სერგო ჩიხლაძე - როგორც ჩანს, ხელისუფლება ხალხის ჯანმრთელობის ხარჯზეც კი არ თაკილობს კორუფციულ, კლანურ გარიგებებს და საეჭვო კონტრაქტების დადებას

„ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის კვლევების ცენტრის“ დირექტორის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შესყიდული 930 000 ლარის ღირებულების ჰოლანდიური წარმოების 30 000 ცალი ტესტი რეალურად ჩინური აღმოჩნდა. ჩიხლაძის თქმით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც სამინისტრო ტესტებთან დაკავშირებით, სკანდალში ეხვევა, რაც სერიოზულ ეჭვებს და კითხვებს აჩენს.

„24 აპრილს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ გადაუდებელი აუცილებლობით შეისყიდა 930 000 ლარის ღირებულების 30 000 ცალი ტესტი. სახელმწიფო შესყიდვების გვერდზე ეს ტესტები მითითებულია, როგორც ჰოლანდიური წარმოების ტესტები. რეალურად ტესტები აღმოჩნდა არა ჰოლანდიური, არამედ -ჩინური, შეფუთული როგორც ჰოლანდიური! მანამდე ეს ტესტები ევროპის რამდენიმე ქვეყანაში არაერთხელ სცნეს ხარვეზულად და შეუძლებელია, ეს არ სცოდნოდა ან ჩვენს ჯანდაცვის უწყებას, ან შემომტან კომპანიას.

როგორც შესყიდვების საიტზეა მითითებული, ტესტები უნდა შემოეტანა შუამავალ კომპანიას „სოლემარტს“, რომელსაც, როგორც ამბობენ, „ქართული ოცნების“ ყოფილი მინისტრები ლობირებენ. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ჯანდაცვის სამინისტრო, ტესტებთან დაკავშირებით, სკანდალში ეხვევა. შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ მარტის ბოლოს სამინისტრო ეცადა შემოეტანა 200 000 სწრაფი ტესტი, მაგრამ მაშინაც სამინისტრომ გააფორმა ხელშეკრულება უხარისხო ტესტების მწარმოებელთან. ახლაც, ხელშეკრულება გაფორმდა კომპანიასთან, რომელმაც ასევე უხარისხო და „ფეიკი“ ტესტები შეისყიდა სამინისტროსთვის. ყოველივე ეს ბადებს სერიოზულ ეჭვებს და კითხვებს. ვინ დგას ამ კომპანიების უკან? რატომ ვერ ახერხებს ჯანდაცვის უწყება ხარისხიანი ტესტების შემოტანას? როგორც ჩანს, ხელისუფლება ხალხის ჯანმრთელობის ხარჯზეც კი არ თაკილობს კორუფციულ, კლანურ გარიგებებს და საეჭვო კონტრაქტების დადებას,“ - განაცხადა ჩიხლაძემ.

გარდა ამისა, ჩიხლაძის თქმით, თავდაპირველად ჯანდაცვის ზოგიერთი უწყება ეჭვქვეშ აყენებდა გაფართოებული ტესტირების აუცილებლობას, მოგვიანებით კი დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა თავად სთხოვა მთავრობას 5 მლნ-ის ღირებულების ტესტების შეძენა. ჩიხლაძის განცხადებით, ჩნდება ეჭვი, რომ პროცესის გაწელვით, ხელისუფლება მონოპოლიას უმზადებდა ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირებს

„შეგახსენებთ ასევე, რომ 3 თვეა ხელისუფლება და სამწუხაროდ, ზოგიერთი ჯანდაცვის სახელმწიფო უწყებაც ეჭვქვეშ აყენებდა გაფართოებული ტესტირება-დიაგნოსტიკის აუცილებლობას. 7 მაისს კი დაავადებათა კონტროლის ცენტრი თვითონ სთხოვს მთავრობას, რომ გადაუდებელი აუცილებლობით შეისყიდოს 5 მილიონის ღირებულების ტესტები. შეგახსენებთ, რომ სტრატეგია აღმაშენებლის გუნდი ამას 10 მარტიდან ითხოვდა და რამდენიმე, დროში გაწერილი გეგმაც შესთავაზა საზოგადოებას. ნუთუ 2 თვეზე მეტი დრო დასჭირდა ხელისუფლებას და ჯანდაცვის სამინისტროს ამ დასკვნამდე მისასვლელად. აქაც ჩნდება ეჭვი, რომ პროცესის გაწელვით, ხელისუფლება უმზადებდა მონოპოლიას ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირებს და მათ ნათესავებს, რომ ისინი გამხდარიყვნენ „ტესტების ბიზნესის“ მონოპოლისტები. შესაბამისად, ეს 5 მილიონიანი შესყიდვაც უნდა იყოს აბსოლუტურად გამჭირვალე და ღია, რომ ისევ არ მივიღოთ უხარისხო ტესტები ან კორუფციული გარიგებები. ტესტების მარაგი და ხარისხი კიდევ უფრო აქტუალური ხდება ახლა, როდესაც ჩვენ ვიწყებთ თანაცხოვრებას კორონავირუსთან ერთად. ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ბერკეტი მის საკონტროლოდ იქნება სწორედ ტესტირება, ვირუსის დეტექცია და ეპიდემიოლოგიური კვლევები. ამ ფონზე კი, საჭირო რაოდენობის და კარგი ხარისხის ტესტების გარეშე, ყველა ჩვენი ქმედება დაემსგავსება სიბნელეში ხელების ცეცებას” - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

აღნიშნულ კომენტარს „ახალი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო