პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ თითქმის 2 წლის წინ, „თიბისი ბანკის“ წინააღმდეგ განხორციელებული კიბერთავდასხმა ჯერაც არ არის გამოძიებული. როგორც ხაზარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს ფაქტი ეჭვს ბადებს, რომ ხელისუფლება დანაშაულს მფარველობს.
ხაზარაძე ხელისუფლებას მოუწოდებს, „თიბისი ბანკზე“ განხორციელებული შეტევა დროულად გამოიძიონ.
„მინდა მთელი პასუხისმგებლობით ვთქვა, პირველი ყველაზე დიდი კიბერშეტევა „თიბისი ბანკზე" მოხდა. იცით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს იმდროინდელ ხელმძღვანელობას ყველა მონაცემი მივაწოდეთ, თითქმის ორი წელი გავიდა და ეს გამოძიება დაძრული არ არის.
ამას ემატება „ბოტებისა“ და „ტროლების“ უზარმაზარი ფაბრიკა, რომელიც „ფეისბუქმა“ მმართველ პატიას დაუხურა. ჩვენმა ამერიკელმა და ბრიტანელმა მეგობრებმა დღეს ხმამაღლა თქვეს, თუ საიდან მოდიოდა ეს კიბერშეტევა, მხოლოდ ამაზე მოვისმინეთ უსუსური განცხადებები იმისა, რომ თურმე ხელისუფლებას და მთავრობას არ გააჩნია იმის საშუალება, ძალიან დიდ კრიმინალურ დანაშაულს წინ აღუდგეს. ის ფაქტი, როცა მათ ხელში აქვთ მისამართებიც, ოფისებიც, სერვერის ნომრებიც და ამას არ იძიებენ, ძალიან სერიოზულ ეჭვს იწვევს იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი პრაქტიკულად ამ დანაშაულს მფარველობენ“,-აცხადებს ხაზარაძე.
მისი ვარაუდით, საარჩევნო პროცესის გააქტიურების პარალელურად, შესაძლოა, კიბერშეტევები კვლავ განხორციელდეს.
„სამწუხაროა, რომ ქვეყანა კიბერდანაშაულისა და სხვა საერთაშორისო დანაშაულების მიმართ მოუმზადებელია. ქართულ არჩევნებში სხვადასხვა ქვეყნის ჩარევას ველოდებით, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანა მოემზადოს და ეს ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მოხდება“, - განაცხადა ხაზარაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების, სახელმწიფო, კომერციული და მედია ორგანიზაციების ვებ-გვერდებზე, სერვერებსა და სხვა მართვით სისტემებზე დაიგეგმა და განხორციელდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს მიერ.