დავით ზალკალიანი - საქართველო იყო პირველი ქვეყანა, ვინც 4 000 მოქალაქე ორგანიზებულად გამოიყვანა სხვადასხვა ქვეყნიდან -  საქართველოს მოქალაქეები, ეტაპობრივად დაბრუნდებიან სამშობლოში

საქართველოს მთავრობა იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც მსოფლიოში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ქვეყნის შიგნით მყოფი მოქალაქეების პარალელურად, მყისიერად დაიწყო ზრუნვა საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეებზე, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განaცხადა. საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობის დასაცავად ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე საუბრისას, საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ის ქვეყნები ჩამოთვალა, საიდანაც სახელმწიფომ საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეები საქართველოში დააბრუნა.

ზალკალიანის თქმით, საქართველოს სახელმწიფომ სხვადასხვა ქვეყნიდან 4 000 მოქალაქე ორგანიზებულად გამოიყვანა. მინისტრის ინფორმაციით, იმ ქვეყნებს შორის, საიდანაც საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანა განხორციელდა, არის ჩინეთი, იტალია, პოლონეთი, ირანი, ბულგარეთი, უკრაინა, ეგვიპტე.

„მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის მზარდმა გავრცელებამ საზღვარგარეთ მყოფი ჩვენი თანამემამულეები განსაკუთრებული სირთულეების წინაშე დააყენა. საქართველოს მთავრობა იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც მსოფლიოში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ქვეყნის შიგნით მყოფი მოქალაქეების პარალელურად, მყისიერად დაიწყო ზრუნვა საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეებზე. საქართველო იყო პირველი ქვეყანა, ვინც ამ ეტაპზე 4 000 მოქალაქე ორგანიზებულად გამოიყვანა სხვადასხვა ქვეყნიდან. მათ შორის ჩინეთიდან, სადაც ეპიდემიის აფეთქების საწყის ეტაპზე საქართველო იყო პირველი სახელმწიფო, ვინც გამოიყვანა მოქალაქეები, როგორც ჩარტერული რეისით, ასევე პარტნიორების - საფრანგეთის და თურქეთის დახმარებით.

ჩვენ, პანდემიის საწყის ეტაპზევე გამოვიყვანეთ ჩვენი მოქალაქეები იტალიიდან, სადაც განხორციელდა ორი ჩარტერული რეისი, მაშინ როდესაც ეს ვერ შეძლო ჩვენზე ძლიერმა სახელმწიფოებმა და ყველა ქვეყანა მხოლოდ რეკომენდაციებს აძლევდა საკუთარ მოქალაქეებს, რომ დაბრუნებულიყვნენ სამშობლოში საკუთარი ძალებით.

საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევით მოქალაქეთა ორგანიზებული დაბრუნება მოხდა პოლონეთიდან, საიდანაც პოლონურ მხარესთან თანამშრომლობით უკვე განხორციელდა პოლონური ავიახაზების 3 რეისი და ველოდებით მეოთხე რეისის განხორციელებას.

ორგანიზებულად მოხდა ჩვენი მოქალაქეების გამოყვანა ირანიდან, როდესაც პანდემიის აფეთქებისთანავე დაიკეტა ირანის საზღვრები და უდიდეს ძალისხმევას მივმართეთ მოქალაქეთა დასაბრუნებლად სპეციალური დერეფნების შექმნაზე.

ჩვენ დავაბრუნეთ მოქალაქეები ბულგარეთიდან - სადაც, ჩაკეტილი საზღვრების გამო ბულგარეთ-თურქეთის საზღავრზე გაჩერებული საქართველოს 90 მოქალაქე გამოვამგზავრეთ სამშობლოში და დანარჩენი ადგილზე დავაბინავეთ. უკრაინიდან, სადაც შეჩერებულია საერთაშორისო ფრენები და მგზავრების გადაადგილება ვერ ხერხდება. ეგვიპტიდან - საიდანაც, ფრენების გაუქმების შედეგად ჩარჩენილი სტუდენტები წამოვიყვანეთ,“ - განაცხადა ზალკალიანმა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის ინფორმაციით, დიპლომატიური მისიები სხვადასხვა ქვეყანაში დარჩენილ საქართველოს მოქალაქეებს საკვებით, წამლებით, თავშესაფრით და სხვადასხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფენ.

„დიპლომატიურმა მისიებმა საკუთარი სახსრებით, უკვე აღმოუჩინეს დახმარება 1 000-მდე საქართველოს მოქალაქეს, რომლებიც, შექმნილი ვითარების გამო, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ხშირ შემთხვევაში ღია ცის ქვეშ დარჩნენ და საჭიროებდნენ დახმარებას. დღემდე საკვებით, თავშესაფრით, წამლებით ყოველდღიურ რეჟიმში უზრუნველვყოფთ მოქალაქეებს ესპანეთში, გერმანიაში, ნიდერლანდებში, სლოვაკეთში, თურქეთში, მოლდოვაში, ლიეტუვაში, ბრაზილიაში, ესტონეთში, გერმანიაში, კვიპროსში, პორტუგალიაში, საფრანგეთში, უკრაინაში, ჩეხეთში, ეგვიპტეში, იორდანიაში, ბელარუსში, პოლონეთში, სლოვენიაში, უნგრეთში, სომხეთში და ა.შ.

ვმუშაობთ დიასპორული ორგანიზაციების, საპატიო კონსულების ჩართულობით და კერძო ბიზნესის დახმარებით სხვადასხვა მექანიზმებზე, იმისათვის, რომ შევძლოთ უცხოეთში, ხშირ შემთხვევაში, სამსახურის გარეშე დარჩენილი ჩვენი თანამემამულეების დახმარება, მათი გამოკვება და საცხოვრებლით უზრუნველყოფა.

მსოფლიოში შექმნილი ვითარების ფონზე, ძნელად მოსაძებნია სახელმწიფო, რომელიც ახდენს ადგილზე მყოფი საკუთარი მოქალაქეების დახმარებას. ჩვენ ეს შევძელით ერთიანობით, ერთად დგომით და საზოგადოების დიდი მხარდაჭერით,“ - განაცხადა ზალკალიანმა.

მინისტრი ასევე გამოეხმაურა გარკვეული პირების მიერ საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეებისთვის მიცემულ დაპირებებს საქართველოში დაბრუნების თაობაზე. ზალკალიანის განცხადებით, მსგავსი სახის არასერიოზული და პოპულისტური ნაბიჯების დრო ახლა არ არის.

„სამწუხაროდ, გარკვეული პოლიტიკური ძალები, ცდილობენ ისარგებლონ არსებული ვითარებით და იაფასიანი პოლიტიკური ქულების ჩასაწერად, ცრუ დაპირებებს აძლევენ მოსახლეობას. უკვე რამდენიმე დღეა, ისინი ევროპაში, ამერიკაში მყოფ ჩვენს თანამემამულეებს ჰპირდებიან სამშობლოში დაბრუნებას და ამისათვის აგროვებენ პირად მონაცემებს და ავსებინებენ კითხვარს.

მოგიწოდებთ ყველას და პირველ რიგში მათ, მსგავსი სახის არასერიოზული და პოპულისტური ნაბიჯების დრო ახლა არ არის. ნუ შეიყვანთ მოსახლეობას შეცდომაში. ეს არის რისკის შემცველი და შესაძლოა კიდევ უფრო გაართულოს ადგილზე მოქალაქეების მდგომარეობა. ამ ვითარებაში, როდესაც მთელი მსოფლიო ყოველდღიურად ცდილობს გაუმკლავდეს პანდემიის მძიმე შედეგებს, წარმოუდგენელია კერძო ჯგუფების და პოლიტიკოსების მხრიდან, ინდივიდუალური ინიციატივებით მოქალაქეთა სამშობლოში ჩამოყვანა.

ყველამ გავითვალისწინოთ, და გუშინ საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე მოუწოდა მოქალაქეებს, მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების მაღალმა დონემ მნიშვნელოვანი პრობლემები შექმნა საერთაშორისო მგზავრობის თვალსაზრისით. უმეტეს ქვეყნებს ჩაკეტილი აქვს საზღვრები და შეწყვეტილია ან მკაცრად შეზღუდულია საერთაშორისო მიმოსვლა როგორც საჰაერო, ასევე სახმელეთო, სარკინიგზო თუ საზღვაო გზებით. შესაბამისად, კერძო პირების მიერ გაცემული დაპირებები და გადაადგილებისთვის დახმარების შემოთავაზების მცდელობა მოკლებულია რეალურ საფუძველს, არის რისკების შემცველი და შესაძლოა კიდევ უფრო გაართულოს მოქალაქეების მდგომარეობა. სწორედ ამიტომ უმთავრესია საერთაშორისო რეისები დაიგეგმოს სახელმწიფოთაშორის კოორდინაციით და შეთანხმებით,“ - განაცხადა მინისტრმა.

ზალკალიანმა მოქალაქეებს იმ რეისების განრიგიც შეახსენა, რომელიც საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად უახლოეს დღეებში კომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ საშუალებით შესრულდება.

„როგორც იცით, საქართველოში საკუთარი მოქალაქეების ორგანიზებულად დაბრუნების მიზნით, საკოორდინაციო საბჭომ ევროპის მიმართულებით დაგეგმა ავიარეისები კომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ შესრულებით. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ საქართველოს მოქალაქეები, დაგეგმილი ჩარტერული რეისების საშუალებით, ეტაპობრივად დაბრუნდებიან სამშობლოში.

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში შემოსული ყველა მგზავრი უზრუნველყოფილი იყოს სათანადო საკარანტინო მომსახურებით, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ როგორც პირადად მათი, ისე მათი ახლობლების დაინფიცირების შესაძლებლობა. სწორედ ამიტომ, მოქალაქეთა დაბრუნების პროცესში გვმართებს მეტი სიფრთხილე, იმისათვის რომ ქვეყანში არსებული ჯანდაცვის რესურსები რაციონალურად იქნას გადანაწილებული.

შეგახსენებთ ფრენების არსებულ განრიგს:

28 მარტი - ვარშავა-თბილისი -„ლოტი“

31 მარტი - ამსტერდამი-თბილისი - „ჯორჯიან ეარვეისი“

3 აპრილი - ბერლინი-თბილისი - „ჯორჯიან ეარვეისი“

3 აპრილი - ვარშავა-თბილისი - „ლოტი“

4 აპრილი -ლონდონი-თბილისი - „ჯორჯიან ეარვეისი“ (კომპანიის გეგმიური რეისი)

7 აპრილი -ათენი-თბილისი -„ჯორჯიან ეარვეისი“

10 აპრილი -ლარნაკა-თბილისი -„ჯორჯიან ეარვეისი“

ასევე, უკვე დაინიშნა ჩარტერული რეისი, რომელიც ბულგარეთის ქალაქ ბურგასიდან საქართველოს ათობით მოქალაქეს ჩამოიყვანს. რეისს ავიაკომპანია „Myway Airlines” შეასრულებს.

რეისი ასევე ჩამოიყვანს საქართველოს გადამზიდავი კომპანიების მძღოლებს, რომლებსაც ბულგარეთის მხარემ, ქვეყანაში არსებული საკარანტინო შეზღუდვის გამო, ბორანზე ასვლისა და საკუთარ ავტომობილებთან ერთად გამომგზავრების უფლება არ მისცა.

ჩარტერით გამომგზავრების საფასური ერთ მგზავრზე 100 ევრო იქნება.

ბულგარეთიდან ჩარტერით ჩამოსული პირები 14-დღიან სავალდებულო კარანტინს სამშობლოში გაივლიან,“ - განაცხადა ზალკალიანმა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, ცალკეული პოლიტიკური ჯგუფები ცდილობენ საზოგადოებას დაანახონ, თითქოს ხელისუფლება საკუთარი მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად არაფერს აკეთებს. მინისტრის შეფასებით, ეს არის უპასუხისმგებლო და იაფასიანი პოლიტიკური სვლა.

„სახელმწიფო თანმიმდევრულად მიუყვება საკუთარი მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების პროცესს და ამას განაგრძობს წარმატებით, რასაც საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს, თუნდაც იმ ციფრებიდან გამომდინარე, რასაც ვაცხადებთ და იმ კონრეტული განხორციელებული ფრენების შედეგებს რაც ხელისუფლების მხრიდან განხორციელდა და იგეგმება. შესაბამისად, ცალკეული პოლიტიკური ჯგუფების მცდელობა, რომ საზოგადოებას დაანახონ თითქოს მთავრობა ამ კუთხით არ მიმართავს საკმაო ძალისხმევას, არის უპასუხისმგებლო და იაფასიანი პოლიტიკური სვლა. ჩვენ ეტაპობრივად ვაბრუნებთ ჩვენს მოქალაქეებს და ეს პროცესი იქნება კოორდინირებულად, გაწერილი გეგმის თანახმად იმისთვის, რომ დაცული იყოს მთავარი პრინციპი: ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება და ჯანმრთელობის მდგომარეობა.

რამდენიმე დღის წინ საზოგადოებამ საკუთარი თვალით ნახა, თუ როგორ მოხდა ყველანაირი უსაფრთხოებისა და წესების ნორმების დარღვევით მათი მხრიდან, ვითომ საზოგადოებაზე ზრუნვის ეგიდით, მოქალაქეების თავშეყრა, რითაც დიდი საფრთხის წინაშე დააყენეს მოქალქეების ჯანმრთელობა. ჩვენ არ დავუშვებთ, სამშობლოში დაბრუნების მსურველი ჩვენი მოქალაქეების და მათი ახლობლების მსგავსი რისკის ქვეშ დაყენებას,“ - განაცხადა ზალკალიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა