ქართული პრესის მიმოხილვა 16.12.2019

გია ხუხაშვილი - “ძალის დემონსტრირება თუ 2012 წლის ნოსტალგია?!”

ხანგოშვილის საქმე - ბერლინმა პუტინი ტყუილში ოფიციალურად დაადანაშაულა!

ლია მუხაშავრია - “პარლამენტმა დივერსია მოუწყო ქვეყანას”

* * *

გია ხუხაშვილი - “ძალის დემონსტრირება თუ 2012 წლის ნოსტალგია?!”

“მიუხედავად იმისა ყველა მშვენივრად ხვდება, რომ ეს “მაჟორიტარების ამბოხი” ხელოვნურად შექმნილი ე.წ. შიდაპარტიული კრიზისი იყო, ისინი მაინც ჯიუტად აგრძელებენ ამ სცენარით მოქმედებას. ახლა მხოლოდ თავს იტყუებენ, თორემ სხვა აღარავინ ტყუვდება არც ქვეყნის შიგნით და არც - გარეთ. ეს გამოჩნდა ჩვენი უცხოელი პარტნიორების ძალიან მწვავე განცხადებებში. “ქართული ოცნება” აფექტის მდგომარეობაშია. თავის სამყაროში შეიკეტნენ, შექმნეს საკუთარი რეალობა, გარე სამყაროსთან კონტაქტი კი, ფაქტობრივად, სრულად დაკარგეს. რა ლოგიკას ეფუძნება მათი ეს ინიციატივა? ჩემი აზრით, მათ კიდევ ერთხელ სცადეს, დაემტკიცებინათ, რომ ეს “მაჟორიტარების ბუნტი” იყო რეალური; გარდა ამისა, მათი მოტივია ისიც, რომ სერიოზული დისკომფორტი ექმნებათ ე.წ. ადაპტირებული გერმანული მოდელის იდეით; ხვდებიან, რომ მის არაკონსტიტუციურობაზე ლაპარაკი არადამაჯერებელია, ამიტომ ცდილობენ, შექმნან ალტერნატიული, საპირისპირო დღის წესრიგი და ამით გადაფარონ საერთო კონსენსუსის ძიების საკითხები”, - აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ძალის დემონსტრირება თუ 2012 წლის ნოსტალგია?!”

“აი, ასე ინფანტილურად იქცევიან. ამ ტაქტიკურ მანევრს რომ თავი დავანებოთ, არსებობს მთავარი კითხვა: რა შიშის საფუძველზე გამოვიდნენ ამ ცვლილებების ინიციატივით და რატომ ელიან, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ ქვეყანაში შეიქმნება ისეთი კრიზისი, რომ აუცილებელი გახდება რიგგარეშე არჩევნების ჩატარება?! საქმე ის არის, რომ ამგვარი კრიზისი ვითარდება იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება კარგავს ლეგიტიმაციას... როგორც ჩანს, 2020 წლის არჩევნებზე აპირებენ ისეთ რამეს, რის მერეც, ფიქრობენ, რომ რიგგარეშე არჩევნები გახდება საჭირო და ახლა ცდილობენ, ამ რიგგარეშე არჩევნებზეც ისევ მაჟორიტარების ხარჯზე როგორმე შეინარჩუნონ ძალაუფლება. აი, ასეთ აბსურდამდე მივიდა ყველაფერი. დღეს ისინი ცდილობენ, საკუთარი აფექტის, შიშის სამყაროში აცხოვრონ მთელი ქვეყანა; ჩაიკეტნენ მყიფე წრეში და ვინც ამ წრის გარეთ არის, “ნაციონალად” აცხადებენ. მთელი სამყარო - ქვეყნის შიგნით და გარეთ - რომელსაც არ ჰქვია “ქართული ოცნება”, მათთვის იქცა “ნაციონალურ მოძრაობად”. მათი გადმოსახედიდან მთელი სამყარო არის მტერი, ბოროტი ძალა და ეს პატარა “ქართული ოცნება” ამ ბოროტებას ებრძვის. ყველაზე სახიფათო ის არის, რომ ეს ხდება აფექტის მდგომარეობაში, რაც კარგად გამოჩნდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებისთვის კენჭისყრის დღეს პარლამენტში მომხდარ ინციდენტში”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

“შეიძლება ეს ყველაფერი შევაფასოთ ასე - ჩვენ ვიხილეთ აფექტის ეფექტი! ძალიან მძაფრი და უსიამოვნო სუნის სითხის მიზანმიმართულად დაღვრა იყო მდაბიო საქციელი... ნამდვილად მიუღებელია პროტესტის ისე გამოხატვა, როგორც ვიღაცამ გადაწყვიტა და იმედია, გაირკვევა, ეს ვინ ჩაიდინა, როგორც გაირკვა, ეს ჯანმრთელობისთვის უვნებელი ნივთიერებაა, თუმცა ვნახეთ, რომ “ქართული ოცნების” დეპუტატები ცუდად გახდნენ... როცა რაღაცის ძალიან გეშინია, ნებისმიერ გაფაჩუნებაზე ცუდად ხდები. ამის მერე ან რა განცხადებები გაკეთდა, ან რა მუხლით აღძრეს საქმე!.. მოკლედ, ეს ტრაგიკული არ იქნებოდა, ეს პარტია ხელისუფლებაში რომ არ იყოს...”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ქართული ოცნების" რთულ მდგომარეობას კარგად ხედავენ ჩვენი უცხოელი პარტნიორებიც. უკვე ვახსენე მათი მკაცრი შეფასებები; მათ შორის ვნახეთ ევროსაბჭოს მონიტორინგის ჯგუფის მწვავე განცხადებაც. პარადოქსია, რომ ამ განცხადების ფონზე ხელისუფლებამ გადაწყვიტა, მხარდამჭერთა მაქსიმალური მობილიზებით ეზეიმა ევროსაბჭოს თავმჯდომარეობა... ეს იყო კარგად ორგანიზებული აქცია. რეგიონებიდან ბევრი ხალხის ჩამოყვანა შეძლეს. ეს “ქართულ ოცნებას” არც გაუჭირდებოდა - მათ ხომ, ფაქტობრივად, შეუზღუდავი ფინანსური რესურსები აქვთ! ამგვარ აქციაზე ადამიანის წასაყვანად არ არის საჭირო მუქარა, რადგან საჯარო სამსახურში დასაქმებულმა იცის, რომ თუ არ წავა, შეიძლება პრობლემები შეექმნას. ეს არ ყოფილა სახალხო შეკრება. თვითონ კი ცდილობენ, ეს აქცია ძალის დემონსტრაციად წარმოაჩინონ, მაგრამ ასეც ნუ დაიიმედებენ თავს! თვითონ ყველაზე კარგად იციან, როგორ მიიყვანეს ეს ხალხი თავისუფლების მოედანზე. ეს იმ მუხტის აქცია არ ყოფილა, დიდხანს რომ გაჰყვეს “ქართულ ოცნებას - მოგეხსენებათ, არსებობს ახალი კვების წყარო, მაგრამ გვინახავს ენერგიისგან დაცლილი კვების წყაროც, რომელსაც ჭეჭყავენ. ეს აქცია სწორედ დაჭეჭყილ გენერატორს ჰგავდა”, - მიიჩნევს ექსპერტი.

“რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის სიტყვას, კარგად გამოჩნდა, რომ მას 2012 წლის ნოსტალგია აქვს, იმ დროში უნდა დაბრუნება, როცა ის ხალხს უყვარდა და კომფორტულად გრძნობდა თავს. ივანიშვილს ბევრი ხალხის დანახვა ესიამოვნა, თუმცა, ალბათ, ხვდება, რომ ეს არ არის ის, რაც 2012 წელს იყო. მისი განცხადება - ჩვენ კვლავაც ერთგული ვართ 2012 წლის იდეალებისო, ცინიკურია. რა იდეალებზეა ლაპარაკი, როცა არც ერთი მაშინდელი დაპირება “ქართულ ოცნებას” არ შეუსრულებია?! ეს განსაკუთრებით დამცინავად ისმის მას შემდეგ, რაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამტკიცებისას მოხდა, როცა ბიძინა ივანიშვილი, ფაქტობრივად, სააკაშვილის რეჟიმის ძალადობრივი სისტემის სამართალმემკვიდრე გახდა. საინტერესოა, რომელ იდეალს უერთგულა? მაშინ “ქართული ოცნების” საბრძოლი დროშაზე გირგვლიანი ეწერა, დღეს კი გირგვლიანის საქმის მოსამართლე ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერით უვადო მოსამართლედ არის გამწესებული... არ ვიცი, რას გულისხმობს, როცა ამბობს, რომ ძველი იდეალების ერთგულია. გულში შეიძლება კარგ რამეებს ფიქრობს, მაგრამ საქმით მან ნამდვილად უღალატა 2012 წლის იდეალებს”, - დაასკვნის გია ხუხაშვილი.

ბიძინა ივანიშვილს ძალიან აშინებს ძალაუფლების დაკარგვა. პროპორციული არჩევნების დაპირების შეუსრულებლობით მან ძალიან სერიოზული დარტყმა მიიღო, რადგან მისთვის სიტყვის კაცის რეპუტაცია ძალიან მნიშვნელოვანი იყო, თუმცა ძალაუფლების დაკარგვის შიში იმხელა აღმოჩნდა, ამაზეც კი უარი ათქმევინა. როცა მას წინ დაუდეს ე.წ. “ამბოხის” სცენარი და არწმუნებდნენ, ხუნდაძე ამბოხდება და პასუხისმგებლობა მაჟორიტარებზე გადავა, შენკენ კი ხელს არავინ გამოიშვერსო, მან დაიჯერა, დაიჯერა, რომ საზოგადოება ამას “ჭამდა” და ის საქმიდან სუფთად გამოვიდოდა... მას რეალობის ოდნავი შეგრძნება რომ ჰქონოდა, ამას არ დაიჯერებდა... ადამიანებმა, რომლებიც მას უქმნიან ალტერნატიულ რეალობას, დაინახეს, როგორ ეშინია ივანიშვილს ძალაუფლების დაკარგვის და მას შესთავაზეს ე.წ. გამოსავალი. ამ პროვინციული სპექტაკლის სცენარის ეფექტურობაში დაარწმუნეს და გადაადგმევინეს მისთვის, როგორც ხელისუფალისა და პოლიტიკოსისთვის კი არა, როგორც პიროვნებისთვისაც ფატალური ნაბიჯი”, - ამბობს რესპონდენტი.

“ვაჟა გაფრინდაშვილის გამო, როგორც ჩანს, ხელისუფლებას პრობლემა ექმნება. ალბათ, გუნდის შიგნითაც იკითხეს, სად მიდიოდა ეს კაცი, რა უნდოდაო?.. სწორედ ეს განწყობა გამჟღავნდა ახლა - ხელისუფლებას იმედი ჰქონდა, რომ ვაჟა გაფრინდაშვილს 14 დეკემბრისთვის, ანუ მათი აქციისთვის გაათავისუფლებდნენ, რის შემდეგაც მიტინგზე გამოიყვანდნენ და გმირად გამოაცხადებდნენ. რადგან ეს არ მოხდა, არენაზე გამოვიდა კუხიანიძე და ექიმი პროვოკატორად გამოაცხადა. მათი მორალი ნახეთ! თუ გაფრინდაშვილი მათ რიგებში აღმოჩნდებოდა, ის გმირი იქნებოდა, თუ არა და... ხომ ხედავთ, მათი პარტიული გაგებით რა მანძილია გმირობიდან პროვოკატორობამდე... აქციაზე სიტყვით გამოსვლისას ბიძინა ივანიშვილს არაფერი უთქვამს ვაჟა გაფრინდაშვილზე - კალაძემ და გახარიამ გააკეთეს განცხადებები და, როგორც ჩანს, ეს საკმარისად მიიჩნიეს. თუმცა ბიძინა ივანიშვილი ეჭვიანი კაცია და არ გამოვრიცხავ, ვაჟა გაფრინდაშვილის ქცევა გვარიანად აეჭვებდეს. მას, სავარაუდოდ, აქვს კითხვები, რომლებზეც უსაფრთხოების სამსახური დამაკმაყოფილებელ პასუხს ვერ სცემს. ალბათ, რაღაც თეორია ექნება... არ გამოვრიცხავ, ისიც “ნაციონალად” მიიჩნიოს”, - თვლის ექსპერტი.

“სასამართლო სისტემის სრული კონტროლის სურვილიც ძალაუფლების შენარჩუნების წყურვილით არის განპირობებული. დღეს “ქართული ოცნება” აღარ არის ის პარტია, რომელიც თავის დროზე დაარსდა. შეიძლება ითქვას, რომ მოხდა მისი სრული რებრენდინგი. ამის ბოლო ელემენტი სასამართლო სისტემა იყო. მართლმსაჯულების იმავე სახით დატოვება და მასთან ინტეგრირება ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილმა მიხეილ სააკაშვილის სამართლებრივ მემკვიდრედ გამოაცხადა თავი, ანუ მთლიანად აიღო პასუხისმგებლობა იმ სისხლიან ცხრა წელზე. მას სააკაშვილის რეჟიმის არც ერთი ატრიბუტი არ დაუთმია. შეიძლება გაჩნდეს კითხვა: რატომ უღირს ხელისუფლებას ასეთი ზიანის მიღებად ამ ადამიანების შენარჩუნება? ხომ შეიძლებოდა სხვები მოეყვანოთ?! ალბათ, არც ისინი იტყოდნენ უარს პოლიტიკური შეკვეთების შესრულებაზე. საქმე ის არის, რომ ამ ხნის განმავლობაში ხელისუფლებას კონკრეტული ადამიანების მიმართ ვალდებულებები გაუჩნდა. მათ უკვე აქვთ კომპრომატები ხელისუფლებაზე და თუ გუდას პირი მოხსნეს, ვინ იცის, რას ილაპარაკებენ, ისინი ხელისუფლებას უყენებენ ულტიმატუმს...”, - დასძენს გია ხუხაშვილი და შეკითხვაზე - “საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიპლომატების ინიციატივით დაწყებული მოლაპარაკებების მესამე რაუნდიც უშედეგოდ დასრულდა...” - პასუხობს:

“გამომდინარე იქიდან, რომ "ქართულ ოცნებას” პოლიტიკურ დღის წესრიგში აქვს მხოლოდ ერთი საკითხი - ძალაუფლების შენარჩუნება, ამის ერთადერთ გზად კი შერეულ საარჩევნო სისტემას მიიჩნევენ, მეეჭვება, რამე დათმონ. ნებისმიერი ცვლილების შესაძლებლობა მათ შიშს ამძაფრებს და, შესაბამისად, ისინი ბოლომდე იბრძოლებენ, რომ არსებული სისტემა შეინარჩუნონ. ამ ვითომ ხუნდაძის ხმაურისა და ხალხში გასვლის მუქარის მიზეზი სწორედ ეს არის, ანუ ამით ოპოზიციასა და საზოგადოებას ეუბნებიან, გაჩერდით, ნურაფერს ითხოვთ, თორემ უარესს მიიღებთ - საერთოდ მაჟორიტარულ სისტემას შემოვიღებთო... ტრაგიკომიკურია ეს შანტაჟი, არადა, სივრცე კონსენსუსისთვის საკმაოდ ვრცელია. მათ მხოლოდ იძულებით შეიძლება დათმონ რამე. ასეთი იძულებისთვის მზად არის თუ არა ქართველი საზოგადოება და საერთაშორისო თანამეგობრობა, არ ვიცი. ფაქტია - `ქართული ოცნება~ მიიჩნევს, რომ დღეს მათთვის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი დგას. ამ დიალოგის პროცესში გარკვეულ მანევრებს, ალბათ, გააკეთებენ, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში ისინი კვლავაც ეცდებიან, აჭრან, აურიონ ყველაფერი და მღვრიე წყალში თევზი დაიჭირონ”.

ხანგოშვილის საქმე - ბერლინმა პუტინი ტყუილში ოფიციალურად დაადანაშაულა!

“გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთს ჩეჩენი საველე მეთაურის, საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობით მანიპულირებაში ადანაშაულებს. მინისტრის განცხადებით, რუსულ მხარეს არც ერთხელ არ უთხოვია ხანგოშვილის ექსტადირება, ახლა კი ფაქტების ფალსიფიცირებას ცდილობენ და დოკუმენტებს უკანა რიცხვით აფორმებენ. მოსკოვი აღნიშნულს უარჰყოფს. კერძოდ, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაიკო მაასი აღნიშნავს, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისა და მისი პრესსამსახურის ხელმძღვანელის მიერ გაკეთებული განცხადება, რომლის თანახმადაც რუსეთმა არაერთხელ მოითხოვა საქართველოს მოქალაქის გადმოცემა, ტყუილია”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ხანგოშვილის საქმე - გერმანიის საგარეო საქმეთა მინიტრმა პუტინი ტყუილში დაადანაშაულა.

“მინისტრმა ამის შესახებ გერმანულ ტელეკომპანია “ZDF-თან” საუბრისას განაცხადა - “ჩვენთვის არ უთხოვიათ ვინმეს გადაცემა, არ უთქვამთ რაში იყო ის (ხანგოშვილი) ეჭვმიტანილი. ახლა ეს ყველაფერი უკანა რიცხვით კეთდება”, - ამბობს მაასი. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი მიიჩნევს, რომ რუსული მხარის მიერ გაკეთებული მსგავსი განცხადებები თავის მართლება და 23 აგვისტოს ბერლინში ჩადენილი მკვლელობის გამართლების მცდელობაა. მინისტრმა დაამატა, რომ გერმანულ მხარეს წარმოდგენა არ ჰქონდა იმასთან დაკავშირებით, რომ ხანგოშვილის სახიფათო ადამიანია იყო და გერმანიას მისი ექსტრადირება უნდა მოეხდინა. ვლადიმირ პუტინმა კი “ნორმანდიული ოთხეულის სამიტის” ფარგლებში განაცხადა, რომ მოსკოვმა ოფიციალურ ბერლინს არაერთხელ მოსთხოვა ზელიმხან ხანგოშვილის გადაცემა, თუმცა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ის (ხანგოშვილი) ძალიან სასტიკი და პირსისხლიანი მეომარი იყო. არ ვიცი რა დაემართა. ეს ბანდიტური გარემოა და აქ შეიძლება ყველაფერი მოხდეს”, - თქვა პუტინმა და დაამატა, რომ ზელიმხან ხანგოშვილი კავკასიაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში აქტიურად მონაწილეობდა. გარდა ამისა, პუტინი ხანგოშვილს მოსკოვის მეტროში მომხდარ ტერაქტშიც ადანაშაულებდა: “2019 წლის აგვისტოში, ბერლინში მოკლული საქართველოს მოქალაქე წარმოადგენს მოსკოვის მეტროში მომხდარი აფეთქების ერთ-ერთი ორგანიზატორს”, - თქვა მან. ვლადიმერ პუტინის პრესსამსახურის უფროსი, დმიტრი პესკოვიც იმავეს ამბობს და აცხადებს, რომ გერმანიას არაერთხელ მოსთხოვეს ხანგოშვილის გადაცემა, რის შესახებაც გერმანიის პრეზიდენტსაც აცნობეს”, - დასძენს გამოცემა.

“ცნობისთვის, ზელიმხან ხანგოშვილის შესახებ ცნობილი გახდა 2012 წლის აგვისტოში ლოპოტის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ. ზელიმხან ხანგოშვილმა იკისრა შუამავლობა შეიარაღებულ ჩეჩნებსა და საქართველოს სამართალდამცველებს შორის. მასზე თავდასხმა 2015 წელს თბილისშიც განხორციელდა, თუმცა სიკვდილს გადაურჩა, თავად მივიდა საავადმყოფოში, სადაც ჩაუტარეს ოპერაცია და გადაარჩინეს. მაშინ ხანგოშვილს 8 ტყვია ესროლეს. ბერლინში, მიმდინარე წლის 23 აგვისტოს მომხდარი მკვლელობის შემდეგ, გერმანიამ ქვეყნიდან ორი რუსი დიპლომატი გააძევა რუსული სპეცსამსახურების ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან სავარაუდო კავშირის გამო. ამისა საპასუხოდ რუსეთის ხელისუფლებამ ასევე გააძევა ქვეყნიდან გერმანიის საელჩოს ორი თანამშრომელი”, - წერს სტატიის ავტორი.

ლია მუხაშავრია - “პარლამენტმა დივერსია მოუწყო ქვეყანას”

“როცა მოსამართლედ ამწესებ პირს, მხოლოდ ის კი არ არის მთავარი, დროულად დაინიშნოს, შერჩევის პროცედურაც მნიშვნელოვანია. როგორი პროცედურითაც ჩატარდა კენჭისყრა, იშვიათი გამონაკლისია - კომიტეტის სხდომა შეწყდა და ჟურნალისტები სხდომიდან გაათრიეს, ატმოსფერო იყო ისტერიკული... ყოველივე ეს გამორიცხავს დანიშვნის სამართლიანობას. უარესი ატმოსფერო იყო საკომიტეტო მოსმენაზე და შეუძლებელია ჩაითვალოს იმ კანონიერ პროცედურად, რითაც უნდა დაინიშნონ უზენაესი სასამართლოს წევრები. ეჭვი მაქვს, ეს პროცედურა გასაჩივრდება ან ევროპული სტრუქტურების ყურადღების ცენტრში მოექცევა”, - აცხადებს საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი ლია მუხაშავრია გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ლია მუხაშავრია: “ამ სიტუაციას ერთი სიტყვით შევაფასებ: კატასტროფა” / “პარლამენტმა დივერსია მოუწყო ქვეყანას” / “მოვა დრო, როდესაც ამ პარლამენტის დანაშაულად აღიარებენ მის ე.წ. გადაწყვეტილებას მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ”.

“როცა ავრალით ხდება მოსამართლეების გამწესება, როცა რამდენიმე თვეა ვაკრიტიკებთ შერჩევის თუ დანიშვნის პროცედურებს, როცა თადუმაძის დიპლომი ეჭვს ბადებსშეუძლებელია ჩაითვალოს კანონიერად. ამ სიტუაციის შეფასება ერთი სიტყვით შეიძლება - კატასტროფა. ქვეყანა მიიღებს უზენაეს ინსტანციას, რომელსაც არ ექნება საზოგადოების ნდობა, მოსამართლე არ იქნება დამოუკიდებელი, მისი გადაწყვეტილებები იქნება ძალადობრივი. საზოგადოებას რჩება ერთადერთი - ამბოხის და აჯანყების უფლება. ეს კი ქვეყანაში არასტაბილურობას გამოიწვევს. პარლამენტმა დივერსია მოუწყო ქვეყანას. მოვა დრო, როდესაც ამ პარლამენტის დანაშაულად აღიარებენ მის ე.წ. გადაწყვეტილებას მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლია მუხაშავრია.

“როცა დავინახე, გამწკრივებული 8 კაცი როგორ მექანიკურად სწევდა ხელს კომიტეტის თავმჯდომარის შეძახილზე, ვინ არის მომხრეო, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მარიონეტებს ანრი ოხანაშვილი ათამაშებდა. ეს იყო თოჯინების თეატრის სპექტაკლი. ვფიქრობ, ეს ივანიშვილის დაკვეთა იყო. ერთადერთი ინსტანცია, რომელსაც ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანი ვერ აკონტროლებდა, უზენაესი სასამართლო იყო და ამასაც მიაღწიეს. მთავარი დაპირება, რის გამოც “ოცნებამ” 2012 წელს საყოველთაო მხარდაჭერა მიიღო, იყო სამართლიანობის აღდგენა. ახლა კი იმაზე ზრუნავენ, მათ, ვისაც სააკაშვილმა დაურღვია უფლება, ვერ მოახერხონ დარღვეული უფლებების აღდგენა. სააკაშვილის მიერ წაგლეჯილი ქონება ახლა ამათ უნდათ თავისთვის. არჩევნებისთვის გაყალბებისა და უკანონობის ხელის დამფარველები სჭირდებათ სასამართლოში, რათა ნებისმიერ ფასად შეინარჩუნონ ხელისუფლება”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“უზენაესი სასამართლო ივანიშვილისთვის იმიტომ არის სტრატეგიული მნიშვნელობის, რომ ეს არის უმაღლესი ინსტანციის სასამართლო და მისი გადაწყვეტილებები საბოლოოა. ამიტომაც, მიუხედავად იმ წივილ-კივილისა, რაც კომიტეტის სხდომაზე იყო, მიუხედავად ამერიკის საელჩოს პირდაპირი მითითებისა, საერთაშორისო ორგანიზაციების მითითებისა, ეს კანდიდატები წიხლით გაიტანეს და წიხლით დასვეს უზენაეს სასამართლოში. მათ შორის არიან ღირსეულებიც, მაგრამ მთავარი პრობლემა ის არის, რომ მათი წარდგენა-დანიშვნა კლანსა და ხელისუფლებას შორის შეთანხმებით მოხდა. ანუ ყველა მათგანმა უნდა შეასრულოს ხელისუფლებისა და კლანის დაკვეთა.... თადუმაძეზე ანა დოლიძემ იხუმრა, ამ კაცმა ამ დიპლომით ჯერ გენპროკურორობა, ახლა უზენაესი სასამართლოს წევრობა მოახერხა და ნამდვილი დიპლომი რომ ჰქონოდა, გაეროს მდივნობას გამოჰკრავდა ხელსო... ალბათ, ივანიშვილი ფიქრობს, რომ მშვიდი ძილისთვის საჭიროა პოსტზე პირადი ადვოკატი. რაც შეეხება “ნაციონალების” პროტესტს,მათ კარგად იციან, რომ ისინი იქით გადაიხრებიან, საითაც ხელისუფლების სიო დაუბერავს. ამიტომ ეშინიათ ამ მოსამართლეების დანიშვნის... იმ მოსამართლეებს დანაშაულები აქვთ ჩადენილი, ახლა კი მოიპოვეს გარანტიები, იმუნიტეტი და ჯავშნებით აღიჭურვნენ, მაგრამ მათი დანაშაულები ხანდაუზმელია - დადგება დრო, როცა ხელისუფლებაში მოვა კეთილსინდისიერი ძალა და მათ პასუხს მოსთხოვს”, - დასძენს ლია მუხაშავრია და შეკითხვაზე - “მაინც რომელ და ვის ხანდაუზმელ დანაშაულებს გულისხმობთ?” - პასუხობს:

“ყველა იმ საქმეს, რომლებიც მომჩივნებმა ევროსასამართლოში მოიგეს და აქ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს. ვინც ამ განაჩენებს ხელს აწერდა, ყველა პასუხისგებაშია მისაცემი. პროცესებზე ნაწამები, დასახიჩრებული პატიმრები მიჰყავდათ, ცუდად ხდებოდნენ და სასწრაფო დახმარებას იძახებდნენ და ამაზე მოსამართლეს რეაქცია არ ჰქონდა. მათი დანაშაული ხანდაუზმელია იმიტომ, რომ სასამართლომ ყველაფერი უნდა გააკეთოს წამების აღსაკვეთად”.

“ერთადერთი გამოსავალი ის არის, რომ საზოგადოება კარგად დაფიქრდეს და ისე მიიღოს გადაწყვეტილება, ვის მისცეს ხმა 2020 წლის არჩევნებში. როდესაც პარლამენტში­ კეთილსინდისიერი პოლიტიკური ძალა მოვა, მას ექნება კონსტიტუციის შეცვლის უფლებამოსილება, სასამართლო რეფორმის გატარებისა და ამ უმსგავსი მდგომარეობის გამოსწორების შესაძლებლობა. ამ ხელისუფლებაში ამის შანსი არ არის და გულიც არ უნდა გავიხეთქოთ, რადგან ეს ხელისუფლება დიდხანს ვერ გასტანს. საქმე ისე მიდის, ვეჭვობ, 2020-მდეც ვერ მიაღწევს. დარწმუნებული ვარ, ამ მოსამართლეების ყურება 2053 წლამდე არ მოგვიწევს”, - დაასკვნის რესპონდენტი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა