ბექა ნაცვლიშვილი ამერიკელ კონგრესმენებსა და სენატორებს მოუწოდებს, კომპანია „ფრონტერას“ საქმიანობა ყურადღებით შეისწავლონ

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი აშშ-ის კონგრესისა და სენატის წევრებს, ასევე საქართველოში აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს წერილით მიმართავს. როგორც ნაცვლიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, წერილში ის ამერიკელ კონგრესმენებსა და სენატორებს მოუწოდებს, კომპანია „ფრონტერას" საქმიანობა ყურადღებით შეისწავლონ და მოუწოდონ მას, რომ პატივი სცეს საქართველოში მშრომელთა უფლებებს.

ამასთან, კომპანია „ფრონტერას" თანამშრომლების ინფორმაციით, 2019 წლის 17 დეკემბერს აღნიშნული კომპანიიდან 84 ადამიანი ისე გაათავისუფლეს, რომ მათ 11 თვის ანაზღაურება ამ დრომდე არ აუღიათ.

„ყურადღებით ვაკვირდები ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს, ასევე კონგრესმენებისა და სენატორების წერილებს. დემოკრატიულ ღირებულებებთან დაკავშირებით მათ პათოსს ვიზიარებ, სადაც ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ ხელისუფლებამ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე დანაპირები არ შეასრულა. ვიზიარებ იმასაც, რომ ქვეყანაში კანონის უზენაესობა გარანტირებული არ არის, თუმცა ეს ყველაფერი ამერიკული კომპანიების საქმიანობისგან გამოწვეული პრობლემებისგან უნდა გავმიჯნოთ. კონკრეტულად, წერილების ნაწილი ისეთ ხასიათს ატარებდა, თითქოს, ისინი მიმართული იყო ამერიკული კომპანიების ინტერესების მხარდასაჭერად იმის მიუხედავად, ისინი საქართველოში რა საქმიანობას ეწეოდნენ. ჩემს წერილში, რომელსაც დღეს გავგზავნი, მინდა, ამერიკელ კონგრესმენებსა და სენატორებს მოვუწოდო, ყურადღებით დააკვირდნენ აქ მიმდინარე პროცესებს. მოვითხოვთ, რომ ამერიკელი კონგრესმენი იქნება თუ სხვა, პატივი სცეს ქართველ ხალხს, ქართველ მშრომელებს, რადგან როცა კომპანია "ფრონტერას" მხარდაჭერაზეა საუბარი, მათ კარგად უნდა შეისწავლონ ამ კომპანიის საქმიანობა. ასეთი კომპანიების უპირობო მხარდაჭერა ჩრდილს აყენებს იმ პათოსს, რომელსაც მათ მიერ გამოგზავნილი წერილები ატარებდა.

კონგრესმენებს ვთხოვ, რომ როცა დემოკრატიის სახელით ასეთ განცხადებას გააკეთებენ, საკუთარი ქვეყნის წარმომადგენელ კომპანიებს მოუწოდონ, პატივი სცენ საქართველოში ადამიანის უფლებებს და კანონის უზენაესობას. ჩვენ ვართ ამაყი ხალხი, ჩვენ არ ვართ კოლონია, სადაც შეიძლება, რომ უცხო ქვეყნის კომპანიებმა ფული აკეთონ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ექსპლუატაციის ხარჯზე,"- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მისი თქმით, კომპანიამ „ფრონტერა“ მისი ვალდებულება არ შეასრულა, ის, ბოლო ორი წლის განმავლობაში თვეობით არ უხდიდა დასაქმებულებს ხელფასს. როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, როდესაც დასაქმებულებმა ეს მდგომარეობა გააპროტესტეს, 2019 წლის დეკემბერში, წინასაახალწლოდ, ისინი დათხოვნილ იქნენ სამსახურიდან და მათ დღემდე არ აუღიათ კუთვნილი ხელფასი.

„ამერიკელი კონგრესმენები, რომლებმაც არაერთხელ დაუდასტურეს ქართველ ხალხს გვერდში დგომა და პატივისცემა, ბრმად არ უნდა იცავდნენ მათი ქვეყნის ბიზნესკომპანიების ინტერესებს. პირიქით, ისინი საქართველოში მყოფ ამერიკულ კომპანიებს უნდა მოუწოდებდნენ, რომ მათ შეასრულონ საკუთარი ვალდებულება, გადაუხადონ მშრომელებს კუთვნილი ხელფასი და იმოქმედონ კანონის უზანაესობის პრინციპების შესაბამისად საქართველოში. ჩვენს მოქალაქეებს სურთ გახდნენ დასავლეთის ნაწილი, რადგან დაიღალნენ იმ დაუსჯელობით, რასაც ხშირად აწყდებიან საქართველოს ხელისუფლებისა თუ კერძო კომპანიების ქმედებებში. სწორედ ამიტომ, თუ გსურთ, კვლავინდებურად მხარს უჭერდეთ ხელისუფლებას ხალხისთვის და ხალხის მიერ, არ დაუჭიროთ მხარი იმ ამერიკულ კომპანიებს, რომლებიც ღიად არღვევენ მშრომელების უფლებებს საქართველოში და არღვევენ კანონს. ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება წერილების სულისკვეთებას. საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა დაიცვას პირველ რიგში არა ამერიკული კომპანიის, არამედ საკუთარი მოქალაქეების ინტერესები, როდესაც ისინი ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან. ისევე, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წევრების პასუხისმგებლობაა დარწმუნდნენ იმაში, რომ მათი ქვეყნის წარმომადგენლები, პატივს სცემენ კანონებს და არ ეწევიან მშრომელების ექსპლუატაციას სხვა ქვეყანაში, განსაკუთრებით იმ ქვეყანაში, რომელთანაც 30 წლიანი სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ.

იმედს ვიტოვებ, რომ საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებმაც დემოკრატიის სახელით გამოთქვეს შეშფოთება, შემდეგ წერილებში არა მხოლოდ დაიცავენ, არამედ, საჭიროების შემთხვევაში, პასუხს მოსთხოვენ საკუთარ კომპანიებსაც,"- წერს ნაცვლიშვილი მის მიერ გაგზავნილ წერილში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა