დავით ზალკალიანი - საქართველოს მიერ ევროსაბჭოს თავმჯდომარეობამ უმაღლესი შეფასება დაიმსახურა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საქართველოს მიერ ევროპის საბჭოში მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობა შეაჯამა.

„ჩვენმა თავმჯდომარეობამ უმაღლესი შეფასება დაიმსახურა ყველა წევრი ქვეყნის მხრიდან, ისევე როგორც ინსტიტუტების ხელმძღვანელების მხრიდან. ამას ადასტურებს დღევანდელი დისკუსია, რომელიც გაიმართა თავმჯდომარეობის გადაბარების პროცესის დროს, ვიდეოკონფერენციის ფარგლებში, ასევე, ის ვიდეომიმართვები, რომელიც დღეს ჩაწერეს ამ ორგანიზაციის შესაბამისი ინსტიტუტების ხელმძღვანელმა პირებმა“ , - განაცხადა ზალკალიანმა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს ურთულეს პერიოდში მოუწია თავმჯდომარეობა და ფაქტობრივად, თავმჯდომარეობის პერიოდის თითქმის ნახევარი პანდემიის ფონზე წარიმართა, რაც ძალიან სერიოზული გამოწვევაა როგორც მთლიანად მსოფლიოსთვის, ისე ორგანიზაციისთვის. ზალკალიანის თქმით, მიუხედავად ამ სირთულისა და გამოწვევისა, საქართველომ ახლებური მეთოდებით განაახლა მუშაობა და ორგანიზაციას არცერთი დღით არ შეუწყვეტია ფუნქციონირება.

მინისტრმა ასევე დეტალურად ისაუბრა საქართველოს თავმჯდომარეობის პირობებში მიღებულ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე, კერძოდ, თავმჯდომარეობის ოთხ ძირითად პრიორიტეტულ მიმართულებებზე. მისი თქმით, საქართველოს თავმჯდომარეობის ერთ-ერთი პრიორიტეტი აღიარებულ იქნა როგორც რევოლუციური, შედეგად, ორგანიცაზაციის წვერი ქვეყნები და ორგანიზაციის ინსტიტუტების ხელმძღვანელები ადამიანის უფლებებისა და გარემოს დაცვას შორის კავშირს ორგანიზაციის ახალ მიმართულებად და დანიშნულებად მოიაზრებენ.

„ეს იქნება ჩვენი თავმჯდომარეობის მემკვიდრეობა ამ ორგანიზაციისთვის. ჩვენი თავმჯდომარეობის პირობებში მიღებულ იქნა ერთობლივი, სამმხრივი დეკლარაცია საქართველოს, საბერძნეთისა და გერმანიის მონაწილეობით, სადაც ვთანხმდებით, რომ ეს ორგანიზაციის საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება იქნება მომავალი წლების განმავლობაში. მსგავსი სახის პრეცედენტი ორგანიზაციაში არ არსებობს და ვფიქრობ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგი, რომელსაც საქართველო თავმჯდომარეობიდან ამ ორგანიზაციას დაუტოვებს“ , - განაცხადა ზალკალიანმა.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ თავმჯდომარეობის პერიოდში დაგეგმილი ყველა ღონისძიება ჩატარდა, მათ შორის, პანდემიის პირობებშიც, ვიდეოკონფერენციების და ონლაინ ჩართვების ფორმატში.

ზალკალიანმა, საქართველოს თავმჯდომარეობის კონტექსტში, ასევე გამოყო კიდევ ერთი ხელშესახები შედეგი - მინისტრთა კომიტეტსა და საპარლამენტო ასამბლეას შორის შეთანხმება იმ პროცედურებზე, რომლებიც განსაზღვრავს წევრი სახელმწიფოს მხრიდან ორგანიზაციის წესდების დარღვევის შემთხვევაში მათზე ზემოქმედების მექანიზმებს და პრინციპებს.

მინისტრმა ასევე ისაუბრა ქვეყნის შიგნით განხორციელებულ აქტივობებზე. მისი თქმით, საქმიანობა ორგანიზაციის ფუნდამენტური პრინციპების გათვალისწინებით ხორციელდებოდა, როგორიცაა კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები. ამ კონტექსტში, აღინიშნა, რომ საქართველომ სწორედ თავმჯდომარეობის პირობებში მიიღო მართლმსაჯულების მეოთხე ტალღის რეფორმა, რაც აღიარებულია, როგორც ქვეყნის მნიშვნელოვანი წვლილი ევროპაში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების განმტკიცების პროცესში.

ზალკალიანმა ასევე აღნიშნა, რომ თავმჯდომარეობის პერიოდში, ორგანიზაციის ფარგლებში ხდებოდა საქართველოს საკითხის აქტუალიზაცია. ამის დასტურია გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშის განხილვა, რომელიც ყურადღებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ სიტუაციაზე ამახვილებს; ასევე იქნა მიღებული მნიშვნელოვანი განცხადებები ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული სიტუაციის მიუღებლობაზე.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც წვლილი შეიტანა საქართველოს თავმჯდომარეობის წარმატებაში; ყველა იმ უწყებას, რომელიც ჩართული იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად ამ პროცესში; მინისტრმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საქართველოს მისიას ქ. სტრასბურგში და მის ხელმძღვანელს, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამის დეპარტამენტებს, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში აქტიურად მონაწილეობდნენ თავმჯდომარეობის პროცესში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა