"ინტერპრესნიუსმა" 20 წლის იუბილე საზეიმო ღონისძიებით აღნიშნა

საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსმა" დაარსებიდან 20 წლის იუბილე საზეიმო ღონისძიებით აღნიშნა.

საიუბილეო საღამო სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გაიმართა, რომელზეც „ინტერპრესნიუსმა“ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს უმასპინძლა. ღონისძიებას დაესწრნენ პოლიტიკოსები, სასამართლო სისტემის, სამოქალაქო საზოგადოების, ბიზნესის, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, კულტურის სფეროს და მედიის წარმომადგენლები.

საიუბილეო საღამოზე „ინტერპრესნიუსის“ ხელმძღვანელობამ სააგენტოს 20-წლიანი საქმიანობა შეაჯამა. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ასევე, გაცნობოდნენ ფოტომასალას სააგენტოს არქივიდან, რომელიც 20 წლის განმავლობაში საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ასახავს და გადაღებულია ქვეყნის წამყვანი ფოტორეპორტიორების მიერ.

„ვულოცავ „ინტერპრესნიუსს“ და „პალიტრა მედიას“ ამ საიუბილეო თარიღს. დღევანდელ მსოფლიოში, თანამედროვე საზოგადოებაში ობიექტურ, სწრაფად ხელმისაწვდომ ინფორმაციას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და თქვენს მუშაობაზე არის დამოკიდებული ბევრი ადამიანის ყოველდღიური გადაწყვეტილებები. ამიტომ უდაოდ მადლობას იმსახურებს თქვენი გუნდი, მედია, ჟურნალისტები იმ საქმისთვის, რასაც აკეთებთ ყოველდღიურად. ხშირად მედია ჩვენთვის, პოლიტიკოსებისთვისაც არის შუამავალი საზოგადოებასთან, როცა პირისპირ შეხვედრებსაც აშუქებთ და ასევე ჩვენს გზავნილებს, მიმართვებს, კომენტარებს აშუქებთ, რაც საზოგადოებას აინტერესებს. რა თქმა უნდა, ამის გარეშე წარმოუდგენელია დემოკრატიაც, წარმოუდგენელია თანამედროვე საზოგადოებაც და განვითარებაც, რომელსაც ჩვენი ქვეყანა გადის. წარმატებები და მადლობა თქვენ ობიექტური მაუწებლობისთვის“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ღონისძიებაზე მყოფმა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ.

„20 წლის თავზე ყველაზე სწორი და ყველაზე ლოგიკური არის ერთადერთი რამ- კიდევ გისურვოთ მომდევნო 20 წელი შრომა და 20 წლის შემდეგ შეხვედრა, იმიტომ რომ მედიისთვის მთავარი არის გაუძლოს დროს. თუ მედიასაშუალება გაუძლებს დროს, მას აუცილებლად ეყოლება მკითხველი და მაყურებელი. როცა ჩვენი ქვეყანა სულ რაღაც 27-28 წლისაა, 20 წელი ძალიან ბევრია, მაგრამ 40 მოგეხსენებათ, უკეთესია, ამიტომ შევხვდებით კიდევ 20 წლის შემდეგ, თქვენი უფრო მეტი მკითხველით და მაყურებლით, მე უფრო მეტი ჭაღარა თმით“, - აღნიშნა სააგენტოსთან საუბრისას ღონისძიების კიდევ ერთმა სტუმარმა, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ.

„პირველ რიგში, მინდა გამოვყო ჟურნალისტები - ადამიანები, ასე ვთქვათ, ფიზიკური პირები, რომლებიც უმაღლესი პროფესიული თვითშეგნებით ემსახურებიან ამ საქმეს და რომლებმაც მოიპოვეს ავტორიტეტი მედიასაზოგადოებაში. რაც შეეხება მეორე მხარეს, ასე ვთქვათ იურიდიულ პირს, 20 წლიან იუბილარს, რომელიც დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთდ დაიბადა და ფაქტობრივად არის მემატიანე იმ ცხოვრებისა, იმ წარმატებებისა თუ წარუმატებლობისა, რაც გავიარეთ, მინდა მივულოცო IPN-ს, შეენარჩუნებინოთ ყოველთვის ის, რითაც ხასიათდებოდა - ეს არის ნდობა. თუ არის ნდობა, დანარჩენი დიდი შრომით, მაგრამ მაინც მოდის. გილოცავთ იუბილეს“, - დასძინა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ, რომელიც „ინტერპრესნიუსის“ საიუბილეო საღამოზე ასევე იმყოფებოდა.

„ეს 20 წელი მახსოვს დასაწყისიდან დღემდე. დღეს, როდესაც გაქვთ არაჩვეულებრივი იუბილე, შეგიძლიათ იამაყოთ ამ 20 წლის ისტორიით, რომ გაქვთ ასეთი სანდოობა და გყავთ ამდენი გულშემატკივარი. ეს ნიშნავს, რომ ეს იყო წარმატებული 20 წელი. დღეს შევხვდი იმ ჟურნალისტებს, რომლებთანაც ურთიერთობა მქონდა 20 წლის წინ, როდესაც იწყებოდა „ინტერპრესნიუსის“ ისტორია და როცა მე ადვოკატი ვიყავი, ეს ურთიერთობა იყო არაჩვეულებრივი, რომელიც მერე მეგობრობაში გადაიზარდა. გისურვებთ, ეს მონაპოვარი, რაც 20 წლის თავზე აქვს “ინტერპრესნიუსს“, უფრო მაღალ სიმაღლეზე აიყვანოთ. ნდობაზე უფრო დიდი არაფერია მედიისთვის. ნდობა, ობიექტურობა და ოპერატიულობა, ის საუკეთესო შეფასების კრიტერიუმებია, რომლითაც უნდა ამაყობდეთ“, - განაცხადა „ინტერპრესნიუსის“ საიუბილეო საღამოზე მყოფმა დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ.

„ვულოცავ „ინტერპრესნიუსს“, მის ყველა თანამშრომელს, ჟურნალისტს და რედაქტორს ამ ძალიან მნიშვნელოვან თარიღს. „ინტერპრესნიუსი“ არის ბრენდი, რომელიც დაკავშირებულია ნეიტრალობასთან, კომპეტენციასთან, კვალიფიკაციასთან და ბრენდი, რომელიც დაკავშირებულია ძალიან სერიოზულ მორალურ რეპუტაციასთან - უარი თქვას აზარტული თამაშების რეკლამის განთავსებაზე. „ინტერპრესნიუსს“ ბევრი წელია ყოველდღიურად ვიყენებ. ვუსურვებ წარმატებას ქართული დემოკრატიის და გამოხატვის თავისუფლების სადარაჯოზე“, - აღნიშნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ანა დოლიძემ, რომელიც ასევე სტუმრებს შორის იყო.

„მინდა, „ინტერპრესნიუსს“ 20 წლის იუბილე მივულოცო. ძალიან კარგად მახსოვს დაფუძნება და მისი განვითარება. მაშინ მე „ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციას“ ვხელმძღვანელობდი და იქიდანვე გვქონდა თანამშრომლობა და მთელი ამ 20 წლის განმავლობაში მუდმივად სხვადასხვა რეჟიმში, სხვადასხვა ფორმატით, სხვადასხვა რანგით ვთანამშრომლობდით. ეს არის სააგენტო, რომელსაც მე, როგორც კი ინფორმაციის გაგება მინდა, პირველად ვხსნი იმიტომ, რომ ყველაზე სწრაფია, ყველაზე ობიექტურია, მიუკერძოებელია და რაც ყველაზე მთავარია, კარგად აღქმადი, კარგად წაკითხვადია და ზუსტად იმ ინფორმაციას გვაძლევს, რაც ყველას გვჭირდება ყოველდღიურ რეჟიმში სწრაფად, ხარისხიანად და ობიექტურად“, - განაცხადა საღამოს ერთ-ერთმა სტუმარმა, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ.

“ჩემი ყოველდღიურობა “ინტერპრესნიუსის“ გარეშე ვერ წარმომიდგენია. აპლიკაციაც ჩამოტვირთული მაქვს და ისედაც, ჩემი იმდენი ნაცნობი და ახლობელი - დამფუძნებლით დაწყებული, ახალგაზრდა ჟურნალისტებით დამთავრებული, მუშაობს ამ სააგენტოში, რომ შეუძლებელია შინაგანად ძალიან დადებითი გრძნობა არ მქონდეს „ინტერპრესნიუსისა“ და მისი ყველა თანამშრომლის მიმართ და იმ საქმის მიმართ, რომელსაც ის აკეთებს. ძალიან რთულია ასეთ რთულ ქვეყანაში, სადაც ხელისუფლებების ცვლილების პერიოდში ყველაფერი ირევა ხოლმე, სტაბილურობა, მდგრადობა და სანდოობა შეინარჩუნოს საინფორმაციო სააგენტომ. ეს თითქმის მიუღწეველი ამოცანაა და „ინტერპრესნიუსმა“ ეს შეძლო, რაც მე ძალიან მიხარია როგორც ჟურნალისტს, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს და მინდა, რომ 20 კი არა, ბევრი 20 წელი აღგვენიშნოს ყველას ერთად და ჩვენს შემდეგაც შთამომავლობას ეზეიმოს ეს იუბილე“, - აღნიშნა ტელეკომპანია „ფორმულას“ წამყვანმა გიორგი თარგამაძემ, რომელიც „ინტერპრესნიუსის“ საიუბილეო საღამოზე ასევე იმყოფებოდა.

საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ 2000 წლის იანვარში დაფუძნდა, 2005 წლიდან კი "პალიტრა მედიას" შემადგენლობაშია. ვებგვერდი IPN.GE მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ განვითარებულ მოვლენებზე.

სააგენტოს გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. სააგენტოს ვებ-გვერდს ყოველდღიურად საშუალოდ 70 ათასამდე უნიკალური მნახველი ჰყავს.

ამ წლების განმავლობაში სააგენტომ მკითხველისა და მედიამაუწყებლობების დიდი ნდობა მოიპოვა და ქართულ მედიასივრცეში ერთ-ერთი ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს.

იხილეთ ვიდეო: IPN 20 წლისაა!

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ქართულმა პოლიტიკურმა სისტემამ მდგრადობა დაკარგა და გარე ჩარევის გარეშე მისი გამოსწორება შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2021
სტეპან გრიგორიანი - რუსეთი ჩქარობს სამხრეთ კავკასიაში დასავლეთთან შედარებით უპირატესობის მიღწევას
მინდია დავითაძე - საამაყოა, როცა WIPO-ს გენერალური დირექტორის მხრიდან დადებითად ფასდება საქპატენტის საქმიანობა
სილქნეტი განცხადებას ავრცელებს (R)