აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძეს ხვდებიან

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები და "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" წარმომადგენლები პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძესთან შეხვედრას მართავენ. როგორც EMC-ის წარმომადგენელმა თამთა მიქელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენებსა და ამ პროცესში საპარლამენტო მექანიზმების გამოყენებაზე იმსჯელებენ.

"აჭარის მაუწყებელში ადამიანის უფლებებისა და სარედაქციო დამოუკიდებლობის კუთხით მდგომარეობამ საგანგაშო ზღვარს მიაღწია. ყოველ კვირა ვხედავთ მენეჯმენტის ახალ გადაწყვეტილებებს, რომელიც სარედაქციო გუნდის საკვანძო თანამდებობებზე ან ათავისუფლებს ან სხვა პოზიციებზე გადაყავს. სწორედ საზოგადოებრივ მაუწყებელში არსებული მდგომარეობის შესახებ ვესაუბრებით დღეს ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეს და ჩვენი ძირითადი თხოვნა ამ პროცესში საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გამოყენება და ჩართვაა. დღევანდელ შეხვედრაზე სწორედ ამ მექანიზმებზე ვიმსჯელებთ, მათ შორის ეს არის საკომიტეტო მოსმენა, თემატური მოკვლევის ჯგუფის შექმნა, სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიშის განხილვა და ა.შ. მენეჯმენტის მხრიდან თითოეულ ამ გადაწყვეტილებაში ჩანს კანონის დარღვევის აშკარა ნიშნები. ეს გადაწყვეტილებები დაუსაბუთებელია, ისინი პროცედურის დარღვევით იყო მიღებული. ბუნებრივია, ამაზე ჩვენ ვდავობთ სასამართლოში, თუმცა სასამართლო გადაწყვეტილებამდე ჩვენ გვჭირდება უფრო მყისიერი პოლიტიკური მექანიზმები, რათა მაუწყებელში არსებული მდგომარეობა გამოსწორდეს და ის არ გავრცელდეს კიდევ უფრო ფართოდ სხვა დასაქმებულებზე,"- განაცხადა თამთა მიქელაძემ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანის თეონა ბაკურაძის განცხადებით, მათ დღეს აშშ- ის საელჩოს წარმომადგენლობასთანაც ჰქონდათ შეხვედრა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სოფიო კილაძესთან შეხვედრის მიზანი მაუწყებელში მიმდინარე პროცესების განხილვის არეალის გაფართოებაა.

"მთელი დღის განმავლობაში არაერთი შეხვედრა გვქონდა. პრესკონფერენციის შემდეგ ჩვენ გვქონდა აშშ- ის საელჩოს წარმომადგენლობასთან შეხვედრა და დეტალური, ქრონოლოგიური ინფორმაცია მივაწოდეთ მათ იმის შესახებ, თუ რა ხდება მაუწყებელში და რამდენად უსამართლო, დაუსაბუთებელ და უკანონო გადაწყვეტილებებს იღებს მაუწყებლის დირექტორი გიორგი კოხრეიძე. პარლამენტარებთან შეხვედრის მთავარი მოტივაცია არის ის, რომ ჩვენს მაუწყებელში მიმდინარე პროცესზე განხილვას უფრო ფართე სახე მიეცეს. ეს არ არის უბრალოდ გარკვეულ ადამიანებს და მენეჯმენტს შორის შრომითი დავა, ეს უფრო მეტია და ეს ცხადად გამოჩნდა იმ კუთხითაც, რომ ყოველი ადამიანი, ვინც გიორგი კოხრეიძემ რედაქციას ჩამოაშორა, იძულებით გაათავისუფლა, გადაიყვანა ან დააკნინა მისი ფუნქციები, ყოველი ეს ადამიანი იყო საკვანძო ფიგურა რედაქციაში. გიორგი კოხრეიძე და მრჩეველთა საბჭოს "ქართული ოცნების" კვოტით არჩეული მრჩევლები ცდილობენ, შეცვალონ რედაქცია, თან კონკრეტული ადამიანების მისამართით რევანში ამოძრავებთ. ასუფთავებენ ველს მათთვის სასურველი ადამიანებისთვის, რათა გაატარონ ის პოლიტიკა, რაც ამდენი ხანია სურთ",- განაცხადა თეონა ბაკურაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა