თბილისის მერის მოადგილე განმარტავს, როგორ უნდა ჩაერთონ მოხალისეები თბილისში მცხოვრები ხანდაზმულების დახმარებაში

თბილისის მერის მოადგილის ილია ელოშვილის განცხადებით, მერიის მიერ დატრენინგებული მოხალისეთა ჯგუფები თბილისში მცხოვრებ ხანდაზმულებს მოემსახურებიან, რათა მათ კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული ვითარების გამო, გარეთ გასვლა არ მოუწიოთ.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მერია „წითელ ჯვართან“ თანამშრომლობს და უკვე ტრენინგი 30-ზე მეტმა ადამიანმა გაიარა.

„ჩვენ უკვე დავიწყეთ „წითელ ჯვართან“ თანამშრომლობა და პირველ ეტაპზე, სამუშაოდ მარტოხელა მოხუცები ავირჩიეთ. ჩვენი გათვლებით, ასეთი 2 000-დან 2500-მდე ადამიანია. მაქსიმალურად ხელი უნდა შევუწყოთ, რომ ვიდრე ეს კრიზისი არ გადაივლის, მოხუცები სახლში იყვნენ და გარეთ არ გამოვიდნენ. შეიძლება, ადამიანს ფიზიკურად არ სცალია, მაგრამ გარკვეული რესურსი გააჩნია, რომ გვითხრას, მაგალითად, მიუტანეთ პროდუქტები, ან ფული გადმორიცხოს. მოდი, გავყოთ ეს ორი კატეგორია: პირველ კატეგორიას მერია სთავაზობს ასეთ რამეს- ყველა მსურველმა, დარეკოს მერიის ცხელ ხაზზე, ეს არის 2 72 22 22 და 40 ოპერატორი, სპეციალურად დატრენინგებული ზის იმისთვის, რომ მიიღონ ამ მოხალისეების ზარები. (ახლა გიყვებით პროცესს, რომელიც უკვე მესამე დღეა მიმდინარეობს) ოპერატორებმა „წითელი ჯვრის“ ბაზაზე გაიარეს დატრენინგება, უხსნიან დამცავი ხელსაწყოების გამოყენების წესებს, რომ თავად იყვნენ დაცულები და ამის ფუჭი გრძნობა არ გაუჩნდეთ. უხსნიან წესებს, თუ როგორ უნდა იმოქმედონ ასეთ კონტინგენტთან. ჩვენ უკვე გვყავს 30 დატრენინგებული ადამიანი. ყოველდღე 100-ზე მეტი ასეთი ზარი შემოდის“,-განაცხადა ელოშვილმა.

მისივე თქმით, მერია სიებს ადგენს და აღნიშნულ პირებს იყენებს იმისთვის, რომ მათ ვისაც სჭირდება, საკვები მიუტანონ, ნობათი დაარიგონ და ასე შემდეგ.

„ასეთ ჯგუფებს თითოეულ მოხალისეს მივამაგრებთ, დაახლოებით 5 ხანდაზმულ ადამიანს. ის მუდმივად მზად იქნება, რომ უკვე ეკიპირებული, დატრენინგებული სწორად მოემსახუროს მათ. მაგალითად, მოხუცს გამოსვლა თუ სჭირდებოდა ან საბუთის მიტანა, მაქსიმალურად ეცადოს, რომ ის სახლში დატოვოს. ამ შემთხვევაში, მისი „მფარველი“ იყოს, რომ ის სახლიდან არ გამოვიდეს“,-განაცხადა ელოშვილმა.

მისი განმარტებით, თბილისის მერის კახა კალაძის დავალებაა, რომ ერთი კვირის მარაგი სტანდარტული პაკეტი შემუშავდეს, სადაც თავმოყრილი იქნება, როგორც საკვები პროდუქტები, ასევე მედიკამენტები. როგორც ელოშვილი აღნიშნავს, ასეთ პაკეტს უპირველეს ყოვლისა, ხანდაზმული, მარტოხელა ადამიანები მიიღებენ.

„მეორე მიმართულება ეხება ამანათებსა და ნობათებს. ხვალ ჩვენ ამის შესახებ განვაცხადებთ, ბატონ კახა კალაძეს დავალება გვაქვს, რომ შევიმუშავოთ სტანდარტული პაკეტი, დაახლოებით ერთი კვირის მარაგი, „წითელ ჯვართან“ ერთად ამ საკითხზე ვმუშაობთ. ყველა ბიზნესმენს, ყველა ასეთ ჯგუფს გვინდა მოვუწოდოთ, რომ ამ პაკეტის მიხედვით შეკრან ამანათები, იქ არის ჰიგიენური, მედიკამენტური ნაწილი, ასევე არამალფუჭებადი პროდუქტები. როცა ასეთ პაკეტებს მივიღებთ, პირველ რიგში, ხანდაზმული, მარტოხელა ადამიანები ერთი კვირის მარაგს მიიღებენ, რათა ისინი სახლებიდან არ გამოვიდნენ. ეს ამ შემთხვევაში ჩვენთვის ყველაზე კარგი დახმარება იქნება ახლა “,- განაცხადა ელოშვილმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს