EMC - თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე გამოძიების შეწყვეტა დაუსაბუთებელია და ის პროკურატურის პოლიტიზების კიდევ ერთი დადასტურებაა

"ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" (EMC) პირველად შეფასებას აკეთებს პროკურატურის გადაწყვეტილებაზე, რომლის საფუძველზეც პროკურატურამ დანაშაულის ნიშნების არ არსებობის გამო, თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე მიმდინარე გამოძიება შეწყვიტა.

EMC-ის განცხადებით, პროკურატურამ გამოიტანა დადგენილება სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებაზე უარის თქმის შესახებ თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების გამო, თუმცა, მედიისთვის გაზიარებულ მასალაში უწყებამ ღიად მიუთითა, რომ ამ საქმეზე არსებობდა მტკიცებულებითი სტანდარტი ტერორისტებისთვის და ტერორისტული ორგანიზაციისთვის მაჩალიკაშვილის მიერ მომსახურების გაწევის შესახებ.

„პროკურატურის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ გამოძიების დინამიკა და მასზე სახელმწიფო უსაფთხოების სამსახურის აშკარა გავლენები, ჩვენ იმთავითვე გვიჩენდა ღრმა ეჭვს, რომ გამოძიების პროცესი ფორმალური, მოჩვენებითი და არაეფექტიანი იყო და ყოველგვარი ნდობა პროკურატურის გამოძიების მიმართ მაჩალიკაშვილების ოჯახის წევრებსა და მათ უფლებათა დამცველებს დაკარგული გვქონდა. ამის მიუხედავად, ამ პერიოდში საქმეზე მიღებული ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო, რადგან გამოძიების პროცესში ჩვენ, როგორც მაჩალიკაშვილების ოჯახის დამცველებს, არა ერთი განცხადება გვქონდა დაყენებული სპეცრაზმის წევრებისა და სუს-ის სხვა თანამშრომლების გამოკითხვის შემდეგ იდენტიფიცირებული არაერთი არსებითი შეუსაბამობისა და უზუსტობის გამო. მათ შორის, რამდენიმე დღის წინ, 24 დეკემბერს დამოუკიდებელ ექსპერტებთან კონსულტაციების შემდეგ, EMC-მ გააგზავნა დასაბუთებული განცხადება პროკურატურაში, რომელშიც სადავოს ხდიდა სპეცრაზმელების ჩვენებების სანდოობას და შესაბამისობას (მათ შორის, თემირლანის მიერ საკუთარ ლოგინში თითქოსდა ხელყუმბარის ქონისა და გამოყენების, სპეცრაზმელების მიერ ხელყუმბარის გადაადგილების და განადგურების საკითხებთან დაკავშირებით) და მათ ხელახალ გამოკითხვასა და საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებას ვითხოვდით. აღნიშნული დასაბუთებული მიმართვების მიუხედავად, ჩვენთან ყოველგვარი წინასწარი კომუნიკაციის გარეშე, 1 დღეში, 25 დეკემბერს პროკურატურამ ამ საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიიღო და გამოძიება შეწყვიტა.

აღნიშნული გადაწყვეტილება აშკარად დაუსაბუთებელი და თვითნებურია, რამდენადაც გამოძიებამ ვერ უპასუხა არაერთ მნიშვნელოვან გარემოებას რაც საქმეში სახელმწიფოს მხრიდან არსებით გადაცდომებზე მიუთითებდა.

სიმპტომატურია, რომ პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილთან დაკავშირებულ ორივე საქმეზე გადაწყვეტილება თანადროულად გამოაქვეყნა, რითაც კიდევ ერთხელ გაამყარა ის პოლიტიკური ნარატივი, რომლითაც ის თემირლან მაჩალიკაშვილს ტერორისტად გამოცხადებას და მის მიმართ ძალის გამოყენების გამართლებას ცდილობს. პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილს იმთავითვე არ მიანიჭა ბრალდებულის სტატუსი და ამ გზით მას თავის დაცვის შესაძლებლობა იმთავითვე წაართვა. ამ პირობებში ხელისუფლება საინფორმაციო კამპანიებით პირდაპირ და არაპირდაპირ ცდილობდა თემირლან მაჩალიკაშვილის დეჰუმანიზებას და მის წინააღმდეგ ფრაგმენტული, კონტრავერსიული და არადამაჯერებლი მასალების გამოქვეყნებას. ოჯახის არა ერთი თხოვნის მიუხედავად კი პროკურატურამ აღნიშნული საქმის მასალებზე წვდომა არ მოგვცა.

იმ პირობებში, როდესაც საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ახორციელებს ზედამხედველობას და 31 მარტს საქართველოს მთავრობას საკუთარი პოზიციების გაგზავნა უწევს სასამართლოში, და ამასთან, მთავარი პროკურორი ჯერ კიდევ არ არის დანიშნული, სტრატეგიულ საქმეზე გადაწყვეტილების ამ პირობებში მიღება გაუგებარი ჩანს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მიღებული გადაწყვეტილება ბოლო თვეებში ხელისუფლების იმ პოლიტიკის გაგრძელებაა, რომელიც არ აღიარებს და ღიად უგულებელყოფს იმ სოციალურ და პოლიტიკური უკმაყოფილებებს, რომელიც ქვეყნის შიგნით თუ გარეთ არსებობს, და ძალაუფლების დემონსტრირებით და ხისტი გადაწყვეტილებებით ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას.

მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს დაზარალებულის სტატუსი არ მიანიჭა, გამოძიების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას ფორმალურად გაასაჩივრებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით;

მთავარ პროკურატურას მოვუწოდებთ ოჯახთან საჯაროდ მიცემული დაპირების გათვალისწინებით, გაგვაცნოს თემირლან მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის მასალები, რომ ჩვენ მისი შეფასებისა და საზოგადოების ინფორმირების შესაძლებლობა მოგვეცეს;

გამოძიების შეწყვეტისა და მისი დასაბუთების შესახებ შეფასებას უახლოეს მომავალში წარადგენს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში;

პროკურატურის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კრიტიკას EMC ასევე გაუზიარებს საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსს.

ამასთან, EMC მოუწოდებს სახალხო დამცველს შეისწავლოს მიღებული გადაწყვეტილება და საჯაროდ შეაფასოს პროკურატურის გადაწყვეტილება.

უახლოეს მომავალში, საქმის დამატებითი მასალების გაცნობის შემდეგ EMC დასაბუთებულ სამართლებრივ შეფასებას გამოაქვეყნებს საქმეზე.

EMC მხნეობას უსურვებს მაჩალიკაშვილების ოჯახს და საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით ამ საქმეზე სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელების იმედს გამოხატავს.

საქმესთან დაკავშირებით არსებული მნიშვნელოვანი შეკითხვები და გარემოებები, რაც გამოძიების შეწყვეტის თაობაზე პროკურატურის გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობასა და უკანონობაზე მიუთითებს:

1. სპეცოპერაციის დაგეგმვა სუს-ის მიერ სათანადო მომზადებისა და პრევენციული ზომების მიღების გარეშე მოხდა. სუს-ს არ ჰქონდა სათანადოდ გაზომილი დასაკავებელი პირებისგან მომდინარე რისკები და არც დაკავებასთან დაკავშირებული წინაპირობები. ცხადია, რომ ამ პირობებში მასშტაბური შეიარაღებული სპეცოპერაცია დაგეგმა წინააღმდეგობაში მოდის სიცოცხლის უფლებასთან დაკავშირებულ მაღალ სამართლებრივ სტანდარტებთან. 2. თემირლან მაჩალიკაშვილის ოთახში სპეცრაზმის შესვლა და გასროლა თანადროულად განხორციელდა, სპეცრაზმელის მხრიდან წინასწარი გაფრთხილებისა და სხვა მითითების გარეშე. სროლის მომენტში თემირლანი ჰორიზონტალურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, თავი ედო ბალიშზე, რაც მისი მხრიდან ხელყუმბარის ლოგინიდან ამოღებისა და გამოყენების შესახებ სუს-ის ვერსიას სრულად უსაფუძვლოს ხდის. პროკურატურამ არც კი გამოიძია თემირლანის მიერ ტელეფონისა და ყურსასმელის გამოყენებასთან დაკავშირებული გარემოებები, რაც მაღალი ალბათობით მის მიერ სპეცოპერაციის დაწყების შესახებ ინფორმაციის არ ქონის გარემოებაზე უთითებდა. 3. თემირლანის ოთახზე თითქმის 2 საათის განმავლობაში სრული კონტროლი სპეცრაზმელებს ქონდათ და სწორედ მათ მიერ უშუალოდ უკანონოდ ხელყუმბარის გადაადგილება და უკანონო ამოღება. საბოლოოდ ხელყუმბარა და სხვა საქმის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები სწორედ სუს-ის მიერ განადგურდა ან შეიცვალა. ცხადია, რომ ამ პირობებში, გამოძიების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და უკანონო და ის პროკურატურის მხრიდან სუს-ის მიმართ პოლიტიკური ლოიალობის და ადამიანის უფლებათა დარღვევის უკიდურესად მძიმე შემთხვევას წარმოადგენს”,-აღნიშნულია EMC-ის განცხადებაში.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს