ქართული პრესის მიმოხილვა 04.05.2020

გია ხუხაშვილი - "ხელისუფლება ძალიან ყურადღებით უნდა იყოს, თორემ ერთ დღესაც შეიძლება დაუმორჩილებლობის ზვავი მოწყდეს"

პიკი გადავლილია - მოიხსნება თუ არა ვადაზე ადრე ეპიდემიის გამო მოქმედი შეზღუდვები

“არ აქვს მნიშვნელობს ვირუსი “გაიპარა” თუ მიზანმიმართულად “გამოშვებულია” - ეს ბიოლოგიური ტერორიზმია!"

* * *

გია ხუხაშვილი - "ხელისუფლება ძალიან ყურადღებით უნდა იყოს, თორემ ერთ დღესაც შეიძლება დაუმორჩილებლობის ზვავი მოწყდეს"

“სისტემურად ქვეყნის გახსნის დაწყებას ივნისში უნდა ველოდოთ, თუმცა ზუსტად რამის თქმა ძნელია. ვფიქრობ, ზოგი აკრძალვა შეიძლება მანამდეც მოიხსნას, მაგრამ პროცესების სისტემურად აღდგენა ივნისამდე ვერ დაიწყება, ყველაფრის სრულად ამუშავებას კი, ალბათ, კიდევ რამდენიმე თვე დასჭირდება. რაც შეეხება იმას, როგორი იქნება პოსტკორონავირუსული პერიოდი, ამ ე.წ. ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით ეს ძალიან ბუნდოვანია. საქმე ის არის, რომ ჩემი აზრით, რაც ჩვენ მთავრობისგან მოვისმინეთ, ვერაფრით ჩაითვლება ეკონომიკის სტიმულირების გეგმად”, - აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით როდის “გაიხსნება” საქართველო?! / ხელისუფლება ძალიან ყურადღებით უნდა იყოს, თორემ ერთ დღესაც შეიძლება დაუმორჩილებლობის ზვავი მოწყდეს. რაც ბოლნისში მოხდა, ძალიან ცუდი იყო, მაგრამ - დამაფიქრებელიც / ჯერ გიორგი გახარიამ გამართა პრეზენტაცია, მერე - ნათია თურნავამ. დიდი ყურადღებით მოვუსმინე ორივეს და მიმაჩნია, რომ მათ რეალურად არც ერთი ანტიკრიზისული იდეა არ წარმოუდგენიათ.

“ხელისუფლებამ წარმოადგინა სოციალური ნაწილი, რომელზეც არ შევჩერდები. რაც შეეხება ეკონომიკურ მიმართულებას... ჯერ გიორგი გახარიამ გამართა პრეზენტაცია, მერე - ნათია თურნავამ. დიდი ყურადღებით მოვუსმინე ორივეს და მიმაჩნია, რომ მათ რეალურად არც ერთი ანტიკრიზისული იდეა არ წარმოუდგენიათ. ფაქტობრივად, რაზეც გველაპარაკნენ, არის კარგად დავიწყებული ძველი, ანუ მტვერი გადაწმინდეს უკვე გაცხადებულ ინიციატივებს და წარმოგვიდგინეს, როგორც ანტიკრიზისული. ვგულისხმობ თუნდაც დღგ-ის დაბრუნებას, რაც იყო ბახტაძის პრემიერობის დროსაც. მეორე, რაზეც გველაპარაკებიან, ისევ და ისევ არის ტურიზმთან დაკავშირებული გეგმები, რაც, ახლანდელი ვითარების გათვალისწინებით, წყალში გადაყრილი ფული იქნება, რადგან ტურიზმის პერსპექტივა 2022 წლამდე მაინც ძალიან ბუნდოვანია. კაცობრიობამ მიიღო სერიოზული სოციალური სტრესი და ამ სტრესის ფონზე საერთაშორისო ტურიზმის მასშტაბი, ალბათ, განახევრდება. მეორე მიზეზი კი არის ის, რა დღეშიც აღმოჩნდა ტურისტული ნაკადის ძირითადი ნაწილი - საშუალო ფენა, რომელმაც შინ ჯდომისას ტურიზმისთვის განკუთვნილი რეზერვი უკვე დახარჯა. ვფიქრობ, რომ მომავალი წელი იქნება წელი შვებულებების გარეშე. ასე რომ, ტურიზმზე ყურადღების გამახვილება, რაღაც გაიდლაინებსა და პირბადიან ტურიზმზე ლაპარაკი საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრა და პროპაგანდაა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

“მოკლედ, ის, რაზეც ხელისუფლება გველაპარაკება, არ არის ეკონომიკის აღორძინების გეგმა. ვფიქრობ, ამ რესურსების დახარჯვა უფრო ეფექტიანად შეიძლებოდა... რა არის დღეს საშუალო და წვრილი ბიზნესის რესტარტის მთავარი პრობლემა? ის, რომ ეს სეგმენტი, ძირითადად, მუშაობს კრედიტებით, დღეს კი, როცა გაჩერებული არიან, საბანკო პროცენტი მაინც ერიცხებათ. ამასთანავე, შექმნილი ფორსმაჟორის გამო ბევრმა გადასახადები ვერ გადაიხადა და ამ გადასახადებთან ერთად მათ უგროვდებათ სახელმწიფოს ვალი ჯარიმა-საურავების სახით. აი, ასეთია ვითარება და როდესაც რესტარტის დრო დადგება, საბანკო კრედიტების მომსახურებისა და ჯარიმა-საურავების ტვირთი შეიძლება ისეთი მძიმე აღმოჩნდეს, რომ ისინი სულაც გაკოტრდნენ. ხელისუფლებას თუ სურდა, ეკონომიკას დახმარებოდა, ბანკებთან ერთობლივი მუშაობით სწორედ წვრილი და საშუალო ბიზნესისთვის უნდა შეემსუბუქებინა ეს ტვირთი. ისიც საკითხავია, ფორსმაჟორისას სამართლებრივად სწორია თუ არა საგადასახადო დავალიანების დაგროვება ადამიანისთვის, რომელსაც საქმიანობა თავისი ნებით არ შეუწყვეტია! ვფიქრობ, მათ შეუძლიათ, სასამართლოშიც იბრძოლონ და სახელმწიფო გადასახადების გადახდა შეაჩერონ, მაგრამ სახელმწიფომ საქმე აქამდე არ უნდა მიიყვანოს”, - მიიჩნევს ექსპერტი.

“სახელმწიფო ბიზნესის მიმართ სოლიდარული უნდა იყოს და ბანკებთან ერთად შეძლოს კონტრპროექტის განხორციელება. მხოლოდ ვალების გადავადებაზე კი არ უნდა იყოს ლაპარაკი, არამედ კრიზისის პერიოდში გარკვეული ტიპის გადასახადებზე არდადეგები უნდა გამოცხადდეს. გარდა ამისა, როცა რესტარტის დრო დადგება, კომპანიებს მუშაობის განახლებისთვის აუცილებლად დასჭირდებათ საწყისი კაპიტალი, რომელიც მათ უნდა მიიღონ შეღავათიანი პირობებით, ანუ ე.წ. იაფი ფულის სახით იმ პირობით, რომ შეინარჩუნებენ სამუშაო ადგილებს. ასეთი გეგმა, თანაც - ზუსტი სეგმენტების გამოყოფით, ხელისუფლებას უკვე შემუშავებული უნდა ჰქონდეს. ჩემი აზრით, ეს ღონისძიებები შეეხება მხოლოდ საშუალო და წვრილ ბიზნესს და არამც და არამც - დიდ კომპანიებს, რომელთაც აქვთ საკმარისი რესურსები, რომ საკუთარი პრობლემები თვითონ მოაგვარონ. გარდა ამისა, მიმაჩნია, რომ ხელისუფლებას უკვე უნდა წარმოედგინა კრიზისულ სიტუაციებში ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების გეგმაც. ჩვენ მხოლოდ ეკონომიკის რესტარტის პრობლემა კი არ გვაქვს, არამედ უკვე ცხადად ჩანს, რომ იმ ტიპის ეკონომიკა, როგორიც კრიზისამდე გვქონდა (როდესაც დამოკიდებული ვიყავით ტურიზმზე, მომსახურების სფეროზე და ა.შ.) ვეღარ გვექნება”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“იმისთვის, რომ მომავალი კრიზისული სიტუაციებისთვის მოვემზადოთ, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკური უსაფრთხოება, ანუ საწარმოო სექტორის განვითარება, რითაც გადავწყვეტთ ორ მნიშვნელოვან პრობლემას. პირველი - ქვეყანაში შეიქმნება მეტ-ნაკლებად თვითკმარი სისტემა და მეორე - გადაწყდება დასაქმების პრობლემა. სტაბილური დასაქმება მხოლოდ საწარმოო, ინდუსტრიულ სეგმენტშია შესაძლებელი, რომლის განვითარების გეგმაა დასაწერი. ამასთან, ეს უნდა მოხდეს კრიტიკული სამომხმარებლო კალათის მიხედვით, ანუ უპირველესად უნდა განისაზღვროს აუცილებელი მოხმარების საგნები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში უნდა იწარმოებოდეს, რათა მომავალი კრიზისების დროს დაუძლეველი პრობლემების წინაშე არ აღმოვჩნდეთ. ამ ყველაფერზე ხელისუფლება დღეს უნდა ლაპარაკობდეს, თუ მას სურს წარმართოს რეალური ეკონომიკური პროცესი, მაგრამ მეჩვენება, რომ ხელისუფლება არაფრის შეცვლას არ აპირებს. ისინი ფიქრობენ მხოლოდ არჩევნებზე და მათი ძალისხმევაც აქეთ არის მიმართული. სოციალური პაკეტიც ემსახურება პოლიტიკურ ამოცანას, ანუ ირიბად ამომრჩევლის მოსყიდვას”, - დაასკვნის გია ხუხაშვილი.

“ისინი კვლავაც ლაპარაკობენ პროექტზე “აწარმოე საქართველოში”, რომელიც უკვე რამდენიმე წელია, მუშაობს, მაგრამ ამან ქვეყნის ეკონომიკური ცხოვრება ვერ შეცვალა, მისი ეფექტი თითქმის შეუმჩნეველია, სხვა სიახლე კი ხელისუფლების განცხადებებში არ ჩანს. ლოზუნგებით გველაპარაკებიან და ამ ლოზუნგებს გეგმები არ მოჰყვება, მეტიც - სრულიად საპირისპიროდ იქცევიან. მაგალითისთვის გაგახსენებთ ქათმის იმპორტზე დაწესებული იმ შეზღუდვის მოხსნას, რომელიც წყლის შემცველობის სტანდარტს ემყარებოდა. მოხსნეს ეს შეზღუდვა, რითაც სტიმული მისცეს იმპორტს და პრობლემა შეუქმნეს ადგილობრივ წარმოებას. ამით ზარალდება არა მხოლოდ ადგილობრივი ბიზნესი, არამედ ვზარალდებით მომხმარებლებიც. ეს არის იმის კონკრეტული მაგალითი, როგორი არათანამიმდევრულია ხელისუფლება, როცა გველაპარაკება ადგილობრივი ბიზნესის პროტექციონისტულ პოლიტიკაზე, თუმცა საპირისპიროდ იქცევა. რატომ არის ხელისუფლება იმპორტიორის და არა ადგილობრივი მეწარმის მოკავშირე? იმიტომ, რომ იმპორტს სწრაფი ფული მოაქვს, ადგილობრივი წარმოების განვითარებას კი დრო სჭირდება. ხელისუფლება, რომელიც ორიენტირებულია ძალაუფლების შენარჩუნებასა და ნებისმიერი გზით ბიუჯეტის შევსებაზე, ყოველთვის იმპორტიორის ლობისტია”, - განმარტავს რესპონდენტი.

“ჩვენი პოლიტიკური ელიტა პოლიტიკურ პროცესს ყოველთვის რეიტინგებით ზომავს, რაც დიდი შეცდომაა, რადგან რეიტინგი, პოლიტიკური თვალსაზრისით, არასტაბილური პარამეტრია, რომელიც შეიძლება ერთ კვირაში დაემხოს. სტაბილურია მხოლოდ ავტორიტეტი. დღეს ხელისუფლება ფიქრობს, რომ საზოგადოების უდიდესი ნაწილი მის მიმართ ლოიალურად არის განწყობილი. მართლაც ასეა, რაც შემთხვევითი არ არის. დღეს თითქმის ყველა ქვეყანაში, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ხელისუფლების რეიტინგი გაზრდილია, მაგრამ ამის ახსნა იოლად შეიძლება - დღეს ადამიანები საკუთარ განწყობას შიშსა და მოლოდინზე აფუძნებენ. სიკვდილის შიში, რაც დღეს ამ პანდემიის გამო დომინირებს, ადამიანებს ლოიალურად განაწყობს მათ მიმართ, ვისზეც დამოკიდებულია პროცესის მართვა, ანუ ხელისუფლების მიმართ, მაგრამ როგორც კი სიკვდილის შიში უკან იხევს და წინ იწევს შიმშილის შიში, მაშინვე ჩნდება აგრესია, რომელიც შეიძლება ძალიან სახიფათო აღმოჩნდეს. ხელისუფლებას არ უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ დღევანდელი ვითარება, როცა საზოგადოება ყველა მათ გზავნილს ლოიალურად ხვდება, სამუდამოდ გაგრძელდება. ასე არ იქნება”, - თვლის ექსპერტი.

“საგანგებო მდგომარეობის გაუქმებიდან არჩევნებამდე 60 დღე უნდა გავიდეს და ეს 60 დღე შეიძლება სრულიად საკმარისი აღმოჩნდეს, რომ ხელისუფლებას ყველაფერი თავზე დაემხოს, თუ მან პოსტკრიზისული რეალური ღონისძიებები არ გაატარა. რაც შეეხება ოპოზიციას, მას აქვს ორი პრობლემა. პირველი ის, რომ დაიღალნენ შინ ყოფნით და უნდათ, რაღაც აკეთონ, თუმცა მათი ეს ნეგატიური ფაფხური არაფრის მომცემია. როცა ოპოზიციონერი ამირან გამყრელიძისა და პაატა იმნაძის კრიტიკას იწყებს, ეს საზოგადოების უკურეაქციას იწვევს. ვფიქრობ, დღეს ხალხს უფრო პოზიტიური გზავნილები სჭირდება. დღეს ოპოზიცია სპეციალისტებს ჭკუას კი არ უნდა ასწავლიდეს, ტესტირება როგორ ჩაატარონ ან როგორ მართონ პროცესი, არამედ უნდა ლაპარაკობდეს საკუთარ გეგმებზე, პოსტკრიზისული ვითარებიდან თავის დაღწევის მათეულ შეხედულებებზე. დღევანდელ ვითარებაში ხელისუფლების კრიტიკა არაფრის მომცემია. პოლიტიკაში სტრატეგიული მოთმინება უმნიშვნელოვანესია, ჩვენი პოლიტიკური ელიტა კი სულსწრაფია”, - დასძენს ხუხაშვილი.

“რაც შეეხება ბოლნისის ინციდენტს, უნდა გვესმოდეს, რომ შევდივართ ძალიან სახიფათო ფაზაში, როცა ხელისუფლებისადმი ლოიალობის ლიმიტი იწურება. შინ უსახსროდ გამოკეტილ ხალხში აშკარად გროვდება აგრესია, ხელისუფლება ძალიან ყურადღებით უნდა იყოს, თორემ ერთ დღესაც შეიძლება დაუმორჩილებლობის ზვავი მოწყდეს. რაც ბოლნისში მოხდა, ძალიან ცუდი იყო, მაგრამ - დამაფიქრებელიც. ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ამგვარი პროცესები სისტემურ საფრთხედ არ იქცეს”, აღნიშნავს გია ხუხაშვილი და შეკითხვაზე - “ბიძინა ივანიშვილი მთელი ამ კრიზისის განმავლობაში საზოგადოებასთან არ გამოჩენილა, თუ არ ჩავთვლით იმ შემოწირულობას, რაც მან კორონავირუსთან საბრძოლველად გაიღო და ამაზე მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის, მაგრამ რით შეიძლება აიხსნას მისი დუმილი? ვნახეთ მისი ვაჟის გავრცელებული სახალისო ვიდეოც, რასაც არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა”, - პასუხობს:

“ტიკ-ტოკის” ვიდეოზე დიდ ყურადღებას არ გავამახვილებდი, მაგრამ ალბათ, დრო იყო ცუდად შერჩეული, მით უფრო თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილი აბსოლუტური ძალაუფლების მქონედ აღიქმება და კრიზისის დროს დაზაფრული ხალხი მისგან სხვა რამეს ელოდება. სხვა საქმეა, რა მიმართულება აირჩია “ქართულმა ოცნებამ”, რაც, ჩემი აზრით, შემაშფოთებელია. ჩვენ ვნახეთ “ქართული ოცნების” უსტარი, რომლითაც დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა, ისე წარმოაჩინოს ვითარება, თითქოს ბიძინა ივანიშვილი აღარ არის ადამიანი, ის არის ზეადამიანი. მათ განცხადებებში რელიგიური მოტივებიც გაჩნდა - გვეუბნებიან, რომ ბიძინა ივანიშვილი ღმერთივით არსად და ყველგან არის. მოკლედ, საკრალიზაციის ტექნოლოგიას იყენებენ, რაც მეტისმეტად შემაშფოთებელია და სახიფათოა უპირველესად სწორედ ბიძინა ივანიშვილისთვის. იმედია, თვითონ ჯერ ისევ ესმის, რომ ჩვეულებრივი ადამიანი და მოკვდავია, თავისი ნაკლით და ღირსებით, მაგრამ თუ მასაც მოსწონს ეს “რელიგიური” პოლიტტექნოლოგია, ცუდად ყოფილა საქმე.

პიკი გადავლილია - მოიხსნება თუ არა ვადაზე ადრე ეპიდემიის გამო მოქმედი შეზღუდვები

“ქვეყნის მასშტაბით, ბოლო დღეებში ახალ კორონავირუსზე ტესტირებების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა, თუმცა, ამის ფონზე ვირუსის ძალიან დაბალი მაჩვენებელი გვაქვს. მაგალითად, 2 მაისს, ტესტირება 1300-ზე მეტ მოქალაქეს ჩაუტარდა, აქედან კოვიდ-19 მხოლოდ 16-ს აღმოაჩნდა. წინა დღეებში კი, როდესაც გაცილებით ნაკლები ტესტირება ტარდებოდა, მატება საშუალოდ 25-27 იყო, რაც, მედიკოსების ნაწილის შეფასებით, ნიშნავს იმას, რომ კორონავირუსის ეპიდემიის პიკი საქართველომ უკვე გადაიარა. თუმცა, მიუხედავად ინფიცირების ასეთი დაბალი მაჩვენებლისა, ინფექციონისტები მაინც ერთგვარ სიფრთხილეს იჩენენ ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვების დაგეგმილზე ადრე გაუქმების შესაძლებლობაზე საუბრისას”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით პიკი გადავლილია - მოიხსნება თუ არა ვადაზე ადრე ეპიდემიის გამო მოქმედი შეზღუდვები.

“მათი შეფასებით, უმჯობესია ჯერ ეპიდემიის დინამიკას დავაკვირდეთ და თუ კლების ტენდენცია გარკვეული პერიოდის განმავლობაში შენარჩუნდა, შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნაზე შემდეგ ვიფიქროთ. ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის თქმით, “გარკვეულწილად პიკი გადავიარეთ. ძალიან ნელა, უმტკივნეულოდ უნდა მოხდეს შეზღუდვების მოხსნა, რომ ისევ არ წამოვიდეს პიკი”. ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა ასევე აღნიშნავს, რომ დღევანდელი სტატისტიკა მოწმობს პიკის გავლას და თუ დადებითი დინამიკა შენარჩუნდა, შეზღუდვების მოხსნა, როგორიცაა ე.წ. კომენდანტის საათის გაუქმება და ჩაკეტილი ქალაქების გახსნა, შესაძლოა ვადაზე ერთი კვირით ან ათი დღით ადრე მოხდეს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“სამიზნე პაციენტებში დადასტურებული შემთხვევების კლება იმაზე მიგვანიშნებს, რომ პიკი ან გადავიარეთ ან ამ ფაზაში გადავდივართ... პიკი დაახლოებით დგება შიდა გადაცემიდან მე-6 კვირას, რომელიც წინა კვირაში იყო. თეორიულად შესაძლებელია რომ პიკი გადავლილია, თუმცა, ჯობია დინამიკას ერთი კვირა დავაკვირდეთ და შემდეგი კვირის ბოლოს უფრო დაზუსტებით შევძლოთ საუბარი... უნდა მოხდეს შეზღუდვების მოხსნა ერთი კვირით ან ათი დღით ადრე, მაგრამ არ მგონია ეს ათი დღე რამეს ცვლიდეს. ამიტომ ჯობს, როგორც დაანონსებულია, სიფრთხილის გათვალისწინებით, 22 მაისს მოხდეს შეზღუდვების მოხსნა მიუხედავად იმისა, რომ მეტად დადებითი დინამიკა გვაქვს, ვიდრე სავარაუდო იყო”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ალექსანდრე გოგინავა.

ჯანდაცვის სპეციალისტი ვატო სურგულაძე “რეზონანსთან” განსხვავებულ მოსაზრებას გამოთქვამს. მისი შეფასებით, ბოლო დღეების სტატისტიკა არ მოწმობს იმას, რომ ერთგვარი პიკის ფაზა უკვე გადავიარეთ, რადგან დღეს თუ ინფიცირების დაბალი მაჩვენებელია, ხვალ შეიძლება ორჯერ მეტი იყოს. ამასთან, საჭიროა ინფიცირების დაბალი მაჩვენებელის და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობის ზრდის ტენდენცია 10-14 დღე მაინც გაგრძელდეს, რომ პიკის გადავლაზე ვისაუბროთ. რაც შეეხება ქვეყნის მასშტაბით მოქმედ აკრძალვებს, მისი თქმით, შეზღუდვების დიდი ნაწილი უკვე უნდა მოიხსნას, რადგან უსარგებლოა და ვირუსის გავრცელების პრევენციას ვერ უზრუნველყოფს. უმრავლესობის ყოფილი წევრი და სამედიცინო ექსპერტი აკაკი ზოიძეც “რეზონანსთან” გატარებული შეზღუდვების დროზე ადრე მოხსნის შესაძლებლობაზე საუბრობს. მისი თქმით, ამა თუ იმ აკრძალვის გაუქმების პარალელურად უნდა გაგრძელდეს მონიტორინგი - რა მივიღეთ შედეგად”, - დასძენს გამოცემა.

“ეს პიკის გადავლას ნამდვილად არ ნიშნავს, რადგან უნდა გვქონდეს მდგრადი ცვლილება - შეიძლება ხვალ 35 იყოს,არავინ იცის. როდესაც მივიღებთ მდგრად ტენდენციას, რომ ყოველდღიურად ახალი შემთხვევების რაოდენობა იკლებს, ამავე დროს იკლებს აქტიური პაციენტების რაოდენობა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ რაღაც ეტაპი გადავლახეთ. თუმცა, შეიძლება მეორე ტალღაც წამოვიდეს და ეს მეორე ტალღა ჩვენთანაც იყოს. მუდმივად კლების ტენდენცია უნდა შენარჩუნდეს და როდესაც ეს ტენდენცია 10-14 დღის განმავლობაში ერთნაირი იქნება, ვიტყვით, რომ მძიმე ეტაპი გადავიარეთ... კომენდანტის საათი დღესვე უნდა გაუქმდეს. ამასთან, უნდა გაუქმდეს ყველა ის ღონისძიება, რომელიც ხელს არ უწყობს ინფექციის გადადებას, როგორიც არის მანქანაში 3 კაცის ჯდომა, ქალაქებს შორის ტრანსპორტით გადაადგილება. უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რომ ტრანსპორტიც გავიდეს. ესპანეთში ამხელა რაოდენობა იყო და მეტრო არც გაჩერებულა, აკონტროლებდნენ. „კომენდანტის საათი არ არის ის ღონისძიება, რომელიც შეიძლება ინფექციის გადადების შანსს ამცირებდეს. ეს უბრალოდ მთავრობის “რაღაცაა”, რომ სიტუაციას აკონტროლებს. ღონისძიებები, რომელიც არ არის დაკავშირებული ინფექციის გადადებასთან, ყველა უნდა მოიხსნას არა 22 მაისს, არამედ ხვალვე და ეს არავითარ პრობლემას არ გამოიწვევს”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვატო სურგულაძე.

“შეზღუდვების მოხსნა აუცილებელია, მაგრამ უნდა ვისწავლოთ სიფრთხილე. რეალურად შევეჩვიეთ დისტანციის დაცვას, რომ ვირუსის გადადების ალბათობა მაქსიმალურად შევამციროთ და ალბათ ასეც გაგრძელდება. რაც შეეხება იმას, შეზღუდვები როგორ უნდა მოიხსნას, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ორ კვირაში ერთხელ შეფასდეს რამდენად არ მოყვა ამა თუ იმ შეზღუდვის მოხსნას ვირუსის გავრცელების დაჩქარება. მნიშვნელოვანია ეპიდემიოლოგიური სურათი და მონიტორინგი პარალელურად გაგრძელდეს. ამ შეფასების გზით შემდეგ ოპტიმალური ვარიანტი უნდა შევარჩიოთ, მაგალითად, ეს იქნება სწავლის განახლება თუ სხვა”, - თვლის გამოცემასთან საუბრისას აკაკი ზოიძე.

“არ აქვს მნიშვნელობა ვირუსი “გაიპარა” თუ მიზანმიმართულად “გამოშვებულია” - ეს ბიოლოგიური ტერორიზმია!"

“ბოლო რამდენიმე კვირაა ახალი კორონავირუსის წარმოშობისა და გავრცელების გზები დასავლური საინფორმაციო საშუალებების მთავარ თემად იქცა. ერთი ვერსიით, ეპიდემია ლაბორატორიიდან საშიში ვირუსის გაჟონვის შედეგია, რომლის პათოგენიც ჩინეთის მთავრობამ უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტში შექმნა. ამ საკითხის შესწავლისას აშშ-ის სპეცსამსახურები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ `კოვიდ-19~ ხელოვნურად არ შეუქმნიათ, სპეცსამსახურები განაგრძობენ ვირუსის გავრცელების გზების შესწავლას. აშშ-ის ადმინისტრაცია მოითხოვს გამოძიება დაინტერესდეს ეპიდემიის გავრცელების დროს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მუშაობის ეფექტიანობითაც”, - წერს გაზეთი “კვირის პალიტრა” სტატიაში სათაურით „ეს ბიოლოგიური ტერორიზმია“ / “ჩინეთი ყველას დევნის, ვინც მოსახლეობის გაფრთხილება სცადა, მათ შორის იყო ექიმი ლი ვენლიანი, რომელსაც ხელი მოაწერინეს აღიარებაზე, თითქოს დეზინფორმაციასა და ჭორებს ავრცელებდა. მალე ის ახალი კორონავირუსით გარდაიცვალა. 14 მარტს დაიკარგა ჟენ ჭიციენი, პოპულარული ჩინელი ბლოგერი, რომელიც ვირუსის გავრცელებაზე პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებდა. ეს მიანიშნებს, რომ საიდუმლო არსებობს, თანაც არაერთი”.

“ვაშინგტონის კატონის ინსტიტუტის თანამშრომელი, ექსპერტი ანდრეი ილარიონოვი აცხადებს, რომ ჰონკონგური გაზეთის South China Morning Post-ის ცნობით, ჩინეთში კორონავირუსით დაინფიცირებული პირველი პაციენტი, უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომელი ქალი, 2019 წლის 17 ნოემბერს გამოვლინდა. შესაბამისად, როგორც ჩინეთის ხელისუფლება ირწმუნება, “კოვიდ-19” უხანის ზღვის პროდუქტების ბაზარში არ გავრცელებულა. ეს და სხვადასხვა საეჭვო გარემოება ბადებს კითხვებს, თუ რამდენად კეთილსინდისიერი არიან კაცობრიობის წინაშე როგორც ჩინეთი, ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია... სხვადასხვა მოსაზრებას შორის გავრცელებულია ახალი ვირუსის სამხედრო მიზნით გამოყენების თეორიაც. უსაფრთხოების ებრაელი სპეციალისტის დენი შოხამის თქმით, უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის ზოგიერთი ლაბორატორია შესაძლოა ბიოლოგიურ იარაღზე მუშაობს. ამის შესახებ მან Washington Times-თან ისაუბრა..”, - აღნიშნავს გამოცემა.

“არსებული ვერსიით, უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომელი დაინფიცირდა და შემდეგ ვირუსი მოსახლეობაშიც გავრცელდა. ერთი მოსაზრებით, ჩინეთს სურდა მსოფლიოსთვის ეჩვენებინა,­ რომ ვირუსებთან ბრძოლაში ამერიკას არ ჩამორჩება და ვაქცინის მონოპოლისტი გამხდარიყო, “სველი ბაზრიდან” ვირუსის გავრცელების თემა კი ადგილობრივმა სპეცსამსახურებმა “შემოაგდეს”, ამისთვის შეცვალეს მონაცემები, გაანადგურეს ანგარიშები და დაინფიცირებულ ტერიტორიებს დეზინფექცია ჩაუტარეს. აშკარაა, რომ საქმე სუფთად არ არის, თუმცა ჯერჯერობით მხოლოდ ვარაუდების გამოთქმა შეიძლება. სი-ენ-ენისა და კიდევ რამდენიმე ავტორიტეტული გამოცემის პუბლიკაციის თანახმად, ჩინეთის მთავრობამ მეცნიერებს ამ ვირუსის წარმოშობაზე სამეცნიერო კვლევების განახლებაც კი აუკრძალა, ჩინეთში მის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელება იზღუდება და სხვა ქვეყნების მეცნიერებს კვლევისთვის გზა მოჭრილი აქვთ. ასეთი დამოკიდებულება არაერთ ეჭვს აჩენს, მათ შორის, ამყარებს ზემოხსენებულ ვერსიასაც”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მოლეკულური გენეტიკის ექსპერტი მამუკა კოტეტიშვილი.

“ვადევნებდი თვალს მოვლენებს ჩინეთში კორონავირუსის ეპიდემიის შესახებ, რაც შემდგომ პანდემიაში გადაიზარდა, და ძალიან მიკვირდა, რას ელოდებოდა ჯანმო, რომელსაც ადეკვატური ღონისძიებები არ გაუტარებია. მან ძალიან დააგვიანა პანდემიის გამოცხადება. სულ ცოტა, ორი კვირით მაინც დააგვიანა ჯანმომ ვითარების ადეკვატურად შეფასება, ამასობაში კი ვირუსმა უამრავი ადამიანი იმსხვერპლა, რომ არაფერი ვთქვათ მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისზე... შესაბამისად, უამრავ ქვეყანაში დაგვიანდა ადეკვატური პრევენციული ზომების მიღება - მაგალითად, საზღვრების ჩაკეტვა, ინფიცირებულთა საზღვარზე აღრიცხვა და ა.შ. არ ვიცი მიზეზები, მაგრამ ტედროს გებრეისუსის დაგვიანებულმა მოქმედებამ მსოფლიო ძალიან დააზარალა. ვეთანხმები ამერიკას, რომ ის ადანაშაულებს­ ჯანმოს მსოფლიოში არსებულ კრიზისში. ჯერ არ არის დადგენილი, ეს შეცდომით მოხდა თუ შეგნებულად, მაგრამ აშკარაა, ჩინეთმა და ჯანმომ უდიდესი შეცდომა დაუშვეს. ყველა ქვეყანამ თავისებურად შეაფასა კრიზისი და შესაბამისად მოქმედებს. სიამაყით უნდა ვთქვა, რომ ამ დავიდარაბაში ქართული ჯანდაცვის სისტემა ბრწყინვალედ ართმევს თავს საქმეს”, - დასძენს მამუკა კოტეტიშვილი.

“ბიოლოგიური, იგივე ბაქტერიოლოგიური იარაღი, სპეციალურად “გაწვრთნილი” ბაქტერიების, ვირუსების, სოკოებისა და მათი გავრცელების ტექნოლოგიათა ერთობლიობაა და გაცილებით საშიშია, ვიდრე დღემდე არსებული სხვა მასობრივი განადგურების საშუალება, ბირთვული თუ ქიმიური იარაღი. ის შეიძლება გავრცელდეს ნებისმიერი გზით: სასუნთქი ორგანოებიდან, კანიდან, მწერების, მღრღნელების ნაკბენიდან და ა.შ. ამ უხილავ, უსუნო და ფარულ იარაღს შეუძლია მილიონობით ადამიანის დაავადება. დაავადების პირველი შემთხვევები ჩინეთში ოფიციალურად თვენახევრის დაგვიანებით დაფიქსირდა, არადა ყოველდღიურად გეომეტრიული პროგრესიით იზრდებოდა... ვირუსის სწრაფად გავრცელებამ და ლეტალური შემთხვევების მაღალმა პროცენტმა გააჩინა ეჭვი ვირუსის წარმოშობისა და გავრცელების შესახებ, სინამდვილეში კი რასთან გვაქვს საქმე? - ეს ბიოლოგიური ტერორიზმია და არ აქვს მნიშვნელობა ვირუსი საიდუმლო ლაბორატორიებიდან შემთხვევით “გაიპარა” თუ მიზანმიმართულად “გამოშვებულია”, - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სპეცსამსახურების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლის ცენტრის თავმჯდომარე, გადამდგარი პოლკოვნიკი ბესიკ ალადაშვილი.

“კოვიდ-19”-ის წინასწარგანზრახვით გავრცელება ორ შემთხვევაში იყო შესაძლებელი: თუ ამ საერთაშორისო დანაშაულის ორგანიზატორი რომელიმე ტერორისტული ორგანიზაციაა ან ამის უკან რომელიმე მარგინალური ქვეყნის ხელისუფლება დგას. ვფიქრობ, ამის უკან ტერორისტული ორგანიზაციები არ დგანან, რადგან ბიოლოგიური იარაღი ისეთი “ჯინია”, თუ ბოთლიდან ამოუშვებ, არ არსებობს გარანტია, ამომშვებთანაც არ მივიდეს. ამასთან, ტერორისტული ორგანიზაციის მიზანია შიშის დათესვა, შანტაჟი და საკუთარი მოთხოვნების დაკმაყოფილება, ამისთვის კი კორონავირუსის გავრცელებაზე პასუხისმგებლობა რომელიმე ტერორისტულ ორგანიზაციას უნდა აეღო, რაც ჯერ არ მომხდარა. რაც შეეხება ბიოლოგიურ იარაღს, მის შექმნაზე ყველა ის ქვეყანა მუშაობს, ვისაც ამის ფინანსური რესურსები აქვს. პარალელურად, მუშაობენ ბიოლოგიური იარაღისგან თავდაცვის საშუალებებზეც. ეს ორი პროცესი ერთდროულად მიმდინარეობს, ყოველ შემთხვევაში, თეორიულად მაინც. რამდენად სრულყოფილი და საიმედოა ამ პროცესების მართვა, სწორედ ამაზეა დამოკიდებული საზოგადოების უსაფრთხოება. რომელიმე სახელმწიფოს მიერ წინასწარგანზრახვით ვირუსის გავრცელება არარეალური მგონია. ვფიქრობ, საქმე უფრო შემთხვევითობასთან გვაქვს”, - მიიჩნევს ბესიკ ალადაშვილი და შეკითხვაზე - “ეს ნიშნავს, რომ ვირუსი უხანის ლაბორატორიიდან “გამოიქცა”? - პასუხობს:

“დიდი ალბათობით მათ შეცდომა მოუვიდათ. მისი დამალვა კი ემსახურებოდა მსოფლიოს საზოგადოებრიობის უარყოფით რეაქციას, რაც მაინც გარდაუვალი შეიქნა. თუმცა არ არის გამორიცხული, რომ თავად ჩინეთის ხელისუფლებამაც ვერ გათვალა შედეგი. ის დაძაბულობა, რომელიც დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის შემდეგ ამერიკასა და ჩინეთს შორის დაიწყო, ამ ბოლოს დროს უფრო გამწვავდა. ახლახან აშშ-ის სპეცსამსასურებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ვირუსი ხელოვნურად არ არის წარმოქმნილი, მაგრამ მის წარმოშობასა და გავრცელების გზების გამოკვლევას განაგრძობენ, რაც ჩინეთის ხელისუფლების გამო არ არის ადვილი”.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა