თორნიკე შარაშენიძე - ხაჯიმბამ, როგორც ჩანს, ამოწურა თავისი თავი, როგორც აფხაზებისთვის, ასევე მოსკოვისთვის

მგონი, რაულ ხაჯიმბა მობეზრდა როგორც პოლიტიკურ სპექტრს, ასევე რიგით აფხაზებს და მისი თავიდან მოშორება უნდათ,- ამის შესახებ ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ექსპერტმა თორნიკე შარაშენიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ხაჯიმბამ, როგორც ჩანს, ამოწურა თავისი თავი, როგორც აფხაზებისთვის, ასევე მოსკოვისთვის და „მოსკოვი მაინცდამაინც არ აპირებს საქმეში ჩაერიოს“.

„მგონი საქმე არის მარტივად, ხაჯიმბა მობეზრდა როგორც პოლიტიკურ სპექტრს, ასევე მობეზრდათ რიგით აფხაზებს და მისი თავიდან მოშორება უნდათ. მოსკოვიც არ აპირებს მაინცდამაინც საქმეში ჩაერიოს, იმიტომ რომ, რა მნიშვნელობა აქვს მისთვის ვინ იქნება აფხაზეთის „მთავრობაში“, მაინც იქნება მოსკოვის მორჩილი. ხაჯიმბამ, როგორც ჩანს, ამოწურა თავისი თავი, როგორც აფხაზებისთვის, ასევე მოსკოვისთვის. მე ვფიქრობ, უახლოეს დღეებში ყველაფერი დამთავრდება, მითუმეტეს, ჩვენ ვნახეთ, რომ ჯარი არ დადგა ხაჯიმბას გვერდით და ამით ყველაფერი ნათქვამია. მას არ აქვს არანაირი რესურსი, მოსახლეობა მას მხარს არ უჭერს, არც ჯარი და მოსკოვი უჭერს მხარს და ვინ დარჩა?!“ - განაცხადა შარაშენიძემ.

კითხვაზე, რა გავლენა შეიძლება მოახდინოს სოხუმში მიმდინარე პროცესებმა დანარჩენ საქართველოზე, შარაშენიძემ განაცხადა, რომ კლანი, რომელიც ახლა, სავარაუდოდ, გაძლიერდება და რომლის უკანაც ყოფილი ე.წ. პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი დგას, „ჩვენთვის ოდნავ უფრო უკეთესია, ვიდრე ხაჯიმბას ყოფნა, რომელიც ძალიან პრორუსულია“.

„ე.წ. არჩევნებს ალბათ დანიშნავენ. იქ რამდენიმე კლანი იბრძვის, ყველაზე უფრო სერიოზული კლანის უკან დგას ყოფილი ე.წ. პრეზიდენტი ანქვაბი და ალბათ უფრო ეს კლანი გაძლიერდება. ჩვენთვის ალბათ ოდნავ უფრო უკეთესია, ვიდრე ხაჯიმბას ყოფნა, რომელიც იყო ძალიან პრორუსული, იმდენად პრორუსული, რომ აფხაზებსაც კი შეაზიზღა თავი.

თეორიულად ხაჯიმბაზე უარესი ჩვენთვის იქ არავინ არ იქნება. ეს თეორიულად რაღაც შანსებს აჩენს, მაგრამ გავითვალისწინოთ რეალობა, რომ აქამდე ძალიან ცოტა გაკეთებულა, სამწუხაროდ, რომ ჩვენ გვქონოდა გავლენა აფხაზეთში. ჩვენ იქ დიდი ხანია ვერაფერს ვერ ვუხერხებთ რუსეთის პროპაგანდას. ჯერ ერთი, რომ არ გვაქვს რუსულენოვანი არხები, რომ კონკურენცია გავუწიოთ და მეორე, რაც უფრო სამწუხაროა, მთლიანობაში ხედვა, სტრატეგია იმისი, როგორ უნდა ვებრძოლოთ იქ რუსულ პროპაგანდას და გავავრცელოთ იქ ჩვენი გავლენა, არანაირი არ არსებობს. რამდენად მიდის აფხაზებთან დიალოგი, ამის საქმის კურსში არ ვარ“, - განაცხადა შარაშენიძემ.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის მომხრეები დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში გუშინ შეიჭრნენ. აქციის მონაწილეები რაულ ხაჯიმბას გადადგომასა და ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ბათილად გამოცხადებას ითხოვენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო