ტექნოპარკში ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამის მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა იმართება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვავიებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნოპარკში ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამის (TTPP) მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა იმართება. შეხვედრა გახსნეს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა, ვინსენტ რეიმ, მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინუსმა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა.

როგორც მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინუსმა განაცხადა, პროექტზე დიდი იმედებია დამყარებული.

„მოხარული ვარ, რომ ვესწრები და მონაწილეობას ვიღებ დღევანდელ მრჩეველთა საბჭოს შეხვედრას. დღეს ძალიან მნიშვნელოვან, ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამას განვიხილავთ, რომელიც ერთობლივადაა ორგანიზებული ევროკავშირისა და საქართველოს მთავრობის, ასევე, მსოფლიო ბანკის მიერ. ეს პროგრამა მიზნად ისახავს იმ საკვლევი პროგრამების კომერციალიზაციას, რომელიც საქართველოში ტარდება. გვჯერა, რომ მეწარმეობა არსებითია როგორც სიღარიბესთან ბრძოლის, ასევე, ეკონომიკური ზრდის წახალისების მიმართულებით. დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს კომერციალიზაციის პროექტი ქართველი ხალხისთვის გაუმჯობესებულ შედეგებს მოიტანს", - აღნიშნა სებასტიან მოლინუსმა.

ევროკავშირის წარმომადგენლობის, განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა, ვინსენტ რეიმ კი განაცხადა, რომ ევროკავშირისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოში ბიზნესსა და ბიზნეს სექტორს მეტი შესაძლებლობები მიეცეს.

"ამაში ძალიან მნიშვნელოვანია ინოვაცია, რადგან ამის მეშვეობით ქართული კომპანიები უკეთესად ჩაერთვებიან საქართველოს ბაზარზე კონკურენციაში და ასევე, მეტად მოახდენენ ექსპორტს. იმისთვის, რომ ინოვაციების დანერგვა მოხდეს, უნდა მოხდეს სამეცნიერო პროექტების კომერციალიზაცია. უნივერსიტეტებთან ერთად უნდა მივცეთ ინოვაციურ პროექტებს იმის საშუალება, რომ გამოყენებული იქნეს ბიზნესის მიერ. ამის მეშვეობით შესაძლებელი იქნება, ქართული ეკონომიკა მაღალ დონეზე ავიდეს და ბიზნესების შემოსავალი და სარგებელი გაიზარდოს. საქართველოში ძალიან ბევრი იდეაა, მაგრამ ამ ეტაპზე გვაკლია სტრუქტურა უნივერსიტეტებისგან და სახელმწიფოსგან, ასევე ბიზნესებისგან, თუ როგორ უნდა გაკეთდეს ეს ყველაფერი, როგორ უნდა იყოს შემოშავებული კარგი ბიზნეს გეგმები და ასევე, როგორ უნდა გადანაწილდეს სარგებელი, ასე რომ, ადამიანებს ეძლევათ ბიძგი ბიზნეს იდეების მოტანის მიმართულებით", - განაცხადა ვინსენტ რეიმ.

ეკონომიკისა და მდგარი განვითარების მინისტრის მოადგილის თქმით კი, პროგრამა გულისხმობს სამეცნიერო ინოვაციური, ტექნოლოგიური გამოგონებების კომერციალიზაციას, მათი შემდგომი განვითარების და საერთაშორისო ბაზრებზე გატანის თვალსაზრისით.

"საქართველოში არის სამეცნიერო გამოგონებების კომერციალიზაციის ერთეული პრეცედენტები, თუმცა ეს პროგრამა უპრეცედენტოა და გულისხმობს სახელმწიფოს, საერთაშორისო ორგანიზაციების აქტიურ ჩართულობას და საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით საუკეთესო პროექტების შერჩევას. იქნება რამდენიმე ეტაპი, დღეს განვიხილავთ 6 პროექტს, რომელზეც იმსჯელებს სამეთვალყურეო საბჭო მათი შემდგომი სამოქმედო გეგმის დამტკიცების და კომერციალიზაციის თვალსაზრისით.

პრიორიტეტებს და ბაზრებს რაც შეეხება, ამას თითოეული პროექტისთვის კონკრეტული სამოქმედო გეგმა გამოავლენს. ერთ-ერთი გამოწვევა იყო კომერციალიზაციის ნაწილში ხელშეწყობა სამეცნიერო წრეების, რაც ამ მიმართულებას აკლდა და დღეს, ევროკავშირის დაფინანსებით და დახმარებით საშუალება გვაქვს, სწორედ ეს კომპონენტი შემოვიტანოთ ამ პროცესში და მივაღწიოთ შედეგებს, რასაც ჰქვია საბოლოო კომერციალიზაცია და სამეცნიერო ინოვაციების გატანა საერთაშორისო ბაზრებზე", - აღნიშნა ნადარეიშვილმა.

2019 წლის აპრილიდან TTPP-მ მიიღო 74 განაცხადი, ხოლო 13-მა წარმატებულმა და ინოვაციურმა პროექტმა დეტალური შესწავლის ეტაპი გადალახა. აღნიშნული პროექტებიდან 6 პროექტის კომერციალიზაციის გეგმა TTPP-ს კომერციალიზაციის ექსპერტებმა მრჩეველთა საბჭოს წინაშე წარადგინეს. დარჩენილი 7 პროექტის წარდგენა 2020 წლის მარტში იგეგმება.

თორნიკე ჯანაშვილი - ქვეყანა ღრმა ეკონომიკურ კრიზისშია  და მომავალ წელს უფრო მძიმე  კრიზისის  წინაშე  შეიძლება აღმოვჩნდეთ
ვიქტორ ყიფიანი - როგორიც არ უნდა იყოს რეგიონალური თუ საერთაშორისო კონიუქტურა, რისკების ასაცილებლად და შესაძლებლობების გამოსაყენებლად გზები დამოუკიდებლად უნდა ვეძებოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2020
სევრის ხელშეკრულების 100 წლისთავი
„მოედანი“ - პროექტი, რომელიც ავლაბარს ახალ სიცოცხლეს შესძენს
ამერიკული სტეიკის მასტერკლასი ბათუმში