სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი შემოდგომაზე მობილობით ჩარიცხულ ყველა სტუდენტს 2020-2021 სასწავლო წლის გადასახადს გაუნახევრებს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტიდან აცნობეს, კრიზისის დაწყების პირველივე დღიდან უნივერსიტეტმა სტუდენტებისთვის გარკვეული შეღავათები დააწესა.
„ეკონომიკური სირთულეების გათვალისწინებით, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი აგრძელებს ყველასთვის ხელმისაწვდომი განათლების ხელშეწყობას და 2020 წელს, შემოდგომის სემესტრში მობილობით გადმოსულ ყველა სტუდენტს 2020-2021 სასწავლო წლის გადასახადს გაუნახევრებს. პანდემიამ, მსოფლიო ახალი რეალობის წინაშე დააყენა. ქვეყნები, მათ შორის საქართველო, მძიმე ეკონომიკური კრიზისის წინაში აღმოჩნდნენ. დაიხურა კომპანიები, გაუქმდა მილიონობით სამუშაო ადგილი, შეჩერდა წარმოება, ბიზნესი, რამაც მოსახლეობის სოციალური ფონი მკვეთრად დაამძიმა. ქვეყნის სწრაფი განვითარებისთვის, კიდევ უფრო მეტად საჭირო გახდა ხარისხიანი განათლება, ფინანსური კრიზისი კი გარკვეულ ბარიერს ქმნის სწავლის გაგრძელების პროცესში. სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტმა საკუთარი მისიიდან გამომდინარე, ხელმისაწვდომი გახადოს განათლება ყველასთვის, მიიღო რიგი გადაწყვეტილებები, რომლებიც სტუდენტებსა და მათ ოჯახებს შეუმსუბუქებს ფინანსურ წნეხს, რომელიც ქვეყანაში შექმნილი მძიმე სოციალური კრიზისით არის განპირობებული. კრიზისის დაწყების პირველივე დღიდან უნივერსიტეტმა სტუდენტებისთვის გარკვეული შეღავათები დააწესა, იქნებოდა ეს სწავლის გადასახადის გადავადება, თუ სასწავლო პროცესის ხელშეწყობა. შეღავათები დაწესდა აბიტურიენტებისთვისაც და შემოდგომში უკვე მობილობით ჩამრიცხული სტუდენტებისთვის.
მობილობით ჩარიცხული სტუდენტებისთვის შემუშავებულ სპეციალურ პაკეტს, უცვლელად გთავაზობთ:
- სწავლის გადასახადზე 50 % ფასდაკლება ერთი წლის მანძილზე;
- დამატებით ერთი საგნის გავლის შესაძლებლობა (30 კრედიტს მიღმა, შემოდგომაზე შემოთავაზებული საგნებიდან);
- სწავლის საფასურის გადახდის ინდივიდუალური გრაფიკი;
- წლიური სწავლის საფასურის 10 ნაწილად გადახდის შესაძლებლობა;
- 20%-იანი ფასდაკლება ერთი წლის მანძილზე ახლად აშენებულ სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში მეორე სემესტრიდან;
უნივერსიტეტი აგრძელებს 2020 წლის უპრეცედენტო შეღავათების შეთავაზებას”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მათ ვებ-გვერდზე: http://sabauni.edu.ge/ka/news/5713