ჩინეთის ელჩი - საქართველოს მთავრობამ მყისიერი და ძლიერი ზომები მიიღო ვირუსის გავრცელების პრევენციის კუთხით

საქართველოს მთავრობამ, პრემიერის ხელმძღვანელობით, მყისიერი და ძლიერი ზომები მიიღო იმისთვის, რომ სრული მობილიზაცია მოეხდინა. მთავრობის მიერ ჩამოყალიბებულმა მექანიზმმა ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა კორონავირუსის გავრცელების შეჩერებაში, - ამის შესახებ საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ლი იენმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ალექსანდრე ხვთისიაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრის მოადგილემ ჩინეთის მხარეს მადლობა გადაუხადა კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში საქართველოს მხარდაჭერისთვის. ჩინელ დიპლომატს ასევე მიეწოდა ინფორმაცია ვირუსის გავრცელების მხრივ საქართველოში არსებულ ვითარებაზე; იმ ქმედებებზე, რომელსაც საქართველოს მთავრობა მიმართავს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით; ასევე, როგორი სახის აკრძალვებს, თუ შეზღუდვებს მიმართავს ქვეყანა დაავადების შემდგომი გავრცელების შესაჩერებლად.

ჩინეთის ელჩმა, თავის მხრივ, ქართულ მხარეს ინფორმაცია მიაწოდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დღეს არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, კერძოდ, თუ რა ღონისძიებები გაატარა ჩინეთის მთავრობამ დაავადების გავრცელების შესაჩერებლად. მხარეები შეთანხმდნენ შემდგომშიც აქტიურად გააგრძელონ ინფორმაციის გაცვლა კოორდინირებული ურთიერთქმედების მიზნით.

„ჩინეთს და საქართველოს, როგორც მეგობარ ქვეყნებს, ერთმანეთთან კარგი თანამშრომლობა აკავშირებს. როდესაც ჩინეთში ეპიდემია გავრცელდა, ჩვენ მივიღეთ მხარდაჭერა საქართველოს მთავრობისგან და ქართველი ხალხისგან - გვინდა ამისთვის მადლიერება გამოვხატოთ. ვირუსი ახლა საქართველოშიც გავრცელდა და ეს ჩინელი ხალხისთვის ძალიან შემაშფოთებელია. გვსურს ვირუსთან ბრძოლის ჩვენი გამოცდილება და ცოდნა გაგიზიაროთ. ჩინეთის სიჩუანის პროვინცია საქართველოს უსასყიდლოდ გადასცემს სამედიცინო აღჭურვილობას და დიაგნოსტიკურ რეაგენტებს. გასულ კვირას, ჩვენ ორგანიზება გავუკეთეთ ვიდეო-შეხვედრას რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს მონაწილეობით. ჩინელმა ექსპერტებმა და ექიმებმა საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს ქართველ კოლეგებს.ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ქართველი ხალხი საბოლოოდ დაძლევს ამ გამოწვევას. ასევე, ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოში მყოფ ჩინეთის მოქალაქეებს, დაემორჩილონ ეპიდემიის პრევენციისა და კონტროლის მიზნით საქართველოს მთავრობის მიერ დაწესებულ ყველა რეგულაციას“, - განაცხადა საქართველოში ჩინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა