„დასავლეთის“ და უცხოელი „მეგობრების“ შესახებ

ბოლო ხანებში, ცალკეული ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსები აშკარად, ზედმეტად ხშირად და ზედმეტად თამამად, გამოხატავენ თავიანთ დამოკიდებულებას საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების მიმართ. მათი ეპისტოლარული და ონლაინ აქტივობა „სერიოზული“ განხილვის საგანი ხდება საქართველოს მედიაში და პოლიტიკურ და ე.წ. „ექსპერტულ“ წრეებში. ამ „მეგობარი“ უცხოელი პოლიტიკოსების პოზიცია, უმეტესწილად, ზედმიწევნით ემთხვევა „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციას და კრიტიკულია ხელისუფლებისადმი. „ნაციონალები“ და მათი მომხრეები, „დასავლეთის“ ამგვარ დამოკიდებულებას ხსნიან იმით, რომ „სინამდვილეში“ „ოცნება“ არ არის პროდასავლური პოლიტიკური ძალა და ფარულად რუსეთზეა ორიენტირებული. ნიშნის მოგებით აცხადებენ, რომ ეს მხარდაჭერა ადასტურებს მათი პოზიციების ობიექტურობასა და ჭეშმარიტებას, რაც თითქოს „მთელი დასავლეთის“ მხარდაჭერას ნიშნავს.

„ოცნება“ დიდი ყურადღებითა და დიდი სიფრთხილით, გარკვეული შიშითაც კი ეპყრობა ამ განცხადებებს და მუდმივად ცდილობს თავის მართლებას აცხადებს რა, რომ ეს არის ამ „მეგობრების“ არასათანადო ინფორმირებულობის შედეგი, რაც ნაწილობრივ შეეფერება სიმართლეს, რადგან ეს მათი, ანუ ხელისუფლების არასაკმარისად ეფექტური მუშაობის შედეგია.

ქართული საზოგადოების უდიდეს ნაწილს, რომელიც ნამდვილად არ არის „ნაციონალების“ მომხრე და ნამდვილად არის პროდასავლური ორიენტაციის, უჩნდება შიში, რომ „დასავლეთი“ არის „ნაციონალების“ მომხრე, ხოლო თუ „დასავლეთი“ „ნაციონალების“ მომხრეა, მაშინ მეც, როგორც დასავლური ორიენტაციის ადამიანი, თუ „ნაციონალების“ მომხრე არ გავხდები, მინიმუმ მათი მოწინააღმდეგე აღარ უნდა ვიყო: ანუ, თუ „დასავლეთი“ მინდა აუცილებლად, მაშინ „ნაციონალების“ ბატონობასაც უნდა შევეგუო.

არსებულ ვითარებაში შესაძლებელია, აგრეთვე, პროდასავლური ორიენტაციის შესუსტებაც, რადგან - თუ მე პრინციპულად „ნაციონალების“ წინააღმდეგი ვარ და არავითარ შემთხვევაში არ შევეგუები მათ გაბატონებას (გაძლიერებას), მაშინ ჩემთვის დასავლეთის „მეგობრობა“ „ნაციონალებთან“ მიუღებელია და ასეთი „დასავლეთი“ აღარ მხიბლავს.

მართლაც ასეა საქმე? მართლაც, მთელი „დასავლეთი“ „ნაციონალების“ მომხრეა? თუ საქმე არასაკმარის ინფორმირებულობაშია, რატომ ვერ ახერხებს ამას ხელისუფლებაში მყოფი „ქართული ოცნება“ და როგორ ახერხებს ხელისუფლებაში არ მყოფი „ნაციონალური მოძრაობა“?

საკითხი ბევრად უფრო სერიოზულია და ბევრად უფრო სიღრმისეულ ანალიზს მოითხოვს, ვიდრე მისი ზედაპირული ახსნა, თითქოს ყველაფერი უნიათო და არაკომპეტენტური

კადრების ბრალია. თუმცა, არც უამისობაა, რაც თავის მხრივ, ასევე უფრო სიღრმისეული მიზეზის შედეგია.

შევეცადოთ ავხსნათ, რა რეალური საფუძველი აქვს შექნილ ვითარებას:

ჩვენში დამკვიდრებული დასავლეთის აღქმა - თითქოს იგი წარმოადგენს ერთი პოლიტიკური პოზიციის მქონე სუბიექტს - სრულიად არაადეკვატურია. თავი რომ დავანებოთ იმას, რომ აშშ და დასავლეთის ქვეყნები (საფრანგეთი, პორტუგალია, ლიტვა, გერმანია, ნორვეგია და სხვ...), ბევრ ფუნდამენტურ თუ მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით სრულიადაც არ დგანან ერთი და იგივე პოზიციაზე, თავად დასავლური საზოგადოება გამოირჩევა პოლიტიკური პლურალიზმით. იდეოლოგიური და პოლიტიკური პოზიციების განსხვავებულობა - ეს დასავლეთის მართლაც ფუნდამენტური მახასიათებელია. ის, რომ დასავლეთის ეს არსი, ეს რაობა უგულებელყოფილია ჩვენი პოლიტიკური და საზოგადოებრივ ელიტის მიერ (ე.წ. სამოქალაქო სექტორში), მიუთითებს ამ ელიტების ცნობიერების ძლიერ დამოკიდებულებაზე საბჭოთა სტერეოტიპებთან. მიუხედავად იმისა, რომ ამ ელიტების მნიშვნელოვან ნაწილს საბჭოთა პერიოდში არც კი უცხოვრია, ისინი ზედმიწევნით მიყვებიან საბჭოთა სტერეოტიპს ე.წ. „ერთიანი კაპიტალისტური დასავლეთის“ შესახებ.

შესაბამისად, „ოცნება“ და ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი „ერთიანი დასავლეთის“ მცდარი კონცეფციის ტყვეობაშია და დასავლეთის ცალკეული პოლიტიკოსების გამონათქვამებს „დასავლეთის“ საერთო პოზიციად აღიქვამს.

სინამდვილეში, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი პოლიტიკოსების უდიდესი ნაწილი, რადიკალური მემარჯვენე ნეოლიბერალური იდეოლოგიის წარმომადგენლები არიან, რომლებიც საერთაშორისო დონეზეც მჭიდროდ თანამშრომლობენ ერთმანეთთან და აქტიურად უჭერენ მხარს საკუთარი ერთობის (რასაც პირობითად შეიძლება ვუწოდოთ მემარჯვენე ნეოლიბერალური ინტერნაციონალი) წევრებს სხვადასხვა ქვეყნებში. ნიშანდობლივია, რომ ხშირად ამ აქტიურ „მეგობართა“ უმეტესობა არ წარმოადგენს განვითარებული ევროპული დემოკრატიის ქვეყნებს: იშვიათია გერმანელი, ფრანგი, იტალიელი, ავსტრიელი და სხვ. ქვეყნების პოლიტიკოსთა ამგვარი განცხადებები. „ნაციონალების“ აქტიურ მეგობრებს შორის ჭარბობენ პოლიტიკოსები ყოფილი კომუნისტური ბლოკის ქვეყნებიდან, მაგალითად, ბალტიისპირეთიდან, პოლონეთიდან, უკრაინიდან ..., სადაც ბევრად უფრო ძლიერად არის გაბატონებული ზემოთხსენებული მემარჯვენე ნეოლიბერალური წესრიგი და ცნობიერება. ამ „მეგობრებს“ შორის ხშირად ვხვდებით პოლიტიკოსებს აშშ-დანაც, მაგრამ საპირისპირო დამოკიდებულებებიც გვინახავს: ობამას ადმინისტრაცია ძალიან მშვიდად შეხვდა „ნაციონალების“ ჩამოშორებას ხელისუფლებიდან და 2013 წლიდან აქტიურად და მჭიდროდ თანამშრომლობდა „ოცნების“ მთავრობასთან. რა თქმა უნდა, ე.წ. მემარჯვენე ნეოლიბერალურ ინტერნაციონალს ძალიან ძლიერი და გავლენიანი ჯგუფები ჰყავს აშშ-შიც (მათი მთავარი ძალა სწორედ აქედან მოდის) და ძველი დემოკრატიის ქვეყნებშიც (ბევრად ნაკლები გავლენით), მაგრამ როგორც უკვე ვთქვით, ეს პლურალისტური დემოკრატიებია (ამ დემოკრატიების დასახასიათებლად შეიძლება გმოვიყენოთ ცნობილი ამერიკელი მეცნიერის რობერტ დალის ტერმინი - „პოლარქია“, რაც ძველ ბერძნულად მრავალის მმართველობას ნიშნავს).

სწორედ ამ მემარჯვენე ნეოლიბერალური ინტერნაციონალის საყრდენია საქართველოში „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან ასოცირებული (ან გამოყოფილი) პოლიტიკური ჯგუფები. მეტიც, „ნაციონალური მოძრაობის“ დროინდელი „რეფორმები“ შესაბამისი გამყარებით კანონმდებლობაში (შრომის კოდექსი, ეკონომიკური თავისუფლების აქტი და სხვ...) კონსტიტუციაში, ისეთი რადიკალური და შთამბეჭდავი იყო, რომ ბევრი მათი თანამოაზრე ინტერნაციონალის წევრი ვერც კი იოცნებებდა მსგავსი რეფორმების გატარებას საკუთარ ქვეყანაში. სააკაშვილის საქართველო მათთვის მართლაც იყო ერთგვარი სანიმუშო მოდელი, რომელიც ნამდვილად მოსწონდათ. უნდა ითქვას, რომ „მემარჯვენე ნეოლიბერალური ინტერნაციონალი“ მხოლოდ იდეოლოგიურად შეკრული თეორეტიკოსებისა და აქტივისტების ერთიანობა არ არის, იგი გამოხატავს მსხვილი ტრანსნაციონალური ეკონომიკური სუბიექტების ინტერესებს და შესაბამისად, მათი ძალიან სერიოზული მხარდაჭერით (ფინანსური, მედია, პოლიტიკა, არასამთავრობოები ...) სარგებლობს.

ჰყავს თუ არა „ოცნებას“ ასეთივე თანამოაზრეები და იდეური მეგობრები უცხოეთში? „ოცნება“ ოფიციალურად აცხადებს, რომ ის არის მემარცხენე ცენტრისტული იდეოლოგიის მქონე პოლიტიკური პარტია და შესაბამისად, ფორმალურად თანამშრომლობს ევროპელ სოციალ-დემოკრატებთან, მაგრამ სინამდვილეში, არც მისი იდეოლოგია, არც მისი პროგრამა და არც განხორციელებული პოლიტიკა არის არა თუ სოციალ-დემოკრატიული, არამედ ანტი სოციალ-დემოკრატიულია. „ოცნების“ პოლიტიკის ზოგიერთი მიმართულება, ერთი შეხედვით, სოციალურ ხასიათს ატარებდა (მაგ. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა), მაგრამ სისტემურად, ის სრულად ინარჩუნებს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დამკვიდრებულ ინსტიტუციონალიზებულ მემარჯვენე ნეოლიბერალურ წესრიგს, რომლის მთავარი საყრდენებია: მცირე სახელმწიფოს იდეა (სახელმწიფო არ უნდა ჩაერიოს თავისუფალი ბაზრის ფუნქციონირებაში), მინიმური (მცირე), „ბრტყელი“ და არა პროგრესული გადასახადი, საბიუჯეტო მომჭირნეობის პოლიტიკა (უკიდურესად მკაცრი), და ა.შ. საკუთარი პოლიტიკის ლეგიტიმაციისათვის „ოცნება“ მუდმივად ეყრდნობა რადიკალური ნეოლიბერალური შინაარსის ინდექსებს (მაგ. ე.წ. Doing Business) და ისეთი ორგანიზაციების შეფასებებს, როგორიცაა მაგალითად, Heritage Foundation (ეს უკანასკნელი დაარსდა 1973 წელს და რადიკალური მემარჯვენე ნეოლიბერალური არასამთავრობო-ანალიტიკურ-პროპაგანდისტული ცენტრია). კიდევ ბევრი ამგვარი მაგალითის მოტანა შეიძლება, რომელიც აშკარას ხდის, რომ „ოცნება“ მიისწრაფის და ატარებს რადიკალურ მემარჯვენე ნეოლიბერალურ პოლიტიკას, რომელიც არა თუ სოციალ-დემოკრატებისათვის, არამედ

მემარჯვენე ცენტრისტული იდეოლოგიის პოლიტიკური ძალებისათვისაც მიუღებელია. შესაბამისად, „ოცნებას უჭირს თანამშრომლობა განსხვავებული იდეოლოგიის (სოციალ-დემოკრატები, მემარჯვენე ცენტრისტები, ე.წ. საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს იდეური მხარდამჭერები ...) უცხოურ პოლიტიკურ ძალებთან, იგი არ არის მათი თანამოაზრე და იდეური მეგობარი.

რაც შეეხება მემარჯვენე ნეოლიბერალურ ინტერნაციონალს, რომლის იდეურ პრინციპებსაც „ოცნება“ იზიარებს, იგი არასოდეს ითანამშრომლებს მასთან, რადგან იგი თავისი ერთგული მეგობრის - „ნაციონალური მოძრაობის“ მოწინააღმდეგეა. ამ ინტერნაციონალისათვის და მისი აქტივისტებისათვის „ოცნება“ „მტერია“, რადგან იგი ებრძვის არა უბრალოდ მათ ჩვეულებრივ მეგობარს, არამედ „განასაკუთრებული ღირსებებით აღჭურვილ პოლიტიკურ ლიდერსა და რეფორმატორ“ მიხეილ სააკაშვილსა და მის გუნდს.

ამდენად, „ოცნების“ მცდელობა - „დაუმტკიცოს თავისი სიმართლე“ კუბილუსს ან მსგავსი ტიპის „მეგობარებს“ - ფუჭია და არავითარი შედეგის მომტანი არ იქნება არც მისთვის და არც ჩვენი ქვეყნისთვის.

დასკვნის სახით:

- დასავლეთი არ არის ერთიანი სუბიექტი, იგი პლურალისტურია;

- მთელი „დასავლეთი“ არ არის მემარჯვენე-ნეოლიბერალური ინტერნაციონალი და შესაბამისად, „ნაციონალების“ „მეგობარი“;

- დასავლეთში არის გავლენიანი პოლიტიკური ძალები, რომლებიც უპირისპირდებიან მემარჯვენე ნეოლიბერალურ იდეოლოგიასა და პოლიტიკას და შესაბამისად, ნაციონალების იდეოლოგიასა და პოლიტიკას;

- დასავლეთის გავლენიან ძალებს შორის უმნიშვნელოვანესია სოციალ-დემოკრატები, მემარცხენე ცენტრისტები და მემარცხენეები - იდეოლოგიურად და პოლიტიკურად ისინი არიან მემარჯვენე ნეოლიბერალების და შესაბამისად, „ნაციონალების“ მოწინაღმდეგეები;

- მათთან თანამშრომლობა ეფექტიანად და შედეგიანად შეუძლიათ მხოლოდ მათ თანამოაზრეებს - ე.ი. სოციალ-დემოკრატებს მემარცხენეებსა და მემარცხენე ცენტრისტებს - ასეთი „ოცნება“ არ არის;

- საბედნიეროდ საქართველოში არიან იდეური მემარცხენეები და სოციალ-დემოკრატები, რომლებსაც შეუძლიათ ეფექტიანი და შედეგიანი თანამშრომლობა თავის უცხოელ თანამოაზრებთან როგორც მეგობრებთან;

- დღევანდელ სამყაროში დიდ ქვეყნებსაც კი არ შეუძლიათ კარჩაკეტილად, სხვებთან თანამშრომლობის (ურთიერთობის) გარეშე ცხოვრება;

- საქართველოსთვისაც წარმოუდგენელია უცხოეთთან მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობის (ურთიერთობის) გარეშე ნორმალური, სატაბილური ცხოვრება და განვითარება;

- მეგობრობა შესაძლებელია მხოლოდ თანამოაზრეებთან (მეგობრობა ორმხრივია), მეგობრობისთვის აუცილებელია ნდობა, ნდობა კი უფრო ადვილად მყარდება თანამოაზრეებს შორის.

რასაკვირველია, საგარეო პოლიტიკა სხვა ასპექტებსაც მოიცავს და არც მხოლოდ „დასავლეთია“ მთელი სამყარო, მაგრამ „დასავლეთი“ ჩვენი მტერი არ არის. იქ ჩვენ მეგობრებიც, ნამდვილი მეგობრები, ბრჭყალების გარეშე, გვყავს და გვეყოლება. მთავარია, გვყავდეს პატრიოტი, კომპეტენტური, ქვეყნის მოამაგე და ქვეყნის მომავლის რწმენის მქონე მთავრობა.

„სოციალ - დემოკრატების“ ლიდერი გია ჟორჟოლიანი

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს