სინოდის სხდომა იყო დადგმული სპექტაკლი, რადგანაც მათ სურდათ, პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებულიყვნენ. იმ საზოგადოებას ჩაუტარეს ეს სპექტაკლი, რომლებიც თვლიდნენ, რომ ჩემი ძმის საკითხი ეკლესიის გადასაწყვეტი იყო,- ასე უპასუხა თორნიკე მამალაძემ ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას, თუ რატომ დააყენა სინოდმა დეკანოზ გიორგი მამალაძის გათავისუფლების შუამდგომლობა, თუ აღნიშნულს პატრიარქი ეწინააღმდეგებოდა.
თორნიკე მამალაძის განცხადებით, ისინი ამ პრობლემის ეკლესიის შიგნით მოგვარებას აღარ აპირებენ და დოკუმენტაციის გასაჯაროებას გეგმავენ, რომლებიც, მისი თქმით, ფაქტებზე იქნება დაფუძნებული.
„არ ვაპირებთ უკვე ეკლესიის შიგნით ამ პრობლემების მოგვარებას. 3 წელი ზის ჩემი ძმა საპყრობილეში და ამ სამი წლის განმავლობაში, არაერთი კომუნიკაციიდან გამომდინარე, გვინდოდა, რომ მომხდარიყო ამ პრობლემების ეკლესიის შიდა წრეებში მოგვარება, მაგრამ იმ ადამიანებმა, რომლებიც საპატრიარქოში არიან, უკვე არ ისურვეს, რადგანაც მათ არ სჯეროდათ, რომ ჩემი ძმის გათავისუფლების შემთხვევაში, მოხდებოდა ეკლესიის შიდა წრეებში ამ პრობლემების განხილვა. აქედან გამომდინარე, გადაწყვიტეს და დატოვეს საპყრობილეში და უკვე ჩვენც გადავწყვიტეთ, რომ ამ ყველაფერს ფარდას ავხდით. მოწმეებიც არსებობს, არსებობს სხვადასხვა მტკიცებულებებიც, რომლებიც თითოეულ ჩვენს მოქალაქეს დაარწმუნებს ჩვენს სიმართლეში. უახლოეს პერიოდში ვაპირებთ გასაჯაროებას“,- აღნიშნა თორნიკე მამალაძემ.
მისივე თქმით, თორნიკე მამალაძე ძმასთან შეხვედრას უახლოეს დღეებში გეგმავს.
„შევხვდები ჩემს ძმას უახლოესი დღეების განმავლობაში, დარწმუნებული ვარ, ხელისუფლება შეეცდება ხელის შეშლას ჩემს შესვლასთან დაკავშირებით, მაგრამ არსებობს სხვა გზები, რომ ჩემს ძმასთან კომუნიკაცია დავამყარო“,- განაცხადა თორნიკე მამალაძემ.
მან ასევე განმარტა, რომ მოცემული მომენტისთვის პატრიარქთან კომუნიკაცია გაწყვეტილია და ყველა იმ ეპისკოპოსთანაც, ვინც დეკანოზ გიორგი მამალაძეს დახმარებას შეჰპირდნენ.
„ყოველგვარი კომუნიკაცია არის გაწყვეტილი პატრიარქთანაც, მეუფე დიმიტრისთანაც, იმ პიროვნებებთან, რომლებიც ჩემი ძმის თავისუფლების დროს ფლობდნენ ამ ინფორმაციას ჩემი ძმის მხრიდან და რაზეც ჩემს ძმას არაერთმა ეპისკოპოსმა აღუთქვა თანადგომა და დაჰპირდნენ, რომ ეს პრობლემა აუცილებლად უნდა მოგვარებულიყო“,- განაცხადა გიორგი მამალაძემ.