ტარიელ კაკაბაძე - აბსურდია, თითქოს, მერაბ კობიაშვილმა დაზარალებულს 5-ჯერ ესროლა, ვინაიდან, მეორე სროლის დროს თვითონ დაიჭრა, მკვლელობის განზრახვა რომ ჰქონოდა, თავიდანვე ისროდა 5-ჯერ და თავადაც არ დაიჭრებოდა

აბსურდია, თითქოს, მერაბ კობიაშვილმა დაზარალებულს 5-ჯერ ესროლა, ვინაიდან მეორე სროლის დროს თვითონ მერაბი დაიჭრა. მკვლელობის განზრახვა რომ ჰქონოდა, თავიდანვე ისროდა 5-ჯერ და თავადაც დაჭრილი არ იქნებოდა , - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გუდაურში მომხდარი განზრახ მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულ მერაბ კობიაშვილის ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ განუცხადა.

როგორც კაკაბაძე განმარტავს, პასუხგაუცემელია კითხვა, თუკი, კობიაშვილს კონფლიქტში მონაწილე პირების მოკვლა სურდა, ეს სისრულეში რატომ არ მოიყვანა და რატომ ესროლა გარდაცვლილს ფეხის თითთან. ამასთან, ადვოკატი აცხადებს, რომ ერთი გასროლის გარდა, დანარჩენი ოთხი, მას შემდეგ მოხდა, რაც მისთვის იარაღის წართმევა დაიწყეს.

„ვინც ამბობს, რომ მერაბმა 5-ჯერ ისროლა, მას საზოგადოება ან შეგნებულად შეჰყავს შეცდომაში, ან საქმის მასალებს სრულყოფილად არ იცნობს. მას შემდეგ, რაც მერაბმა ერთი გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა, მას მივარდნენ იარაღის წასართმევად და ყველა დანარჩენი გასროლა მას შემდეგ არის განხორციელებული. ერთ-ერთი გასროლით მერაბიც დაიჭრა, რასაც საერთოდ აიგნორებს მოწინააღმდეგე მხარე. ძირითადი აქცენტი იმაზე კეთდება, რომ მერაბ კობიაშვილმა იმ ადამიანებს ესროლა და საუბარია იმ კადრებზე, სადაც სროლის ფაქტი ჩანს. თითში გამაფრთხილებელი გასროლის ამსახველ ვიდეოს მკვლელობის კადრებად ასაღებენ, რაც არასწორია. მერაბი იმ დროისთვის იმ ადამიანების მხრიდან უკვე რამდენჯერმე იყო ნაცემი“, - აცხადებს კაკაბაძე.

მისი განმარტებით, მერაბ კობიაშვილმა დასახმარებლად სამართალდამცავებს რომ არ მიმართა, ეს აუცილებელ მოგერიებას არ აქარწყლებს.

„რაც შეეხება არგუმენტაციას, თუ რატომ არ დარეკა კობიაშვილმა პოლიციაში, ეს ფაქტი იმას არ ნიშნავს, რომ მას თავის დაცვის უფლება არ ჰქონდა. პირი, რომელიც თავდაცვის მდგომარეობაშია, არ დარეკავს პოლიციაში, მაგრამ გადაწყვეტს, რომ თავი საფრთხისგან თავად დაიცვას, ეს აუცილებელ მოგერიებას არ აქარწყლებს. აქვე დავამატებ, რომ პირს თავდაცვის უფლება მხოლოდ მაშინ კი არ აქვს, როცა უკვე დაწყებულია მისი ცემა, მას თავის დაცვის უფლება აქვს მაშინაც, როდესაც მანამდე უკვე განხორციელდა თავდასხმა რამდენჯერმე და ხედავს, რომ არსებობს საფრთხე და მოლოდინი მორიგი თავდასხმის განხორციელებისა. მერაბი 3-ჯერ სასტიკად ჰყავდათ ნაცემი და კიდევ მისკენ მიდიოდნენ, არ გაჭრა იარაღის ამოღებამ, არ გაჭრა გამაფრთხილებელმა გასროლამ. მას რომ მოკვლის სურვილი ჰქონოდა, საერთოდ არ მიუშვებდა არც ერთს მასთან და უმარტივესად მოახდენდა სასიკვდილო გასროლებს, მაგრამ მან გამოიჩინა არანორმალური მოთმინება და ამით, როგორც დავინახეთ, საკუთარი სიცოცხლე კიდევ ერთხელ დააყენა რისკის ქვეშ.

ასევე, ის ფაქტი, რომ პირს თან აქვს იარაღი, აპრიორი განზრახ მკვლელობის ჩადენას არ ნიშნავს. არაფერია უცნაური იმაში, რომ ადამიანი მიდის დასაძინებლად და მანქანაში არ ტოვებს იარაღს. ასევე, იარაღის იმ მიზნით თან ქონა, რომ მორიგი თავდასხმის შემთხვევაში თავი დაიცვას ადამიანმა, სრულიად ბუნებრივია. ის არგუმენტი რომ თუ მერაბ კობიაშვილს არ სურდა მკვლელობა, რატომ აიღო იარაღი, არის აბსოლუტურად უსუსური არგუმენტი. რაც შეეხება იმას, თუ მანამდე რატომ დატოვა მანქანაში იარაღი მერაბმა, შეგახსენებთ, რომ ის ბარში იყო და ბარში იარაღს ვერ შეიტანდა. შეგახსენებთ, რომ ეს ყველაფერი მერაბ კობიაშვილის მანქანასთან ხდებოდა. როდესაც მერაბი მანქანიდან გადმოვიდა, პირდაპირ გზაზე არავინ ჩანდა და მან სწორედ ის გზა აირჩია. მალევე გამოჩნდნენ ახალგაზრდები და მერაბის დანახვისთანავე მისკენ წავიდნენ. რა უნდოდათ, როცა ჩქარი ნაბიჯებით მიდიოდნენ მერაბისკენ? პასუხი ნათელია, მორიგი თავდასხმის განხორციელება!

სწორედ ბრალდების უსუსურობაზე მეტყველებს ის, რომ მოწინააღმდეგე მხარე დღემდე ვერ პასუხობს კითხვას - თუ მერაბ კობიაშვილს დაზარალებულის მოკვლა სურდა, რატომ განახორციელა გამაფრთხილებელი გასროლა ფეხის თითის მიმართულებით?

ჩვენთვის, დაცვის მხარისთვის ძალიან მარტივი იქნება სასამართლოში მერაბ კობიაშვილის უდანაშაულობის დასაბუთება“, - აცხადებს კაკაბაძე.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა