მინისტრის მოადგილე - მცდარი ინფორმაცია გაჟღერდა, რომ თითქოს ჩვენ მიზანმიმართულად, არჩევნების წინ, ვაპირებთ, საპატრიარქოს ტყეები გადავულოცოთ

არაერთი მცდარი ინფორმაცია გაჟღერდა, რომ თითქოს ჩვენ მიზანმიმართულად, სწორედ არჩევნების წინ ვაპირებთ, რომ საპატრიარქოს გადავულოცოთ ტყეები და საკუთრების უფლება ტყეებზე, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ტყის კოდექსს მესამე მოსმენით განიხილავენ. მისი თქმით, საპატრიარქოს ტყის ფართობები იმ ეკლესია-მონასტრების მიმდებარედ გადაეცემა, რომლებიც ტყის ფონდშია განთავსებული. როგორც მინისტრის მოადგილე ამბობს, ტყუილია, რომ ტყის ფართობები საპატრიარქოს უსასყიდლოდ გადაეცემა, რადგან კანონით მას სანაცვლოდ ამ ფართობების მოვლის ვალდებულება ეკისრება.

„არ შემიძლია ორი სიტყვით არ შევეხო საპატრიარქოს თემას. თქვენ იცით, რომ ვიდრე ჩვენ ამ კანონპროექტს მესამე განხილვამდე მოვიტანდით, არაერთი მცდარი ინფორმაცია გაჟღერდა, რომ თითქოს ჩვენ მიზანმიმართულად სწორედ არჩევნების წინ ვაპირებთ, რომ საპატრიარქოს გადავულოცოთ ტყეები და საკუთრების უფლება ტყეებზე. მე პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ამ კანონით საპატრიარქოს თუკი ტყეები რაღაც რაოდენობით მიეცემა, იმ ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტერიტორიებზე, რომლებიც უმეტესწილად ტყის ფონდშია განთავსებული, მას (საპატრიარქოს) უფრო მეტი ვალდებულება ექნება ამ კოდექსით, ვიდრე - უფლება. ეს ვალდებულებები მოიცავს მოვლას, აღდგენას, ტყის მდგრად მართვას, სატყეო სპეციალისტების დაქირავებას, ინვენტარიზაციას, მართვის გეგმების შედგენას და მთელ რის ვალდებულებებს. ასე რომ, სპეკულაციები, რომ თითქოს ტყის ტერიტორიებს ჩვენ უსასყიდლოდ ვაძლევთ საპატრიარქოს, არის მორიგი ტყუილი და შეურაცხყოფა იმ შრომისა, რაც ჩვენ ყველამ ერთობლივად გავწიეთ ამ კოდექსის ამ კონდიციამდე მოყვანის საქმეში. პირიქით, საპატრიარქოს შეეზღუდა ჰექტრულად რაოდენობა ფართობებისა, რაც შეიძლება ეკლესია-მონასტრების მიმდებარედ სახელმწიფოსგან მიიღოს და ისარგებლოს ისევ იმ მიზნებისთვის, რომ ეკლესია - მონასტრებს, რომლებიც ტყის ფონდშია განთავსებული, მოუაროს, უპატრონოს და ჩვენ ეს შევუნახოთ მომავალ თაობებს,“- განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

შეგახსენებთ, ცვლილების პროექტის მიხედვით, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას საკუთრებაში შეიძლება გადაეცეს ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტყის ფართობი, არაუმეტეს 20 ჰა თითოეულის შემთხვევაში და საქართველოს ტყის კოდექსით განსაზღვრული მიჩენილი ტერიტორიები.

პროექტის მიხედვით, ეკლესიისთვის ტყის ფართობის გადაცემა შეიძლება განხორციელდეს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის შესაბამისი განაცხადის საფუძველზე და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შუამდგომლობით.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა