მიბაძავს თავის თანამოაზრე ეკა ბესელიას, რომელმაც პროტესტის ნიშნად ხუთშაბათს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრობაზე უარი განაცხადა და კომიტეტში საქმიანობას განაგრძობს. ფოფხაძე იმედოვნებს, რომ 2020 წელს ხელისუფლება შეიცვლება და მომავალი პარლამენტი კონსტიტუციასაც შეცვლის და “ამ მოსამართლეებს თამაშგარეთ დატოვებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “ჩვენ ვიბრძოლებთ, კარდაკარ ვივლით და აქტიურები ვიქნებით...” - ფოფხაძე იურიდიულ კომიტეტში რჩება.

“იურიდიული კომიტეტი არც ანრი ოხანაშვილის საკუთრებაა და არც “ქართული ოცნების”, ეს საპარლამენტო კომიტეტია და მის საქმიანობაში მონაწილეობა პრობლემად არ მიმაჩნია, რომელიც პოლიტიკურად რამეში ხელს შემიშლის. მგონია, რომ ეს ჩემი, როგორც პარლამენტარის ვალდებულებაა, რომ საკომიტეტო და სასესიო მუშაობაში მონაწილეობა მივიღო. საპარლამენტი ბოიკოტი ჩვენ მარტო ამ პროცესს გამოვუცხადეთ, ბოიკოტის რეჟიმზე ყოფნას არ ვაპირებთ და ამ ფუფუნებას ნამდვილად არავის არ მივცემთ. თუ მიქაუტაძეს ხმას აძლევ და “ნაცებს” ლანძღავ... ნაციონალების ცუდი გამოიხატებოდა იმაში, რომ ასეთი მოსამართლეები ჰყავდათ და თუ შენ იგივე მოსამართლეები გყავს, შენ უკეთესი რითი ხარ?! მიმაჩნია, რომ ჩემთვის ამ პროცესის საზომი ის იყო, რომ “ქართულმა ოცნებამ” “ნაციონალების” მემკვიდრეობა პირდაპირ მიიღო, მე და გოგიჩაიშვილს დღეს ბოლო მცდელობა გვქონდა გვეთქვა ჩვენი კოლეგებისთვის, რომ მაგ ხალხის არჩევა არ შეიძლება, რომ მათი არჩევით “ნაციონალური მოძრაობის” მემკვიდრეობას იღებდნენ და მათთან თანაზიარი ხდებოდნენ. ჩვენ ჩვენი სათქმელი ვთქვით და ჩვენი გასაკეთებელი გავაკეთეთ, მაგრამ გადაწყვეტილებების მიმღები დღეს საქართველოს მომავალზე “ქართული ოცნებაა”, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი ამ პროცესში მარტო უნდა დავტოვოთ”, -აცხადებს გამოცემია კორესპონდენტთან საუბრისას გედევან ფოფხაძე.

“ეს ის გადაწყვეტილებაა, რომელზეც პოლიტიკური ფასი “ქართულ ოცნებას” უნდა მოვთხოვოთ და თუ მომავალ პარლამეტში სხვა ძალას სხვა ღირებულებები ექნება, ის შეცვლის კონსტიტუციას და ამ მოსამართლეებს თამაშგარეთ დატოვებს. დღეს არასახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რაც პოლიტიკურად უნდა გამოსწორდეს. ამ მოცემულობის პარლამენტში და ასეთი აგრესიულად მორჩილი უმრავლესობის პირობებში ვერ გამოასწორებ. პოლიტიკური მოცემულება უნდა შეიცვალოს, ხელისუფლება უნდა შეიცვალოს და პარლამენტში ის ადამინები უნდა მოხვდნენ, რომლებიც ხალხის ნებას გამოხატავენ და არა კერძო ინტერესებს. სხვა გამოსავალი არ გვაქვს, ჩვენ ერთად უნდა ვიბრძოლოთ”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ჩვენ ვიბრძოლებთ, კარდაკარ ვივლით და აქტიურები ვიქნებით. მე ამ მოცემულობაში ერთადერთი პრინციპი რაც მიმაჩნია, რომ უნდა დავიცვა, ესაა ის, რომ ამ საქმეს “ნაციონალებთან” ერთად ვერ გავაკეთებ, ეს გამორიცხულია. როცა მმართველი პარტია სტანდარტებს სცდება და დიდ ტყუილებზე გადადის, უნდა მისცენ პოლიტიკური შეფასება და შესაძლოა გარკვეული პოლიტიკური განაჩენიც გამოუტანონ. ეს ისე უნდა გაკეთდეს, რომ ქუჩაში რაც შეიძლება ნაკლები კონფლიქტი მოხდეს, ქართველი ქართველს რაც შეიძლება ნაკლებად დაუპირისპირდეს და ეს ყველაფერი პოლიტიკურ-დემოკრატიული პროცესის ჩარჩოებში უნდა ჩავსვათ, ეს უნდა იყოს პოლიტიკოსების ვალდებულება, მაგრამ ნება ხალხის უნდა იყოს”, - დასძენს ფოფხაძე.

„ძნელია ასეთი ადამიანების გვერდით იყო“ - ჭიჭინაძე ყოფილ თანაპარტიელებთან ურთიერთობაზე უარს ამბობს

“რაც უფრო ნაკლები ურთიერთობა მექნება ასეთ ადამიანებთან, მით უფრო სუფთა და დაწყნარებული იქნება ადამიანი”, - აცხადებს დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე იმ თავის ყოფილ თანაპარტიელებზე საუბრისას, რომლებმაც პარლამენტში წარმოდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სასარგებლოდ მისცეს ხმა. შეგახსენებთ, რომ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს კენჭი უყარეს, რის შედეგადაც 19 კანდიდატიდან უვადო მოსამართლედ 14 კანდიდატი აირჩიეს, რომელთა შორის შალვა თადუმაძე და გიორგი მიქაუტაძეც არიან. ჭიჭინაძე თვლის, რომ მეცხრე მწვევის პარლამენტმა საშემოდგომო სესია სამარცხვინო გადაწყვეტილებებით დაასრულა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით „ძნელია ასეთი ადამიანების გვერდით იყო“ - ჭიჭინაძე ყოფილ თანაპარტიელებთან ურთიერთობაზე უარს ამბობს.

“ბოიკოტის რეჟიმში ვიმყოფები, სესიას ალბათ ბოიკოტის რეჟიმში დავამთავრებ იმიტომ, რომ აზრს ვერ ვხედავ, მით უმეტეს ბიუჯეტიც მიღებულია და ყველაფერმა ჩაიარა. აქედან გამომდინარე ვთვლი, რომ პრაქტიკულად საშემოდგომო სესია კი არა, ზოგადად მეცხრე მოწვევის პარლამენტმა თავისი სამთვიანი მოღვაწეობა სამარცხვინო გადაწყვეტილებებით დაასრულა. აქედან გამომდინარე, ძნელია ასეთი ადამიანების გვერდით იყო და მათ რაღაცაზე ესაუბრო, სადაც არანაირი მორალი და ღირსება არაა. იმ ადამიანებს ქვეყნის მომავალზე და ქვეყნის ბედ-იღბალზე რომ ესაუბრო, მგონია, რომ არაადეკვატურია. ჩემთვის მოსამართლეების თემა თავიდანვე მიუღებელი იყო, რეფორმასაც კი ვეწინააღმდეგებოდი იმიტომ, რომ ეს ჩვენს მოსახლეობაზე მორგებული არაა, ეს მდიდრებზე მორგებული სასამართლოა და მით უმეტეს ახლა პოლიტიკურად დატვირთულიცაა. ამიტომაც მე არც ამ რეფორმას ვუჭერდი მხარს და შესაბამისად, არც კანდიდატებს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით ჭიჭინაძე.

“რეალურად ყველაზე დიდი პრობლემა ამ რეფორმირებულ სასამართლოშია, რომელიც არ ასახავს იმ ადამიანების მოთხოვნას, რომლებიც ამდენი ხნის განმავლობაში ამ ქვეყანაში სამართალს ითხოვენ. ესეთი ტიპის სასამართლოში უპირატესობა ყოველთვის ექნებათ იმ ადამიანებს, რომლებსაც პოლიტიკური და ფინანსური გავლენა გააჩნიათ”, - განმარტავს ჭიჭინაძე და შეკითხვაზე - “გაქვთ თუ არა დამოუკიდებელ დეპუტატებს რაიმე სამოქმედო გეგმა”, - პასუხობს:

“ესეთი გეგმა ჯერჯერობით არაფერი არაა, მაგრამ ერთ რამეს ვიტყვი, რომ რამდენი მოწვევის პარლამენტი ყოფილა და არც ერთს ასე არ უმოღვაწია. ზოგადად ძალიან მძიმე საყურებელია ის დეპუტატები, რომლებსაც პრაქტიკულად ღირსება აჰყარეს და მხოლოდ და მხოლოდ ხელის დამჭერებად გახადეს. მათაც კი რცხვენიათ თავის საქციელზე კომენტარის გაკეთება, ამიტომ მე რა კომენტარი გავაკეთო და რა გეგმა შევიმუშავო... ვფიქრობ, რომ რაც უფრო ნაკლები ურთიერთობა მექნება ასეთ ადამიანებთან, მით უფრო სუფთა და დაწყნარებული იქნება ადამიანი”.

ინვესტორებს საქართველოს რეგიონებისკენ გახედვაც არ უნდათ - “თუ რაღაც არ ამოქმედდა, რეგიონებიდან ხალხის გადინება არ შეჩერდება...”

“ქვეყანაში უცხოური ინვესტიციები შემცირებულია და ამ ფონზე განსაკუთრებით საყურადღეობა ის ფაქტი, რომ უცხოური კაპიტალი უდიდესი წილი მხოლოდ თბილისსა და აჭარაში იდება. ამ მხრივ განსაკუთრებით საგანგაშო იყო 2018 წელი, როდესაც ინვესტიციების თითქმის 90% დედაქალაქში და ბათუმში “დარჩა”, ხოლო მთელ დანარჩენ რეგიონებზე მხოლოდ 10% გადანაწილდა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ინვესტორებს საქართველოს რეგიონებისკენ გახედვაც არ უნდათ / “თუ ამ რეგიონებში რაღაც არ ამოქმედდა, ბიზნესი არ დაიძრა, იქიდან ხალხის გადინება არ შეჩერდება”.

“პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2019 წლის მეორე კვარტალში 187 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის დაზუსტებულ მონაცემებზე 53,7 პროცენტით ნაკლებია. ვითარება შედარებით გამოსწორდა მესამე კვარტალში, როცა უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 417.3 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 13.7%-იან მატებას ნიშნავს. მიუხედავად ამისა, მთელი წლის მონაგარი მაინც ძალიან მცირეა. ყველაზე სავალალო კი ისაა, რომ უცხოური ინვესტიციები დადებით გავლენას არ ახდებს რეგიონებზე, მათი დიდი წილი მხოლოდ თბილისსა და აჭარაში მიდის. 2019 წლის მესამე კვარტალში ინცესტიციების მოცულობა 417 მილიონი დოლარი იყო და აქედან თბილისზე მოდიოდა 276,5 მილიონი დოლარი, ხოლო აჭარაზე 52,5 მილიონი დოლარი. ორ რეგიონში ჯამში 320 მილიონი დოლარის უცხოური კაპიტალი დააბანდეს, რაც საერთო მაჩვენებლის 77%-ია. მხოლოდ 97 მილიონი დოლარი გადანაწილდა ყველა დანარჩენ რეგიონზე. კიდევ უფრო უარესი მდგომარებაა წლიურ ჭრილში. მაგალითად, 2018 წელს სულ 1,265 აშშ დოლარი შემოვიდა, აქედან თბილისს ერგო 1,033 მილიარდი, ხოლო აჭარას - 75,5 მილიონი დოლარი. ორივე რეგიონში ერთად დაბანდებულმა კაპიტალმა 1,108 მლრდ დოლარი შეადგინა (88%), ხოლო დანარჩენ საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობას 157 მლნ დოლარისთვის არ გადაუჭარბებია”, - აღნიშნავს გამოცემა.

“აკადემიკოსი ავთო სილაგაძე აღნიშნავს, რომ რეგიონებში პირდაპირი უცხოური ივნესტიციების კლება შესაძლოა, ანაკლიის პორტსაც უკავშირდებოდეს, თუმცა ის იმდოვნებს, რომ ამ მიმართულებით პრობლემების მოგვარების შემდეგ მდგომარეობა გამოსწორდება. “უცხოური ინვესტიციების შემცირებას უამრავი მიზეზი აქვს, მათ შორის ანაკლიის პორტის ირგვლივ შექმნილი გაურკვეველი სიტუაცია,რომელიც იმედია, მალე მოგვარდება. ამის შემდეგ გაიზრდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. რაც შეეხება გეოგრაფიულ გადანაწილებას, ის უფრო მეტად რჩება იმ ცენტრებში, სადაც მეტად არის ხელსაყრელი ინვესტორებისთვის, საუბარია ბათუმსა და თბილისზე. სამწუხაროდ, ეს ტენდენცია გრძელდება უკვე წლებია. ჩვენი მიზანია, რომ გადანაწილდეს ყველა რეგიონზე სფეროების მიხედვით და ეს რომ არ ხდება, სწორედ ამიტომ არ არის რეგიონებში დასაქმების პერსპექტივა”, - ამბობს სილაგაძე, რომელიც თვლის, რომ “თუ ამ რეგიონებში რაღაც არ ამოქმედდა, ბიზნესი არ დაიძრა, თავისთავად ცხადია, რომ ხალხის გადინება არ შეჩერდება და მიგრაციული პროცესიც დედაქალაქისკენ უფრო მეტად იქნება”, - დასძენს გამოცემა.

“საქსტატის ინფორმაციით, ინვესტიციების შემცირების მიზეზს მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის დასრულება წარმოადგენს. ორგანიზაცია ასევე აცხადებს, რომ კიდევ ერთი საკითხია არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორის მიმართ ვალდებულებების და რეინვესტიციების მოცულობის შემცირებაა. თუმცა, ეს არც სამწუხარო სურათს ცვლის და არც იმას, რომ ინვესტიციები დედაქალაქში და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაშია აკუმულირებული, სხვა რეგიონებში კი კლებას საგანგაშო ხასიათი აქვს. რეგიონების დიდ ნაწილს, ამ მხრივ, “პულსი საერთოდ არ ესინჯება”. ეს მაშინ, როცა მთავრობა საკუთარ პრიორიტეტად დეცენტრალიზაციასა და რეგიონალურ განვითარებას ასახელებს, თითქმის ყველა ოფიციალურ გამოსვლაში. ილიაუნის ბიზნესსკოლის ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი ამბობს, რომ ინვესტიციების არათანაბარი გადანაწილება რეგიონებზე მთავარი უარყოფითი ფაქტორია, რაზეც მთავრობამ ბევრი უნდა იმუშაოს”, - წერს სტატიის ავტორი.

“ინვესტიციები რეგიონებში საკმაოდ არათანაბრად არის გადანაწილებული. სამი კვარტლის განმავლობაში ქვეყანაში შემოსული 909 მილიონი აშშ დოლარის უცხოური პირდაპირი ინვესტიციების მოცულობიდან მხოლოდ უმნიშვნელო რაოდენობა რომ მიდის რეგიონში, ეს ადასტურებს, რომ ინკლუზიური განვითარების საკითხი პრობლემურია ქვეყანაში. რეგიონული პოლიტიკა მეტად უნდა განავითარონ განსაკუთრებით, საინვესტიციო მიმართულებით. როცა საინვესტიციო ფორუმები ტარდება, აქცენტი მხოლოდ კონკრეტულად ქვეყანაზე კი არ უნდა გაკეთდეს, არამედ მისი კონკრეტული რეგიონების მნიშვნელობაზე. ვერ წარმომიდგენია, რომ გურია არის რეგიონი, სადაც სამი კვარტლის განმავლობაში მხოლოდ 2.5 მილიონი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა. ათჯერ ან ასჯერ უფრო მიმზიდველია გურიის საინვესტიციო პოტენციალი. მთავრობის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, არის ის, რომ ინვესტორებს ერთის მხრივ, მთლიანად ქვეყნის პოტენციალი დავანახოთ, რაც კარგი გაგებით კარგად არის შეფუთული, მაგრამ უფრო მეტი გაშლა გვჭირდება რეგიონების კუთხით. ჩვენი რეგიონები ბევრად უფრო მიმზიდველია და საინტერესო, ვიდრე თბილისი“, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი აბაშიშვილი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს