ირაკლი ბერაიას შეფასებით, საქართველოში განხორციელებული კიბერშეტევა აგრესიაა, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან უმკაცრესი რეაგირება სჭირდება

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას განცხდებით, 2019 წლის 28 ოქტომბერს, საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა არის აგრესია, რომელიც მიმართულია სუვერენული სახელმწიფოების წინააღმდეგ და სჭირდება უმკაცრესი რეაგირება საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან.

ამის შესახებ ბერაიამ „ინტერპრესნიუსს“ ვენაში განუცხადა, სადაც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომა მიმდინარეობს.

როგორც ბერაიამ განაცხადა, რუსეთის მხრიდან განხორციელებული ქმედება საერთაშორისო სამართლის ნორმების და პრინციპების უხეში დარღვევაა.

„როგორც მოგეხსენებათ, რუსეთის ფედერაცია აგრძელებს დესტრუქციულ ქმედებებს როგორც რეგიონში, ასევე რეგიონის ფარგლებს გარეთ. გარდა ჩვეულებრივი, კონვენციური საფრთხეებისა და კონვენციური მეთოდებისა, რომელსაც რუსეთის ფედერაცია იყენებს მისი მეზობლების წინააღმდეგ, რუსეთი საკმაოდ აქტიურად არის ჩართული ჰიბრიდულ კამპანიაში. ამ ჰიბრიდული კამპანიის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია კიბერშეტევები, რომელსაც რუსეთის ფედერაცია ახორციელებს. შარშან ოქტომბერში განხორციელდა კიბერშეტევა, რომელმაც მწყობრიდან გამოიყვანა როგორც სახელმწიფო უწყებების, ასევე კერძო დაწესებულებების ვებგვერდები.

გამოძიებით დადგინდა, რომ ეს კიბერშეტევა მომდინარეობდა რუსეთის ფედერაციიდან, კერძოდ, რუსეთს სამხედრო დაზვერვის შტაბინიდან, სპეციალური დანაყოფიდან, რომელსაც ე.წ. ჭიაყელა ეწოდება. ეს არის იმის ნათელი დადასტურება, რომ რუსეთის ფედერაცია აგრძელებს აგრესიულ ქმედებებს როგორც ჩვეულებრივ განზომილებაში, ასევე ოპერატიულ განზომილებაში, რასაც კიბერსივრცე ჰქვია საკუთარი მეზობლების და სხვა სახელმწიფოების მიმართ. ეს არის უხეში დარღვევა საერთაშორისო სამართლის ნორმების და პრინციპების. ეს არის აგრესია, რომელიც მიმართულია სუვერენული სახელმწიფოების წინააღმდეგ და თავისთავად ამას სჭირდება უმკაცრესი რეაგირება საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან“, - განაცხადა ბერაიამ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

მისივე თქმით, აუცილებელია საქართველომ, სახელმწიფომ, რომელიც რუსეთის დესტრუქციული ქმედებებით ყველაზე მეტად დაზარალდა, როგორც ოკუპაციით, ასევე ჰიბრიდული კამპანიით, გააძლიეროს შესაბამისი ღონისძიებები იმისთვის, რომ გაიზარდოს ჩვენი კრიტიკული ინფრასტრუქტურის მედეგობა.

„ამასთან, რა თქმა უნდა, გასაძლიერებელია კოორდინაცია აგრესიის პრევენციისა და მათზე ეფექტური რეაგირების მიზნით. ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან კიბერუსაფრთხოების სფეროში. ეს არის არა მარტო ოპერატიული, არამედ ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარება, ისევე როგორც ტრენინგები და ტექნოლოგიური დახმარება“, - განაცხადა ბერაიამ.

შეგახსენებთ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების, სახელმწიფო, კომერციული და მედია ორგანიზაციების ვებ-გვერდებზე, სერვერებსა და სხვა მართვით სისტემებზე დაიგეგმა და განხორციელდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს მიერ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს