სოფლად ბიზნესის განვითარების დასახმარებლად 9 მილიონი ლარის ღირებულების საგრანტო პროგრამა ამოქმედდება

საქართველოს სოფლის დასახმარებლად პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური და სოციალური კრიზისის პირობებში, ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოსთან ერთად, 9 მილიონი ლარის ღირებულების საგრანტო პროგრამას იწყებენ. როგორც “ინტერპრესნიუსს” საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობიდან აცნობეს, პროგრამა სოფლად არაფერმერული ბიზნესის განვითარებას, მდგრადი სამუშაო ადგილების შექმნას, ბუნებრივი რესურსების მდგრად მართვას და კლიმატის ცვლილების შერბილებას შეუწყობს ხელს.

საგრანტო პროგრამა განხორციელდება რვა მუნიციპალიტეტში - ახალქალაქში, ბორჯომში, დედოფლისწყაროში, თეთრიწყაროში, ლაგოდეხში, ქედაში, ხულოსა და ყაზბეგში, სადაც ევროკავშირი და UNDP მხარს უჭერენ სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური შესაძლებლობების გაზრდას. განაცხადები ასევე მიიღება სხვა მუნიციპალიტეტებიდან იმ შემთხვევაში, თუ პროექტების განხორციელება სამიზნე მუნიციპალიტეტებს უკავშირდება.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, პროგრამის განხორციელება ხელს შეუწყობს ეკონომიკის დივერსიფიცირებას და სოფლად არაფერმერული ბიზნესის განვითარებას.

„საგრანტო პროგრამა მოქნილი და ეფექტიანი მექანიზმია სოფლად ეკონომიკური საქმიანობის მხარდასაჭერად“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, ევროკავშირი ახდენს ყველა შესაძლო რესურსის მობილიზებას, რათა არსებული კრიზისის დაძლევაში დაეხმაროს საქართველოს.

„მოხარული ვარ, რომ საგრანტო პროგრამა ხელს შეუწყობს საქართველოს სოფელს, სადაც ეკონომიკური განვითარება ჩვეულ ვითარებაშიც კი გამოწვევას წარმოადგენს“, - აღნიშნა კარლ ჰარცელმა.

საგრანტო პროგრამა არაფერმერულ სტარტაპ ბიზნესებსა და მზარდ საწარმოებს დაეხმარება. თითოეულ ბიზნეს პროექტზე გაიცემა 170,000 ლარამდე ოდენობის გრანტი. ბიზნესები ასევე მიიღებენ 30,000 ლარამდე ოდენობის გრანტს, რომელიც მათი ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას მოხმარდება. ბიზნესის მდგრადობისთვის გრანტის ყველა მიმღებმა უნდა უზრუნველყოს წარდგენილი პროექტის მთლიანი ღირებულების 20%-იანი თანადაფინანსება.

პროგრამის პირველ ეტაპზე განაცხადების მიღება განხორციელდება 2020 წლის 1 აგვისტომდე. დამატებითი ინფორმაცია განთავსებულია სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე: www.arda.gov.ge

UNDP-ის ხელმძღვანელის ლუიზა ვინტონის განცხადებით, კორონავირუსის პანდემიაზე საქართველოს სამაგალითო პასუხმა ბევრი სოცოცხლე გადაარჩინა.

„ჩვენი ახალი საგრანტო პროგრამის მიზანია, ადამიანების საარსებოს წყაროს გადარჩენა, რომელსაც შეზღუდვებისა და კარანტინის პირობებში საფრთხე შეექმნა, ხოლო ჩვენი მოქმედების პრინციპია „აღვადგინოთ უკეთესად“. დღეს შესაძლებლობა გვეძლევა, ხელი შევუწყოთ სოფლად მწვანე განვითარებას, რაც ადამიანებისა და პლანეტის კეთილდღეობას ემსახურება“,- განაცხადა ვინტონმა.

ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) საქართველოს სოფლის განვითარების მრავალწლიანი მხარდამჭერები არიან. სოფლის განვითარების პროგრამა, ENPARD, 2013 წლიდან ხორციელდება და 2022 წლამდე გაგრძელდება, ხოლო მისი სრული ბიუჯეტი 600 მილიონ ლარს (179.5 მილიონ ევროს) შეადგენს. ამ დახმარების მიზანია სოფლის განვითარების ეფექტიანი პოლიტიკის შექმნა და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური შესაძლებლობების გაზრდის ხელშეწყობა როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე არაფერმერული ეკონომიკური საქმიანობის სფეროში.

ENPARD პროგრამის განხორციელებაში ჩართულია რამდენიმე ორგანიზაცია, მათ შორის გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის სააგენტო (FAO), რომელიც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად ახორცილებს საგრანტო პროგრამას სოფლად ფერმერული ბიზნესისა და სასურსათო უსაფრთხოების მხარდასაჭერად.მეტი ინფორმაცია პროგრამაზე ENPARD ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: www.enpard.ge

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს