ქართული პრესის მიმოხილვა 08.02.2020

ზაზა ხატიაშვილი - “შოთაძის დაბრუნებით ივანიშვილმა თავისი შიშები აღიარა... ჩანს, იმდენად კომპრომეტირებულია შოთაძე, რომ ივანიშვილს ყურებით უჭირავს”

ვატო წერეთელი - “ჩემს ოჯახს სიკვდილის განაჩენი ცხოვრებაშივე გამოუტანეს”

* * *

ზაზა ხატიაშვილი - “შოთაძის დაბრუნებით ივანიშვილმა თავისი შიშები აღიარა... ჩანს, იმდენად კომპრომეტირებულია შოთაძე, რომ ივანიშვილს ყურებით უჭირავს”

"ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა ეს გადაწყვეტილება მიღებული, რომ შოთაძე უნდა დაბრუნებულიყო გენერალურ პროკურორად, შოთაძეს დაუფასა გაკეთებული საქმეები - მას სჭირდება შოთაძე... მინდა გაგახსენოთ, სწორედ შოთაძე იყო ის პირი, რომელმაც პარლამენტში მიიტანა და დეპუტატებს აჩვენა კაბელების საქმის სისხლის სამართლის საქმის დეტალები - თუ გახსოვთ, საგანელიძემ გააკეთა განცხადება გრიფით საიდუმლო საქმის მასალებზე, რომელსაც ადვოკატებსაც კი არ აჩვენებდნენ - ჩვენ ვნახეთ საქმის დეტალები და დანაშაული ჩადენილი აქვთო... ეს იყო ტრაგიკომედია”, - აცხადებს უფლებადამცველი ზაზა ხატიაშვილი გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “შოთაძის დაბრუნება ივანიშვილის ხუშტურია” / ზაზა ხატიაშვილი: “ივანიშვილი ფიქრობს, ძალაუფლება რომ აღარ ექნება, შოთაძე დაიცავს პროკურატურაში".

“შოთაძე რომ წავიდა, სულ იყო საუბარი ბიძინას შოთაძის დაბრუნება უნდაო... ამ შუალედებში დაინიშნა უდიპლომი პროკურორი - თადუმაძე იყო მართლაც სირცხვილი ამ ქვეყნის ისტორიაში. თადუმაძემდე დაინიშნა ყაჩაღობაში მსჯავრდებული პროკურორი, რომელსაც ბოტასები ჰქონდა მოპარული... ივანიშვილი ეთამაშება ქართველ საზოგადოებას, როგორც მე მინდა ისე იქნება, როგორც ხე გადავრგე აჭარიდან ჩემს კარმიდამოში, ისე გადავრგავ ნებიმიერ პიროვნებას ნებისმიერ თანამდებობაზეო... ეს არის დიდი პრობლემა. იქ შოთაძე იქნება თუ ნებისმიერი სხვა, ამით პრობლემა არ გვარდება. ყველაფერი იქნება ისე, როგორც ბიძინას უნდა. ეს მისი მორიგი ხუშტურია. შოთაძე არის გათვლა 5 წლის შემდგომ პერიოდზე, როცა ივანიშვილი ან კოალიციით დარჩება ხელისუფლებაში ან ხელისუფლების მიღმა აღმოჩნდება. ამიტომ მისთვის მნიშვნელოვანია ორი რამ - შოთაძე როგორც პროკურორი და უსაფრთხოების სამსახური”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაზა ხატიაშვილი.

“ივანიშვილს უმრავლესობა ვეღარ ექნება, თუ პოლიტიკოსები არ მიეყიდნენ, სხვანაირად გამორიცხულია. რა თქმა უნდა, ის თავს იზღვევს სანდო კადრების დანიშვნით. ვერავინ იტანს ივანიშვილს, ხალხს სძულს. პრემიერი და სხვა თანამდებობის პირები არავის გაახსენდება - მთელი რისხვა ივანიშვილს დაატყდება თავზე... ცაიტნოტშია დღეს ივანიშვილი, შოთაძის დაბრუნებით თავისი შიშები აღიარა. ივანიშვილს რომ აღარ ექნება ძალაუფლება, რაც დღეს აქვს, დამცველად შოთაძე დარჩება პროკურატურაში...”- განმარტავს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “რა გარანტიები აქვს, რომ შოთაძე დაიცავს?” - პასუხობს:

“მაშინ სხვა მონა პროკურორს აიყვანდა. როგორც ჩანს, იმდენად კომპრომეტირებულია შოთაძე, რომ ივანიშვილს ყურებით უჭირავს. სწორედ ამიტომ დააბრუნეს...”

ვატო წერეთელი - “ჩემს ოჯახს სიკვდილის განაჩენი ცხოვრებაშივე გამოუტანეს”

“კლინიკა “ჰელსინკორის” გენერალური დირექტორის რუსუდან ლაგვილავას ინფორმაციით, ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, თუმცა ანალიზებში საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილებებია და პაციენტის გაწერა უახლოესი დღეების განმავლობაში არ იგეგმება, - ეს განცხადება მან 7 თებერვალს გააკეთა. ავთანდილ წერეთელი კლინიკაში 6 თებერვალს საღამოს უგონო მდგომარეობაში შეიყვანეს”, - წერს გაზეთი “ახალი თაობა” სტატიაში სათაურით ვატო წერეთელი: “ჩემს ოჯახს სიკვდილის განაჩენი ცხოვრებაშივე გამოუტანეს” / ავთანდილ წერეთლის მდგომარეობა სტაბილურია.

“ვაგრძელებთ გამოკვლევებს და შესაბამის მკურნალობას. გუშინ ღამით ჩაუტარდა კორონაროგრაფია. ამ ეტაპზე ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებს... ავთანდილ წერეთელი საერთოდ ჩვენი კლინიკის პაციენტია, მას კორონაროგრაფია რამდენიმე თვის წინაც ჩაუტარდა ჩვენს კლინიკაში და ამ ეტაპზე ექიმმა გადაწყვიტა, რომ სტენტირება არ იყო გასაკეთებელი”, - განაცხადა რუსუდან ლაგვილავამ. “ჩემს ოჯახს სიკვდილის განაჩენი ცხოვრებაშივე გამოუტანეს” - ამის შესახებ “ტვ პირველის” დამფუძნებელმა ვატო წეფრეთელმა მამის, ავთანდილ წერეთლის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ბრძოლა გრძელდება უკეთესი ქვენისათვის და უკეთესი საქართველოსთვის და პირადად ევაჭრებიან ტელევიზიისთვის ადამიანის ცხოვრებითა და ჯანმრთელობით”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ბრძოლა გრძელდება, ეს მარტო ჩემი ოჯახის ბრძოლა არაა, ეს მთელი საქართველოსთვის ბრძოლაა უკეთესი მომავლისათვის... ვერ გადაიტანა ამდენი სტრესი და ამის გამო დაემართა ეს ყველაფერი. გუშინ გადავრჩით, დღეს ბევრად უკეთესადაა. მე პირადად ამ ტელევიზიისთვის ადამიანის ცხოვრებით და ჯანმრთელობით მევაჭრებიან - აბა რისთვის უნდა ხდებოდეს 70 წლის კაცის ასეთ მდგომარეობაში ჩაგდება, მას სიმსივნის 5 ოპერაცია აქვს გაკეთებული, აქვს შაქრიანი დიაბეტი, დღეში 4 ინსულინის ნემსს იკეთებს და სტენტები აქვს გულში, ამიტომ ხანგრძლივი მკურნალობა სჭირდება”, - აღნიშნა ვატო წერეთელმა, რომლის განმარტებით, სამკურნალოდ საზღვარგარეთ იყვნენ წასული, თუმცა ხშირი სასამართლო პროცესების გამო ვერ მოახერხეს თავიდან ბოლომდე სრული კურსის ჩატარება. მისივე თქმით, იმედია, ახლა წავლენ და მოახერხებენ”, - დასძენს გამოცემა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა