დეპუტატები პარლამენტის დისტანციურ მუშაობაზე გადასვლის შესაძლებლობაზე მსჯელობენ

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოს დისტანციურ მუშაობაზე გადასვლის შესაძლებლობაზე მსჯელობენ.

დეპუტატები რეგლამენტის პროექტის მომხსენებლისგან დაინტერესდნენ, რა ტექნოლოგიური საშუალებებით მოხდება პარლამენტის დისტანციური მუშაობის წარმართვა, შეიქმნება თუ არა ახალი ონლაინ პლატფორმა და რა ვადები დასჭირდება ამას. პარლამენტის წევრების მიერ დასმული კითხვები ასევე შეეხებოდა ელექტრონული კენჭისყრისას გარკვეული რისკების გათვალისწინებას. კერძოდ, დეპუტატები დაინტერესდნენ, კანონპროექტების ელექტრონულად განხილვისა და კენჭისყრის პროცესში დაზღვეული იქნება თუ არა პოლიტიკური, სამართლებრივი და სხვა სახის რისკები, მათ შორის მოხდება თუ არა კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფა.

რეგლამენტის პროექტის მომხსენებელმა, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რომ რთულია კონკრეტული ვადების დასახელება, როდის მოხდება შესაბამისი ტექნოლოგიური უზრუნველყოფა და დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა.

„დღეს ვერ ვიტყვით, რა ვადები იქნება საჭირო იმისათვის, რომ დაიწეროს რაიმე პროგრამა. ისეთი გარემოება გვაქვს, რომ დღეს საქართველოში შეიძლება ფიზიკურად შეუძლებელი იყოს პარლამენტის შეკრება. ბოლო რამდენიმე დღეა ინტენსიური კონსულტაციები გვაქვს ერთმანეთშიც და IT სამსახურთანაც. პარლამენტის ელექტრონულად საქმიანობა არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ რომელიმე დეპუტატს ამ ტექნოლოგიების საშუალებებით თავისი უფლება რამენაირად შეეზღუდება, იქნება ეს კითხვის დასმა, გამოსვლა თუ სხვა ტიპის საქმიანობა. გვინდა, რეგლამენტში ეს ჩანაწერი არსებობდეს, რომ შემდგომში შესაბამისმა სამსახურმა უზრუნველყოს აღნიშნული პროგრამის დაწერა,“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

რეგლამენტში შესატანი ცვლილების თაობაზე დეპუტატების დასმულ კითხვებს პარლამენტის თავმჯდომარემაც უპასუხა. არჩილ თალაკვაძის განცხადებით, შესაძლებელია, რომ პარლამენტის დისტანციურ მუშაობაზე გადასვლის გადაწყვეტილება ბიურომ მიიღოს, ნაცვლად მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარისა. რაც შეეხება უსაფრთხოებას, მისივე განცხადებით, შესაძლებელი იქნება, რომ ყოველი კენჭისყრისას ეტაპობრივად გადამოწმდეს, დეპუტატების მიერ მიცემული ხმის ნამდვილობა.

„როდესაც საუბარია დისკრეციაზე, არ ვთვლი, რომ მხოლოდ თავმჯდომარეს შეიძლება ჰქონდეს ამ ინსტრუმენტების გამოყენების დისკრეცია. შეგვიძლია, ამ პლატფორმის გამოყენების მიღებაზე გადაწყვეტილების პროცესში ბიუროც ჩავრთოთ.

რაც შეეხება უსაფრთხოებას, შემიძლია გითხრათ, რომ ამას, ერთი მხრივ, სჭირდება ტექნოლოგიური უზრუნველყოფა, მაგრამ არსებობს გაცილებით მარტივი გადაწყვეტაც. ეს არის პროცესის ეტაპობრივი გადამოწმება. ჩვენ ამას ვიყენებთ, მაგალითად საკონსტიტუციო ინიციატივაზე ხელმოწერების ნამდვილობის შემოწმებისას. ამიტომ პროცესის ბოლო ეტაპზე, მაგალითად, ელექტრონული გადაწყვეტილების შემდეგ, შესაძლებელი იქნება, რომ გადამოწმდეს, რომელმა დეპუტატმა მისცა ხმა სასარგებლოდ თუ საწინააღმდეგოდ. შესაბამისად, პროცესის ეტაპობრივი ვერიფიკაცია იძლევა საშუალებას, რომ აქ მანიპულაცია გამოირიცხოს,“ - განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, წინასწარ უნდა იყოს განსაზღვრული ის საკითხები, რაზეც შეიძლება, რომ ელექტრონული განხილვა/კენჭისყრა ჩატარდეს. პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა ტექნიკურ მხარეზეც, როგორ შეიძლება პროცესის ელექტრონულად წარმართვა მოხდეს.

„ამის რამდენიმე ტექნიკური გადაწყვეტილება არსებობს. ეს შეიძლება გაკეთდეს ბლოკჩეინ ტექნოლოგიით, რასაც ნამდვილად დასჭირდება დრო. ასევე, ეს შეიძლება გაკეთდეს დღეს არსებული საინფორმაციო პლატფორმების განვითარებით. საბაზისო პლატფორმა გვაქვს, რომ ყველა დეპუტატს ჰქონდეს ინდივიდუალური, კოდირებული დაშვება სისტემაზე და მან დაინახოს საკითხები, რის გარშემოც მიმდინარეობს მსჯელობა, შეიტანოს თავისი მოსაზრებები, კითხვები და დააფიქსიროს თავისი პოზიციაც. ამის დაშენება დღევანდელ სისტემაზე შესაძლებელია. ამასაც გარკვეული დრო დასჭირდება. მესამე გადაწყვეტა არის არსებული სატელეკომუნიკაციო პლატფორმები, რომელსაც დღეს არსებული ბიზნეს მოდელები იყენებენ შეხვედრებისა და გადაწყვეტილების მიღებისთვის. უბრალოდ შეიძლება არსებული პლატფორმების გამოყენება, რომელიც საკმაოდ მარტივი და გამჭვირვალეა. მე სუბიექტურად დარწმუნებული ვარ, რომ დღეს თუ არა, ხვალ-ზეგ პარლამენტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ელექტრონულ პროცესს აუცილებლად შემოიტანენ გადაწყვეტილების მიღების პროცესში,“ - განაცხადა თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ კიბერუსაფრთხოებაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საკითხების ელექტრონული კენჭისყრისას აუცილებელი იქნება კიბერუსაფღთხოების მაღალი სტანდარტების დაცვა.

„რაც შეეხება კიბერუსაფრთხოებას, რა თქმა უნდა, მაღალი სტანდარტები გვჭირდება, იმ ეპოქაში, როდესაც საქართველოზეც და სხვა ქვეყნებზეც მასობრივი კიბერთავდასხმების მომსწრენი ვართ. აქ სტანდარტები დაცული უნდ აიყოს და სისტემის შეღწევადობა უნდა იყოს მაქსიმალურად გართულებული და დაზღვეული.

დისტანციური მუშაობა ვერანაირად ვერ ჩაანაცვლებს პარლამენტის ნორმალური საქმიანობის პროცესს, მაგრამ ამ იდეის სულისკვეთება არის ის, რომ არასტანდარტულ სიტუაციაში პარლამენტმა შეძლოს გადაწყვეტილების მიღება,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ რეგლამენტის პროექტის მიხედვით, ობიექტური გარემოებების არსებობისას, პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებითმ პარლამენტს კონსტიტუციითა და რეგლამენტით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელება დისტანციურად, სათანადო ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით შეეძლება.

იხილეთ ვიდეო: დეპუტატები პარლამენტის დისტანციურ მუშაობაზე გადასვლის შესაძლებლობაზე მსჯელობენ

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა