ლევან ბოძაშვილი - რაც ამერიკაში ხდება, უპრეცედენტოა - თუ ტრამპის პოლიტიკამ შედეგი ვერ გამოიღო, მას ნოემბრის არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმა მოუწევს

„ის, რაც დღეს ამერიკაში ხდება, არის არამხოლოდ ამერიკისთვის, არამედ მთელი მსოფლიოს საერთაშორისო ურთიერთობათა წესრიგისთვის დამაზიანებელი, მათ შორის, ამერიკის პარტნიორი ქვეყნების უსაფრთხოებისათვის და რა თქმა უნდა, საქართველოსთვისაც“, - ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილმა მოადგილემ, ლევან ბოძაშვილმა “ინტერპრესნიუსს“ ამერიკაში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას განუცხადა. ბოძაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე მოვლენებს „აბსოლუტურად უპრეცენდენტოს“ უწოდებს და აღნიშნავს, რომ ამ ყველაფერს პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხრიდან სისტემური გადაწყვეტა სჭირდება.

მისივე თქმით, მიმდინარე პროცესები აზიანებს ამერიკის, როგორც დემოკრატიის გამავრცელებელი ქვეყნის იმიჯს.

„ამერიკაში მიმდინარე მოვლენებმა გამოაჩინა, რომ სისტემამ ამის პრევენცია ვერ შეძლო. სიტუაცია არის აბსოლუტურად უპრეცენდენტო და ესკალირებული იმდენად, რომ ვფიქრობდი კიდეც, ტრამპის გადადგომა ან არჩევნებში მონაწილეობაზე უარის გამოცხადება ხომ არ უშველილს ამ ყველაფერს? ახლა რაც ხდება ამერიკაში არის ერთგვარი ღირებულებითი ომი. აქ პოლიტიკური ორთქლის გამოშვებაა აუცილებელი პოლიტიკური ხელმძღვანელების მიერ და ეს ყველაფერი უკავშირდება პირველ რიგში ტრამპს და არავის სხვას. მთელ მსოფლიოს მიეცა სალაპარაკო, განსაკუთრებით პრორუსული განწყობის ქვეყნებს, ჩინეთს, ირანს და რუსეთს თავისთავად, რომ ამერიკას აღარ აქვს საშუალება ასწავლოს ჭკუა სხვას, ვინაიდან მას თავისთან ვერ მოუგვარებია. ამ ყველაფერმა ძალიან დააზიანა ამერიკის იმიჯი, როგორც დემოკრატიის გამავრცელებლის იმიჯი და ეს ჩვენთვის წარმოშობს ძალიან სერიოზულ საფრთხეებს“, - განაცხადა ბოძაშვილმა.

მისივე თქმით, თუ ამერიკა ასეთი ტიპის მმართველობას გააგრძელებს, ვეღარ შეძლებს მსოფლიო ლიდერობას.

„ამერიკის შეეერთებული შტატები ასეთი ტიპის მმართველობით დიდხანს ვერ გაძლებს და მსოფლიო ლიდერობას დიდხანს ვერ შეინარჩუნებს, აქ რაღაც არსებითი უნდა შეიცვალოს. ეს ყველაფერი რომ გაგრძელდეს, ამან შეიძლება ძალიან უმართავი პროცესები გამოიწვიოს მთელ მსოფლიოში, მათ შორის ჩვენთან. ახლა ამერიკას ნამდვილად არ სცალია პარტნიორების დასაცავად და ამით როგორ ისარგებლებს ჩინეთი და რუსეთი, ნათელია. ჩვენ ვიცით რუსეთის პრაქტიკა, რას აკეთებს ხოლმე ასეთ სიტუაციებში. ეს არის ის, რომ სწორედ ამერიკის პარტნიორებს სხვადასხვა რეგიონებში ურტამს იმ გაგებით, რომ ცდილობს კრიზისი შექმნას და ისარგებლოს არეულობით“, - განაცხადა ბოძაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, თუ ტრამპის პოლიტიკამ შედეგი ვერ გამოიღო, მას ნოემბრის არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმა მოუწევს. ბოძაშვილის თქმით, ამერიკის შესუსტება საქართველოს ინტერესებში არ არის.

„ამ ყველაფერს უკვე აქვს გავლენა მსოფლიოზე. ამერიკის შესუსტება არც ერთ შემთხვევაში არ არის საქართველოს ინტერესებში. ნებისმიერი ასპექტით ჩვენთვის ეს იქნება ძალიან დამაზიანებელი. ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი მიმდინარეობს მსოფლიოში, ყველაფერი, რაც ხდება, ასხამს ჩინეთის წისქვილზე წყალს. ბუნებრივია, ჩინეთი საოცრად გაძლიერდება ამის გამო. რაც იყო ამერიკის საგარეო პოლიტიკის ეფექტურობის განმსაზღვრელი, ეს იყო დემოკრატიის ექსპორტი, რომელსაც ის ახორციელებდა ათწლეულების განმავლობაში მთელ მსოფლიოში. ამიტომაც იყო ამერიკა სასურველი პარტნიორი და ეს აღქმა რომ შეიცვალოს, ეს გამოიწვევს ძალიან დიდ გადანაწილებას მსოფლიოში, რა დროსაც ჩვენ მოგვიწევს ახლებური მიდგომების და ახლებური თავდაცვის მექანიზმებზე ძალიან სერიოზული დაფიქრება ყველა მიმართულებით“, - განაცხადა ბოძაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა