ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2020

რა ეპიდემიოლოგიურ საფრთხეებს ხედავენ საზღვრების გახსნაში და რომელი ქვეყნებიდან მივიღებთ ტურისტებს

“ტემპერატურის მატებამ ვირუსზე გავლენა არ მოახდინა” - მედიკოსები თვლიან, რომ „კოვიდ-19” სხვადასხვა ქვეყნაში სახეს იცვლის

“პარტიების უმეტესობა ხმების საჭირო რაოდენობას ვერ აიღებს” - გაერთიანებულ ოპოზიციაში დაპირისპირება ღრმავდება

* * *

რა ეპიდემიოლოგიურ საფრთხეებს ხედავენ საზღვრების გახსნაში და რომელი ქვეყნებიდან მივიღებთ ტურისტებს

“საქართველო ტურისტების მიღებისთვის ემზადება - ტურისტების მიღებას ასევე პროგნოზირებენ ისეთი ქვეყნებიც, სადაც ეპიდემიოლოგიური კუთხით განსაკუთრებით რთული სიტუაცია იყო. რა საფრთხეებს შეიძლება შეიცავდეს ტურისტების მიღება ქვეყნებისთვის და რა რისკებზე მიდიან ტურისტების მიღებით ისეთი ქვეყანები, რომელებიც კორონავირუსს მეტ-ნაკლებად კარგად გაუმკლავდნენ. ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა “რეზონანსთან” ამბობს, რომ საქართველოში ტურისტების შემოსვლასთან დაკავშირებით თეორიულად რისკები არსებობს, თუმცა, მისი თქმით, დაავადებათა კონტოლის ცენტრს რისკების მინიმუმამდე დაყვანის გეგმა აქვს შემუშავებული, რაც სახელმწიფოს დაეხმარება, რომ ეპიდვითარება ტურისტების ნაკადმა არ გააუარესოს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რა ეპიდემიოლოგიურ საფრთხეებს ხედავენ საზღვრების გახსნაში და რომელი ქვეყნებიდან მივიღებთ ტურისტებს.

“თეორიულად რა თქმა უნდა რისკები არსებობს, იმიტომ, რომ, თუ ტურისტები ისეთი ქვეყნებიდან შემოვლენ, სადაც კორონავირუსის მაღალი გავრცელებაა რა თქმა უნდა, შესაძლოა, რომ ვიღაც ინფიცირებული იყოს. თუმცა, დაავადებათა კონტროლის ცენტრს გეგმა აქვს შემუშავებული, თუ ამ ადამიანების შემოწმება როგორ უნდა მოხდეს და მინიმუმამდე დავიდეს რისკი იმისა, რომ ტურისტული სეზონის გახსნის შემდეგ, სხვა ქვეყნიდან საქართველოში ახალი შემთხვევების შემოდინება არ მოხდეს. ეს გეგმა მე როგორც ვიცი, უკვე არსებობს, რა თქმა უნდა, არანაირი ბერკეტი არ არსებობს იმისა, რომ 100%-ით ერთეული შემთხვევების შემოსვლა გამოვრიცხოთ, მაგრამ ამ გატარებული ღონისძიებებით ამის მინიმალიზაცია მოხდება. საქართველოს ჯანდაცვის სფერო მზადაა, რომ ერთეული შემთხვევები თუ გაიპარება, ამის დროული გამოვლენა და შემდეგ ამ ყველაფრის ლოკალიზაცია მოხდეს, რათა გავრცელება არ იყოს და ეპიდემიოლოგიური სიტუაცია არ გაგვიუარესდეს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ალექსანდრე გოგინავა.

“ამიტომაც ჩვენს ჯანდაცვის სისტემას ამის მზადყოფნა აქვს, ეპიდემიოლოგიურ სამსახურებს ამისი გეგმა აქვთ, ეს ყველაფერი კონტროლქვეშ იქნება და აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ტურისტების შემოსვლა ჩვენს ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას დიდწილად არ გააუარესებს, რადგანაც ყველა ტურისტის შემოსვლა სკულპუროზულად განხილული იქნება და შესაბამისი გამოკვლევები ჩაუტარდებათ. ჩვენი ქვეყნისთვის კი ტურისტები აუცილებელია, იმიტომ, რომ ისედაც ეკონომიურად საკმაოდ ცუდი მდგომარეობაა და ტურისტული სეზონის სრული ჩავარდნა, ქვეყნისთვის ძალიან ცუდი იქნება” - თქვა გოგინავამ. შერიგების საკითხებში საქართველოს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი კი ამბობს, რომ ტურისტული სეზონის გახსნა არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ საზღვრები ყველა ქვეყანასთან გაიხსნას”, - აღნიშნავს გამოცემა.

“პირველ რიგში ალბათ ტურისტული სეზონის გახსნა არ უნდა ნიშნავდეს საზღვრების გახსნას აბსოლუტურად ყველასთან. ჩემი აზრით, ალბათ, განსაზღვრული იქნება სახელმწიფოები, რომლის ტურისტებსაც შემოსვლის უფლება მიეცემათ. საქართველოს კანონმდებლობით ალბათ ექნებათ ის ჩამონათვალი, თუ კორონავირუსს რომელი სახელმწიფოები უმკლავდებიან კარგად. უნდა იყოს ცნობა ჯანმრთელობის შესახებ, ან იმის ცნობა, რომ კორონავირუსი გადაიტანა, ან კარანტინი გაიარა, ანუ რაღაც დამადასტურებელი ინფორმაცია უნდა ჰქონდეს ტურისტს, რომ დასაბუთებულად და გარანტირებულად ვირუსს არ ატარებს. ბუნებრივია საზღვარზე მკაფიო სერიოზული შემოწმება უნდა იყოს, ანუ, მგონი უსაფრთხოების ზომების დაცვა შესაძლებელია, ამ ყველაფერს საქართველო კარგად გაუმკლავდა. ჩემის აზრით, ტურისტული სეზონის გახსნა ცალსახად და მკაფიოდ არ უნდა ნიშნავდეს სახელმწიფო საზღვრების გახსნას, ეს ორი სხვადასხვა რამეა. სომხეთში ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით რაც ხდება, ძალიან გული მტკივა, ჩვენი მეგობარი სახელმწიფოა, ბუნებრივია, ალბათ სომხეთთან საზღვარი არ გაიხსნება, ასევე აზერბაიჯანშიც ამ მხრივ მთლად დალაგებული სიტუაცია არაა. კარგი იქნება თუ საქართველო სახმელეთო საზღვარს არ გახსნის და გახსნის მხოლოდ საჰაერო მიმოსვლას, სადაც შემიოწმება აეროპორტებში მოხდება” - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

“ტემპერატურის მატებამ ვირუსზე გავლენა არ მოახდინა” - მედიკოსები თვლიან, რომ „კოვიდ-19” სხვადასხვა ქვეყნაში სახეს იცვლის

“მიუხედავად იმისა, რომ ახალი კორონავირუსი ოფიციალურად უკვე 6 თვეა არსებობს, მეცნიერებმა დღეს ცოტა რამ იციანი ამ ვირუსის შესახებ, თუნდაც, რამდენად იცვლის სახეს კლიმატური ზეგავლენისას და კლავს თუ არა მაღალი სიცხე კოვიდ-19-ს. დღევანდელ მედიცინას, რომელიც მაღალგანვითარებულ დარგად ითვლება, რეალური დასკვნების გაკეთება არ შეუძლია და რაიმე კონკრეტული მიღწევა ამ მიმართულებით, სამწუხაროდ, არ გააჩნია. მედიკოსთა გარკვეული ნაწილი თვლიდა, რომ ზაფხულის მაღალი სიცხე ვირუსს გაანადგურებდა, ან სულ ცოტა კორონავირუსი უკან დაიხევდა და გავრცელების მაღალი ალბათობა შემცირდებოდა, თუმცა, დღეს სხვა რეალობა გვაქვს. მაგალითად, მეზობელ სომხეთში, სადაც ზაფხულის სიცხეები უკვე დაიწყო, ეპიდვითარების კუთხით მეტად რთული მდგომარეობაა და ინფიცირების შემთხვევები კატასტროფულად იზრდება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ტემპერატურის მატებამ ვირუსზე გავლენა არ მოახდინა” - მედიკოსები თვლიან, რომ „კოვიდ-19” სხვადასხვა ქვეყნაში სახეს იცვლის.

“ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში ვატო სურგულაძე აღნიშნავს, რომ ვირუსზე მაღალი ტემპერატურა არ მოქმედებს. ამასთან, კაცობრიობამ ცოტა რამ იცის ამ ვირუსის შესახებ. “არ მგონია, რომ ეს ვირუსი ძალიან იყოს დამოკიდებული კლიმატურ ტემპერატურაზე. ვხედავთ მეზობელ სომხეთში რამხელა აფეთქება არის, მიუხედავად იმისა, რომ საზაფხულო ტემპერატურაა. საკმაოდ ნელა იძენს კაცობრიობა ცოდნას ამ ვირუსის შესახებ. არ გაგვაჩნია სრულყოფილი ინფორმაცია, - რამდენად მყარი იმუნიტეტი შეიძლება გამომუშავდეს, რამდენად იმოქმედებს ეს იმუნიტეტი შემოდგომის სეზონზე. მედიკამენტებზე და ვაქცინებზე სერიოზული მუშაობა მიდის და როგორც ამბობენ, წინსვლა აქვთ. თუმცა, ჯერჯერობით კაცობრიობა ამ ვირუსზე ინფორმაციას ჯერ კიდევ აგროვებს”, - თქვა სურგულაძემ. მან კითხვაზე, რატომ არის ახლა ლათინური ამერიკა პანდემიის კერა და რა ხდება სომხეთში ისეთი, რომ ვითარება ასე კატასტროფულად იცვლება - აღნიშნა, რომ საქმე წესების დაუცველობას უკავშირდება. თანაც ისეთი მკაცრი რეგულაციები, როგორიც, მაგალითად, საქართველოს ჰქონდა, სომხეთში არ არსებობს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ბრაზილიაში ჯანდაცვის სისტემა საკმაოდ სუსტია. ამასთან, მჭიდრო დასახლებაა, ცხოვრობენ დიდი ოჯახებით. ადამიანების დიდი რაოდენობა ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს ქვევით. რაც შეეხება სომხეთს - ის წესები, რაც საქართველომ დაიცვა, მეტ-ნაკლებად ასეთი მკაცრი შეზღუდვები არ არსებობდა და ალბათ არ იცავდნენ წესებს ისე, როგორც უნდა დაეცვათ”, - თვლის გამოცემასთან საუბრისას ვატო სურგულაძე. ექიმი-ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე მიიჩნევს, რომ რაც უფრო მეტია გავრცელება, ვირუსი მით მეტად ძლიერდება. ერთადერთი, რაც კაცობრიობამ ნამდვილად იცის ამ ვირუსის შესახებ ის არის, რომ ყველაზე მაღალი გავრცელება დაბალი იმუნიტეტის მქონე ადამიანებშია”, - დასძენს გამოცემა.

“ერთადერთი მიღწევა ის არის, რომ ეს ვირუსი მოქმედებს, ცუდი თვალსაზრისით, ძირითადად იმ ადამიანებზე, ვისაც იმუნიტეტი აქვს დაბალი. ეს კი გამოწვეულია გარკვეული დაავადებებით. არსებობს იმუნური ფენა ქვეყნების მიხედვით. რაც უფრო მაღალგანვითარებული იყო ქვეყანა, მით უფრო მეტი მსხვერპლიც იყო და მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში უფრო გავრცელდა ეს ვირუსი. მაინცდამაინც დიდი გავლენა სიცხემ და ტემპერატურის მატებამ არ მოახდინა. ჩვენთანაც არის ახალი შემთხვევები და ეს ძალიან საინტერესო ფაქტია, რადგან წინა ეპიდემიური სიტუაციების დროს მეტ-ნაკლებად მართლა იმოქმედა ტემპერატურის მატებამ. თუ ხდება ვირუსის მასიურად გავრცელება, მეტად მოქმედებს და უფრო მძიმე შემთხვევები გვაქვს - ანუ პასაჟირების შედეგად უფრო მეტად ძლიერდება ვირუსი. ამასთან, ჯერ ვერ ვისაუბრებ რამდენად ეფექტური იქნება აცრები. კონკრეტული პრეპარატიც სამწუხაროდ არ არსებობს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ხმალაძე.

“რაც შეეხება ლათინური ამერიკასა და მეზობელ სომხეთში არსებულ მდგომარეობას, ალბათ ჯერ კიდევ არ იყო შეღწეული ვირუსი ისე, რომ ასეთი სახე მიეღო. შესაძლოა თვითონ ვირუსი იცვლება გარკვეულ არეალში მოხვედრის შემდეგ. ან ძლიერდება ან პირიქით. საქართველოში არაფერი გამოუვიდა, თორემ სხვაგან აშკარად გაძლიერდა. ანდა ეპიდემიური თვალსაზრისით დაუცველობას ჰქონდა ადგილი, მოსახლეობამ არ გაითვალისწინოს რჩევები და ამიტომ მოხდა ვირუსის გამრავლება”, - დაასკვნის ხმალაძე.

“პარტიების უმეტესობა ხმების საჭირო რაოდენობას ვერ აიღებს” - გაერთიანებულ ოპოზიციაში დაპირისპირება ღრმავდება

“გაერთიანებული ოპოზიციის თავზე შავი ღრუბელი გროვდება. როგორც ჩანს ოპოზიციაში უკვე დიდი ხანია საერთო მაჟორიტარულ კანდიდატებთან დაკავშირებით ვერ თანხმდებიან. როგორი იქნება ოპოზიცია არჩევნებზე წარმოდგენილი? - კოალიცია, საერთო მაჟორიტარები თუ დამოუკიდებლად მონაწილეობა, ჯერ კიდევ უცნობია. თუმცა დაპირისპირების აშკარა ნიშნები ჩნდება. “ევროპულმა საქართველომ” “ნაციონალურ მოძრაობასა” და გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალ ყველა პარტიას მოუწოდა, დაიწყოს კონსულტაციები და შეთანხმდნენ პირველ რიგში თბილისის საერთო მაჟორიტარ კანდიდატებზე. პარტიაში ფიქრობენ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” წევრების ბოლო განცხადებები აჩენს ეჭვს, რომ ისინი შეთანხმების დარღვევას აპირებენ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “პარტიების უმეტესობა ხმების საჭირო რაოდენობას ვერ აიღებს” - გაერთიანებულ ოპოზიციაში დაპირისპირება ღრმავდება.

“საერთო მაჟორიტარ კანდიდატებზე შეთანხმება ოლქების დიდ ნაწილში და პირველ რიგში, თბილისში, ეს არის საკვანძო ელემენტი ოპოზიციის გამარჯვებისთვის მომავალ საპარლამენტო არჩევნებში”, - ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ბაქრაძე ოპოზიციურ პარტიებს ერთიანი მაჟორიტარი კანდიდატების საკითხზე არსებული შეთანხმების ერთგულებისკენ მოუწოდებს. ამბობს, რომ “ევროპული საქართველო” მზად არის, უახლოეს დღეებში სხვა ოპოზიციურ პარტიებს შეხვდეს და შეთანხმდნენ, ვინ იქნებიან ოპოზიციის საერთო მაჟორიტარობის კანდიდატები. “საერთო მაჟორიტარ კანდიდატებზე შეთანხმება ოლქების დიდ ნაწილში და პირველ რიგში, თბილისში, ეს არის საკვანძო ელემენტი ოპოზიციის გამარჯვებისთვის მომავალ საპარლამენტო არჩევნებში. ამიტომ მთლიანად მხარს ვუჭერთ და მზად ვართ კონსულტაციებისთვის, ოღონდ არა ზოგადი კონსულტაციებისთვის - მზად ვართ, შევიკრიბოთ და უახლოეს დღეებში შევთანხმდეთ იმაზე, თუ ვინ იქნებიან ოპოზიციის შეთანხმებული კანდიდატები პირველ ეტაპზე თბილისში და შემდეგ უკვე გაგრძელდეს საუბარი თბილისის გარეთაც. ჩვენ ამის მზადყოფნას ვადასტურებთ”, - განაცხადა ბაქრაძემ. მაჟორიტარების საერთო კანდიდატებთან დაკავშირებით დისკუსია მას შემდეგ დაიწყო, რაც რამდენიმე დღის წინ, “ლელომ” ოფიციალური განცხადება გააკეთა, რომ ისინი გაერთიანებულ ოპოზიციას არ უერთდებოდნენ და 30-ვე ოლქში საკუთარ კანდიდატს დაასახელებდნენ”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ამის შემდეგ, მორიგი განცხადება უკვე გუბაზ სანიკიძემ გააკეთა. თქვა, რომ უკვე გარკვეულია, რომ საერთო კანდიდატებზე მთლიანად შეთანხმება ვერ მოხდება. “ლელო” კი ისევ ძველ პოზიციაზეა - 30-ვე ოლქში პარტიას მაჟორიტარობის საკუთარი კანდიდატი ეყოლება, თუმცა, ბადრი ჯაფარიძე არ გამორიცხავს, რომ ოპოზიციასთან აქტიური კოორდინაცია და დისკუსიაც იყოს იმ საკითხებზე, რომლებიც საერთო მაჟრიტარული კანდიდატების დასახელებას შეეხება. არც ის იქნება დიდი უბედურება, თუ ვერ მოხდა შეთანხმება, თუმცა სჯობს, რომ მნიშვნელოვან ოლქებში ეს მოხდეს, - ასე ეხმაურება “ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე საერთო მაჟორიტარებთან დაკავშირებით “ევროპული საქართველოს” ლიდერების განცხადებას და ამბობს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” მაჟორიტარების ერთიან კანდიდატებთან დაკავშირებით საუბრის გასაგრძელებლად, მზადაა”, - განაგრძობს გამოცემა.

“არის უამრავი პარტია, რომელსაც დაბალი ბარიერით გაუჩნდა შანსი ერთი დეპუტატის ძალიან მარტივად გაყვანის, ამისთვის სულ რაღაც 15000 ხმა სჭირდებათ. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არა მაჟორიტარულ, არამედ პროპორციულ სისტემაზე მუშაობა და 30-ვე ოლქში თავიანთი კანდიდატის დაყენება. საკონსტიტუციო ცვლილებები ხელს უწყობს პარტიების ორიენტირებას პარტიულ სიაზე და არა მაჟრიტარულ ოლქებზე”, - ამბობს გოცირიძე. რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერეთი ლიდერი დავით ბერძენიშილი “ევროპული საქართველოს” წევრების მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. მან “ევროპული საქართველოს” ბრიფინგს თავის დაზღვევა და უკან მიდევნებული ლამპარი უწოდა. “არაფერი პორბლემა არ არის, თავის დაზღვევის უფლება აქვს ყველა პარტიას, მაგრამ ამასთანავე მე ძალიან მყარად ვიცი, რომ ისინი ძალიან კმაყოფილები არიან "ნაციონალურ მოძრაობასთან"და სხვა პარტიებთან შეთნხმებით”, - აცხადებს ბერძენიშვილი. ანალიტიკოსი და კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე “რეზონანსთან” აცხადებს, რომ მას არც ჰქონდა ილუზია და მოლოდინი, რომ რეალურად ოპოზიციაში საერთო მაჟორიტარ კანდიდატებზე შეთანხმდებოდნენ”, - დასძენს გამოცემა.

“რა თქმა უნდა, არც გამკვირვებია ის განცხადებები, რომელიც უკვე ოპოზიციის ლიდერების მხრიდან დაიწყო. არც მაქვს იმის ილუზია, რომ ოპოზიციაში საერთოდ მაჟორიტარულ კანდიდატებზე შეთანხმდებოდნენ - ახლა ამ გაერთიანებულ ოპოზიციაში, რომელსაც “ძალა ერთობაშია” ჰქვია, არჩევნებში ყველაზე გამოცდილი და დიდი ელექტორატის მქონე “ნაციონალური მოძრაობაა”. გვინდა თუ არა, ეს ჩვენი ქვეყნის რეალობაა. მოდი ახლა გავყვეთ ლოგიკას. “ნაციონალებს” სთხოვენ, რომ შენ ახლა დაგვითმე საკუთარი მაჟორიტარული ოლქები და ასევე შენვე იწვალე იმ მაჟორიტარის გამარჯვებაზე, რომელზეც ოპოზიცია შევთანხმდებითო. რეალურად ასეა. ყველაზე მეტი ამომრჩეველი “ნაციონალებს” ჰყავთ. ამიტომ ყველაზე მეტი შრომა მათ მოუწევთ. ფაქტიურად საკუთარი ბეჭებით უნდა გაიყვანოს ყველა კანდიდატი. ამიტომ ჩნდება კითხვა, რას მიიღებენ ისინი სანაცვლოდ? მაშინ ოპოზიცია უნდა შეთანხმდეს, რომ მთავრობის ფორმირებისას, თუ კი კოალიციური გახდება საჭირო, მხარი “ნაციონალების” კანდიდატს დაუჭირონ და მთავრობის ფორმირებაში დაეხმარონ. სხვაგვარად მართლა წარმუდგენელია, რატომ უნდა შეიწუხოს “ნაციონალურმა მოძრაობამ” თავი, როცა იცის, რომ ამ არჩევნებში ბრძოლის ხაზი მაინც ორ პოლუსზე გავა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენთთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“მისივე თქმით, თუკი ოპოზიციის არგუმენტია, რომ საერთო კანდიდატი მეორე ტურის შემთხვევაში “ოცნების” კანდიდატურას დაამარცხებს, ეს ნაკლებად მყარად ეჩვენება. მისი აზრით, “ოცნება” მაინც იმის აპელირებას შეეცდება, რომ ოპოზიციის საერთო კანდიდატი ისევ “ნაციონალური მოძრაობის” არის და კვლავ ორ პოლუსზე თამაშა შეეცდება. ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ ოპოზიაციაში განხეთქილება დიდხანია უკვე დაწყებულია. მისი აზრით, ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ ბოლო დროს იკრიბებიან, თუმცა ამბავი იქიდან არაფერი გამოაქვთ. ანალიტიკოსი ეჭვობს, რომ შეთანხმება ვერ ხერხდება 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით და ამიტომაც სათქმელიც ჯერ არაფერი აქვთ. არადა გეგმავდნენ და მედიასთან ამბობდნენ, რომ მათ მიზნებს და სტარტეგიას გააცნობდნენ. თუმცა არც მიზნები და არც რაიმე გეგმა ჯერ არ ჩანს”, - წერს სტატიის ავტორი.

“სავარაუდოა, რომ ოპოზიციის შიგნით უკვე ჭიდაობაა დაწყებული. ლოგიკურია, რომ პარტიებს, რომლებსაც მეტი რეიტინგი აქვთ, უფრო მეტი პრეტენზიებიც გააჩნიათ. რა თქმა უნდა, ყველას თავისი ამბიცია აქვს და შეთანხმების იმედი ნაკლებად მაქვს. ამიტომაც ამაზე საუბარი არ სურთ. თითქმის ყველამ თქვა, მაჟორიტარად მივდივართო. ეს იმას ნიშნავს, რომ შეთანხმება ვერ ხერხდება, ასევე იმას, რომ პარტიების უმეტესობა საჭირო ხმების რაოდენობას ვერ აიღებს. კი იძახდნენ იქამდე არიქა პროპორციული სისტემა გვინდაო, მაგრამ ახლა თავისთვის ეს პროპორციული სისტემა არ უნდათ. ეს იმისთვის უნდოდათ, რომ ამით “ოცნება” დაესუსტებინათ. პოლიტიკოსისთვის რომ პროპორციული სისტემა სახეირო არ არის, ახლა ჩანს. სახელიანი პოლიტიკოსები ცდილობენ, რომ ხმების რაოდენობა თავად აიღონ. პარტიები ფაქტობრივად მარცხისთვის ჰყავთ მიშვებული. რახან იციან, რომ პარტიებს ნაკლები გასვლის შანსი აქვს, ამიტომ მაჟორიტარებად თავად გამოდიან. მგონია, რომ “ნაციონალების” და “ევროპელების” გარდა, დიდად ამ ოპოზიციაში პარტიებს გასვლის შანსები არა აქვთ. ამიტომ არის, რომ ვერაფერზეც ვერ თანხმდებიან და ვერც შეთანხმდებიან“, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
ახალი ზოოპარკი და ახალი ბინადრები, რომელთა ნახვაც დამთვალიერებლებს შეეძლებათ - რა ეტაპზეა თბილისის ზღვაზე ახალი ტერიტორიის მოწყობა?
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით