დავით უსუფაშვილი - რუსეთი ყველა გზით, ტანკით, ეკონომიკური სანქციებით, ფრენების შეწყვეტით, კიბერშეტევით ცდილობს საქართველოს სუსტი ადგილები მოუსინჯოს

პოლიტიკური გაერთიანების „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ მიზანმიმართულ კიბერთავდასხმას ახორციელებს და ამ გზით ცდილობს, საქართველოს სუსტი ადგილები მოუსინჯოს. როგორც უსუფაშვილმა „ინტერპრესნიუსს განუცხადა, მნიშვნელოვანია, საქართველო მსოფლიო თანამეგობრობის ღირსეული და აქტიური წევრი იყოს, რომელიც რუსულ აგრესიას ერთიანი ძალებით უმკლავდება.

„ხედავთ, რომ რუსეთი ყველა გზით და საშუალებით, ტანკით, ეკონომიკური სანქციებითაც, ფრენების შეწყვეტით, კიბერშეტევით ცდილობს საქართველოს სუსტი ადგილები მოუსინჯოს, რათა რაც შეიძლება მეტად დაგვაზიანოს. კარგი ამბავი ისაა, რომ დემოკრატიული სამყარო ჩვენს გვერდით არის. ნახეთ, პრაქტიკულად დაგვასწრეს ბრიტანელებმა, ამერიკელებმა და სხვებმა ამ კონკრეტული ფაქტის დაგმობა, ვინაიდან, მათ ესმით, რომ ეს არის მსოფლიო პრობლემა.

ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, ვიყოთ იმ მსოფლიო თანამეგობრობის ღირსეული და აქტიური წევრი, რომელიც ერთიანი ძალებით უმკლავდება რუსულ აგრესიას, მათ შორის კიბერუსაფრთხოების თვალსაზრისით. როდესაც 21-ე საუკუნეში, 2020 წელს საქართველოს უსაფრთხოებაზე ვსაუბრობთ, მზად უნდა ვიყოთ არა მხოლოდ ავტომატებით შესაძლო თავდასხმის მოგერიებისთვის, არამედ სწორედ ინტერნეტ და ელექტრონული საშუალებებით ქვეყნის ინფრასრუქტურის, სასიცოცხლო ობიექტების დაცვაზე. ეს დიდი ხანია დგას მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების დღის წესრიგში და ჩვენც ამ სისტემაში უნდა ჩავერთოთ.

როგორც სხვა ტიპის შესაძლო აგრესიას და თავდასხმას აქვს კონტრზომები, თავდაცვის საშუალებები, საჰაერო თავდაცვა და სახმელეთო თავდაცვა, ამ კიბერსაკითხებშიც არსებობს ასევე ადეკვატური თავდაცვითი მექანიზმები, რომელიც უნდა განვავითაროთ, ანუ ჩვენი სერვერები უკეთ უნდა იყოს დაცული, უფრო უსაფრთხო ადგილზე უნდა იყოს განთავსებული, უნდა იყოს დუბლირების სისტემა და სხვა თავდაცვითი მექანიზმები.

როგორც ტანკის შემოსვლა არ გვინდა ჩვენს ქვეყანაში, ასევე ინტერნეტის საშუალებით არ გვინდა, სასიცოცხლო ობიექტებამდე შემოვუშვათ ის ვირუსები, რომლითაც ამ შეტევებს ახორციელებდნენ“,-განაცხადა უსუფაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების, სახელმწიფო, კომერციული და მედია ორგანიზაციების ვებ-გვერდებზე, სერვერებსა და სხვა მართვით სისტემებზე დაიგეგმა და განხორციელდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს მიერ.

იხილეთ ვიდეო

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა