ლევან ბოძაშვილის განცხადებით, 13-ვე კონგრესმენი, რომელიც ივანიშვილს „პუტინის ახლო მოკავშირედ“ მიიჩნევს, „რესპუბლიკური პარტიის“ წევრია და „ძალიან მნიშვნელოვან“ სამუშაო ჯგუფს წარმოადგენს

უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილის, ლევან ბოძაშვილის განცხადებით, 13-ვე ამერიკელი კონგრესმენი, რომელიც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს „პუტინის ახლო მოკავშირედ“ მიიჩნევს, „რესპუბლიკური პარტიის“ წევრია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბოძაშვილმა განუცხადა, ისინი იმ სამუშაო ჯგუფს წარმოადგენენ, რომლის ამოცანაა, დააგენერიროს გეოპოლიტიკური თვალსაზრისით ამერიკის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო საფრთხეები.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჯგუფი და ეს არის ინსტიტუციური ჯგუფი, ეს არ არის რაღაც უცებ შეკრებილი „რესპუბლიკელების“ ჯგუფი, რომ მოდი, ახლა ასეთი რაღაც დავწეროთ. შესაბამისად, ის ამ შეფასებებს აკეთებს ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის ფარგლებში ანუ ყველა შეფასება, რომელიც აქ არის მოცემული, არის ამერიკის სტრატეგიული ინტერესების ჭრილში განხილული და არა ზოგადად კონკრეტული ქვეყნის, კონკრეტული პირის ან რაღაც ერთჯერადი აქტი“, - განაცხადა ბოძაშვილმა.

მისი თქმით, იმ პირობებშიც კი, როცა ამერიკელი სენატორები და კონგრესმენები განცხადებებსა და „ტვიტებს“ აქვეყნებდნენ, მაინც რჩებოდა სივრცე ყველაფრის მოსაგვარებლად, ამ დოკუმენტის შემდეგ კი სივრცე აღარ რჩება, გარდა ხელისუფლების არჩევნების გზით გადანაწილებისა.

„შეფასებაში, რომელიც არის გაკეთებული ბიძინა ივანიშვილთან მიმართებაში, 2 ძალიან ცუდი მომენტია: ერთი, რომ ეს შეფასება არის გაკეთებული რუსეთის ნაწილში, სადაც კონგრესმენები აკეთებენ შეფასებას რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე და ისინი კვლავ აღიარებენ იმას, რომ მათთვის სტრატეგიულად რუსეთი კვლავ არის საფრთხე. აქედან გამომდინარე, ამ ყველაფერთან ივანიშვილის მიბმა, ჩემი აზრით, არის ძალიან ნეგატიური შეფასება, რომელსაც იმის მიუხედავად, იქნება თუ არა სანქციები მომავალში, უკვე აქვს ეფექტი დღეს, მათ შორის თუ საარჩევნო შედეგი არ გააჩენს ქვეყანაში კოალიციის შექმნის საშუალებას, მაშინ ამერიკულ მხარეს ძალიან გაუჭირდება საქართველოს არჩევნების შედეგების აღიარება, როგორც დემოკრატიულის. ეს შეგვიძლია დღეს უკვე ვთქვათ დანამდვილებით. ამიტომ, თუ სანქციები იქნება, შეიძლება იყოს არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ, არჩევნებამდე ეს შეიძლება იყოს ინდივიდუალური სანქციები, ასევე ზოგადად ქვეყანასთან მიმართებაში გატარებული კონკრეტული სანქციები. ცუდი და ნეგატიური არის ისიც, რომ აქ „ქართულ ოცნებაზე“ კი არ არის საუბარი, როგორც პარტიაზე ან პოლიტიკურ სივრცეზე, არამედ კონკრეტულ ერთ ადამიანზეა საუბარი და ეს არის უკიდურესად ცუდი სიგნალი, განსაკუთრებით არჩევნების წინა პერიოდში. მე ვთვლი, რომ დღეს უკვე ამ ყველაფრიდან გამომდინარე, იანვარში, თებერვალში, მარტში ყველა იმ კონგრესმენის ცალკეული „ტვიტებისა“ და განცხადებების შემდეგაც კი რჩებოდა გარკვეული სივრცე ყველაფრის გამოსწორებისა, მაგრამ როდესაც ახლა უკვე სტრატეგიული ხასიათის დოკუმენტშია ეს ყველაფერი, დიდი რაოდენობა მმართველი „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენელი კონგრესმენების მიერ, აქ უკვე სხვა სივრცე აღარ რჩება თუ არა ხელისუფლების საარჩევნო გზით გადანაწილებისა“, - აღნიშნა ბოძაშვილმა, რომელმაც ხაზი გაუსვა, რომ გამოქვეყნებული დოკუმენტის ავტორი კონგრესმენები არ არიან ის კონგრესმენები, რომლებიც საქართველოსთან მიმართებაში კრიტიკულ განცხადებებს აქამდე აკეთებდნენ.

ცნობისთვის, დოკუმენტში, სახელწოდებით: „ამერიკის გაძლიერება და გლობალურ საფრთხეებთან ბრძოლა“, რასაც ხელს აშშ-ის 13 „რესპუბლიკელი“ კონგრესმენი აწერს, საუბარია რუსეთის დეზინფორმაციული კამპანიის ლიდერებისთვის სანქციების დაწესების აუცილებლობაზე. „ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს უმდიდრესი ადამიანი, რომელიც პუტინის ახლო მოკავშირეა, რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული“, - ნათქვამია დოკუმენტში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა