თორნიკე მამალაძე მეუფე დიმიტრის განცხადებაზე - ეპისკოპოსმა, რომელმაც საშობაო წირვა ჩაატარა, გამოდის და ცილისმწამებლურ განცხადებებს აკეთებს

ეპისკოპოსმა, რომელმაც საშობაო წირვა ჩაატარა, წირვის შემდეგ გამოდის და ცილისმწამებლურ განცხადებებს აკეთებს, - ასე გამოეხმაურა დეკანოზი გიორგი მამალაძის ძმა თორნიკე მამალაძე ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტის მეუფე დიმიტრის განცხადებას, რომელმაც თორნიკე მამალაძე „ქოსატყუილობაში“ დაადანაშაულა.

თორნიკე მამალაძის თქმით, პრეზიდენტსა და პატრიარქს შორის შეხვედრა ნამდვილად შედგა და პატრიარქმა პრეზიდენტს დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებაზე უარი უთხრა.

„მეუფე დიმიტრისგან სხვა გამოხმაურებას არც ველოდი. ის ცდილობს თავისი თავი გამოიყვანოს. მან მეუფე პეტრე დეკანოზის გათავისუფლების ხელისშეშლაში დაადანაშაულა. თუკი მეუფე პეტრეს, ადამიანს, რომელსაც შეჩერებული აქვს მღვდელმსახურება და გათავისუფლებულია სინოდიდან, უფრო დიდი ძალა შესწევს და მან არ გაათავისუფლებინა ჩემი ძმა, გამოდის, რომ ის უფრო გავლენიანი და ძლიერია ვიდრე თავად პატრიარქი და სინოდის წევრები? ეს არის აბსურდი. მეუფე დიმიტრი თვითონ იტყუება, თვითონ ამისამართებს ადამიანებს და ცილისმწამებელი გამოდის ეპისკოპოსი, რომელმაც თვითონ ჩაატარა საშობაო წირვა. წირვის შემდეგ გამოვიდა და ცილისმწამებლური განცხადებები გააკეთა. თავად მიხედოს თავის ცილისმწამებლურ და მატყუარა განცხადებებს.

რაც შეეხება პატრიარქსა და პრეზიდენტს შორის შეხვედრას, შეხვედრა ნამდვილად შედგა, 4 იანვარს, საპატრიარქოში. პრეზიდენტმა პატრიარქს ჰკითხა, თუ რა უნდა ექნა დეკანოზ მამალაძესთან მიმართებაში, რაზეც პატრიარქმა მიუგო, რომ ამ ადამიანის გათავისუფლება რომ ნდომოდა აქამდე სთხოვდა მთავრობასაც და იმდროინდელ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსაც. ასე, რომ პატრიარქმა პრეზიდენტს ჩემი ძმის შეწყალებაზე უარი უთხრა. ეს ინფორმაცია მე მაქვს საპატრიარქოში მოღვაწე იმ ადამიანებისგან, ვინც სიმართლეს ემსახურებიან და ვინც ამ შეხვედრის დროს 3 მეტრის რადიუსში იმყოფებოდნენ პატრიარქისგან და პრეზიდენტისგან. ორმა ადამიანმა მომაწოდა მე ეს ინფორმაცია, ორივემ ერთი და იგივე“, - განაცხადა თორნიკე მამალაძემ.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, თორნიკე მამალაძის თქმით, ის დეკანოზს, დიდი ალბათობით, ხვალ შეხვდება და ისინი უახლოეს დღეებში ყველა იმ ინფორმაციას გაასაჯაროებენ, რაც მათ ხელთ არსებობს.

„ჩვენი მიზანი უფრო მეტი ინფორმაციისა და სიმართლის მიწოდებაა საზოგადოებისთვის, ვიდრე ეს აქამდე მომხდარა. უახლოეეს დღეებში ყველა იმ ინფორმაციის გასაჯაროებას ვაპირებთ, რაც ჩვენს ხელთ არსებობს“,-აღნიშნა მამალაძემ.

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტის, მეუფე დიმიტრის განაცხადებით, ვისაც დეკანოზ მამალაძის გათავისუფლება სურს, ერთ-ერთი საპატრიარქოა .

„მოლოდინი მქონდა, რომ გათავისუფლდებოდა, რადგან სინოდმა მივიღეთ გადაწყვეტილება და მივმართეთ შუამდგომლობით. ის, რომ მისი ძმა გამოვიდა და იძახდა რაღაც დიალოგზე პრეზიდენტთან - ეს სრული აბსურდია. ამ ადამიანს ახასიათებს ქოსატყუილობა. პატრიარქი პირისპირ მას არ შეხვედრია. შეხვდა ასობით ადამიანის თანდასწრებით და ამ თემაზე არ ყოფილა არანაირი საუბარი“, - განაცხადა მეუფე დიმიტრიმ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის შეწყალებაზე უარი თქვა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა