ვიქტორ ყიფიანი - სავსებით მისაღებად მიმაჩნია პანდემიაზე, როგორც ვირუსოლოგიურ უბედურებაზე და იმავდროულად გლობალურად აუცილებელი ცვლილებების დამაჩქარებელზე საუბარი

COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებულ ეროვნულ და გლობალურ რისკებსა და გამოწვევებზე, ასევე მათი დაძლევის შესაძლო გზებსა და სამომავლო პერსპექტივებზე, „ინტერპრესნიუსი“ ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისი“-ს თავმჯდომარეს, ვიქტორ ყიფიანს ესაუბრა.

- ბატონო ვიქტორ, ბუნებრივია, რომ ბოლო პერიოდის აქტუალური თემა, კორონავირუსის პანდემია და მისი შედეგებია. ვიდრე ამ თემასთან დაკავშირებულ კონკრეტულ საკითხებზე გადავიდოდეთ, კარგი იქნება თუ ზოგადად შეაფასებდით იმ ვითარებას, რომელშიც მსოფლიო პანდემიის გამო აღმოჩნდა?

- მართალს ბრძანებთ, რომ მძვინვარე პანდემია დღესდღეობით ნომერი ერთი თემაა და, ვფიქრობ, ასეთად დარჩება კიდევ მრავალი წელი მას შემდეგაც, რაც კორონავირუსით გამოწვეული ეპიდემიოლოგიური საფრთხე საბოლოოდ დაიძლევა.

ამავდროულად, სრულიად გასაგებია, რომ პრობლემას, სამედიცინო განზომილების გარდა, აქვს მრავალი სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვანი განზომილება და ქვესაკითხი. ერთობლიობაში ყველა მათგანი მსოფლიო პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური მოწყობის ძირეული გადახალისებისა და ტრასფორმაციის მომასწავებელია.

ამ კუთხით, პირადად მე, სავსებით მისაღებად მიმაჩნია პანდემიაზე, როგორც ვირუსოლოგიურ უბედურებაზე და იმავდროულად გლობალურად აუცილებელი ცვლილებების დამაჩქარებელზე საუბარი.

პანდემიით დაჩქარებული გარდაქმნების ძირითადი მაგისტრალური ხაზი შემდეგ მთავარ საკითხზე გადის - გახდება ადამიანთა ერთობა უფრო ეგალიტარული, თუ კვლავაც დარჩება ძველებურად ზეელიტარული, ან მთლად უარესი - გადაიხრება თუ არა იგი მეტი ავტორიტარიზმისაკენ

ნებისმიერი ასეთი მასშტაბის მოვლენა შეარყევს ურთიერთობათა მოძველებულ სისტემებს, ცვლის წესებს, მოითხოვს განსხვავებულ პასუხებს და რეაქციებს. მეტიც, - ძირეული გავლენა ხდება ადამიანების აღქმაზე ერთმანეთისა და სამყაროს მიმართ, ხდება საკუთარი რაობისა და საზოგადოების გადაფასება, ხელახლა ფასდება საგნებისა და მოვლენების დანიშნულება და როლი.

მოკლედ რომ ვთქვათ, უამრავი საკითხის თავმოყრა ხდება ამ ეტაპზე, რაც ჩვენი ქვეყნისა და მსოფლიოსაგან შესატყვის კომპეტენციას და დღემდე გამოუყენებელი თუ უხილავი უნარების ამოქმედებას მოითხოვს.

ზოგადი შენიშვნის მიზნით კი ვიტყვი, რომ პანდემიით დაჩქარებული გარდაქმნების ძირითადი მაგისტრალური ხაზი შემდეგ მთავარ საკითხზე გადის - გახდება ადამიანთა ერთობა უფრო ეგალიტარული, თუ კვლავაც დარჩება ძველებურად ზეელიტარული, ან მთლად უარესი - გადაიხრება თუ არა იგი მეტი ავტორიტარიზმისაკენ.

რაც უფრო მალე და სრულად გაიხსნება გულახდილი დისკუსია პრობლემებზე და მათი დაძლევის გზებზე, მით უკეთესი

- მსოფლიო მედიასა და მკვლევართა წრეებში ხშირია კრიტიკა იმის მიმართ, თუ რამდენად მოუმზადებელი დახვდა კაცობრიობა პანდემიას. მწვავე შეფასებები ისმის არსებული პოლიტიკური ელიტებისა და მართვის მეთოდების მიმართ.

ამ მიზნით გაჟღერებული რეკომენდაციებიც მრავალმხრივი და მრავალფეროვანია, დაწყებული არსებული ფორმაციების მოდერნიზებითა და დამთავრებული მათი სრული უარყოფით.

სწორედ ამის გამო აქტუალურია კითხვა - რა შეიძლება იყოს ის ოქროს შუალედი, რაც დაგვეხმარება ვიპოვოთ სწორი ბალანსი და ერთი უკიდურესობიდან მეორეში არ გადავვარდეთ?

- გეთანხმებით, მოზღვავებულმა ემოციებმა სწრაფი და ემოციური გადაწყვეტილებებისაკენ არ უნდა გვიბიძგოს. ახლა ნებისმიერი დაუსაბუთებელი დასკვნა, მით უფრო, ასეთი დასკვნის შედეგად მოქმედება გაცილებით დაამძიმებს საერთო სურათს და შეუძლებელს გახდის პოზიტიური დღის წესრიგის რეალიზებას.

მაგრამ, ამ საქმეში სიფრთხილე არ ნიშნავს მსჯელობისა და შეფასებებისგან თავშეკავებას. მეტიც, ეს აუცილებელია და რაც უფრო მალე და სრულად გაიხსნება გულახდილი დისკუსია პრობლემებზე და მათი დაძლევის გზებზე, მით უკეთესი.

ბოლო რამდენიმე ათწლეული გამოირჩევა ეკონომიკაში პროტექციონიზმის მკვეთრი ზრდით, რესურსების ზღვარგადასული უთანაბრო გადანაწილებით, ელიტების მომეტებული ჩაკეტილობით და, ზოგადად, ინკლუზიური განვითარების ხარჯზე ექსკლუზიური პოლიტიკის მომძლავრებით

დიახ, მართვის არსებულმა სისტემამ დიდწილად საკუთარი პოტენციალი ამოწურა, იგი ადეკვატურად ვერ უმკლავდება სადღეისო რისკებს, გარანტირებულად ვერ უპასუხებს სახვალიო საფრთხეებსა და საჭიროებებს.

შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი უპატიებელი გადაცდომა, რაც მიმდინარე კრიზისმა წარმოაჩინა არის ის, რომ თანამედროვე სახელმწიფო ძალზე დაშორდა საკუთარ მოქალაქეებს, დაიკარგა ის აუცილებელი ბმა, რომელსაც ადამიანი ქვეყნის მოქალაქეობასთან გაათანაბრებს და გააიგივებს.

უფრო კონკრეტულად თუ ვისაუბრებთ, ბოლო რამდენიმე ათწლეული გამოირჩევა ეკონომიკაში პროტექციონიზმის მკვეთრი ზრდით, რესურსების ზღვარგადასული უთანაბრო გადანაწილებით, ელიტების მომეტებული ჩაკეტილობით და, ზოგადად, ინკლუზიური განვითარების ხარჯზე ექსკლუზიური პოლიტიკის მომძლავრებით.

სოციუმში დაისადგურა ინსტიტუტებისადმი უნდობლობამ, რამაც ჯაჭვურ რეაქციად მართვის სისტემების ქმედითუნარიანობის უფრო მეტად დაქვეითება განაპირობა. ამის გამოსასწორებლად, შესაძლებელია, ვივარაუდოთ სახელმწიფოს როლის გადაფასება და რევიზია, მისი ეკონომიკური და სოციალური პროცესებისაკენ მობრუნება და მათში აქტიური ჩართვა

ასეთი ტენდენცია სახიფათოა არა მარტო სოციალური ერთობის რღვევისა და ფრაგმენტაციის თვალსაზრისით, არამედ საფრთხეს უქმნის ეროვნული და ზეეროვნული პოლიტიკური სისტემის სტაბილურობას და სიცოცხლისუნარიანობას.

განსაკუთრებით საგულისხმოა პრობლემატიკის დიაგნოსტიკა განვითარებულ მსოფლიოს ნაწილში, სადაც, ძირითადში, შემდეგი კატეგორიის სტრუქტურულმა ანომალიებმა იჩინა თავი.

კერძოდ, ეკონომიკაში უმთავრესად ესაა საშუალო და დაბალ სეგმენტებში დასაქმებულთა ანაზღაურებაში მსყიდველუნარიანობის ფაქტობრივი სტაგნირება, რაზეც დამატებით გავლენა იქონია მუშახელის თანამედროვე ტექნოლოგიებით ჩანაცვლებამ, საზოგადოების სხვადასხვა ფენების შემოსავლებსა და დანაზოგებს შორის დისბალანსში მკვეთრმა მატებამ.

ტოქსიკურ ეკონომიკურ და სოციალურ ფონს უსწორო პოლიტიკური პროცესიც დაემატა, როდესაც ხელშესახები შედეგის მისაღწევად განმსაზღვრელი გახდა საფინანსო, გავლენისა და ე.წ. სხვა „სტატუსური“ ჯგუფების მხარდაჭერა.

შედეგად, სოციუმში დაისადგურა ინსტიტუტებისადმი უნდობლობამ, რამაც ჯაჭვურ რეაქციად მართვის სისტემების ქმედითუნარიანობის უფრო მეტად დაქვეითება განაპირობა. ამის გამოსასწორებლად, შესაძლებელია, ვივარადუდოთ სახელმწიფოს როლის გადაფასება და რევიზია, მისი ეკონომიკური და სოციალური პროცესებისაკენ მობრუნება და მათში აქტიური ჩართვა.

სიღრმისეულ გაანალიზებას მოითხოვს თანმიმდევრული და გეგმაზომიერი განვითარების მისაღწევად ისეთი საშუალებების გამოყენება, რაც დღემდე შეუთავსებლად და არაპოპულარულად მიიჩნეოდა „კლასიკური“ საბაზრო ეკონომიკის გადმოსახედიდან

ბუნებრივია, ასეთი რევიზიის დროს დაუშვებელია ე.წ. „დიდი მთავრობის“ რეცეპტის მოწონება ან საბაზრო ეკონომიკის ძირეული პრინციპების უგულვებელყოფა, არამედ ყველაზე სწორი და სასურველი იქნება სახელმწიფო ინსტიტუტების უკეთ პოზიციონირება, ახალი ბალანსის პოვნა, თანაბარი შესაძლებლობის მქონე საზოგადოებისა და ინკლუზიური განვითარების რეალურ ხელშესაწყობად.

ასეთი მიდგომის აუცილებლობაზე ჯერ კიდევ 2008 წლის კრიზისის პერიოდში საუბრობდნენ, როდესაც გადამწყვეტი როლი შეიძინა სახელმწიფოს მხრიდან საბანკო-საფინანსო სექტორში მყისიერმა და მასშტაბურმა ინტერვენციამ და რომლის გარეშე გლობალური საკრედიტო და საანგარიშსწორებო სისტემის კოლაფსი გარდაუვალი იყო.

თუმცა, კრიზისის გადაგორებისას ძირეულ სისტემურ ცვლილებებზე საუბარი მინელდა, ხოლო მოგვიანებით სტატუს-ქვო პრაქტიკულად აღდგა. ახლა მორიგი მცდელობის ჯერია და მისი გამოუყენებლობა, ვფიქრობ, მომავალში კიდევ უფრო ძვირი დაგვიჯდება.

ამავე დღის წესრიგის ჭრილში დავძენთ, რომ სიღრმისეულ გაანალიზებას მოითხოვს თანმიმდევრული და გეგმაზომიერი განვითარების მისაღწევად ისეთი საშუალებების გამოყენება, რაც დღემდე შეუთავსებლად და არაპოპულარულად მიიჩნეოდა „კლასიკური“ საბაზრო ეკონომიკის გადმოსახედიდან.

მიმაჩნია, რომ პოსტ-პანდემიური სამყაროს ერთ-ერთი ნიშან-თვისებაა იყოს მეტ სოციალურ სოლიდარობაზე, საზოგადოებრივი აქტორების ურთიერთკომპლემენტაციაზე, საბაზრო ეკონომიკის გაჯანსაღებულ საფუძვლებზე აღმოცენებული, გნებავთ, უფრო გაადამიანურებული სტრუქტურა, რომლის პარალელი დღესდღეობით ე.წ. „საყოველთაო კეთილდღეობის“ ეკონომიკური ფორმაციის მქონე რამდენიმე ქვეყანაში ჯერ კიდევ იძებნება

ასეთ საშუალებათა ჩამონათვალი, ალბათ, ბევრად ვრცელია ვიდრე ამ ინტერვიუშია აღნიშნული, მაგრამ, თვალსაჩინოების მიზნით, აქ მხოლოდ რამდენიმეს დავასახელებ, კერძოდ - სახელმწიფოს მხრიდან ფაქტობრივი და არა მოჩვენებითი რეგულირება გრძლევადიანი ეკონომიკური განვითარებისათვის, განსაკუთრებით, ბუნებრივი რესურსების განკარგვის გამჭვირვალე პრინციპების დასანერგად, ლოჯისტიკური და მომარაგების სისტემების ეროვნული ეკონომიკის მოთხოვნებთან უკეთ მისასადაგებლად, ფისკალური და მონეტარულ პოლიტიკის ეფექტიანი კონტროლისათვის.

უკანასკნელს რაც შეეხება, ობიექტური გარემოებების პირობით და კონკრეტული დროის ინტერვალის შეზღუდვით, ალბათ, სასურველია ინფლაციისა და სახელმწიფო ვალის საკითხში მეტი მოქნილობა, ისევე როგორც დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის უფლებებისა და ვალდებულებების გადააზრება კრიზისულ რეალობასთან ადაპტაციის მიზნით.

დამატებით აუცილებლობად ვთვლი კრიზისის შემთხვევაში ქვეყნის ე.წ. „ომისდროინდელი ეკონომიკის“ საფუძვლებზე გადასაწყობად პროტოკოლის შემუშავებას.

ერთი სიტყვით, მიმაჩნია, რომ პოსტ-პანდემიური სამყაროს ერთ-ერთი ნიშან-თვისებაა იყოს მეტ სოციალურ სოლიდარობაზე, საზოგადოებრივი აქტორების ურთიერთკომპლემენტაციაზე, საბაზრო ეკონომიკის გაჯანსაღებულ საფუძვლებზე აღმოცენებული, გნებავთ, უფრო გაადამიანურებული სტრუქტურა, რომლის პარალელი დღესდღეობით ე.წ. „საყოველთაო კეთილდღეობის“ ეკონომიკური ფორმაციის მქონე რამდენიმე ქვეყანაში ჯერ კიდევ იძებნება.

გაცილებით უფრო თამამია მოლოდინი იმისა, რომ მოხდება თამაშის წესების რაციონალიზაცია და პოსტ-კორონავირუსული სისტემაც საერთაშორისო ურთიერთობების წინამორბედებისგან არსებითად გასხვავებული იქნება. ამაზე საუბარი დღეს უკვე თამამად შეიძლება

რა თქმა უნდა, ამ წუთისათვის რაიმეს გადაჭრით მტკიცება რთულია და აქ ე.წ. შიდასახელმწოფოებრივი განვითარების შესაძლო ტრენდებზე მოსაზრებები მხოლოდ წინარე დაკვირვებებზეა დამყარებული.

ამასთანავე, გლობალურ და რეგიონალურ პოლიტიკაზე საუბრისას კი, გაცილებით უფრო თამამია მოლოდინი იმისა, რომ მოხდება თამაშის წესების რაციონალიზაცია და პოსტ-კორონავირისული სისტემაც საერთაშორისო ურთიერთობების წინამორბედებისგან არსებითად გასხვავებული იქნება. ამაზე საუბარი დღეს უკვე თამამად შეიძლება.

„ლიდერშიფის“ მხრიდან უმოქმედობამ ან მწვავე პრობლემებზე წაყრუებამ რადიკალურ პარტიებსა და გაერთიანებებს მათთვის საჭირო ელექტორალური დივიდენდი შესძინა და მასების გაუთვიცნობიერებული და ზედაპირული არჩევანის ხარჯზე ძალაუფლება მოაპოვებინა. არსებობს კი ასეთი საფრთხე ამჯერადაც განვითარებული პანდემიური კრიზისის საფეხურების კვალდაკვალ? ვფიქრობ, რომ საფრთხე არსებობს და იგი რეალურია

- რაზეც თქვენ საუბრობთ, დღემდე ცნობილი და აღიარებული პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური მოდელების სრულად ჩანაცვლებას თუ არა, ძირეულ ტრანსფორმაციას მოითხოვს.

აგრეთვე, გასათვალისწინებელია ამ „რევოლუციური გარდაქმნის“ გრძელვადიანი შედეგები. არის კი დღესდღეობით საამისოდ მზაობა? შესაძლებელია რეალურად ასეთი მასშტაბური ჩანაფიქრების განხორციელება?

რამდენად მოსალოდნელია დამკვიდრებული პოლიტიკური ელიტების მხრიდან ცვლილებისადმი მძაფრი წინააღმდეგობა და, გნებავთ, მათი საბოტირება?

- ცხადია, რომ ყველა დიდი ცვლილების განსახორციელებლად საკმარისი პოლიტიკური ნებაა აუცილებელი. იმას თუ შემეკითხებით, თუ რამდენად არსებობს ასეთი ნება, შემხვედრ შეკითხვას დავსვამ - არის კი სხვა ალტერნატივა დროში სწრაფი, მობილური, რაციონალური და შედეგზე ორიენტირებული მოქმედების?

მით უფრო, როგორც მიმდინარე კრიზისის პირობებში, ისე პოსტ-კრიზისული სამყაროს პრიზმაში, სადაც ადექვატურ გადაწყვეტილებების მიღებასა და მათ რეალიზებაში ნებისმიერი შეყოვნება მომავალში მძიმე შედეგებით დაგვიბრუნდება. ეს არსებული პოლიტიკური ისტებლიშმენტის, გნებავთ, ზოგადი მასტიმულირებელი ფაქტორია.

არის კიდევ სხვა სტიმული, გნებავთ, იძულებითი ხასიათის ფაქტორი, რამაც ელიტები რეალური ცვლილებებისაკენ უნდა დაძრას. მას კონკრეტული ფორმა და შინაარსი აქვს და ესაა არაერთ ქვეყანაში, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნების ჩათვლით, ძალამოკრებილი პოპულიზმი და, ზოგან, პოლიტიკური ექსტრემიზმიც.

ყველას კარგად უნდა ახსოვდეს წარსულის მაგალითები, როდესაც „ლიდერშიფის“ მხრიდან უმოქმედობამ ან მწვავე პრობლემებზე წაყრუებამ რადიკალურ პარტიებსა და გაერთიანებებს მათთვის საჭირო ელექტორალური დივიდენდი შესძინა და მასების გაუთვითცნობიერებული და ზედაპირული არჩევანის ხარჯზე ძალაუფლება მოაპოვებინა. არსებობს კი ასეთი საფრთხე ამჯერადაც განვითარებული პანდემიური კრიზისის საფეხურების კვალდაკვალ? ვფიქრობს, რომ საფრთხე არსებობს და იგი რეალურია.

რაც უფრო მეტად გახანგრძლივდება პანდემიით გამოწვეული პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი, მით უფრო დაუნდობელი იქნება დაპირისპირება, ერთი მხრივ, დამკვიდრებულ პოლიტიკურ ელიტებსა და, მეორე მხრივ, მოკლევადიან შედეგზე ორიენტირებულ პოპულისტურ ძალებს შორის

მის აღსაკვეთად კი მწყობრი და გააზრებული სამოქმედო გეგმის არარსებობის შემთხვევაში რჩება ერთადერთი, მეტწილად თეორიული შანსი მისი განეიტრალებისა.

კერძოდ, საქმე ისაა, რომ პოპულისტური ძალები თავს მაშინ გრძნობენ გაცილებით დამაჯერებლად, როდესაც ადგილი აქვს საგარეო აგრესიას ან გარედან სახელმწიფო ინტერესების ნებისმიერ სხვა ხელყოფას. ასეთ დროს, ისინი უფრო იოლად ახდენენ ეროვნული გრძნობებით მანიპულირებას და საკუთარი პოპულისტური მიზნების მისაღწევად მიმართვას.

მართალია, კორონავირისული პანდემია არსებითად არც ომია და გარედან მოხვეული კონფლიქტი, თავისი მნიშვნელობით ის პრაქტიკულად უტოლდება ომის მდგომარეობას და მისგან გამომდინარე შედეგებს. ამან კი შეიძლება გარკვეული უპირატესობა მიანიჭოს პოლიტიკურ რადიკალიზმს და მართვის სათავეებისაკენ მიმავალი გზა გაუკაფოს.

მიმაჩნია, რომ რაც უფრო მეტად გახანგრძლივდება პანდემიით გამოწვეული პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი, მით უფრო დაუნდობელი იქნება დაპირისპირება, ერთი მხრივ, დამკვიდრებულ პოლიტიკურ ელიტებსა და, მეორე მხრივ, მოკლევადიან შედეგზე ორიენტირებულ პოპულისტურ ძალებს შორის.

საერთაშორისო ურთიერთობებში უნდა ველოდოთ როგორც პირველი, ისე მეორე რიგის აქტორებისგან მათ გადაწყვეტილებებსა და მოქმედებებში პრაგმატიზმზე შეუნიღბავ აქცენტირებას

მეტიც, ეს დაპირისპირება მხოლოდ ამ ორი ბანაკით როდი შემოიფარგლება და იოლი მოსალოდნელია - ვიტყოდი, მისასალმებელიცაა - პოლიტიკურად რეალიზმისა ტექნოკრატიული რაციონალიზმის ჯგუფების ასპარეზზე გამოჩენა.

ეს ისაა, რაც აკლია თანამედროვე მსოფლიოს და რაც ესოდენ აუცილებელია ეროვნულ-სახელმწიფოებრივი განვითარებისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლების საქმეში.

- ალბათ, შეუძლებელია საგანგებოდ არ ითქვას პანდემიის საერთაშორისო კონტექსტზე. როგორია თქვენი შეფასება და მოლოდინი ამ თვალსაზრისით? რამდენად განჭვრეტადია მომავალი მსოფლიო წესრიგის კონტურები და რა უნდა გაითვალისწინოს ამ მხრივ ჩვენმა ქვეყანამ?

- მადლობა ამ საინტერესო და საჭირბოროტო შეკითხვისათვის. მართალს ბრძანებთ, ჩვენთვის საყურადღებოა პანდემიის არა მხოლოდ შიდასახელმწიფოებრივი, არამედ გლობალური დღის წესრიგიც, ისევე როგორც სასურველია, რაც შეიძლება ადრეულ ეტაპზე მისი პროგნოზირება და მისთვის მზადება.

ამ თემას წინა საჯარო გამოსვლებში რამდენჯერმე შევეხე და თქვენთან საუბრისას რამდენიმე პრინციპულ ასპექტს მოვუყრი თავს. განვმეორდები, რომ საერთაშორისო ურთიერთობებში უნდა ველოდოთ როგორც პირველი, ისე მეორე რიგის აქტორებისგან მათ გადაწყვეტილებებსა და მოქმედებებში პრაგმატიზმზე შეუნიღბავ აქცენტირებას.

საქართველოსათვის ორმაგ დატვირთვას იძენს კონკრეტულად, თუ რომელი პოლიტიკური თუ კულტურული ცივილიზაცია მოექცევა პოსტ-პანდემიური სამყაროს „პირველ რიგში“

ვფიქრობ, „ცივი ომის“ შემდგომი პერიოდისათვის დამახასიათებელი ერთგვარი რომანტიზმი, გნებავთ, მოჩვენებითი რომანტიზმი, წარსულს საბოლოოდ ჩაბარდა. ამდენად, გლობალური ძალების საპირწონეში ხელახლა გადანაწილებას და ახლებურად გადანაწილებულ კონფიგურაციაში ურთიერთობების განსხვავებული წესების ამოქმედებას მომზადებული უნდა დავხვდეთ.

მართალია, მე პირადად არ ვიჩქარებ დასკვნებით ლიბერალური წესრიგის დასასრულზე, მაგრამ აუცილებლად შევნიშნავ, რომ საერთაშოროს ურთიერთობათა მთავარი მონაწილეები, სახელმწიფოების სახით, გაცილებით მეტ ეგოიზმს გამოიჩენენ საკუთარი ინტერესების ადვოკატირებისას და ნაკლებად დააფასებენ ან გაითვალისწინებენ სხვათა ინტერესებს.

ეს ჩვენი ქვეყნისათვის მეტად საყურადღებო განვითარებაა, რაც ჩვენივე ეროვნული „მოქმედების ფორმულის“ გადაწყობას მოითხოვს.

ამავე განვითარების ჭრილში, საქართველოსათვის ორმაგ დატვირთვას იძენს კონკრეტულად თუ რომელი პოლიტიკური თუ კულტურული ცივილიზაცია მოექცევა პოსტ-პანდემიური სამყაროს „პირველ რიგში“. ეს ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც ქვეყნის არჩევანი თანაბრად განმტკიცებულია როგორც საკონსტიტუციო დებულებებით, ასევე მისი ისტორიული წარსულით.

დიდი ევრაზიული არეალის ევროპულ ნაწილში გეოპოლიტიკური გავლენებისათვის ახალი ბრძოლის ახალი ფაზა გაჩაღდა და ეს ფაზა ისევ და ისევ კორონავირუსის პანდემიამ გახსნა

ნებისმიერი შედეგის მიუხედავად, ქვეყნის განწყობა და მზაობა უნდა იყოს საიმისოდ, რომ რაციონალიზმი, - ზოგჯერ, შესაძლოა, ვოლუნტარიზმიც - ახალი გლობალური წესრიგის დომინანტურ ფაქტორად იქცევა, რაც საერთაშორისო პოლიტიკაში იდეალიზმისა და, თუნდაც, „ფარდობითი რომანტიზმის“ არეალს მინიმუმადე შეზღუდავს.

რაც შეეხება რეალურ დროს, აქ ყურადღებას რამდენიმე კონკრეტულ გარემოებაზე მივაქცევდი. დავიწყოთ იმით, რომ დიდი ევრაზიული არეალის ევროპულ ნაწილში გეოპოლიტიკური გავლენებისათვის ახალი ბრძოლის ახალი ფაზა გაჩაღდა და ეს ფაზა ისევ და ისევ კორონავირუსის პანდემიამ გახსნა.

ამიტომაცაა, რომ ქართული „გეო“ ინტერესების გლობალურში უკეთ გატარებისათვის, აუცილებელია გადაუდებლად დავიწყოთ კონცენტრირებულად მზადება და თანმიმდევრული მუშაობა საკუთარი, თვითკმარი, კრიზისების პერიოდში რეზისტენციული ეკონომიკური მოდელის შესაქმნელად

გამორჩეული ფაზის მთავარმა მონაწილემ - ევროპაში „რბილი ძალის“ სტატუსის მაძიებელმა ჩინეთმა, საკუთარ საზღვრებში ვირუსის პირველი ტალღის „წარმატებულად“ მოგერიების შემდეგ, მან არსებითი ძალისხმევა ევროკავშირის ქვეყნების დახმარებისაკენ მიმართა. ამჯერად უკვე „ჯანდაცვის აბრეშუმის გზის“ განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ - ვაღიარებ, სრულიად ობიექტურად - იტალია მოექცა.

საგულისხმოა, ასევე, რომ დღემდე სწორედ იტალია არის ევროპული კავშირის ერთადერთი წევრი ქვეყანა, რომელიც „ერთი სარტყლის, ერთი გზის“ მეგაპროექტს ოფიციალურად შეუერთდა.

თუმცა, იტალია ერთადერთი ქვეყანა არ არის პეკინის ევროპულ რადარზე და ამ მომენტისათვის ჯანდაცვის „სარტყელი“ არაერთზე გადის დახმარების სხვადასხვა ინიციატივების სახით.

უფრო მეტიც, ჩინეთის ჰუმანიტარულმა ინტერვენციამ აშშ-ც მოიცვა და იგი გამოიხატება არა მარტო კერძო სექტორის დახმარებაში (კომპანია „ალიბაბას“ სახელით სამედიცინო აღჭურვილობის გაგზავნა), არამედ ოფიციალური პეკინის საჰაერო გადაზიდვებში სხვადასხვა შტატებისათვის.

რა თქმა უნდა, არნახული განსაცდელის ჟამს დახმარების ნებისმიერი აქტი მისასალმებელია. მაგრამ, ასეთ დროს აუცილებლად გასაანალიზებელია გრძელვადიანი შედეგები და გავლენა გეოპოლიტიკურ და ცივილიზაციურ ცენტრებს შორის ურთიერთობათა სახვალიო მოზაიკაზე.

ეს პროცესი ქართული მხრიდან რეალურ დროში დაკვირვებას და რეგულარულ ანალიზს თანაბრად მოითხოვს.

თქვენს შეკითხვას არაერთი სხვა საყურადღებო საკითხი უკავშირდება და, ბუნებრივია, ამ ფორმატში ყველას ვერ ჩავშლით. მაგრამ, - მიწოდება-მომარაგების გლობალურ ქსელზე - რამდენიმე სიტყვას აუცილებლად ვიტყვი.

საქმე ისაა, რომ ბოლო რამდენიმე ათწლეულში რამდენიმე მსხვილ ეკონომიკურ ცენტრს - გლობალურ ჰაბებს შორის გამორჩეულად მაღალი ხარისხის ურთიერთდამოკიდებულება და ურთიერთდაკავშირებულობა შეიქმნა.

„ეკონომიკური მშვიდობიანობის“ დროს, როდესაც გლობალური გარიგებები, მათ შორის, საწარმოო ციკლის მიზნებისათვის მომარაგება, შეუფერხებლად მიმდინარეობს, არსებული სისტემა კითხვებს არ წარმოშობს. მეტიც - სისტემა რიგი უპირატესობით ხასიათდება, სადაც ერთ-ერთი კონკრეტული ცენტრის (ჰაბის) გარკვეული ცოდნისა და სამუშაოს განხრით სპეციალიზაციაა.

მაგრამ, ეს ყველაფერი დროებით, მასშტაბური კრიზისის, საომარი მოქმედებები, ბუნებრივი კატაკლიზმი, პანდემია, სხვ. აფეთქებამდე. ასეთ დროს, ერთ რომელიმე ეკონომიკურ ჰაბში შექმნილი სირთულე გადის ჰაბის საზღვრებს გარეთ და ჩვენს მიერ ხსენებული ურთიერთდაკავშირებული არხების გავლით სხვა ჰაბებში აღწევს. შედეგად, გლობალურად ურთიერთდამოკიდებული სისტემის გამო ვიღებთ გაცილებით რთულ და მასშტაბურ, ე.წ. სისტემურ ეკონომიკურ კრიზისს.

აღწერილი მოდელის თანმდევი რისკი ისიცაა, რომ იოლად შესაძლებელია რომელიმე პოლიტიკურ-ეკონომიკური ცენტრის მიერ მიწოდება-მომარაგების გლობალური სისტემისადმი არაკეთილსინდისიერება, მისი ე.წ. „მილიტარიზაცია“ (“weaponization”), ანუ სისტემის გამოყენება საკუთარი ნებისმიერი ინტერესის ლობირების სასარგებლოდ სხვათა მართლზომიერი და ეკონომიკურად გამართლებული ინტერესების საზიანოდ.

სავარაუდოა, რომ მიწოდება-მომარაგების მოდელის ხარვეზები განაპირობებს მის გადახედვას. შემთხევითი არ არის, რომ უკვე ისმის მოწოდება ცაკლე აღებული მეგაბაზრის ან ჰაბის ფარგლებში შეუფერხებელი წარმოებისათვის აუცილებელი სრულფასოვანი ციკლის შესაქმნელად, რაც მინიმუმამდე დაიყვანს გარე ჰაბების მხრიდან პროვოცირებულ შოკებზე დამოკიდებულებას.

ამდენად, „კორონავირუსის გეოპოლიტიკას“ ახლა უკვე „კორონავირუსის გეოეკონიმიკა“ ემატება და პრობლემურ სურათს ავსებს.

ამიტომაცაა, რომ ქართული „გეო“ ინტერესების გლობალურში უკეთ გატარებისათვის, აუცილებელია გადაუდებლად დავიწყოთ კონცენტრირებულად მზადება და თანმიმდევრული მუშაობა საკუთარი, თვითკმარი, კრიზისების პერიოდში რეზისტენციული ეკონომიკური მოდელის შესაქმნელად.

ვირუსის გავრცელებასთან ბრძოლა არაერთ ქვეყანასა თუ ლიდერს უბიძგებს ისეთი ნაბიჯებისაკენ, რაზეც პანდემიამდე ზოგიერთისათვის გაფიქრებაც კი უხერხული იქნებოდა

ამით უნდა მოგვეცეს შესაძლებლობა გარე შოკების მინიმიზაციისა როგორც ჩვენზე მათი უარყოფითი სუბსტანციური შედეგის, ისე დროში ზემოქმედების თვალსაზრისით.

- ამ საუბრიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ წინ გასავლელი გზა თან საინტერესო და თანაც გამოუცნობია და მრავალ სისტემურ საკითხზეა პასუხი მისაგნები და მისაღები.

ისიც ფაქტია , რომ ამ გზის დასაძლევად აუცილებელია ყველა ინტელექტუალური და მატერიალური რესურსის მობილიზება, წარსულის გადაფასება და მომავლის სწორად შეფასება...

- აბსოლუტურად ვიზიარებ თქვენს ნათქვამს. პანდემიასთან დაკავშირებული პრობლემური საკითხები მრავალფეროვანი და მრავალწახნაგიანია. რაც მთავარია, თითოეულ მათგანი სათანადო შესწავლასა და რეაგირებას მოითხოვს, ხოლო მათი დაყოფა მსხვილმან-წვრილმან ჯგუფებად დაუშვებელია.

ვირუსის გავრცელებასთან ბრძოლა არაერთ ქვეყანასა თუ ლიდერს უბიძგებს ისეთი ნაბიჯებისაკენ, რაზეც პანდემიამდე ზოგიერთისათვის გაფიქრებაც კი უხერხული იქნებოდა.

უკვე შემაშფოთებელია, რომ რამდენიმე ქვეყანამ უკიდურესად ვრცლად განმარტა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმიც, რაც უწინარესად ფართო დისკრეციულ უფლებამოსილებებს უკავშირდება აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან

ასე მაგალითად, ვირუსის დამარცხების მიზნისათვის სად გადის ის ერთობ უხილავი, მაგრამ დასაშვები გამყოფი ზღვარი, ერთი მხრივ, პირად სივრცეში ელექტრონული ზედამხედველობის ინვაზიურ ხერხებსა და, მეორე მხრივ, პერსონალურ მონაცემთა დაცვას შორის?

როგორ უნდა მოხერხდეს პრაქტიკაში ამ ორს შორის სწორი ბალანსი?

უკვე შემაშფოთებელია, რომ რამდენიმე ქვეყანამ უკიდურესად ვრცლად განმარტა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმიც, რაც უწინარესად ფართო დისკრეციულ უფლებამოსილებებს უკავშირდება აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან.

რამდენიმე კარგად ნაცნობი ქვეყნის პროპაგანდისტული მანქანა აღვივებს - რომ თითქოსდა ღია და თავისუფალი საზოგადოება მარცხდება ავტორიტარულთან დაპირისპირებაში და რომ სწორედ ავტორიტარიზმს შეუძლია ადამიანის საბაზისო - უსაფრთხოების უფლების რეალურად უზრუნველყოფა

რამდენიმე კონკრეტულ ფაქტს დავასახელებ. უნგრეთი დეკრეტების მეშვეობით პირდაპირი მართვის სისტემაზე გადავიდა, რაც წარმომადგენლობითი ორგანოს მონაწილეობას ფაქტობრივად გამორიცხავს.

ისრაელმა სასამართლო სისტემის მუშაობა დროებით შეაჩერა. ჩილემ პრაქტიკულად გააუქმა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტმა უვადო დაკავებაზე საკანონმდებლო ინიციტივით მიმართა კონგრესს. მართალია, მოგვიანებით კონგრესმა ეს ინიციატივა ჩააგდო და სხვა.

ზოგადად, პანდემიამ დიდი გამოცდა მოუწყო დასავლურ დემოკრატიას. იქმნება შთაბეჭდილება - რასაც ასევე ოსტატურად რამდენიმე კარგად ნაცნობი ქვეყნის პროპაგანდისტული მანქანა აღვივებს - რომ თითქოსდა ღია და თავისუფალი საზოგადოება მარცხდება ავტორიტარულთან დაპირისპირებაში და რომ სწორედ ავტორიტარიზმს შეუძლია ადამიანის საბაზისო - უსაფრთხოების უფლების რეალურად უზრუნველყოფა.

ამ ისტორიულ მონაკვეთს რაციონალურად სწორი, „დინჯად აჩქარებული“ და პრაგმატულად საჩვენო განვითარება სჭირდება, რათა მომავალ გამოწვევებს შეძლებისდაგვარად მომზადებულნი დავხვდეთ

იმედია, რომ ასეთი „დასკვნები“ გლობალური შოკით გამოწვეული დროებითი მოვლენაა და ყველა მწვავე და აქტუალურ საკითხს პასუხი მალე გაეცემა.

საკუთარ თავს აუცილებლად უნდა შევახსენოთ, რომ ყოველი კრიზისი კონკრეტულ ისტორიულ მოცემულობაში ადამიანთა ცხოვრებისა და ორგანიზებულობისათვის ერთგვარი გამოსაცდელი ტესტია.

კორონავირუსის პანდემიაც კაცობრიობის ერთი უზარმაზარი გამოცდაა არა მარტო მისი ბიოლოგიური თუ ფიზიოლოგიური იმუნიტეტისა, არამედ ყოველი ჩვენგანის თანგრძნობის და თანადგომის უნარისა.

ალბათ, შექმნილ რეალობაში ეს უმთავრესი გამოსავლენი თვისებაა. ხოლო, რაც შეეხება პოსტ-პანდემიურ მსოფლიოს, ამ მომენტისათვის მხოლოდ მის მკრთალ ფორმებზეა საუბარი შესაძლებელი, მით უფრო რომ ახლა მთავარია საკუთრივ პანდემიის დამარცხება.

საქართველო, ისევე როგორც მთელი კაცობრიობა, დღეს ამ ბრძოლის მოწინავე ხაზზეა და არც თუ წარუმატებლად. ჩვენთვის, როგორც მცირერიცხოვანი ქვეყნისათვის, ამ ბრძოლას რამდენიმე დანიშნულება აქვს - მოვიგერიოთ ვირუსი, განვავითაროთ საჯარო ინსტიტუტები, სრულვყოთ საზოგადოებრივი მზაობა საერთო ეროვნული ამოცანების გადასაჭრელად, დავმკიდრდეთ მომავალ გლობალურ კონფიგურაციაში უნარიან, თანამედროვე სახელმწიფოდ, შევუნარჩუნოთ საკუთარ თავს და მსოფლიოსაც ის უნიკალური კულტურული და ეთნიკური იდენტობა, რაც ასე გამოგვარჩევს და საინტერესოს გვხდის.

ამჟამინდელი გამოწვევა, რომელიც ადრე თუ გვიან დაიძლევა, სასარგებლო განსჯის, დასკვნებისა და მოქმედების ალგორითმის შესაძლებლობას იძლევა. ამ ისტორიულ მონაკვეთს რაციონალურად სწორი, „დინჯად აჩქარებული“ და პრაგმატულად საჩვენო განვითარება სჭირდება, რათა მომავალ გამოწვევებს შეძლებისდაგვარად მომზადებულნი დავხვდეთ.

ინტერპრესნიუსი

კობა ბენდელიანი

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს