საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრი" აქცია მართავს. მათი მთავარი მოთხოვნაა, რომ არ მოხდეს ირაკლი შოთაძის წარდგენა გენერალური პროკურორის პოსტზე. ამასთან, აქციის მონაწილეები პროკურატურაში გენერალური პროკურორის შერჩევის პროცესს უნდობლობას უცხადებენ.
აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ნესტან ლონდარიძის განცხადებით, შოთაძეს ბევრი გამოუძიებელი საქმე უკავშირდება.
„ჩვენ ვმართავთ აქციას, ვინაიდან ვთვლით, რომ ირაკლი შოთაძეს უკავშირდება ბევრი კითხვის ნიშანი და მას არ აქვს უფლება იყოს გენერალური პროკურორი. თუ შევაფასებთ იმ კანდიდატებს, ვინც არიან წარდგენილი, ეს გვაძლევს ვარაუდს, რომ ირაკლი შოთაძე წარმოადგენს უპირობო კანდიდატს და ის არის ხელისუფლების მიერ მართული“, - განაცხადა ლონდარიძემ.
ცნობისთვის, გენერალურ პროკურატურაში გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი მიმდინარეობს.