ადვოკატი გუდაურში მკვლელობის საქმეზე დაკავებულისთვის ბრალის გადაკვალიფიცირებას ითხოვს და აცხადებს, რომ მერაბ კობიაშვილი თავს იცავდა

გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებული მერაბ კობიაშვილის ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე ბრალის გადაკვალიფიცირებას ითხოვს. მისი თქმით, ის მუხლები, რომელიც მისი დაცვის ქვეშ მყოფს წაუყენეს არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება.

,,ჩვენ ვითხოვთ, რომ სასამართლომ არ გაიზიაროს ბრალდების მხარის პოზიცია როგორც განზრახ მკვლელობის ნაწილში, ასევე მკვლელობის მცდელობის ნაწილში. რაც შეეხება იმას, თუ რა მიმართულებით წავალთ არსებითი განხილვის სხდომაზე, ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. მე ერთი რამ შემიძლია გითხრათ კატეგორიულად, რომ ის მუხლები, რაც მას აქვს წაყენებული, არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება და ეწინააღმდეგება სასამართლოების მიერ დადგენილ პრაქტიკას. შესაბამისად, მე დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერი ნორმალური მოსამართლე, რომელსაც აქვს უბრალოდ თავმოყვარეობა, იცნობს კანონმდებლობას და გააჩნია დამოუკიდებლობა პროკურატურის ამ პოზიციას ნამდვილად არ გაიზიარებს", - განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ.

ადვოკატმა მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ისაუბრა. მისი ინფორმაციით, კობიაშვილს დაზიანებები მიღებული აქვს როგორც ფეხის, ასევე ხელისა და სახის არეში, აქვს ტვინის შერყევა.

„დაახლოებით ხუთი პირი ერთდროულად თავს ესხმოდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს. აღნიშნული ასევე დადასტურებულია სამედიცინო დოკუმენტაციით და კარგად ნახეთ ფოტოები, სადაც კარგად ჩანს თუ როგორი დაზიანებები აქვს მას მიყენებული როგორც ფეხის, ასევე ხელისა და სახის არეში. მას აქვს ტვინის შერყევა და ძალიან უჭირს გადმოსცეს ფაქტები და ისაუბროს დეტალებზე. მას უჭირს მოძრაობა, სიარული და იმყოფება სამედიცინო დაწესებულებაში. აქედან გამომდინარე, მე მიმაჩნია, რომ დაცვის მხარე წარმატებით შევძლებთ იმის დადასტურებას, რომ ეს ადამიანი სინამდვილეში თავს იცავდა და მას არავის მკვლელობის განხრახვა არ ჰქონია. შესაბამისად 19-109 და 108-ე მუხლები ამ შემთხვევაში უადგილოა და მომხდარს არ შეესაბამება," - განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ.

შეგახსენებთ, რომ მერაბ კობიაშვილი შსს-მ განზრახ მკვლელობისა (108-ე მუხლი) და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის (19-109- მუხლი) ბრალდებით დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 16 თებერვალს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1992 წელს დაბადებულ თ.გ.-ს და 1994 წელს დაბადებულ დ.ს.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა. თ.გ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დ.ს. გადაყვანილია საავადმყოფოში.

დევიდ მაკალისტერი - საბოლოო ჯამში, დემოკრატიული ცვლილებები თავად ქართველი ხალხისგან უნდა მოდიოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.01.2025
ლევან ლორთქიფანიძე - გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ივანიშვილმა საქართველო სამოქალაქო ომის ზღვარზე მიიყვანა, დღეს ყველა სიტყვას და კეთილშობილურ ნაბიჯს შეუძლია სიტუაციის შემობრუნება
„არქის“ დამფუძნებელმა ილია წულაიამ ცინცაძეების უსახლკარო, მრავალშვილიან ოჯახს საჩუქრად სახლი გადასცა
„ვისოლ ჯგუფი“ ორთაჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად დაზარალებულ დევნილთა ოჯახებს 100 000 ლარით დაეხმარება
„საქკაბელი“ პორტფელს „Schneider Electric“-ის პრემიუმ ხაზით - „Merten D-Life“-ით აფართოებს