ბადრი ჯაფარიძე - არ არსებობს მოწმე, ვინც იმას იტყვის, რაზეც ამდენი ხანია პროკურატურა ცილს გვწამებს

არანაირი მოწმე არ არსებობს, ვინც იმას იტყვის, რაზეც ამდენი ხანია პროკურატურა ცილს გვწამებს, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომის დაწყებამდე განუცხადა.

როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, „საქმე გვაქვს სრულიად გროტესკულ პროცესთან“.

„არანაირი მოწმე არ არსებობს, ვინც იმას იტყვის, რაზეც ამდენი ხანია ცილს გვწამებენ. მოლოდინი არის ის, რომ ალბათ, იქნება მოწმე, რომელიც არ იტყვის იმას, რაზეც პროკურატურა ამდენი ხანია ცილს გვწამებს. მეტი არაფერი იქნება. სამწუხაროდ, ჩვენ საქმე გვაქვს სრულიად გროტესკულ პროცესთან. ამიტომ გვინდა თითოეული ჩვენი აქ მოსვლა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ საზოგადოებას გავაცნოთ ჩვენი გეგმები, რათა ქვეყანა გამოვიყვანოთ კრიზისიდან, რომ თითოეულმა ოჯახმა მიიღოს სარგებელი იმ პროექტებისგან და პროგრამებისგან, რომლებზეც „ლელო“ იმუშავებს. ეს არის ჩვენი ამოცანა, რომ ყოველდღიური მოსვლა სასამართლოში გამოვიყენოთ ამ ტრიბუნად, რათა მოსახლეობას გავაცნოთ „ლელოს“ გეგმები და კრიზისული ვითარებიდან გამოსავალი, რომელშიც მთავრობამ და მისმა ლიდერმა ივანიშვილმა შეიყვანეს ქვეყანა“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

თავის მხრივ, „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უკვე მერამდენე სასამართლო სხდომაა სიტყვა „ფულის გათეთრება“ აღარ გამოიყენება, რადგან მისივე განმარტებით, „განხილვა მიდის რაღაც სამეურნეო საქმეების, იმ რაღაც ოპერაციების, რომელიც დიდი ხანია აღარ არსებობს განხილვაში“.

„სიმართლე გითხრათ, ჩვენთვის ეს სასამართლო გადაიქცა შოუდ. უკვე მერამდენე სხდომაა სიტყვა „ფულის გათეთრება“ აღარ იხმარება იმიტომ, რომ განხილვა მიდის რაღაც სამეურნეო საქმეების, იმ რაღაც ოპერაციების, რომელიც დიდი ხანია აღარ არსებობს საერთოდ განხილვაში“, - განაცხადა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის სასამართლო პროცესი იმართება. წინა სასამართლო სხდომაზე ეროვნული ბანკის 3 შემმოწმებელი დაიკითხა, რომლებმაც „თიბისი ბანკში“ შემოწმება 2018 წელს ჩაატარეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო