გუდაურში მკვლელობის საქმეზე დაკავებულის ადვოკატი - ბევრ მტკიცებულებას ნახავთ, რომლითაც დარწმუნდებით, რომ ეს ადამიანი თავს იცავდა, მას არავის მოკვლის განზრახვა არ ჰქონია

გუდაურში მომხდარი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული მერაბ კობიაშვილი აცხადებს, რომ მას მკვლელობის განზრახვა არ ჰქონია, - აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს კობიაშვილის ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განუცხადა.

როგორც კაკაბაძე განმარტავს, ბრალდების მხარის პოზიცია აბსოლუტურად დაუსაბუთებელია, როცა დაკავებულს მკვლელობასა და მკვლელობის მცდელობას ედავება.

"ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა განაცხადა, რომ მკვლელობის განზრახვა არ მქონია, მოვიდნენ და მცემესო. რაც შეეხება პროცესს, დაცვის მხარეს არ გვქონია მოლოდინი, რომ მას შეეფარდებოდა გირაო და პატიმრობიდან გათავისუფლდებოდა. მთავარია ის, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ბრალდების მხარის პოზიცია აბსოლუტურად დაუსაბუთებელია. ბრალდების მხარე მას ედავება რომ ჩაიდინა განზრახ მკვლელობა და ასევე ორი ან მეტი პირის მკვლელობის მცდელობა. აღნიშნული პოზიცია ცალსახად ეწინააღმდეგება რეალობას, რასაც სინამდვილეში ადგილი ჰქონდა. დარწმუნებული ვარ, სასამართლო ბრალდების მხარის ამ პოზიციას არ გაიზიარებს და სრულად გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას", - განაცხადა კაკაბაძემ.

თუ რა მოტივი შეიძლებოდა ჰქონოდა მკვლელობაში ბრალდებულსა და ინციდენტში მონაწილე დანარჩენ პირებს, აღნიშნულთან დაკავშირებით როგორც ადვოკატი აცხადებს, ინფორმაციას არ ფლობს.

"ვიდეოკამერების ჩანაწერები ნახეთ და კიდევ ბევრ მტკიცებულებას ნახავთ, რომლითაც ნათლად დარწმუნდებით, რომ ეს ადამიანი თავს იცავდა, მას არავის მოკვლის განზრახვა არ ჰქონია. იმაზე აპელირება, თითქოს ის იარაღს უკანონოდ ატარებდა, აბსოლუტურად მცდარია. ის იარაღს სრულად კანონიერად ატარებდა და ბრალდების მხარეც არ გვედავება იმას, რომ ცეცხლსასროლ იარაღს უკანონოდ ატარებდა. ის უწესიერესი ადამიანია, არასდროს ყოფილა ნასამართლევი.

როცა მისი გამოკითხვა ჩატარდა, საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში იყოფებოდა, მას დღესაც ტვინის შერყევა და უამრავი დაზიანება აქვს, მას გარკვეულ ფაქტობრივ გარემოებებზე დეტალურად საუბარი უჭირს. მე, როგორც მისი უფლებების დამცველი ადვოკატი დღემდე ვერ ვახერხებ მასთან გავიარო გარკვეული საკითხები. ველოდები როდის გამოჯანმრთელდება", - განაცხადა კაკაბაძემ.

ადვოკატის განმარტებითვე, ბრალდებული გირაოს შეფარდების შემთხვევაში არსად მიიმალებოდა.

"ბრალდების მხარემ ისაუბრა, რომ თითქოს მიმალვის საფრთხე არსებოდბა, თუ მას გირაო შეეფარდებოდა. ამას ასაბუთებდა იმით, რომ ბრალდებულს საზღვარი არაერთხელ ჰქონდა გადაკვეთილი. ბრალდებულმაც განაცხადა, რომ სახელმწიფო საზღვარი ბევრჯერ აქვს მას გადაკვეთილი, მაგრამ ის იყო შესაბამის მისიებში, იბრძოდა ავღანეთში, ერაყში და რა თქმა უნდა, მის მიერ საზღვრის დატოვება უკავშირდებოდა სამსახურს. მას მუდმივი საცხოვრებელი ადგილი სხვა ქვეყანაში არ ჰქონია და სხვა ქვეყნებთან კავშირი არ აქვს", - აღნიშნა კაკაბაძემ.

აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 8 აპრილს, 14:00 საათზე დაინიშნა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა