საქართველოს მთავრობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ასაშენებლად ახალი ინვესტორის მოძებნას იწყებს

საქართველოს მთავრობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ასაშენებლად ახალი ინვესტორის მოძებნას იწყებს. ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

ცქიტიშვილის თქმით, ღრმაწყლოვანი პორტი საქართველოს აუცილებლად სჭირდება.

„არაერთხელ გვითქვამს, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ჩვენს ქვეყანას სჭირდება ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის, უსაფრთხოებისთვის და ზოგადად, იმ ლოგისტიკური პოტენციალის სრულად გამოყენებისთვის, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს. ანაკლიის პორტის პროექტი ეკუთვნის სახელმწიფოს, ის არ ეკუთვნის არც ერთ კერძო ინვესტორს. უშუალოდ სახელმწიფო იყო ამ პროექტის განხორციელების ინიციატორი, სწორედ სახელმწიფომ გამოაცხადა ინტერესთა გამოხატვა ამ პროექტის განხორციელებაზე ჯერ კიდევ 2014 წელს და მაშინ, როდესაც ამ საინვესტიციო ხელშეკრულების შედეგად, 2020 წლის ბოლოსთვის უკვე უნდა გვქონოდა ოპერირებაში პორტი, როგორც ხედავთ ამ პერიოდის გასვლის შემდეგ ეს შედეგი ვერ მივიღეთ და ამის პერსპექტივაც არ ჩანს. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ამით არის განპირობებული ამ კონკრეტულ ინვესტორთან ხელშეკრულების შეწყვეტის და უფრო სერიოზული, უფრო ფინანსურად ძლიერი ინვესტორის მოძიების პროცესში შესვლა, რომელიც უზრუნველყოფს იმ შედეგს, რაც ჩვენ ყველას გვჭირდება. ეს პორტი საქართველოს სჭირდება, შესაბამისად, ჩვენ დავიწყებთ ახალი პარტნიორის ძიებას იმისთვის, რომ ეს პროექტი განხორციელდეს სწრაფად და მივიღოთ ის შედეგი, რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

სტეპან გრიგორიანი - პრორუსული ოპოზიცია ფაშინიანს იმაში ადანაშაულებს, რომ ევროპა სომხეთის საშინაო საქმეებში ერევა, ევროპა სომხეთში იმ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს, რომელსაც სომხეთში მეტი დემოკრატია და ქვეყნის თავისუფლება უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2026
კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
Gorenje-მ ფეხბურთის ლეგენდა ლუკა მოდრიჩი ბრენდის ელჩად დაასახელა: ნამდვილი სიდიადე სახლიდან იწყება
ერთიანი სისტემა წარმოებიდან მომხმარებლამდე - ვერტიკალური ინტეგრაციის მოდელი NMG-ში
ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ - როგორ გახდა პრემიუმ ხარისხის მკურნალობა საყოველთაო დაზღვევის ნაწილი