თარაშ კანდელაკის ადვოკატი - ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს არ ჩაუდენია ის დანაშაული, რაზეც ხდება აპელირება

გორში მომხდარი ჩხუბის ფაქტზე დაკავებულ თარაშ კანდელაკს ბრალი ოფიციალურად ჯერ არ წარდგენია.

დაკავებულის ადვოკატის, შოთა მანელიძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ოჯახისთვის ამ ეტაპზე, ერთ-ერთი პირველი საზრუნავი არის თედლიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

,,ჩვენთვის, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ კანდელაკების ოჯახს, უმთავრეს ღირებულებას წარმოადგენს ახალგაზრდა ბიჭის, ერეკლე თედლიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ჩვენ, შეგნებულად თავს ვიკავებთ ზედმეტი კომენტარის გაკეთებისგან და ვფიქრობთ, რომ ამ ეტაპზე, ერთ-ერთი პირველი საზრუნავი არის თედლიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ გაჟღერდა, თითქოსდა, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი იმყოფებოდა ინციდენტის ადგილზე ვინმე სხვა პირთან ერთად, კატეგორიულად ვაცხადებ, რომ ინციდენტის არსებობისას, ადგილზე იმყოფებოდა მხოლოდ თარაშ კანდელაკი“, - განაცხადა დაკავებულის ადვოკატმა.

შოთა მანელიძის განცხადებით, ბრალის საკითხი ჯერ არ დამდგარა და შესაბამისად, კონკრეტული პოზიცია ჩამოყალიბებული ჯერ არ აქვთ.

,,ბუნებრივია, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან მქონდა არაერთგზის შეხვედრა, თუმცა, ამ ეტაპისთვის, ბრალთან მიმართებაში, რადგან ასეთი საკითხი ჯერ არ დამდგარა, კონკრეტული პოზიცია არ გვაქვს ერთობლივად ჩამოყალიბებული და შესატყვის ეტაპზე ამის თაობაზე მოგახსენებთ, თუმცა, ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში, ყველა ის გარემოება, ყველა ის ვითარება, ცალსახად მეტყველებს, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს არ ჩაუდენია ის დანაშაული, რაზეც ხდება აპელირება. რაც შეეხება მოტივს, ფაქტობრივად, ბუნებაში არ არსებობს რაიმე კონკრეტული საწყისი გარემოება, რაც შეიძლებოდა მამოძრავებელი ყოფილიყო ჩემი დაცვის ქვეშ მყოფისთვის, რომ რაიმე უკანონობა ჩაედინა მას, არავითარი განზრახვის არსებობაზე საუბარი არ შეიძლება იყოს“, - აცხადებს თარაშ კანდელაკის ადვოკატი.

მანელიძის განცხადებითვე, სხეულზე დაზიანებები აღენიშნება თარაშ კანდელაკსაც და სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მას ექსპერტიზა გუშინ ჩაუტარდა.

შეგახსენებთ, რომ გორში, 18 წლის ახალგაზრდის ცემის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, სასჯელის სახით კი თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ექვს წლამდე ითვალისწინებს.

18 წლის ახალგაზრდას, რომელსაც სხეულის მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა, კლინიკა „გორმედში“ გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, მოგვიანებით კი, პაციენტი თბილისში, სპეციალიზებულ კლინიკაში გადაიყვანეს. დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმე რჩება.

ვიქტორ ყიფიანი - შავი ზღვის რეგიონისადმი დასავლეთის მიდგომა ოპერატიულად გადახედვასა და მისადაგებას საჭიროებს
ქართული პრესის მიმოხილვა 03.07.2020
კახა კუკავა - „თავისუფალი საქართველოს“ გარდა, მთელი პოლიტიკური სპექტრი დაშლილებში აწყობილი პარტიებია - ზოგი „ქოცების“ დაშლილებია, ზოგი „ნაცების“
ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში - ყაზახეთის მიღწევა: პირველი პრეზიდენტის ნ. ნაზარბაევის როლზე (R)
თიბისი იპოთეკური სესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში ერთვება
როგორ ვლინდება ლაქტოზის აუტანლობა და რით შეგვიძლია ჩავანაცვლოთ ცხოველური რძე ბავშვთა კვებაში?
მაკა ასათიანი განცხადებას ავრცელებს
„მზადება ზაფხულისთვის“  (R)
"პროკრედიტ ბანკმა" საკუთარი მზის ელექტროსადგური წარადგინა