ქეთევან ციხელაშვილმა აშშ-ის ელჩთან ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის ფონზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ისაუბრა

სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, კელი დეგნანთან დისტანციური წესით, ვიდეო-შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკაზე, მის ფარგლებში დაგეგმილ და გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრეს.

ქეთევან ციხელაშვილმა ელჩს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის ფონზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, მათ შორის, იქ მცხოვრები ადამიანების საჭიროებების შესახებ. მინისტრმა დიპლომატს მადლობა გადაუხადა აშშ-ს ჩართულობისა და მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორების დახმარება, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატების, როგორც სტრატეგიული პარტნიორის, რომელიც ამ დრომდე აფხაზეთის რეგიონში მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს, მათ შორის, ჯანდაცვის კუთხით. როგორც მინისტრის აპარატში აცხადებენ, საუბარი აგრეთვე შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების შემდგომ სავარაუდო რაუნდს, ასევე საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ და მის სამომავლო განხორციელებას იმისთვის, რომ გაუმჯობესდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. კელი დეგნანმა სრული მხარდაჭერა გამოთქვა სამშვიდობო ინიციატივის მიმართ. უწყების თანახმად, შეხვედრაზე ასევე განხილული იქნა სახელმწიფო პოლიტიკა ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის მიმართულებით. ამ მხრივ, მინისტრმა ელჩს მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან გაწეული დახმარებისთვის. მათ შორის USAID-ის მიერ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში კორონავირუსთან დაკავშირებული აზერბაიჯანულ და სომხურენოვანი საინფორმაციო მასალის დამზადებაში შეტანილი წვლილისთვის.

შეხვედრის ბოლოს ქეთევან ციხელაშვილმა ელჩს ამერიკის შეერთებული შტატების, როგორც სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე სამშვიდობო პოლიტიკისადმი გამოხატული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეები თანამშრომლობის გაგრძელებასა და გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო