ომბუდსმენი - დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მაშფოთებს - მკურნალობა არ არის ადეკვატური

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა შემაშფოთებელია.

აღნიშნულის შესახებ ლომჯარიამ გლდანის პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. ლომჯარია გიორგი მამალაძესთან დღეს 3 საათზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა.

„ჩვენ ძალიან დიდი ხანი ვისაუბრეთ ბევრ საკითხთან დაკავშირებით. ამ საკითხზე და დეტალებზე არ ვისაუბრებ, თუმცა, ვიტყვი, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნამდვილად მაშფოთებს, იმიტომ რომ რეალურად რაც ვნახე, მას არ აქვს პროგრესი, ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, ეს ინფორმაცია მაქვს მისი მკურნალი ექიმისგანაც. ფაქტია, რომ ის მკურნალობა, რომელიც დღეს მას გაეწევა, შესაბამის შედეგს ვერ აღწევს, შემიძლია ვთქვა, რომ არ არის ადეკვატური. მისი განცხადებით, მისთვის ამ ეტაპზე მთავარი პრიორიტეტი მისი ჯანმრთელობაა და ის, რომ მიეცეს საშუალება მიიღოს ადეკვატური მკურნალობა. სხვა დანარჩენი საკითხი მისთვის, მისი განცხადებით, პრიორიტეტული არ არის, ამიტომ ის ითხოვს დახმარებას ამ მიმართულებით, რომ როგორმე მოხდეს შესაბამისი და ადეკვატური მკურნალობის მიწოდება, რომელიც, მისი განცხადებით, არ ხდება და ვერ მოხდება პატიმრობის პირობებში“, - განაცხადა ლომჯარიამ.

მისივე შეფასებით, დეკანოზ გიორგი მამალაძის მკურნალობა პენიტენციურ დაწესებულებაში სრულყოფილად ვერ ხერხდება. ლომჯარიას თქმითვე, დეკანოზთან შეხვედრის შემდეგ, კიდევ ერთხელ იფიქრებს, თუ რა რეკომენდაცია შეიძლება გასცეს მასთან დაკავშირებით და იქნება თუ არა ეს, სასჯელის გადავადება.

„მინახავს მისი მდგომარეობა წარსულშიც და ახლაც. შემიძლია გითხრათ, რომ პროგრესი არ არის, ეს ვიცი მკურნალი ექიმისგანაც, პირიქით, უმოძრაობისგან მას ფიზიკური მდგომარეობა გაუარესებული აქვს, ექიმი ადასტურებს, რომ არის პარალიზებული და შესაბამისად, ამ შეხვედრის შემდეგ დამატებით ვიფიქრებთ, რა შეიძლება იყოს სახალხო დამცველის მხრიდან კონკრეტული რეკომენდაცია. გადავადება იქნება, თუ სხვა რამე, ამაზე ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმსჯელებთ. მე, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერ, იმას რომ მას ნამდვილად სჭირდება სამედიცინო დახმარება და ფაქტია, რომ ის რაც დღეს გაეწევა, პროგრესს ვერ აღწევს“, - განაცხადა ლომჯარიამ.

კითხვაზე, ეზღუდება თუ არა დეკანოზ გიორგი მამალაძეს ზარის განხორციელების უფლება, ლომჯარია პასუხობს, რომ მას პერიოდულად დარეკვის შესაძლებლობა არ აქვს.

„მისი თქმით, არის შემთხვევები, როცა ის დარეკვას ვერ ახერხებს, იმიტომ რომ თითქოს, იქმნება გარკვეული ტექნიკური პრობლემები, ეს ინფორმაცია მივიღე. აცხადებს, რომ ხან ტექნიკურად შეუძლია ზარის განხორციელება, ხან თითქოს, ტექნიკურად იბლოკება ნომერი, სადაც რეკავს. ამ შეფერხებებს ის ადასტურებს, ბევრი ინფორმაცია მივიღე, რასთან დაკავშირებითაც, მე გავივლი ჩემს წარმომადგენლებთან და შესაბამის ექსპერტებთან კონსულტაციებს და ამის შემდეგ მექნება პოზიცია“, - განაცხადა ლომჯარიამ.

მისივე განმარტებით, გიორგი მამალაძემ შიმშილობა დროებით, მისივე თხოვნის საფუძველზე შეწყვიტა. თუმცა, როგორც სახალხო დამცველი ამბობს, დეკანოზს არ უთქვამს, რომ ის მომავალში შიმშილობას არ გააგრძელებს.

„რა თქმა უნდა, ჩვენ მკურნალობასაც მივაქცევთ ყურადღებას და მთავარი საკითხი, მე მასაც ვუთხარი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არის ის რომ ჩვენ ვხედავთ გამოძიებაში და სასამართლო პროცესზე ძალიან ბევრ და სერიოზულ დარღვევებს. თუმცა, დღეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაა პრიორიტეტი“, - განაცხადა ლომჯარიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო