ანრი ოხანაშვილი - საპროკურორო საბჭოს ვერავინ უკარნახებს რა გადაწყვეტილებას მიიღებს

პროცესი ფორმალური ვერანაირად ვერ იქნება, ვინაიდან საპროკურორო საბჭოს ვერავინ უკარნახებს რა გადაწყვეტილებას მიიღებს, - ამის შესახებ საპროკურორო საბჭოს წევრმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს საპროკურორო საბჭოს სხდომის დაწყებამდე განუცხადა. მისი განმარტებით, საპროკურორო საბჭო დღეს იკრიბება იმისათვის, რომ დარეგისტრირებული კანდიდატების დოკუმენტაცია განიხილოს.

ანრი ოხანაშვილის თქმით, დღევანდელი შეხვედრა პროცედურულ საკითხებს უკავშირდება. "მოგეხსენებათ, რომ ეს არის პროცესი, რომელიც ჩვენი ხელისუფლების პირობებში გაიხსნა. თუ წლების წინ, 2012 წლამდე იუსტიციის მინისტრის წარდგინებით ერთპიროვნულად ნიშნავდა პრეზიდენტი საქართველოს მთავარ პროკურორს ისე, რომ კაციშვილმა არ იცოდა ვინ, რა დამსახურებით, რა პროფესიონალიზმით იყო შერჩეული კონკრეტულ პოზიციაზე. ჩვენი ხელისუფლების პირობებში ხდება პროცესის მაქსიმალურად გახსნა. მიმდინარეობს კონკურსი, სადაც ყველა იუსრიტს, რომელსაც მიაჩნია, რომ არის კვალიფიციური შეუძლია საბუთები შემოიტანოს და შესაბამისად, მონაწილეობა მიიღოს ამ პროცესში. დღეს არის შეხვედრა საპროკურორო საბჭოს ფარგლებში, წარმოდგენილია 17 კანდიდატურა. საჭიროა ამ დოკუმენტების განხილვა, გადარჩევა, შესწავლა. იმედი მაქვს, რომ ოპოზიციის წარმომადგენელი, რომელიც არის ასევე საპროკურორო საბჭოს წევრი დაესწრება ამ პროცესს. განკუთვნილია კვოტა, რომ ამ პრცესში ოპოზიციაც იყოს ჩართული. მეც, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ისე ვარ საპროკურო საბჭოს წევრი. ასევე, ჩემი კოლეგა არის საპარალამენტო ოპოზიციიდან წევრი და ვიმედოვნებ, რომ ისიც იქნება ჩართული, რომ ამ პროცესში მიიღოს მონაწილეობა. თუ რამე არ მოეწონება დააფიქსიროს და არ შემოიფარგლოს მხოლოდ ლიტონი და პოპულისტური განცხადებებით. პროცესი ფორმალური ვერანაირად ვერ იქნება, ვინაიდან საპროკურო საბჭოს ვერავინ უკარნახებს, რა გადაწყვეტილებას მიიღებს", - განაცხადა ოხანაშვილმა.

მისი თქმით, საპროკურორო საბჭოს თითოეული წევრი არის უფლებამოსილი ინდივიდუალურად, საკუთარი შეფასებით მიიღოს გადაწყვეტილება, თუ ვის დაუჭერს მხარს.

"ამიტომ, თქვენ თუ მე არ შემეკითხებით, რომელიმე კანდიდატთან დაკავშირებით, არავის მხარდამჭერ განცხადებას არ გავაკეთებ და არ შევაფასებ. თუ მკითხავთ, პატივისცემის ნიშნად შემიძლია თითოეულ მათგანზე გესაუბროთ", - განაცხადა ოხანაშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, შეიძლება თუ არა შეფასდეს გავლენის მოხდენად პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის ის განცხადება, რომ თუ ირაკლი შოთაძეს წარადგენს საპროკურორო საბჭო პარლამენტი მას მხარს დაუჭერს, ანრი ოხანაშვილი პასუხობს, რომ „ვერავის განცხადებას ვერ ექნება ვერანაირი გავლენა საპროკურორო საბჭოს მიერ მისაღებ გადაწყვეტილებაზე".

მისი თქმით, ამის მიზეზი ის არის, რომ თითოეული ადამიანი გადაწყვეტილებას ინდივიდუალურად იღებს.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს