ვახტანგ ძაბირაძე  -  თუ სახელმწიფოს მართვის სისტემის შეცვლა გინდა, იმ გზას კი არ უნდა გადიოდე, რომელიც შენმა წინამორბედმა გაიარა

საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე "ინტერპრესნიუსი“ პოლიტოლოგსა და კონსტიტუციონალისტს, ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა.

- ბატონო ვახტანგ, პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად 14 კანდიდატი დაამტკიცა. პარლამენტის მიერ არჩეულმა მოსამართლეებმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მანტია უვადოდ მოისხეს. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ ოპოზიციასა და „ოცნებიდან“ წამოსულ დამოუკიდებელ დეპუტატებს.

ამ პროცესს ხმაურისა და ექსცესების გარეშე არ ჩაუვლია, მაგრამ მთავარი მაინც ის იყო, რომ უზენაესი სასამათლოს მოსამართლეების შერჩევა დასრულდა.

ვინც მართლმსაჯულების სისტემაში მეტნაკლებად ჩახედულია თვლის, რომ დაბალი ნდობის მქონე მოსამართლეების სამუდამოდ დანიშვნით კარგი არაფერი მომხდარა, ვინაიდან ახლად არჩეული მოსამართლეების მიმართ ნდობა იმაზე გაცილებით დაბალია, ვიდრე ეს მმართველი გუნდის ლიდერშიფს ჰგონია. თქვენ როგორ შეაფასებდით მომხდარს?

- უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი მოულოდნელი შედეგით არ დასრულებულა. ცხადია, რომ წარდგენილი 20 კანდიდატის გაყვანა ვერ მოხერხდებოდა და როგორც ჩანს, მმართველ გუნდში ჩაითვალა, რომ ეს არც ივარგებდა.

მოსამართლეობის კანდიდატების გარკვეული ნაწილი ჩააგდო არა პარლამენტმა, არამედ იურიდიულმა კომიტეტმა. პლენარულ სხდომაზე მოსამართლეობის კანდიდატებისათვის კენჭისყრით დასრულდა პროცესი, რომელიც ერთი წელია გრძელდება.

რომ გითხრათ, რომ ამ კენჭისყრით „ქართულმა ოცნებამ“ იმაზე მეტი ხმები დაკარგა, ვიდრე ერთი წლის წინ, როცა ეს პროცესი დაიწყო, რა თქმა უნდა არა, ასე არაა. მაგრამ, როგორც ჩანს, მმართველ გუნდში ჩაითვალა, რომ სჯობდა ეს პროცესი წინასაახალწლოდ დასრულებულიყო.

შეიძლება ითქვას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მართლმსაჯულების თემა გადააგორა, თუმცა, სასამართლოს სისტემისადმი ნდობა როგორც მანამდე არ იყო მაღალი, სამწუხაროდ, ისევე ისე დარჩა. მეტიც, ახლა მის მიმართ ნდობა პრაქტიკულად 0-ს გაუტოლდა.

„ქართულმა ოცნებამ“ მართლმსაჯულების თემა გადააგორა, თუმცა, სასამართლოს სისტემისადმი ნდობა როგორც მანამდე არ იყო მაღალი, სამწუხაროდ, ისევე ისე დარჩა. მეტიც, ახლა მის მიმართ ნდობა პრაქტიკულად 0-ს გაუტოლდა

მიუხედავად იმისა რომ ასეა, ხელისუფლებას სასამართლოს იმედი შეიძლება ჰქონდეს თუ არჩევნების შემდეგ საქმეებმა სასამართლოში გადაინაცვლა. მთავარი კი ისაა, რომ თუ საქართველოში ნორმალური ხელისუფლება მოვა, მას მართლმსაჯულების სისტემაში ერთი შეხედვით გადაუჭრელი პრობლემა დახვდება. ხელისუფლება იძულებული იქნება ნდობადაკარგული სასამართლოს წინააღმდეგ რადიკალური და არაორდინალური ნაბიჯები გადადგას.

მართლმსაჯულების სისტემა ქართული სახელმწიფოს პრობლემა იყო და პრობლემად დარჩა. „ქართულმა ოცნებამ“ ეს გზა კი გაირა, მაგრამ საზოგადოებამ და ხალხმა ხომ იცის, ვინ არიან ახლად დანიშნული მოსამართლეები.

მთავარი კი ისაა, რომ თუ საქართველოში ნორმალური ხელისუფლება მოვა, მას მართლმსაჯულების სისტემაში ერთი შეხედვით გადაუჭრელი პრობლემა დახვდება. ხელისუფლება იძულებული იქნება ნდობადაკარგული სასამართლოს წინააღმდეგ რადიკალური და არაორდინალური ნაბიჯები გადადგას

სხვათა შორის, ხელისუფლებაზე უკმაყოფილო იქნება უზენაესი სასამართლოს ის 6 დაწუნებული მოსამართლეობის კანდიდატი, იმიტომ რომ იმათზე უარესები კი არ არიან, ვინც აირჩიეს, არამედ ისინი ხელისუფლების სპექტაკლს შეეწირნენ.

- მოსამართლეების დანიშვნის თემაზე გია ხუხაშვილმა განაცხადა - “ოცნებამ“ წინა ხელისუფლების ბოლო ატრიბუტის, მართლმსაჯულების რეინტეგრაციით დაასრულა „ნაციონალების“ რებრენდინგი და საბოლოოდ გამოაცხადა თავი სისხლიანი 9 წლის სამართალმემკვიდრედ. რაც ტრაგიკომედიად გამოიყურება“.

მართლაც შეიძლება ითქვას, რომ „ნაციონალების“ რებრენდინგი დასრულებულია და „ქართული ოცნება“ „ნაციონალების“ სამართალმემკვიდრეა?

- შეიძლება ითქვას, რომ ეს ასეა. კარგა ხანია „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალებს“ შორის მკაფიო განსხვავებები აღარ არის. „ნაციონალების“ მოსამართლეების ხელახლა დანიშვნით ეს პროცესი კიდევ უფრო ცხადი გახდა. შვიდი წელია „ქართული ოცნება“ ემსგავსება „ნაციონალებს“.

კარგა ხანია „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალებს“ შორის მკაფიო განსხვავებები აღარ არის. „ნაციონალების“ მოსამართლეების ხელახლა დანიშვნით ეს პროცესი კიდევ უფრო ცხადი გახდა. შვიდი წელია „ქართული ოცნება“ ემსგავსება „ნაციონალებს“

როცა, ისეთ კონსტიტუციას მიიღებ, რომელიც ქვეყანას კი არა მხოლოდ მმართველ გუნდს უნდა, როცა ქვეყნის მართვაში სერიოზულ კორექტივებს არ შეიტან, ნელ-ნელა იძულებული ხდები იქ მიხვიდე, სადაც „ნაციონალები“ იყვნენ.

ნებისმიერი ხელისუფლება, რომელიც მომავალში მოვა, თუ ისე გააგრძელებს ქვეყნის მართვას, როგორც ამას ადრე „ნაციონალები“ აკეთებდნენ, ხოლო ახლა „ქართული ოცნება“ აკეთებს, არ შეეცდება შექმნას დემოკრატიულ ინსტიტუტებთან ერთად ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები, ნელ-ნელა ყველა „ნაციონალებსა“ და „ქართულ ოცნებას“ დაემსგავსება.

პოლიტიკურ პროცესს თავისი კანონზომიერებები აქვს და ივანიშვილი კი არა, მსოფლიოში ვერ დაასახელებთ ვერც ერთ პოლიტიკოსს, ვისაც სურდა დემოკრატიული ქვეყნის აშენება, დემოკრატიული ინსტიტუტები და ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები არ შექმნა და იქამდე არ მივიდა, რასაც ადრე „ნაციონალები“ აკეთებდნენ და ახლა გაკეთებას „ქართული ოცნება“ ცდილობს.

- ბრძანებთ, რომ მმართველი გუნდი ისტორიულ კანონზომიერებებს არ ითვალისწინებს, სწორად გავიგე?

- დიახ, არ ითვალისწინებს პოლიტიკური პროცესის კანონზომიერებებს. თუ სახელმწიფოს მართვის სისტემის შეცვლა გინდა, იმ გზას კი არ უნდა გადიოდე, რომელიც შენმა წინამორბედმა გაიარა, არამედ უნდა იფიქრო მის ძირეულად შეცვლაზე. ამის დანახვა ძალიან მარტივია, თუ რა თქმა უნდა, საერთოდ გინდა რამის დანახვა.

თუ სახელმწიფოს მართვის სისტემის შეცვლა გინდა, იმ გზას კი არ უნდა გადიოდე, რომელიც შენმა წინამორბედმა გაიარა, არამედ უნდა იფიქრო მის ძირეულად შეცვლაზე

- სხვათა შორის, აეროპორში მომხდარი ინციდენტის ირგვლივ უცნაურად განვითარდა მოვლენები. მხედველობაში მაქვს უგულავასა და გაბაშვილზე თავდასხმა. უგულავა დამნაშავედ იქნა ცნობილი იმის გამო, რომ მან თავდასხმელს მეტი წინააღმდეგობა გაუწია, ხოლო გაბაშვილი დაზარალებულად ცნეს. მეტიც, უგულავას უკვე დაეკისრა 2 ათასი ლარის გადახდა.

როცა 2009 წელს რუსთაველი საკნებით იყო გადაკეტილი, ხელისუფლების მხარდამჭერები ხშირად უვარდებოდნენ მათ და იყო ცემა-ტყეპა და დიდი ალიაქოთი. ახლაც მსგავსი რამ ხდება. რჩება შთაბეჭდილება, რომ დღევანდელი ხელისუფლება იგივეს აკეთებს...

- დიახ, ასეთი შთაბეჭდილება ნამდვილად რჩება. მაგრამ, ჩემი აზრით, საქართველოში არ არის იმის ადამიანური რესურსი, რომ რეალურად იქნას დამყარებული ავტორიტარული მმართველობა. საქართველო პატარა ქვეყანაა და ადამიანებს შორის სხვა ურთიერთობები და დამოკიდებულებებია.

გასაგებია, რომ ხელისუფლება ცდილობს როგორმე შეაჩეროს საპროტესტო ტალღა. ამ პროცესში ის იძულებულია გამოიყენოს ის მეთოდები, რომელსაც „ნაციონალები“ იყენებდნენ. სხვა მეთოდი მას არ აქვს და ის იგივე სქემით მოქმედებს. როგორ ჩანს, მეტი არც ფანტაზია აქვს.

ხელისუფლება ცდილობს როგორმე შეაჩეროს საპროტესტო ტალღა. ამ პროცესში ის იძულებულია გამოიყენოს ის მეთოდები, რომელსაც „ნაციონალები“ იყენებდნენ. სხვა მეთოდი მას არ აქვს და ის იგივე სქემით მოქმედებს. როგორ ჩანს, მეტი არც ფანტაზია აქვს

ჩემი აზრით, პოლიტიკურ ოპოზიციასთან ურთიერთობის სხვა ფორმას ვერც მოიფიქრებენ, რადგან პოლიტიკური პროცესის ასეთ მართვაზე უარი უნდა თქვან. უარს იმის გამო ვერ ამბობენ, რომ რეალური ავტორიტარიზმის საშუალება არც ხელისუფლებას აქვს და არც ქვეყანას.

სამწუხაროდ, კიდევ ბევრი ფაქტორის გამო მოუწევს ხელისუფლებას ოპოზიციასთან ბრძოლის „ნაციონალების“ გამოცდილების ერთი-ერთში გამეორება.

- ვხედავთ, რომ ხელისუფლება პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციებისას არაერთი მოქალაქე დააკავა.

იმასაც ვხედავთ, რომ ეს დაკავებები ეფექტური აშკარად არაა იმისთვის, რომ საზოგადოების თუნდაც ერთ ნაწილში არსებული დაძაბულობა განიმუხტოს და პოლიტიკურ პროცესს სხვა დინამიკა მიეცეს. ძნელი დასაჯერებელია, რომ ხელისუფლებაში ამაზე სერიოზულად არ ფიქრობდნენ...

- ალბათ ფიქრობენ, ალბათ უნდათ რაღაცები მოიგონონ, მაგრამ, როგორც ჩანს, სხვა გამოსავალს ვერ ხედავენ. სხვა გამოსავალი რაა? მაშინ ხელისუფლება უნდა წავიდეს იმ დათმობებზე, რასაც ოპოზიცია საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ითხოვს.

ან უნდა მიუშვა ეს პროცესი. ვხედავთ, რომ ხელისუფლებას ამ პროცესის მიშვება არ უნდა.

მრჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება იმ პოლიტიკურ პროცესს, რაც ახლა ქვეყანაში მიმდინარეობს, უკვე ვეღარ აკონტროლებს. მას ოპოზიციისა და საზოგადოებისთვის რამე ახალი იდეის შეთავაზება არ შეუძლია. სამწუხაროდ, ხელისუფლებისაგან სოციალური და ეკონომიკური კუთხით რამე გარღვევას აღარ უნდა ველოდოთ.

მრჩება შთაბეჭილება, რომ ხელისუფლება იმ პოლიტიკურ პროცესს, რაც ახლა ქვეყანაში მიმდინარეობს, უკვე ვეღარ აკონტროლებს. მას ოპოზიციისა და საზოგადოებისთვის რამე ახალი იდეის შეთავაზება არ შეუძლია. სამწუხაროდ, ხელისუფლებისაგან სოციალური და ეკონომიკური კუთხით რამე გარღვევას აღარ უნდა ველოდოთ

ხელისუფლებამ იმდენი მოახერხა, რომ საარჩევნო სისტემის ირგვლივ მთელი ოპოზიციური სპექტრი გააერთიანა და პრობლემები შეექმნა ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან. შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლება ახლა ორ ცეცხლშუა არის მოხვედრილი. ერთი მხრივ ქვეყნის შიგნით და მეორე მხრივ ქვეყნის გარედან.

თუ ამას დავამატებთ, რომ საქართველოს მეგობრების გარდა, არცთუ ისე კეთილგანწყობილი მეზობლები ჰყავს, შეიძლება ითქვას, რომ გართულებული შიდაპოლიტიკური პროცესების ფონზე ხელისუფლება ახლა მარტოა დარჩენილი. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ იგი მხარდამჭერებს აშკარად კარგავს, ხელისუფლების მდგომარეობა სახარბიელო აშკარად არაა.

როგორც წესი, კრიტიკულ სიტუაციაში ხელისუფლება ხავსს ეჭიდება და კიდევ მეტ და მეტ შეცდომებს უშვებს. ახლა ჩვენთანაც ასეა. დაკავებული მოსალაქეების რიცხვი კი იზრდება, მაგრამ ისინი, ძირითადად ახალგაზრდები, 7-10 დღეში ციხიდან გამოდიან და სააპროტესტო აქციებში კიდევ უფრო მეტი ჟინით ერთვებიან.

გართულებული შიდაპოლიტიკური პროცესების ფონზე ხელისუფლება ახლა მარტოა დარჩენილი. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ იგი მხარდამჭერებს აშკარად კარგავს, ხელისუფლების მდგომარეობა სახარბიელო აშკარად არაა

ასეთ ვითარებაში ხელისუფლების ქმედება იმის გარდა რომ ეფექტური არაა, სასაცილოც კია.

- ხელისუფლება კი აცხადებს, რომ თბილისში 14 დეკემბრისათვის დაგეგმილ ღონისძიებას შიდა პოლიტიკაში მიმდინარე პროცესებთან კავშირში არა აქვს, მაგრამ უკვე გვესმის იმაზე საუბრები, რომ საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყნად დედაქალაქში საზეიმოდ აღნიშვნას მმართველი გუნდი თავისი მხარდამჭერების სიმრავლის დემონსტრირებისათვის გამოიყენებს.

რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება ოპოზიციას ქუჩაში გაჰყვა და იქ ცდილობს თავისი უპირატესობის დემონსტრირებას. ამაზე ისიც მიანიშნებს, რომ მმართველი გუნდის წარმომადგენლები მუდმივად საუბრობენ პარლამენტის წინ მდგომ ოპოზიციონერთა სიმცირეზე და იმაზე, რომ ისინი მხოლოდ 200-ნი არიან.

პოლიტიკური პროცესის ქუჩაში განვითარების გზა, რომ არის გზა არსაით, ვიცით. მეტიც, სამწუხაროდ, ეს ჩვენმა საზოგადოებამ რამდენჯერმე უკვე გაიარა...

- დიახ, ეს იმ ოპერიდანაა, რომ წინა ხელისუფლებას სტადიონზე 80 ათასი მხარდამჭერი რომ უნდა შეეგროვებინა. გვახსოვს, გამსახურდიას მხარდამჭერების თბილისში ჩამოსვლაც, შემდეგ, 2003 წელს ასლან აბაშიძის მხარდამჭერების სიმრავლე თბილისში. ვიმეორებ, ეს ყველაფერი ერთიდა იგივე ოპერიდანაა.

წინასწარ შემიძლია გითხრათ, რომ ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე თბილისში ხალხი ბევრი იქნება. და იცით რატომ? რაიონებში ავტობუსებს რომ დააყენებ, ხალხს თბილისში გასეირნებას შესთავაზებ, დაჰპირდები საჭმლის ფულს და კონცერტზე დასწრებას ხალხი წამოვა, აბა რას იზამს? მე შენ გეტყვი, ვინმეს სამუშაოს გაცდენის პრობლემა ექნება.

რაიონებში ავტობუსებს რომ დააყენებ, ხალხს თბილისში გასეირნებას შესთავაზებ, დაჰპირდები საჭმლის ფულს და კონცერტზე დასწრებას ხალხი წამოვა, აბა რას იზამს? მე შენ გეტყვი, ვინმეს სამუშაოს გაცდენის პრობლემა ექნება

ხალხი თბილისში წამოვა, მაგრამ ისინი ხელისუფლების მხარდამჭერები კი არ იქნებიან. ვინც იქნება, ისიც ისინი, ვინც დასაქმებული არიან სკოლებში, ბაგა-ბაღებში, სახელმწიფო დაწესებულებებში. ამის გაკეთებას ყველა ხელისუფლება ცდილობდა. არც დღევანდელია გამონაკლისი.

გულწრფელად გეტყვით, მე ამ ხალხს ვერანაირად ვერ გავამტყუნებ. სამსახურის დაკარგვა არავის უნდა. მაგრამ, ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ არჩევნებზე თბილისში ორგანიზებულად ჩამოყვანილი ხალხის უმეტესობა ხელისუფლების მხარდამჭერი არ იქნება.

დღევანდელი ხელისუფლება იმას ვერ ხვდება, რომ სააკაშვილს მათზე გაცილებით უკეთესად ჰქონდა აწყობილი რეპრესიული სისტემა, მხარდამჭერების ორგანიზებაც, მაგრამ 2012 წლის არჩევნები მაინც წააგო.

ის, რაც სააკაშვილმა 2011 წლის 26 მაისს გააკეთა, სხვა არაფერი იყო თუ არა დიქტატურისკენ გადადგმული ნაბიჯი. მიუხედავად ამისა, სააკაშვილის ხელისუფლება დამარცხდა. სააკაშვილის ხელისუფლების შეცდომებს ვინმე დღევანდელ ხელისუფლებაში დარჩენილი მოზროვნე ადამიანი ხომ უნდა ითვალისწინებდეს?

დღევანდელი ხელისუფლება იმას ვერ ხვდება, რომ სააკაშვილს მათზე გაცილებით უკეთესად ჰქონდა აწყობილი რეპრესიული სისტემა, მხარდამჭერების ორგანიზებაც, მაგრამ 2012 წლის არჩევნები მაინც წააგო

ისევ გვესმის საუბრები იმაზე, რომ ივანიშვილს აქვს ბევრი ფული და მას შეუძლია ქვეყნის ფეხზე დაყენება. არ ეყოფა საქართველოს განვითარებას მხოლოდ ივანიშვილის ფული. მით უმეტეს თუ გავიხსენებთ, რომ ჩვენს მოსახლეობას სხვისი ფულის ხარჯვის მადა ზედმეტადაც კი დიდი აქვს. ვითარება ასეთია - ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ საარჩევნოდ დიდი რაოდენობით ხალხის ყიდვა შეუძლებელია.

- ბევრი თქვენი კოეგა შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო რომ ხელისუფლება ოპოზიციას ქუჩაში გაყვა. მეტიც, ზოგი არც იმას გამორიცხავს, რომ “ოცნება“ ფართომასშტაბიანი სამოქალაქო დაპირისპირებისთვის ემზადება.

აშკარაა, რომ არჩევნებამდე დარჩნილი ძალიან მძიმე წელი გველოდება. გაქვთ იმის იმედი, რომ ეს წელი ფართომასშტაბიანი დაპირისპირების გარეშე ჩაივლის?

- მინდა იმედი ვიქონიო, რომ არჩევნებამდე დარჩენილი დრო ფართომასშტაბიანი დაპირისპირების გარეშე ჩაივლის. მაგრამ, ვითარება ისეთია, რომ არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება.

ჩემი აზრით, რაც უფრო დაიძაბება ვითარება შიდა პოლიტიკაში, მით უფრო დიდია იმის ალბათობა, რომ ხელისუფლება ვადამდელი არჩევნების ჩატარებაზე წავიდეს. შესაძლოა, ხელისუფლებისთვის ყველაზე კარგი გამოსავალი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება იყოს.

რაც უფრო დაიძაბება ვითარება შიდა პოლიტიკაში, მით უფრო დიდია იმის ალბათობა, რომ ხელისუფლება ვადამდელი არჩევნების ჩატარებაზე წავიდეს

უკვე ცხადია, რომ ქუჩაში გადასული პოლიტიკური პროცესი პარლამენტში არ და ვერ დაბრუნდება. ან მთელი წელი დღევანდელ რეჟიმში მოგვიწევს ყოფნა ან ვადამდელი არჩევნები ჩატარდება.

სხვათა შორის, ცალკე საუბრის თემაა თუ რა შეიძლება მოუტანოს ვადამდელმა არჩევნებმა „ქართულ ოცნებას“. თუ დღევანდელ ვითარებაში დაინიშნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ძალიან რთული იქნება ხელისუფლების მიერ ძალაუფლების შენარჩუნება. ახლა მნიშვნელობა აღარც აქვს არჩევნები რა სისტემით ჩატარდება.

არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს მეგობრების გარდა, არაკეთილმოსურნე მეზობლები ჰყავს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან არ იყოს ქვეყანაში სტაბილურობა, საქართველო რეალურად და არა მხოლოდ სიტყვიერად არ დაადგეს რეალური დემოკრატიის გზას.

ეს ყველაფერი გასათვალიწინებელია, მაგრამ ხელისუფლებას არ ჰყავს ის ბირთვი და აქტივი, რომელსაც შეუძლია სამოქალაქო დაპირისპირების „უზრუნველყოფა“. სხვათა შორის, სააკაშვილმა მისი ხელისუფლებისთვის კრიტიკულ მომენტში ამ ბირთვის ამოქმედება ვერ შეძლო.

შესაძლოა, მმართველი გუნდის უმაღლეს პირებს აწყობდეთ კიდეც პროცესების უკიდურესად იმისთვის დაძაბვა, რომ შემდგომ მათივე უსაფრთხოების გარანტიები მიიღონ. საუბარია ისეთ გარანტიებზე, როგორიც დასავლეთისგან მიიღო ჯერ სააკაშვილმა და შემდეგ სააკაშვილმა.

შესაძლოა, მმართველი გუნდის უმაღლეს პირებს აწყობდეთ კიდეც პროცესების უკიდურესად დაძაბვა იმისთვის, რომ შემდგომ მათივე უსაფრთხოების გარანტიები მიიღონ. საუბარია ისეთ გარანტიებზე, როგორიც დასავლეთისგან მიიღო ჯერ შევარდნაძემ და შემდეგ სააკაშვილმა

- თუ პოლიტიკურ პროცესს კარგად დავაკვირდებით, ძნელი დასანახი არ უნდა იყოს ის, რომ არსებულ პირობებში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესში „ქართული ოცნება“ რეიტიგს კარგავს. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ამ თვალსაზრისით რეიტინგი ემატება რომელიმე ოპოზიციურ პოლიტიკურ ჯგუფს.

შესაძლოა, ვცდებოდე, მაგრამ ორივე პოლიტიკური მხარე საკმაოდ ბევრს კარგავს და 2020 წლის არჩევნებს მათთვის იმაზე გაცილებით ნაკლებადსასურველი შედეგი შეიძლება ჰქონდეს, ვიდრე წარმოუდგენიათ...

- გასაგებია, რომ ამ პროცესში ორივე ბევრს კარგავს. ახლა რომ ორივეს აწყობდეს ვადამდელი არჩევნების ჩატარება, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები კარგა ხნის წინ იქნებოდა დანიშნული.

ახლა ყველა ელოდება ეუთო-ოდერის დასკვნას. გასაგებია, რომ მისი დასკვნა მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათის იქნება, მაგრამ იმ რეალობაში, რომელშიც ვართ, ჩვენს საშინაო პოლიტიაკში ამ სარეკომენდაციაო დასკვნას დიდი მნიშვნელობა რომ ექნება, ფაქტია.

თუ ეუთო-ოდერმა გაითვალისწინა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციის მოთხოვნები, ეს ხელისუფლების წისქვილზე წყალს არ დაასხამს. თუ პირიქით მოხდა, ხელისუფლება მრავალმანდატიან ოლქებზე დათანხმდება და იტყვის რომ ოპოზიციის მოთხოვნების ნაწილი დათმო და ნაწილი არ დათმო.

ახლა ყველა ელოდება ეუთო-ოდერის დასკვნას. გასაგებია, რომ მისი დასკვნა მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათის იქნება, მაგრამ იმ რეალობაში, რომელშიც ვართ, ჩვენს საშინაო პოლიტიაკში ამ სარეკომენდაციაო დასკვნას დიდი მნიშვნელობა რომ ექნება, ფაქტია

მაგრამ, საინტერესოა, ასეთ ვარიანტში ხელისუფლების გათვლა როგორია - ერთი წლის შემდეგ იგებს არჩევნებს? არა მგონია, მას ერთი წლის შემდეგ უკეთესი ვითარება ჰქონდეს, ვიდრე დღეს აქვს.

ოპოზიციურ ფლანგზე სააინტერესოდ ვითარდება პროცესი. ნელ-ნელა ხდება მისი ჩამოყალიბება. ასევე მნიშვნელოვანია თუ რა ხდება საზოგადოებაში. ჯერჯერობით, კანტი-კუნტად, მაგრამ უკვე სულ უფრო ხმამაღლა ისმის მოწოდებები, რომ ხალხს არც „ოცნება“ უნდა და არც „ნაციონალები“. მეტიც, სულ უფრო ხმამაღლა ისმის იმათი ხმა ვინც ამბობს , რომ მოსაძებნია მესამე ძალა.

რაც უფრო მეტი დრო გადის, მესამე ძალაზე მოთხოვნა მით უფრო მეტად გაიზრდება. თუ მესამე ძალის ფორმირების პროცესი დაჩქარდა, ხელისუფლება საკმაოდ რთულ ვითარებაში აღმოჩნდება.

ხელისუფლებას კვლავ ექნება მაჟორიტარების იმედია, მაგრამ გარკვეულ მომენტში შესაძლოა, მისმა გათვლამ არ იმუშაოს. საარჩევნო სისტემას, რომელსაც მხარს „ქართული ოცნება“ უჭერს, ერთი უცნაურობა სჭირს - კრიტიკულ ვითარებაში აგებს ხელისუფლება და იგებს ოპოზიცია, მაგრამ აგებს მთლიანად. ეს ჩვენ არაერთხელ გვაქვს ნანახი.

ხელისუფლებას კვლავ ექნება მაჟორიტარების იმედი, მაგრამ გარგვეულ მომენტში შესაძლოა, მისმა გათვლამ არ იმუშაოს. საარჩევნო სისტემას, რომელსაც მხარს „ქართული ოცნება“ უჭერს, ერთი უცნაურობა სჭირს - კრიტიკულ ვითარებაში აგებს ხელისუფლება და იგებს ოპოზიცია, მაგრამ აგებს მთლიანად. ეს ჩვენ არაერთხელ გვაქვს ნანახი

ჩვენ ის კი არ გვინდა, რომ „ქართული ოცნება“ წავიდეს და „ნაციონალები“ არ მოვიდნენ, არამედ არ გვინდა, რომ 2020 წლის არჩევნების შედეგად არც ერთი პარტია არ იყოს დომინანტი. ახლა ჩვენი საზრუნავი ის უნდა იყოს, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა კოალიციური მთავრობის ფარგლებში ერთმანეთთან აქტიურად ითანამშრომლონ და იქნებ ეს აღმოჩნდეს გამოსავალი.

- რასაც თქვენ ამბობთ პოლიტიკურ პარტიებს შორის თანანშრომლობას გულისხმობს და არა ერთმანეთის განადგურებას...

- დღეს რასაც ვხედავთ, პროცესების ამგვარი განვითარება არც “ოცნებას“ აწყობს და არც „ნაცმოძრაობას“. თუ ისინი ასეთ ვითარებაში გააგრძელებენ საქმიანობას და ყველაფერს გააკეთებენ რომ სხვა მესამე ძალა არ გაჩდეს, მაშინ ისინი იძულებული იქნებიან ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე წავიდნენ.

- ანუ, ვადამდელი არჩევნები მართლაც შეიძლება შედგეს?

- დიახ. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 2020 წლის არჩევნების შედეგების აღიარების საკითხი მეტად აქტუალური იქნება. ჩვენ უკვე ვიცით, დაახლოებით როგორ მივალთ არჩევნებამდე, არა აქვს მნიშვნელობა არჩევნები ვადამდელი იქნება თუ რიგითი. მაგრამ, საკმაოდ მნიშვნელოვანია ის, არჩევნების შემდეგ როგორ გაგრძელდება ქვეყანაში პოლიტიკური ცხოვრება.

2020 წლის არჩევნები მოუტანს ქვეყანას სტაბილურობას თუ პოლიტიკური პროცესი ქუჩაში გაგრძელდება? ასეთი ვითარება იყო 2012-ში, 2003 -ში. პრობლემაა, როცა არჩევნების შედეგების სანდოობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

თუ არჩევნებამდე პოლიტიკური პროცესი ისე გაგრძელდა, როგორც ახლა მიდის, რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს არჩევნები, პოლიტიკური პროცესი კიდევ უფრო მძაფრ ხასიათს მიიღებს.

თუ არჩევნებამდე პოლიტიკური პროცესი ისე გაგრძელდა, როგორც ახლა მიდის, რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს არჩევნები პოლიტიკური პროცესი კიდევ უფრო მძაფრ ხასიათს მიიღებს

- შესაძლოა, ვცდები, მაგრამ ისეთი პირი უჩანს, ამაზე დღეს ნაკლებად თუ ფიქრობს ვინმე…

- დიახ, ჯერჯერობით ასე ჩანს. ამაზე ახლა იმიტომ ვლაპარაკობ, რომ გარკვეულ ძალებს ქვეყნის შიგნით აწყობთ კიდეც ჩვენში შიდა დაპირისპირება. გარდა ამისა, ჩვენში მწვავე დაპირისპირების შედეგად ხელისუფლებაში მხოლოდ ერთი პოლიტიკური ჯგუფი მოდის ხოლმე.

მწვავე დაპირისპირების შედეგად ხელისუფლებაში მხოლოდ ერთი პოლიტიკური ჯგუფი მოდის ხოლმე

ასეთი დომინატი პოლიტიკური ძალები ჩვენ არაერთხელ გვინახავს და მათი მოღვაწეობის შედეგებიც ვიცით და გვახსოვს.

კობა ბენდელიანი

ინტერპრესნიუსი”

რამაზ საყვარელიძე - არცერთ კვლევაში პატარა პარტიებისკენ არ მიდის ხმები, რადგან ჯერ ისევ „ნაციონალების“ და მისი ვარიაციების მიღება-არმიღებაა მწვავე საკითხი
ქართული პრესის მიმოხილვა 05.08.2020
გიორგი ანთაძე - საქართველომ რეგიონში არსებული სამხედრო დისბალანსის გათვალისწინებით, თავისი თავდაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესებისკენ უფრო ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას
მარტივი, უსაფრთხო და მოქნილი Apple Pay ციფრული საფულე პროკრედიტ ბანკის მომხმარებლებისთვის!
HR ბიზნეს სამიტი HR hub-ის ორგანიზებითა და PSP დაზღვევის მხარდაჭერით წარმატებით ჩატარდა
"მეამას" შენობა მსოფლიოში საუკეთესო სამუშაო სივრცედ დასახელდა