EMC დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებამდე, სასჯელის გადავადებას ითხოვს

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს და დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, ჯანმრთელობის გაუმჯობესებამდე, სასჯელის გადავადებას ითხოვს.

როგორც ორგანიზაციაში გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, EMC საჭიროდ მიიჩნევს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 283-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მოხდის გადავადების მექანიზმის გამოყენებას, რაც გულისხმობს, რომ გიორგი მამალაძეს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, სასჯელაღსრულების დაწესებულების გარეთ, უსაფრთხო, მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩაიტაროს ადეკვატური მკურნალობა და მხოლოდ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების შემთხვევაში დაბრუნდეს სასჯელის მოხდის ადგილზე. მათი განმარტებით, ეს პროცედურა მსჯავრდებული პირების მიმართ ჰუმანური მოპყრობისა და ზიანის შემცირებაზე მიმართული მექანიზმია და სასამართლოს პატიმრობში მყოფი პირების მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის შემსუბუქების საშუალებას აძლევს.

“დეკანოზი მამალაძე 2019 წლის 22 თებერვლიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N18 სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფება. მას პარალიზებული აქვს მარჯვენა ზედა და ქვედა კიდური და ვერ ახერხებს დამოუკიდებლად გადაადგილებას. გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებით 2019 წლის 15 თებერვალს გაუარესდა. ის თავდაპირველად ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. სამედიცინო კონსილიუმის მიერ დისოციაციური მოტორული აშლილობა დაუდგინდა, რაც კომპლექსურ თერაპიულ მკურნალობას ითხოვდა. თუმცა, მამალაძე პენიტენციური სამსახურის გადაწყვეტილებით, ღუდუშაურის კლინიკიდან რამდენიმე დღეში მოულოდნელად N18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

N18 სამკურნალო დაწესებულებაში დეკანოზის მოთავსებისთანავე EMC მიუთითებდა მის მიმართ გამოვლენილ არასათანადო მოპყრობაზე და ადეკვატური მკურნალობის ჩატარების სირთულეზე, რაც კიდევ უფრო ამძიმებდა მსჯავრდებულის მდგომარეობას და ჯანმრთელობის გაუარესების რისკებს ქმნიდა.

სახალხო დამცველი რეკომენდაციაში ასევე უთითებდა, გიორგი მამალაძის სამოქალაქო პროფილის კლინიკაში გადაყვანის აუცილებლობაზე. თუმცა, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა არც ერთი რეკომენდაცია არ გაითვალისწინა და არ მიიღო სათანადო ზომები მამალაძის მიმართ ადეკვატური მკურნალობისთვის. უნდა აღინიშნოს, რომ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, მისთვის კვლავ პრობლემას წარმოადგენს ადეკვატური ფსიქოთერაპიის წარმართვა, რამდენადაც იგი 24-საათიანი აუდიო-ვიდეო მონიტორინგის ქვეშ იმყოფება და ექიმისა და პაციენტის ურთიერთობის კონფიდენციალურობის დაცვის არარსებობის პირობებში, შეუძლებელია ფსიქოთერაპიის სერვისის მიღება.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაახლოებით სამჯერ შეაფასეს კვალიფიციურმა ექსპერტებმა, ხოლო კიდევ ერთი დამატებითი ექსპერტიზა პენიტენციური სამსახურის მოთხოვნის საფუძველზე ჩატარდა. დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ ჩატარებული სამივე ექსპერტიზის შემთხვევაში დადასტურებულია დეკანოზის დიაგნოზი (დისოციაციური მოტორული აშლილობა) და განსაზღვრულია, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებას არ გააჩნია მსგავსი შემთხვევის მართვის შესაძლებლობა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 2019 წლის დეკემბერში დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ წამებისა და სასტიკი მოპყრობის მიმართ სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების სახელმძღვანელო პრინციპებზე დაყრდნობით მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია, მათ შორის, პარალიზებულ კიდურებზე ციანოზური ელფერი და ატროფიის ნიშნები აღინიშნება და საჭირო მკურნალობის მიუღებლობის შემთხვევაში, ინვალიდიზაციის სერიოზული რისკი არსებობს.

დასკვნის მიხედვით, პენიტენციური სამსახური ვერ უზრუნველყოფს მამალაძის შემთხვევის ადეკვატურ მართვას და ექსპერტთა ჯგუფი გასცემს მკაფიო რეკომენდაციას სასჯელის მომხდის გადავადების აუცილებლობაზე. აქვე აღნიშნულია, რომ კატეგორიულად გამორიცხულია მამალაძის მხრიდან ადგილი ჰქონდეს სიმულაციას, როგორც მითითებულია პენიტენციური სამსახურის მიერ ჩატარებულ ექსპერტიზის დასკვნაში და მსგავსი ცრუ ინფორმაციის გავრცელება მსჯავრდებულის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას დამატებით ზიანს აყენებს.

ექსპერტიზის დასკვნებში პირდაპირ არის მითითებული, რომ სწორედ საპატიმრო პირობები გახდა მამალაძის ტრავმის მასტიმულირებელი. მან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის დროს განიცადა პოლიტრამვა, რომელიც ვერ იქნა დროულად ამოცნობილი ადმინისტრაციის მიერ და საბოლოოდ გამოიწვია ჯანმრთელობის დაზიანება. დეკანოზის დაკავების, მისი სისხლისსამართლებრივი დევნისა და მსჯავრდების პროცესი, რომელიც სამართლიანი სასამართლოს უფლების სტანდარტების უხეში დარღვევისა და კლერიკალური და პოლიტიკური აქტორებისგან საინფორმაციო ზეწოლისა და შევიწროების ფონზე მიმდინარეობდა, მას უმძიმეს ემოციურ მდგომარეობაში აყენებდა და დაუცველობის ღრმა განცდას უჩენდა. შესაბამისად, სასჯელის გადავადების შესახებ შუამდგოლომაში EMC ასაბუთებს სტრესისგან თავისუფალ, უსაფრთხო გარემოში დეკანოზის გადაყვანის მნიშვნელობას მისი მკურნალობისთვის, რაც ფსიქოსომატური დაავადების მიზეზის შეცვლისა და მისთვის ადეკვატური და კომპლექსური მკურნალობის მიღების შესაძლებლობას შექმნის.

ცხადია, რომ N18 სამკურნალო დაწესებულებაში არსებული პირობებისა და მკურნალობის პროცესის ამ ფორმით შენარჩუნება დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობას არსებითად დაამძიმებს და მის მიმართ არაადამიანური მოპყრობის პრაქტიკას კიდევ უფრო გაამყარებს”, - აღნიშნავენ EMC-ში.

ორგანიზაცია იმედოვნებს, რომ სასამართლო შეისწავლის და გაიაზრებს საქმის ფაქტობრივ და ექსპერტიზის დასკვნებით დადგენილ გარემოებებს და გიორგი მამალაძის მიმართ განაჩენის აღსრულებას ჯანმრთლეობის მდგომარეობის გაუმჯობესებამდე გადაავადებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო