ხათუნა ლაგაზიძე NDI-ის კვლევაზე - ის, რომ დღეს ოპოზიცია ჯამურად „ქართულ ოცნებას“ ჯობნის, არ ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ საქმე წასულია

ის, რომ დღეს ოპოზიცია ჯამურად „ქართულ ოცნებას“ ჯობნის, ეს არ ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ საქმე წასულია, - ამის შესახებ ექსპერტმა ხათუნა ლაგაზიძემ „ინტერპერსნიუსს“ განუცხადა.

ექსპერტმა შეაფასა NDI-ის საზოგადოებრივი განწყობის გამოკითხვის შედეგები და აღნიშნა, რომ კვლევის სხვადასხვა შეკითხვის პასუხები ერთმანეთს ავსებს, საიდანაც გარკვეული დასკვნების გამოტანის შესაძლებლობა ჩნდება.

„პასუხი, რომლის თანახმადაც გამოკითხულთა 64% მთავრობის საქმიანობას ცუდად აფასებს, 30% - კარგად, ახლოს დგას იმ შედეგთან, რაც დაიდო პარტიების რეიტინგის შესახებ კითხვაზე. მარტო ამ ორი კითხვის კომპილაციაც საკმარისი იქნება იმისთვის, რომ ვიმსჯელოთ, როგორ უნდა გაითვალისწინოს შედეგები პოლიტიკურმა სპექტრმა. 64% უკმაყოფილოა მთავრობის მუშაობით, 30% - კმაყოფილი, ამავდროულად, როდესაც პარტიების მხარდაჭერაზე მიდგა საქმე, რომელს რამდენი ადამიანი მისცემდა ხმას, ახლა რომ ტარდებოდეს არჩევნები, 20% აქვს „ოცნებას“, 13 – „ნაციონალებს“, 8 – „ევროპული საქართველო“, 5% - „ლეიბორისტულ პარტიას“, 4% - „პატრიოტთა ალიანსი“, 3% - „ახალი საქართველო“ და ა.შ. ძალიან დიდია მათი რაოდენობა, ვინც ან არ მიდის არჩევნებზე, ან პასუხისთვის მზად არ არის, ან თავს იკავებს, ან „არ ვიცის“ ამბობს. ამ კითხვის დაკავშირება მთავრობის ნდობის რეიტინგთან გვაძლევს ნათელ სურათს: რეალურად, ოპოზიციური ამომრჩევლის წილი გაცილებით მეტია: 20%-ია, ვინც „ოცნებას“ მისცემს ხმას და ჯამურად დაახლოებით 30% გამოვიდა, ვინც ოპოზიციურ პარტიას აძლევს ხმას. ჩამოუყალიბებელი ამომრჩევლის რიცხვი დიდია და მათ დიდ ნაწილს არ მოსწონს მთავრობის საქმიანობა, რადგან 64%-ია ხელისუფლების საქმიანობით უკმაყოფილო, ეს პროცენტი კი სრულად არაა გადანაწილებული ოპოზიციურ პარტიებზე, მაგრამ აქ ძალიან მნიშვნელოვანი ის არის, რომ მათი განწყობა ოპოზიციურია. ეს არის ამომრჩევლის ის უზარმაზარი პოლიტიკური მასივი, რომელზეც პოლიტიკურმა სპექტრმა უნდა იმუშავოს, ეს თავისუფალი ამომრჩეველია, რომელსაც ხელისუფლება არ მოსწონს, მაგრამ არ იცის, ვის მისცეს ხმა ოპოზიციაში, ან არც ოპოზიცია მოსწონთ. ასე რომ, რესურსი უზარმაზარია“, - განაცხადა ლაგაზიძემ.

ექსპერტი გამოეხმაურა ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ კვლევის შეფასებასაც და აღნიშნა, რომ მისი შეხედულებით, ელექტორატის „გადაქაჩვის“ პერსპექტივა ოპოზიციას აქვს, თუმცა ანალოგიურის გაკეთების შესაძლებლობა და მცდელობა მმართველ პარტიასაც ექნება.

„ოპოზიცია ამბობს, რომ ეს ლამის აპოკალიპტური შედეგია „ოცნებისთვის“. გამოკითხულთა 20% ღიად ამბობს, რომ „ოცნებას“ მისცემს ხმას, მაგრამ 30% ამბობს, რომ მოსწონს მთავრობის საქმიანობა. გამოდის, რომ ამომრჩევლის 10% სიმპატიითაა განწყობილი მთავრობის საქმიანობის მიმართ, დადებითად აფასებს, მაგრამ კვლევაში არ ჩანს, რომ ისინი ხმის მიმცემები არიამ. მინიმუმ ეს 10% არის რესურსი, რომელიც ხელისუფლებამ შეიძლება, აკრიფოს და ამაზე იზრუნებს, თან ეცდება, უკმაყოფილო ამომრჩევლის ნაწილიც გადაქაჩოს თავისკენ. „ოცნებას“ აქვს რესურსი, გააუმჯობესოს რეიტინგი, ეს კვლევიდან ჩანს და თავად ოპოზიციას აქვს დაბალი რეიტინგი, თუმცა მასაც აქვს ზრდის რესურსი. ამავდროულად მთავარი გამოწვევაა, რომ ვფიქრობ, ოპოზიცია არჩევნების მოახლოვებასთან ერთად ვერ შეძლებს ერთიანობის შენარჩუნებას. ამიტომ, ხელისუფლების მთავარი საქმიანობა აქეთკენ იქნება მიმართული ნებისმიერი ფორმით, ვთქვათ, თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმატის შეთავაზებით თუ ასე ვთქვათ, ზურგსუკან დარიგებებით და კულუარული თამაშებით, ზოგის დაშანტაჟებით, ზოგის მოქრთამვით, ზოგისთვის თანამდებობის შეთავაზებით და ა.შ. ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ოპოზიცია არ გაერთიანდეს, რადგან მისი გაერთიანება რა შედეგსაც მოიტანს, კვლევამაც აჩვენა - ჯამურად ოპოზიციის რეიტინგი „ოცნების“ რეიტინგზე მაღალია. მაგრამ ამ ციფრებით მანიპულირებას არ ვემხრობი, ობიექტურობა მავალდებულებს, ვთქვა - ის, რომ დღეს ოპოზიცია ჯამურად „ქართული ოცნებას“ ჯობნის, არ ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ საქმე წასულია, თანაც ოპოზიცია ერთიანი სხეული არ არის. მაგალითად, ვინმეს წარმოუდგენია, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ „ქართულ ოცნებას“ უგანებს და რომელიმე ოპოზიციურ პარტიას შეეკვრება? ასე რომ, ოპოზიციის რიტორიკა გასაგებია, გასაგებია ისიც, რისკენ ისწრაფვის, მაგრამ ის, რომ ახლა „ოცნებას“ აპოკალიფსი ედგეს, ამ კვლევამ ვერ დამანახა“, - განაცხადა ლაგაზიძემ.

ის ასევე შეეხო ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით კვლევის შედეგებსაც.

„ივანიშვილის დაბალი რეიტინგი და მის მიმართ უარყოფითი განწყობის მატება აიხსნება იმით, რომ მიუხედავად იმისა, გახდება თუ არა ის პრემიერ-მინისტრი, საქართველოს საზოგადოება ყველაფერზე, რაც ქვეყანაში ხდება, მას აკისრებს პასუხისმგებლობას პირველ რიგში და შემდეგ უკვე მისი მთავრობის კაბინეტისა თუ პარლამენტის წევრებს. შეიძლება, ბევრი რამ მისი ხელქვეითების შეცდომების გამო იყოს გამოწვეული. ამიტომაც იყო საჭირო, რომ ხელისუფლებაში მოეყვანა ის ადამიანები, რომლებიც თავად იტვირთავდნენ პასუხისმგებლობას საკუთარ შეცდომებზეც და საკუთარ მიღწევებზეც. მაგრამ რახან ასეთი ფიგურების ნაკლებობაა ხელისუფლებაში, საზოგადოება ამიტომაც ასე ვთქვათ, ფასადზე მყოფ ფიგურებს გვერდით სწევს, როცა პასუხისმგებლობაზე მიდგება საქმე და პასუხისმგებლობის ისრებს სულ ივანიშვილისკენ მიმართავს“, - აღნიშნა ხათუნა ლაგაზიძემ „ინტერპრესნიუსთან“.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა