გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს ნაკადულის კალმახის საშენში საქართველოს წითელი ნუსხის სახეობის, მდინარის კალმახის 50 000 ზე მეტი ლიფსიტა გამოიჩეკა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, სააგენტო ფაუნის იშვიათი და მოწყვლადის სახეობების პოპულაციის გამრავლებასა და ბუნებაში აღდგენაზე მუშაობს.
მათივე ინფორმაციით, ველური ბუნების ეროვნული სააგენტო ახორციელებს პროექტს, რომელიც საქართველოს „წითელი ნუსხის“ სახეობის, ნაკადულის კალმახის გამრავლებას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში განხორციელდა ინფრასტრუქტურული სამუშაოები, აშენდა ორი ტბორი და 8 რკინა-ბეტონის სპეციალური აუზი.
უწყების ცნობით, ამ მომენტისთვის, ნაკადულის კალმახის 100 000 მდე ლავრაა მიღებული. საგეენტოს გეგმა წელიწადში ნახევარი მილიონი ლიფსიტის წარმოება და მდინარეების გათევზიანებაა.
ნაკადულის, ანუ მდინარის კალმახი 2006 წელს „წითელ ნუსხაში“ მოხვდა. მინიჭებული აქვს მოწყვლადის კატეგორია. მსგავსი ტენდენცია ევროპის არაერთ ქვეყანაშია, რის გამოც პოპულაციის ხელოვნური გამრავლება და მდინარეთა გათევზიანება ხდება.