გია ხუხაშვილი - ვერ ვიტყოდი, რომ ქართული პოლიტიკის ძირითად აქტორებს 2020  წლის არჩევნებზე თანაბარი შანსი ექნებათ, გარკვეული უპირატესობა ხელისუფლებას  მაინც აქვს

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტიკის ანალიტიკოს გია ხუხაშვილს ესაუბრა.

- ბატონო გია, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემაზე შეთანხმება შედგა. ფაქტია, რომ არა უკიდურესად დაპირისპირებულ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ჩვენი დასავლელი პარტნიორების შუამავლობა, პროპორციულ არჩევნებთან მიახლოებული საარჩევნო სისტემის მიღება ვერ შედგებოდა.

მომხდარს მრავალი განზომილება და ასპექტი აქვს, თქვენ როგორ შეაფასებდით ერთის მხრივ მომხდარს და მეორე მხრივ მომხდარის რომელ განზომილებასა და ასპექტს გამოჰყოფდით?

- შედეგი პოზიტიური და მისასალმებელია. გამომდინარე იქიდან, რომ პროპორციული სისტემის მიღება საზოგადოების მოთხოვნა იყო, მთლიანად პროპორციული სისტემის მიღება სჯობდა, რადგან ისტორიის ამ ეტაპზე ის უკეთესად ასახავდა რეალობას, მაგრამ ის რაც მიღებულია, საკმაოდ მიახლოებულია პროპორციულ სისტემასთან.

ასე რომ, საბოლოოდ, მეტ-ნაკლებად სამართლიანი საარჩევნო სისტემა იქნა მიღებული. ამიტომ, ფრთხილი ოპტიმიზმით შევაფასებდი სარჩევნო სისტემაზე მიღებულ შეთანხმებას.

საბოლოოდ, მეტ-ნაკლებად სამართლიანი საარჩევნო სისტემა იქნა მიღებული. ამიტომ, ფრთხილი ოპტიმიზმით შევაფასებდი საარჩევნო სისტემაზე მიღებულ შეთანხმებას

რაც შეეხება მოქმედებების ტაქტიკას. ხელისუფლების მოქმედება, რბილად რომ ვთქვათ, იყო არაკვალიფიციური, შეიძლება ითქვას, ბრიყვული და საკუთარი თავის დამაზიანებელი. საარჩევნო სისტემაზე დაწყებულ მოლაპარაკებებზე „ქართულმა ოცნებამ“ გამოუსწორებელი თვითდაზიანება მიიყენა.

ვგულისხმობ იმას, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ხელისუფლებამ ბევრი უცნაურობა ჩაიდინა. ჯერ იყო ხელისუფლებამ პროვინციული სპექტაკლის დადგმით გადააგდო ყველა, არა ოპოზიცია, როგორც თავად აცხადებდა, არამედ გადააგდო მთელი ქართული საზოგადოება და დასავლეთიც. ვიცე-სპიკერი ჩუგოშვილი აფრინეს ყველგან და ალაპარაკეს, რომ პროპორციულზე გადავიდოდნენ, შემდეგ კი ექსტრავაგანტული ფორმით გადაადგეს მსოფლიო.

ბუნებრივია, რომ ამას იმავე დასავლეთისგან მოჰყვა ადეკვატური რეაქცია. ხელისუფლება, რომელიც თავად აყირავებს მოლაპარაკების მაგიდას, არღვევს თავის პირობას და ფაქტობრივად სწორ ადგილზე ქმნის კრიზისს, ბუნებრივია, კითხვის ნიშნებს ბადებს.

ამის შემდეგ ჩვენ საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ისევ ვისმინეთ ერთის მხრივ დასავლეთის მიმართ დაპირებები, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, ხოლო მეორე მხრივ კუნთების თამაში ქვეყნის შიგნით. ჯერ საუბრობდნენ 100/50-ზე, თან ნიშნის მოგებით, რომ თუ მიიღებთ კარგს იზამთ, თუ არადა, ისევ ძველი სისტემა დარჩება. შემდეგ ბოლო დღეებამდე აცხადებდნენ - 110/40 და წერტილი. საბოლოოდ, საბედნიეროდ, გამოაცხადეს კაპიტულაცია.

არ მინდა ნიშნისმოგებით ვილაპარაკო. მაგრამ, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ხელისუფლების კაპიტულაცია სახელმწიფო ინტერესებშიც იყო, ამიტომ ამ ტიპის დათმობის გამო არ ვარ განწყობილი ხელისუფლებას მაინცდამაინც თითები უტრიალონ.

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ხელისუფლების კაპიტულაცია სახელმწიფო ინტერესებშიც იყო, ამიტომ ამ ტიპის დათმობის გამო არ ვარ განწყობილი ხელისუფლებას მაინცდამაინც თითები უტრიალონ

ვიმეორებ, რაც მოხდა მისასალმებელია, იმედია, ხელისუფლება ამის შემდეგ მაინც ისწავლის ჭკუას და ასეთ ბრიყვობას აღარ ჩაიდენენ წინასაარჩევნო ეტაპზე.

მართალია, სისტემურად პრობლემა მოგვარდა, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ არჩევნები კიდევ ჩასატარებელია. აქ კი მნიშვნელოვანია თუ როგორი იქნება არჩევნების ადმინისტრირება.

თუ არჩევნების ადმინისტრირების ეტაპზეც ხელისუფლება მეტ-ნაკლებად კარგად მოიქცა ეს ყველასთვის, მათ შორის მართთვისაც, სასარგებლო იქნება. ხელისუფლებას უნდა დაენახა, რომ ხელისუფლების შესანარჩუნებლად ნებისმიერი ნაბიჯი ლეგიტიმურობის მიღმა უპერსპექტივოა.

თუ არჩევნების ადმინისტრირების ეტაპზეც ხელისუფლება მეტ-ნაკლებად კარგად მოიქცა ეს ყველასთვის, მათ შორის მართთვისაც, სასარგებლო იქნება

- დამკვირვებელთა ნაწილი მომხდარს საქართველოში პოლიტიკური ძალების პოლიტიკურ სიმწიფედ მიიჩნევს, მაგრამ იმ ფონზე თუ რა განცხადებებს აკეთებდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები ამ თემაზე, ფაქტია, რომ ხელისუფლებას უკან დახევამ მოუწია.

შეთანხმების გაფორმებამდე ბევრს საუბრობდნენ იმაზე, რომ არჩევნების შემდეგ შესაძლებელი იყო ქვეყანას პრობლემები შექმნოდა არჩევნების შემდეგების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით.

ახლა შეიძლება ითქვას, რომ არჩევნების შემდეგ პოლიტიკური პროცესების არასასურველი სცენარებით განვითარების შესაძლებლობა დღის წესრიგში აღარ დგას?

- დიახ, სისტემური ხასიათის არ დგას. მხარეებმა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს, მაგრამ ეს არ გამორიცხავს იმას, რომ არჩევნების ადმინისტრირება არ იქნება უხეში. ვგულისხმობ, არჩევნებში ხელისუფლების მიერ ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების თეორიულ შესაძლებლობას. სამწუხაროდ, ამგვარი საფრთხე, დღესაც საფრთხედვე რჩება.

ჩვენთან ყველა ხელისუფლება ცდილობდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას. იქმნებოდა იმის ილუზია, რომ ადმინისტრაციული რესურსი არ გამოიყენებოდა. ხელისუფლების მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისას არის გონივრული ზღვარი, რომლის იქითაც ხელისუფლება ნაბიჯებს თუ გადადგამს, შესაძლოა, ამან კიდევ ერთხელ დააყენოს ეჭვის ქვეშ არჩევნების ლეგიტიმურობა.

ხელისუფლების მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისას არის გონივრული ზღვარი, რომლის იქითაც ხელისუფლება ნაბიჯებს თუ გადადგამს, შესაძლოა, ამან კიდევ ერთხელ დააყენოს ეჭვის ქვეშ არჩევნების ლეგიტიმურობა

- ანუ, არჩევნებამდე და არჩევნების დღეს „ბევრი კორცხელი“ შეიძლება ვიხილოთ?

- დიახ, შეიძლება. ვერ გამოვრიცხავთ. გაფორმებული შეთანხმები სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლების მიმართ ნდობა აღდგა. ხელისუფლების მიმართ ნდობა კვლავ დაბალია. ასეა იმის გამო, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ხელისუფლების უკანდახევა არ ყოფილა მისი კეთილი ნების გამოვლინება. მისი მხრიდან შეთანხმებაზე წასვლა იძულებითი ნაბიჯი იყო. ამიტომაა, რომ ვამბობ, ხელისუფლების მიმართ უნდობლობა არსად გამქრალა და ის კვლავ ძალაშია.

ჯერჯერობით, არანაირი საფუძველი არ გვაქვს ვიფიქროთ, რომ არჩევნებზე ყველაფერი კარგად იქნება. თუ ხელისუფლებას უნდა ამაში დაგვარწმუნოს, ეს მას ჩვენთვის კიდევ დასამტკიცებელი აქვს.

ჯერჯერობით, არანაირი საფუძველი არ გვაქვს ვიფიქროთ, რომ არჩევნებზე ყველაფერი კარგად იქნება. თუ ხელისუფლებას უნდა ამაში დაგვარწმუნოს, ეს მას ჩვენთვის კიდევ დასამტკიცებელი აქვს

- თქვენ კი ბრძანეთ, რომ შეთანხმებაზე დათანხმებით ხელისუფლებამ პრაქტიკულად კაპიტულაცია გამოაცხადაო, მაგრამ თუ შეთანხმების ყველა ასპექტს გავითალისწინებთ, მთლად ასეც არ ჩანს.

თუ 2020 წლის არჩევნები 73/77, ანაც 100/50-ის სისტემით ჩატარდებოდა, ხელისუფლებას პრაქტიკულად გარანტირებული ჰქონდა არჩევნების მოგება. ახლა კი ასე სულაც ჩანს.

რჩება შთაბეჭდილება, რომ საარჩევნო სისტემაზე მიღწეული შეთანხმებით 2012 წლის შემდეგ ქართული პოლიტიკის ძირითად აქტორებს პირველად თითქმის ერთნაირი შანსი ეძლევა მოახლოებულ არჩევნებში. შეთანხმების ტექსის წაკითხვა-გაანალიზებისას თქვენ ასეთი განცდა არ დაგრჩენიათ?

- რა თქმა უნდა, ახლა არჩევნებში სასურველი შედეგის მიღწევის შანსი ბევრს აქვს. ვერ ვიტყოდი, რომ ქართული პოლიტიკის ძირითად აქტორებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე თანაბარი შანსი ექნებათ. ხელისუფლებას გარკვეული უპირატესობა მაინც აქვს.

არჩევნებში ხელისუფლების უპირატესობა ოპოზიციაზე მის სიძლიერეში კი არა არამედ იმაშია, რომ პრობლემები თავად ოპოზიციას აქვს. ოპოზიციის დიდი ნაწილი დაზიანებულია, ხოლო გარკვეული ნაწილი სუსტია.

არჩევნებში ხელისუფლების უპირატესობა ოპოზიციაზე მის სიძლიერეში კი არა არამედ იმაშია, რომ პრობლემები თავად ოპოზიციას აქვს. ოპოზიციის დიდი ნაწილი დაზიანებულია, ხოლო გარკვეული ნაწილი სუსტია

ის, რომ ოპოზიციის გარკვეული ნაწილი დაზიანებულია, ხოლო მეორე ნაწილი სუსტი, ხელისუფლებას გარკვეულ უპირატესობას აძლევს. თუმცა, ეს უპირატესობა არ არის კრიტიკული. არ არის ის უპირატესობა, რომელიც ძალაუფლების შენარჩუნების საფუძველი გახდეს. ყველა კვლევა ამას აჩვენებს.

დღეს საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილს რეალური არჩევანი არც აქვს. კვლევები ნათლად გვაჩვენებს, რომ ამომრჩევლების უმრავლესობა არაა ჩამოყალიბებული იმაზე, თუ ვის მისცემს ხმას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. ამომრჩეველს არ უნდა არც წარსული - „ნაცმოძრაობა“ სახით და არც აწმყო „ქართული ოცნების“ სახით.

- დამკვირვებელთა ნაწილმა გამოთქვა მოსაზრება, რომ შეთანხმებაზე დათანხმებით მმართველ ძალას აღარ ექნება იმის მტკიცების საშუალება, რომ ელექტორატი სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნებით აშინოს, რაც მის მიერ წარმატებით იქნა გამოყენებული 2016 წლის საპარლამენტო და 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე. თქვენც ასე ფიქრობთ?

- გამომდინარე იქედან, რომ ხელისუფლებას არ აქვს სხვა პოზიტიური დღის წესრიგი, იგი შეეცდება „მიშა მოდის“ ტექნოლოგია ამუშაოს. ეს ტექნოლოგია მცირე, მაგრამ გარკვეულ სეგმენტზე მუშაობს. არცთუ ცოტა არიან ადამიანები, რომლებსაც ეზიზღება „ნაცმოძრაობა“, მაგრამ არ უნდა „ქართული ოცნება“.

რა თქმა უნდა, ხელისუფლება თავისი მხარდამჭერების კონსოლიდაციისთვის ლოზუნგს - „სააკაშვილი მოდის“ - გამოიყენებს, მაგრამ მოახლოებულ არჩევნებზე მისი მთავარი იარაღი იქნება რესურსების მონოპოლიზება. შეეცდება სრულად აკონტროლოს ფინანსური რესურსები, მაქსიმალურად მოახდინოს ადმინისტრაციული რესურსის მობილიზება და ამით შეეცადოს შედეგის მიღებას.

ხელისუფლება თავისი მხარდამჭერების კონსოლიდაციისთვის ლოზუნგს - „სააკაშვილი მოდის“ - გამოიყენებს, მაგრამ მოახლოებულ არჩევნებზე მისი მთავარი იარაღი იქნება რესურსების მონოპოლიზება

იმის გათვალისწინებით, რომ ოპოზიციას არ აქვს გამაერთიანებელი იდეა, რის კაპიტალიზაციას ოპოზიცია ელექტორალური მხარდაჭერით მოახერხებდა, ლოზუნგი „არა მიშას“ ამჯერადაც მეტ-ნაკლებად იმუშავებს.

ამიტომ, მაღალი ალბათობით შეიძლება იმის თქმა, რომ არჩევნების შემდეგ ქვეყანა შესაძლოა კოალიციური მთავრობის ფორმირების წინაშე დადგეს.

- თქვენთან შეხმიანებამდე ჩვენს პრესას გადავხედე, სადაც თვალი მოვკარი „ქართული ოცნებიდან“ მაჟორიტარ დეპუტატ ოქრიაშვილის განცხადებას სადაც ის ამბობს, რომ ის და მისი მხარდამჭერი მაჟორიტარები შეთანხმებას მხარს არ დაუჭერენ.

რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ უმრავლესობაში ისევ გამოჩნდებიან ივანიშვილისადმი „დაუმორჩილებელი“ დეპუტატები ხუნდაძე და ბერაია და მმართველი ძალა ისევ ჩააგდებს საარჩევნო სისტემაზე საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას?

- ჩვენს ქვეყანაში ყველაფრის ალბათობა არსებობს, შესაბამისად, მოვლენათა ამგვარ განვითარებასაც ვერ გამოვრიცხავ. თუ ხელისუფლებამ ოპოზიციასთან შეთანხმებული საარჩევნო სისტემის საკონსტიტუციო ცვლილებები ჩააგდო, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ მმართველი გუნდი სრულად გაკოტრებულია. თუ მართლაც ასე მოხდა, ამის შემდეგ მმართველი გუნდი უნდა დაიშალოს.

თუ ხელისუფლებამ ოპოზიციასთან შეთანხმებული საარჩევნო სისტემის საკონსტიტუციო ცვლილებები ჩააგდო, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ მმართველი გუნდი სრულად გაკოტრებულია

თუ ხელისუფლება ამა თუ იმ მიზეზით შეთანხმებას ვერ ასრულებს, ხელისუფლებაში აღარ უნდა იყოს. საკონსტიტუცუიო ცვლილების კიდევ ერთელ ჩაგდება ხელისუფლებისთვის იმაზე მძიმე შედეგები მოჰყვება, ვიდრე ახლა სჩანს. პროპორციული სისტემის ჩაგდების პირველ შემთხვევაში ხელისუფლებას უდიდესი რეპუტაციული ზიანი მიადგა. თუ ეს მეორეჯერაც მოხდა, მაშინ ასეთი სურათი გვექნება - ქვეყანას ხელისუფლება პრაქტიკულად აღარ ჰყავს.

- შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ ოპოზიცია საუბრობდა იმაზე, რომ ოქრუაშვილი, რურუა და თამლიანი საპროცესო შეთანხმებით უნდა განთავისუფლდნენ, ხოლო რაც შეეხება გიგი უგულავას, მას სავარაუდოდ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეიწყალებდა.

თქვენთან დაკავშირებანდე ხელისუფლების წარმომადგენლებმა გააკეთეს განცხადებები რომ დაკავებულთა განთავისუფლებაზე მხარეები არ შეთანხმებულან. თუ უგულავას განთავისუფლება პრეზიდენტზე იქნა დამოკიდებული, თქვენი აზრით იგი შეიწყალებს მას?

- არ ვფიქრობ, რომ უგულავას განთავისუფლების საკითხი ამ პროცესის ძირითადი თემაა. ის, რომ ოპოზიცია საუბრობს პოლიტპატიმრების განთავისუფლებაზე, ეს ბუნებრივია, მათ ამაზე უნდა ისაუბრონ კიდევაც.

მეორე მხრივ, ბუნებრივია, რომ ხელისუფლება ვერ აღიარებს რომ მას ქვეყანაში ჰყავს პოლიტპატიმრები. ეს ის კონფლიქტია, რომლიდანაც ნორმალური გამოსავალი თითქოს არ ჩანს.

თუ უგულავას განთავისუფლებაზე პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ეს შესაძლოა ტექნიკურად გაფორმდეს. ვფიქრობ, რომ ამ პოლიტიკურ ციკლში მთავარი ის კი არაა, ეს ადამიანები ციხიდან გამოვლენ თუ არაა. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ახლა ჩვენი მთავარი ამოცანა არჩევნების ჩატარებაა.

ახლა რისი გაკეთებაც რეალურია და უნდა გაკეთდეს ეს არის ის, რომ ვიდრე მიმდინარე საქმეებზე განაჩენი არ არის დამდგარი, უნდა მოხდეს არჩევნებამდე ამ საქმეების მინიმუმ კონსერვაცია, რომ ეს პროცესი კიდევ უფრო არ გამწვავდეს და ისევ ახალ კრიზისში არ გადაგვისროლოს

ჩვენ ვიხილეთ ამ თემაზე უგულავასა და რურუას წერილები. მათ საზოგადოებას მოუწოდეს მათი განთავისუფლების საკითხი არ დაუკავშირონ საარჩევნო სისტემას. ჩემი აზრით, ახლა რისი გაკეთებაც რეალურია და უნდა გაკეთდეს, ეს არის ის, რომ ვიდრე მიმდინარე საქმეებზე განაჩენი არ არის დამდგარი, უნდა მოხდეს არჩევნებამდე ამ საქმეების მინიმუმ კონსერვაცია, რომ ეს პროცესი კიდევ უფრო არ გამწვავდეს და ისევ ახალ კრიზისში არ გადაგვისროლოს.

რა თქმა უნდა, თუ ყველას გამოუშვებენ, ამას მხოლოდ მივესალმები, მაგრამ ეს რომც არ მოხდეს, ვფიქრობ, აქ კიდევ არის მანევრის და კონსენსუსის მოძებნის საშუალება. არჩევნების შედეგები თავისთავად დაადასტურებს გვყავს თუ არა ქვეყანაში პოლიტპატიმრები.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო