საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ინფორმაციით, პანდემიის პერიოდში, სახელმწიფოს დახმარებით, 200-ზე მეტი მეზღვაური დაბრუნდა

კოვიდ-19 - ის პანდემიის პერიოდში საქართველოს ხელისუფლების დახმარებით საქართველოში 200 - ზე მეტი მეზღვაური დაბრუნდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, სააგენტო ათეულობით მეზღვაურის შემთხვევას სწავლობს და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად, უცხოეთის ქვეყნებში საქართველოს საელჩოებთან აქტიური თანამშრომლობით ხელს უწყობს ქართველი მეზღვაურების სამშობლოში დაბრუნების პროცესს.

საზღვაო სააგენტოს დირექტორის თამარ იოსელიანის განცხადებით, დღეს მეზღვაურები პანდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე არიან და თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ვირუსთან ბრძოლაში. მისივე თქმით, საზღვაო ტრანსპორტით მსოფლიო ტვირთების 90% გადაიზიდება და შექმნილი კრიზისის გამო, მეზღვაურებს ურთულეს პირობებში უწევთ მუშაობა, რომ მსოფლიო ლოგისტიკურმა ჯაჭვმა შეუფერხებლად იმუშაოს.

„ამ ფონზე, ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი მეზღვაურების როტაციისა და რეპატრიაციის პროცესი მაქსიმალურად შეუფერხებლად განხორციელდეს. ჩვენ მუდმივი კომუნიკაცია გაქვს საკრუინგო და გემთმფლობელ კომპანიებთან გემებზე ეკიპაჟის ქართველი წევრების როტაციის უზრუნველსაყოფად. მათი სამშობლოში ტრანსპორტირების ორგანიზებისათვის ბევრი ფაქტორი და დეტალია გასათვალისწინებელი და შესათანხმებელი პროცესში ჩართულ სხვადასხვა მხარესთან, მათ შორის გემთმფლობელებთან და იმ ქვეყნების მთავრობებთან, რომელთა ტერიტორიაზეც ხდება მეზღვაურთა გადაადგილება,“ - განაცხადა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა.

აღსანიშნავია, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი საზღვაო ქვეყანაა, რომელმაც ჯერ კიდევ მარტიდან დაიწყო საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციისა და საქართველოს მთავრობის მიერ მიერ პანდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით მიღებული რეგულაციების ადაპტირება და კრიზისის საპასუხო ნაბიჯების გადადგმა საზღვაო სექტორის გამართული მუშაობის, აგრეთვე უცხოეთში დასაქმებული ქართველი მეზღვაურების შრომითი პირობების შესამსუბუქებლად.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა