ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2020

გია ხუხაშვილი - “ივანიშვილი გაერიდა შექმნილ ვითარებას, სწორედ ამიტომ დაემსგავსა სახელმწიფოც სახელმწიფოს... კრიზისის შემდეგაც თუ ასე გააგრძელებს, უკეთესი იქნება”

ეპიდემია არ შეიძლება გახდეს სახელმწიფოსა და ეკლესიის დაპირისპირების მიზეზი - ძაბირაძე

თენგიზ ცერცვაძე - “გამოიკვეთა ორი მედიკამენტის უპირატესობა”

კორონავირუსს ახალი, აქამდე უცნობი სიმპტომი აღმოაჩნდა - ანოსმია

* * *

გია ხუხაშვილი - “ივანიშვილი გაერიდა შექმნილ ვითარებას, სწორედ ამიტომ სახელმწიფოც დაემსგავსა სახელმწიფოს... კრიზისის შემდეგაც თუ ასე გააგრძელებს, უკეთესი იქნება”

“ვფიქრობ, საგანგებო მდგომარეობის შემოღება დროული და სწორია. თითქოს არსებითად არაფერი შეიცვალა, შეზღუდვები მანამდეც მოქმედებდა, მაგრამ ვინაიდან არ ვიცით, როგორ განვითარდება მოვლენები, რა დროს რა შეზღუდვა დაგვჭირდება, ჯობს, საკანონმდებლო კუთხით ყველაფერი იყოს მზად, რომ ამა თუ იმ რეგულაციის შემოღება ოპერატიულად იყოს შესაძლებელი და ამას არ დასჭირდეს ფორსმაჟორში საკანონმდებლო პროცედურების ჩატარება. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით ხელისუფლებას გადაეცა ინსტრუმენტები, რომ როგორც კი საჭირო იქნება, გაამკაცროს შეზღუდვები, რაც აბსოლუტურად სწორია. ეს არის უფრო მზადყოფნის აქტი და ვერ ვიტყვით, რომ გადაწყვეტილება დაგვიანებულია. აქამდე ეს აუცილებელი არ იყო. ვიღაცამ შეიძლება ისიც კი იფიქროს, რომ ნაადრევია, მაგრამ თუ შევხედავთ დინამიკას, რისკი მაღალია, რისი გათვალისწინებაც აუცილებელი იყო”, - აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “შეიძლება დაგვჭირდეს უფრო მკაცრი ნაბიჯების გადადგმა...” / “საჭიროა საზოგადოებრივი კონტროლიც. სოციალურ ქსელებში, ჯგუფებში ადამიანები, რომლებიც შეთქმულების თეორიებს ავითარებენ ან პანიკას თესავენ, ვამხილოთ და მათ სიცრუეს რეალური ფაქტები დავუპირისპიროთ“.

“სხვადასხვა მიმართულებით შეიძლება დაგვჭირდეს უფრო მკაცრი ნაბიჯების გადადგმა, როგორც კარანტინის, ასევე კრიმინალის აფეთქების მიმართულებით, რისგანაც, სამწუხაროდ, დაზღვეული არა ვართ. ვფიქრობ, ახლა ხელისუფლებას აქვს იმდენი ნდობაც და ნებაც, რომ ეს ყველაფერი ბოროტად არ გამოიყენოს. თუ თვალს გადავავლებთ, რა ხდება სამყაროში, ჩვენი ქვეყანა კორონავირუსის წინააღმდეგ გატარებული ზომებით, შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი საუკეთესოა. ეს არის უპირველესად ჩვენი ეპიდემიოლოგების, სამედიცინო პერსონალის და ყველა შესაბამისი დარგის სპეციალისტის დამსახურება. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ხელისუფლებაც გაცილებით ქმედითი გახდა, რაც ჩვენთვის, გარკვეულწილად, მოულოდნელიც იყო, თუმცა ამას აქვს თავისი ახსნა... გარდა იმისა, რომ სისტემა კარგად მუშაობს, შესაბამისი სამსახურებიც კარგად აკვირდებიან გარე სამყაროში მიმდინარე პროცესებს, აანალიზებენ და სწრაფად რეაგირებენ; შედეგად, თუ სხვები ერთი ნაბიჯით აგვიანებენ, ჩვენ ვცდილობთ, თუ ერთი ნაბიჯით წინ ვერა, დროულად მაინც გავატაროთ საჭირო ღონისძიებები. შეიძლება ითქვას, რომ დღეის მდგომარეობით ვირუსის გავრცელების შეკავების ვადებით საქართველო ერთ-ერთ საუკეთესო პოზიციაზეა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენთთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

“აქამდე სამთავრობო სისტემა ვერ მუშაობდა ეფექტიანად, რადგან ინსტიტუციური ცენტრები და ძალის ცენტრები ერთმანეთისგან იყო დაშორებული, ანუ ინსტიტუციური ცენტრები არ იღებდნენ გადაწყვეტილებებს, ისინი მიიღებოდა სადღაც სხვაგან, ამიტომ მთელი სისტემა მუშაობდა შეფერხებით. რაკი გადაწყვეტილებები შესათანხმებელი ჰქონდათ რაღაც გაუგებარ ძალის ცენტრებში, ეს, რა თქმა უნდა, აყოვნებდა და ხშირად შეუძლებელსაც კი ხდიდა ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღებასა და დროულად განხორციელებას. გვქონდა ვითარება, როცა პრემიერ-მინისტრის კაბინეტზე წარწერა “პრემიერ-მინისტრი” იყო სიმბოლური და არავის ჰქონდა განცდა, რომ ის იღებდა გადაწყვეტილებებს, ან იყო რამეზე პასუხისმგებელი. დღეს, როგორც ჩანს, ეს ვითარება შეიცვალა, ანუ ინსტიტუციურ ცენტრებზე მათი რეალური ფუნქციების დელეგირება მოხდა; შეიძლება ითქვას, რომ კრიზისმა ინსტიტუციური წესრიგი აღადგინა. როგორც ჩანს, ძალის ცენტრს - ბიძინა ივანიშვილს შექმნილი ვითარების ბევრი არაფერი გაეგება და პროცესებისგან შორს დგას, სწორედ ამიტომ სახელმწიფოც დაემსგავსა სახელმწიფოს. ამ ვითარებაში განსაკუთრებით კარგად გამოჩნდა, რაოდენ მნიშვნელოვანია ინსტიტუციური წესრიგი. მოკლედ, ივანიშვილი გაერიდა ვითარებას და ეს სახელმწიფოს წაადგა. კრიზისის შემდეგაც თუ ასე გააგრძელებს, უკეთესი იქნება”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია, როგორ იმუშავებს სამედიცინო სისტემა, მედპერსონალი და ა.შ., მაგრამ ჩვენი მთავარი მოკავშირე მაინც არის ორი რამ: სამოქალაქო პასუხისმგებლობა და სოციალური პასუხისმგებლობა. უნდა გავაცნობიეროთ, რომ სხვისი პრობლემა ჩვენს პრობლემებზე არაფრით არის ნაკლები. ჩვენ თუ გამოვავლენთ სოციალურ ეგოიზმს და შევეცდებით მხოლოდ საკუთარი თავის გადარჩენას, ფაქტობრივად, სხვების ხარჯზე, ეს ბუმერანგივით დაგვიბრუნდება; ასე ვითარებას უფრო გავართულებთ და საბოლოოდ ვერც ჩვენ გადავრჩებით. სოლიდარობა ამ ბრძოლაში ჩვენი მთავარი იარაღია. არა ექიმი და ხელისუფლება, არამედ ის, როგორ იქცევა კრიზისის დროს საზოგადოება”, - მიიჩნევს ექსპერტი.

“თუ საზოგადოება ახერხებს მობილიზებას და კონსოლიდაციას, ეს შეიძლება დიდი წარმატების საფუძვლად იქცეს. უნდა გვესმოდეს, რომ კრიზისი, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია, მაგრამ ისტორიული კანონზომიერება აჩვენებს, რომ პოსტკრიზისული პერიოდი არის დიდი შესაძლებლობების ხანა ნებისმიერი საზოგადოებისთვის. თუ ჩვენ ახლა მოვახერხეთ მობილიზება, კონსოლიდაცია, ღირსეულად გადავიტანეთ ეს ყველაფერი, მერე ნებისმიერი ამოცანა შეიძლება დავძლიოთ. თუ საზოგადოებამ შეძლო და კრიზისისას საუკეთესო თვისებები გამოავლინა, ეს არის კარგი სტარტაპი შემდგომში დიდი აღმშენებლობისთვის, თუმცა მანამდე გვახსოვდეს, რომ ამ ბრძოლაში ჩვენი მოკავშირეა სამოქალაქო პასუხისმგებლობა და სოციალური სოლიდარობა, მტერი კი - პანიკა და სოციალური ეგოიზმი”, - დაასკვნის გია ხუხაშვილი და შეკითხვაზე - “რამდენიმე შემთხვევამ, როდესაც ადამიანებმა სცადეს პანიკის დათესვა ცრუ ინფორმაციების გავრცელებით, უფრო მწვავედ დააყენა ქვეყანაში საინფორმაციო უსაფრთხოების საკითხი...” - პასუხობს:

“ეს სერიოზული პრობლემაა. ნუ წარმოვიდგენთ, რომ მხოლოდ რუსეთიდან შეიძლება წამოვიდეს ამგვარი ფსიქოლოგიური შეტევა და პანიკის გენერაციისა თუ მისი გაძლიერების მიზნით საინფორმაციო შტურმი. შიგნითაც გვყავს ძალები... ხელისუფლება ამას მარტო ვერ გააკონტროლებს, ამაში მედიამაც უნდა შეუწყოს ხელი. არ უნდა ვეძებოთ სენსაციები და გაუგებარი რესპონდენტები. არ შეიძლება იტალიიდან პირდაპირ ეთერში ჩავრთოთ ქართველი ექიმი, რომელიც იტალიაში შექმნილი მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე, ისტერიკულად გვასწავლის, რა ვქნათ ჩვენ საქართველოში, სადაც ვითარება იტალიის მდგომარეობისგან საგრძნობლად განსხვავდება... ყველა დიდი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს შექმნილ ვითარებას. ასევე საჭიროა საზოგადოებრივი კონტროლიც. სოციალურ ქსელებში, ჯგუფებში ადამიანები, რომლებიც შეთქმულების თეორიებს ავითარებენ ან პანიკას თესავენ, ვამხილოთ და მათ სიცრუეს რეალური ფაქტები დავუპირისპიროთ”.

“რაც შეეხება “ტვ პირველისა” და “მთავარის” საბანკო ანგარიშებზე ინკასოს დადებას, ფინანსთა მინისტრის თავის მართლება მოვისმინეთ, როცა განაცხადა, მარტო ტელევიზიებს კი არა, რამდენიმე ათას კომპანიას ავტომატურად შეეხო ინკასოო. ეს უარესია! ამ ვითარებაში, როცა ქვეყანა, ფაქტობრივად, გაჩერებულია, იმ ათასამდე კომპანიაში რამდენი მოხვდა ისეთი, რომელიც ამ კრიზისით დაზარალდა და კიდევ ეს უნდათ?! მათ შეიძლება მოუწიოთ თანამშრომლების უხელფასო შვებულებებში გაშვებამ. ბოლოს და ბოლოს, ამ ხალხს ხომ უნდა მისცენ კომპენსაცია, რომ თავი გაიტანონ. ასეთ ვითარებაში ანგარიშებზე ინკასოს დადება არის ანტიჰუმანური და აგრესიული ნაბიჯი შენივე საზოგადოების წინააღმდეგ. რაც შეეხება ტელევიზიებს, ეს უფრო გაუგებარია და ნამდვილად აჩვენებს ამ საკითხისადმი ხელისუფლების პოლიტიკურ დამოკიდებულებას. ვიდრე ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილ ტელევიზიებს მრავალმილიონიანი ვალი აქვთ, მანამდე ნებისმიერი სხვა ტელევიზიისთვის დაწესებული სანქცია პოლიტიკურ ნაბიჯად შეფასდება. ჩვენი ფინანსთა მინისტრი აშკარად მაჩოს როლს თამაშობს, არადა, თავის დროზე, როცა ადამიანის უფლებები ირღვეოდა და ეს საზოგადოება ცვლილებებისთვის იბრძოდა, ეს “მაჩო” სოროში იჯდა... ეს ყველაფერი საბოლოოდ ხელისუფლების იმიჯს აზარალებს. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს მთელი ხელისუფლების პოლიტიკური გადაწყვეტილებით არ მოხდა და მხოლოდ ფინანსთა მინისტრის ინიციატივაა, რომელსაც მალე გადახედავენ და ეს პრობლემა აღმოიფხვრება”, - დასძენს ხუხაშვილი.

ეპიდემია არ შეიძლება გახდეს სახელმწიფოსა და ეკლესიის დაპირისპირების მიზეზი - ძაბირაძე

“დღეს ჩვენ ყველანი ერთ უბედურებაში ვართ, რასაც ეპიდემია ჰქვია. ამიტომ ეს თემა არ შეიძლება გახდეს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის დაპირისპირების მიზეზი. ეს იწილო-ბიწილო რომ არ მომხდარიყო, თავიდანვე უნდა ყოფილიყო შეთანხმება, რა და როგორ გაკეთდებოდა. ახლა ორივე ვალდებულია, შემხვედრი ნაბიჯები გადადგან” - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე საგანგებო მდგომარეობის დროს დაწესებულ შეზღუდვას ადამიანების შეკრებასთან დაკავშირებით”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ეპიდემია არ შეიძლება გახდეს სახელმწიფოსა და ეკლესიის დაპირისპირების მიზეზი - ძაბირაძე.

“ხელისუფლების მეხოტბე ნამდვილად არ ვარ და არასდროს მოვრიდებივარ კრიტიკას მათ მიმართ, მაგრამ ხელისუფლება დიდებულად მუშაობს, რაც ამ 8 წლის განმავლობაში არ გვინახავს. ამ კრიზისმა დაგვანახა, რომ “ქართულ ოცნებას” შეუძლია პროცესების მართვა. რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს, ვფიქრობ, რომ ეს იწილო-ბიწილო რომ არ მომხდარიყო, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე უნდა დაწყებულიყო დიალოგი ეკლესიასთან და დეტალურად ყოფილიყო გაწერილი, რა და როგორ გაკეთდებოდა. მარტივი გასათვლელი იყო, რომ დიდმარხვის პერიოდია, მოდის აღდგომა... ბიზნესისა და სხვა სფეროს წარმომადგენლებს, ექიმებს ხომ შეხვდნენ. პოლიტიკურ პარტიებთანაც ხომ გაიმართა შეხვედრები და მიღწეულ იქნა შეთანხმება, ანუ საკონსტიტუციო ცვლილებას ზიანი არ მიადგებაო. იგივე უნდა გაევლოთ ეკლესიასთანაც და შეთანხმებულიყვნენ, რა ფართობის, მოცულობის, ან რა სივრცეში შეიძლება ადამიანების შეკრება და რამდენის”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“ახლა ორივე ვალდებულია, შემხვედრი ნაბიჯები გადადგან, იქნება ეს სინოდის სხდომის კიდევ ერთხელ გამართვა თუ ხელისუფლებისა და ეკლესიის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა. ეს არ შეიძლება გახდეს ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის დაპირისპირების თემა, ან საკითხი ასე დადგეს - ვინ ვის უგებს, ეკლესია თუ „ქართული ოცნება“. არც ის მგონია, რომ სამღვდელოება წინააღმდეგი იქნება იმ მოთხოვნებისა, რომელთა რეკომენდაციასაც იძლევიან ჯანდაცვის სფერო და სპეციალისტები, ეკლესია თავის თავზე ვერ აიღებს ამ პასუხისმგებლობას. დღეს ყველანი ერთ უბედურებაში ვართ და ყველამ ერთად უნდა ვიპოვოთ გამოსავალი. ჯერჯერობით ხელისუფლება ახერხებს სიტუაციის მართვას. თუ ამის დანახვა ვინმეს არ უნდა, ეს მისი პრობლემაა”, - დასძენს ვახტანგ ძაბირაძე.

თენგიზ ცერცვაძე - “გამოიკვეთა ორი მედიკამენტის უპირატესობა”

“ჯერ კვლევებით არც ერთ ანტივირუსულ პრეპარატზე არ დადასტურებულა, რომ კორონავირუსით ინფიცირებულს განკურნავს. მიმდინარეობს დაახლოებით 7-8 მედიკამენტის გამოცდა ჩინეთში, საფრანგეთში, იტალიაში, გერმანიაში, აშშ-სა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში. მკვლევრების ერთ ჯგუფს ერთი მედიკამენტი უფრო მოსწონს, მეორეს სხვა და ა.შ. და ჯერ საერთო აზრი არა აქვთ. ჯერჯერობით გამოიკვეთა 2 მედიკამენტის უპირატესობა. ერთია “რემდესივირი”, რომელსაც აწარმოებს ამერიკული კომპანია “გილიადი”, ჩვენი მთავარი პარტნიორი - ის ჩ ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამისთვის გვაწვდის მილიარდობით დოლარის ღირებულების მედიკამენტს...“, - აცხადებს ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით თენგიზ ცერცვაძე: “გამოიკვეთა ორი მედიკამენტის უპირატესობა” / “რემდესივირი” თუ არ განკურნავს, ხელს უწყობს კორონავირუსული ინფექციის შერბილებასა და ლეტალობის შემცირებას. რადგან კვლევა დამთავრებული არ არის, ამ მედიკამენტის მოხმარება ოფიციალურად არ არის რეკომენდებული.

“რემდესივირი” ებოლას სამკურნალოდ შექმნეს, მაგრამ ეს ვირუსი ვერ დაამარცხა. ახლა მას კორონავირუსის სამკურნალოდ ცდიან. კვლევას კომპეტენტური ინსტიტუტები ატარებენ - აშშ-ის ჯანმრთელობის ნაციონალური ინსტიტუტი, რომლის დირექტორი ანტონი ფაუჩი ჩვენი დიდი ხნის პარტნიორი და მეგობარია. მეცნიერების აზრით, “რემდესივირი” თუ არ განკურნავს, ხელს უწყობს კორონავირუსული ინფექციის შერბილებასა და ლეტალობის შემცირებას. რადგან კვლევა დამთავრებული არ არის, ამ მედიკამენტის მოხმარება ოფიციალურად არ არის რეკომენდებული და არ არის ხელმისაწვდომი მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში, გარდა მხოლოდ იმ ქვეყნებისა, სადაც კვლევა მიმდინარეობს. მაგრამ რადგან ჩვენ გვაქვს წინასწარი მონაცემები, რომ ეს მედიკამენტი შესაძლოა სხვებზე უკეთესია, ჩვენმა სამინისტრომ და მთავრობამ მიმართა კომპანია “გილიადს” თხოვნით, რომ გაითვალისწინოს განსაკუთრებული ურთიერთობა საქართველოსა და “გილიადს” შორის და როცა ამ პრეპარატს აშშ ვინმეს მისცემს, მათ შორის საქართველო ერთ-ერთი პირველი იყოს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თამაზ ცერცვაძე.

“მეორე მედიკამენტის სახელია ჰიდრო­ქსიქლოროქინი, ხოლო გასაყიდი სახელია “პლაქვენილი”. ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ეს პრეპარატი აჯობებდა და პირველივე ავადმყოფიდან, რომელიც 26 თებერვალს შემოვიდა, მოვიხმართ, თუმცა არ იყო ოფიციალურად რეკომენდებული, რომ სხვა მედიკამენტს სჯობია. ჩვენ ეს წამალი არაოფიციალურად გამოვიყენეთ, ისევე როგორც ბევრმა ქვეყანამ. გუშინ ფრანგებმა სახელმძღვანელო პროტოკოლი გამოაქვეყნეს კორონავირუსით ინფიცირებულთა სამკურნალოდ და ზემოთ ნახსენები 7-8 წამლიდან ისინი “პლაქვენილს” ამჯობინებენ... წამალი ოფიციალურად რომ იყოს რეკომენდებული და მთელმა მსოფლიომ გამოიყენოს, მას უნდა ჰქონდეს აშშ-ის წამლისა და საკვები პროდუქტების სააგენტოს (SDA) რეკომენდაცია. ეს არის მსოფლიოში მთავარი ინსტიტუცია, რომელიც წამლებს ოფიციალურ ლეგიტიმაციას უკეთებს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“რამდენიმე დღის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ მსოფლიო ვერ მოიცლის, სანამ SDA ოფიციალურ დასკვნას წარმოადგენს. მისი თქმით, ის თვითონ ადევნებდა თვალს წამლების შესწავლას, გაიგო მრჩევლებისა და ექსპერტების აზრი და განაცხადა, რომ 7-8 გამოსაყენებელი პრეპარატიდან, გარდა “რემდესივირისა”, ყველაზე უკეთესია “პლაქვენილი”. ამის შემდეგ კი ტრამპმა - არ ვიცი, ჰქონდა თუ არა ამის უფლება - ბრძანა, მე, როგორც პრეზიდენტი, ამ წამალს ვაცხადებ ოფიციალურად და რეკომენდაციას ვაძლევ ექიმებს გამოიყენონ როგორც კორონავირუსის სამკურნალოდ დღეს ყველაზე უკეთესი საშუალებაო. ამ სიტყვებით 26 თებერვალს ქართველი ექიმების არჩევანი, რომელიც აქამდე ჩვენს სინდისზე იყო, ტრამპმა დაადასტურა... აქამდე “პლაქვენილი” გამოიყენებოდა მალარიისა და რევმატიული დაავადებების საწინააღმდეგოდ. მწარმოებელი საფრანგეთია. აქაც იყიდება, მაგრამ გაფრთხილებთ - მისი მიღება შესაძლებელია მხოლოდ მკურნალი ექიმის დანიშნულებით და მხოლოდ კორონავირუსის ინფექციის დადასტურების შემთხვევაში. ინფექციის პრევენციას და თავიდან აცილებას ეს წამალი არ იწვევს - როგორც პროფილაქტიკური საშუალება ის არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენება!” - განმარტავს ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი.

კორონავირუსს ახალი, აქამდე უცნობი სიმპტომი აღმოაჩნდა - ანოსმია

“კორონავირუსის სიმპტომების კვლევისას ჯონ ჰოპკინსისა და ბლუმბერგის სახელობის ამერიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კოვიდ-19-ის საშუალო საინკუბაციო პერიოდი 5 დღეა, თუმცა დაინფიცირებულთა 97.5%-ს სიმპტომები დაახლოებით მეტორმეტე დღეს უვლინდებათ, რაც ამართლებს 14 დღიან საკარანტინო პერიოდს. ამასთან, მეცნიერებმა კორონავირუსის ახალი, მნიშვნელოვანი სიმპტომიც აღმოაჩინეს. ამის შესახებ სამეცნიერო გამოცემა “საიენს დეილი” იუწყება. აღსანიშნავია, რომ 10 000 შესწავლილი დაავადებულიდან მხოლოდ 101-ს გამოუვლინდა კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები მოგვიანებით, საინკუბაციო პერიოდის გავლის შემდეგ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით კორონავირუსს ახალი, აქამდე უცნობი სიმპტომი აღმოაჩნდა - ანოსმია.

“ხელმისაწვდომი მონაცემების კვლევის საფუძველზე, ამჟამინდელი რეკომენდაცია, რომელიც 14-დღიან კარანტინს გულისხმობს, სწორი გადაწყვეტილებაა. მაგრამ ზოგ შემთხვევაში საინკუბაციო პერიოდი უფრო დიდ ხანს გრძელდება”, - ამის შესახებ სამეცნიერო სტატიის ერთ-ერთმა ავტორმა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის, ეპიდემიოლოგიის კათედრის დოცენტმა, ჯასტინ ლესლერმა განაცხადა. გარდა ამისა, მეცნიერები საუბრობენ ახალ სიმპტომებზე, რომელმაც კორონავირუსით დაავადებულთა მდგომარეობის კვლევისას იჩინა თავი. კერძოდ, ბრიტანელი და გერმანელი მეცნიერების მტკიცებით, კორონავირუსით ბოლო პერიოდში დაავადებულ ადამიანებს, რომელთაც ვირუსის მსუბუქი ფორმა აქვთ, განსაკუთრებული პრობლემა შეექმნათ გემოვნების რეცეპტორებთან და ყნოსვასთან დაკავშირებით. კვლევის თანახმად, დაავადებულებს ანოსმია ან, ზოგ შემთხვევაში ჰიპოსმია დაემართათ, რაც ყნოსვის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკარგვას გულისხმობს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“გერმანელი, სამხრეთ კორეელი, ჩინელი და იტალიელი სპეციალისტების მტკიცებით, კორონავირუსით დაავადებულ ადამიანთა დიდ ნაწილს ყნოსვასთან შეექმნათ პრობლემები - ყნოსვა დაკარგეს მთლიანად ან ნაწილობრივ. მაგალითად, გერმანიაში მსგავსი პრობლემა 3-დან 2 კორონავირუსით დაავადებულს აქვს. მაგრამ სამხრეთ კორეაში, სადაც უფრო ფართომასშტაბიანი კვლევა ჩატარდა, დაავადების მსუბუქი ფორმის მქონე პაციენტების 30%-ის მთავარი სიმპტომი, სწორედ ყნოსვის დაკარგვა იყო. ბრიტანეთის ოტოლარინგოლოგიის ასოციაციის მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ ზოგ შემთხვევაში, კორონავირუსით დაავადებული პირს ყნოსვის დაკარგვის გარდა სხვა დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნება”, - განაგრძობს გამოცემა.

“მათივე აზრით, ყნოსვადაკარგულების იზოლაცია 7 დღით შეამცირებდა დაავადების გავრცელებას უფრო მეტად. შესაბამისად, კორონავირუსის სიმპტომებს - მაღალ სიცხეს, მშრალ ან ნაწილობრივ სველ ხველებას, სუნთქვის გაუარესებას (ქოშინი), დაღლას, მოთენთილობას, გულ-მკერდის არეშე სიმძიმეს, თავის ტკივილს, სისხლიანი ნახველის გამოყოფას, დიარეას, გულისრევის შეგრძნებას და გახშირებულ გულისცემას გემოს რეცეპტორების დაქვეითება და ყნოსვის დაკარგვაც დაემატა. თუმცა, მსგავსი ვარაუდი ახალ სიმპტომებთან დაკავშირებით გერმანელმა მეცნიერებმა გამოთქვეს - გერმანელმა ვირუსოლოგმა, ჰენდრიკ სტრიკმა, რომელიც ბონნის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკასთან არსებული ვირუსოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელია, კოლეგებთან ერთად ჩაატარა კვლევა, რომლის ფარგლებშიც 100-ზე მეტი დაავადებული მდგომარეობის კვლევისას 2/3 დაკარგული ჰქონდა ყნოსვა ნაწილობრივ ან მთლიადან და ვერ გრძნობდა გემოებს”, - დასძენს გამოცემა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს