ქართული პრესის მიმოხილვა 15.06.2020

თენგიზ ფხალაძე - “დღეს მთავარი ამოცანაა, რომ საქართველოში გადარჩეს საშუალო და მცირე ბიზნესი...”

რუსეთის პირველი მადლობა საქართველოს ბოლო 14 წლის განმავლობაში - მოულოდნელი მინიშნებები მოსკოვიდან

გიორგი გობრონიძე - “მე არ ვთვლი, რომ ივანიშვილი რუსეთმა მოავლინა საქართველოს დასაქცევად”

კორონავირუსის კლიმატური რუკა - რომელ ზონაშია საქართველო

თინა ხიდაშელი - “ასეთი უმწეო “ნაცები” მე არ მახსოვს. “ლელოს” იმედით ვუყურებ...”

* * *

თენგიზ ფხალაძე - “დღეს მთავარი ამოცანაა, რომ საქართველოში გადარჩეს საშუალო და მცირე ბიზნესი...”

“ამას 13 კონგრესმენის განცხადება ჩვენში შეცდომით უწოდეს - ეს გახლავთ თვისებრივად სხვა დოკუმენტი. პარტიებს ჰყავთ ჯგუფები, რომლებიც მუშაობენ მათ სტრატეგიულ დოკუმენტებზე. საქმე გვაქვს აშშ-ის კონგრესში რესპუბლიკური პარტიის ჯგუფთან, რომელიც ყველაზე დიდი ჯგუფია - მასში 147 რესპუბლიკელი შედის. ეს არ არის ამ კომიტეტის წევრთა განცხადება, ეს არის სტრატეგიული ხედვის დოკუმენტი, რომელიც ამ ჯგუფმა შექმნა და მასში ასახულია ის მოსაზრებები, რომლებიც შეიძლება პოლიტიკურ ქმედებებად გარდაიქმნას. არის თუ არა ეს იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტი? - არა, მაგრამ ამ ტიპის დოკუმენტები იქმნება იმისთვის, რომ შემდგომ მათ საფუძველზე საკანონმდებლო ინიციატივები ჩამოყალიბდეს. მას ნამდვილად აქვს დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა”, - აცხადებს ექსპერტი თენგიზ ფხალაძე გაზეთ კვირის პალიტრისთვის მიცემულ ინტერვიუში, სათაურით დღეს მთავარი ამოცანაა, რომ საქართველოში გადარჩეს საშუალო და მცირე ბიზნესი...” / არა მგონია, ქართველი საზოგადოება კიდევ გაერთიანდეს ბელადის ირგვლივ. ვფიქრობ, ბელადომანიის ეტაპები უკვე გავიარეთ. დღეს ჩვენი საზოგადოება უნდა გაერთიანდეს ეროვნული თანხმობის იდეით, ამიტომ დიდ ფორას მიიღებს ის, ვინც ამას მოახერხებს”.

“ასე რომ, მე არ შევხედავდი ამას ისე არხეინად, როგორც მმართველი პარტიის განცხადებებით მოვისმინეთ. ამ დოკუმენტში ჩვენთან დაკავშირებული ბევრი სხვა რამაც წერია, მაგრამ რატომღაც მხოლოდ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ფრაზები იქცა განხილვის თემად. ყურადღების მიღმა დაგვრჩა საქართველოს მხარდაჭერის აქტი და ის ჩანაწერი, რომელშიც ლაპარაკია საქართველოს, როგორც სახელმწიფოს გაძლიერებაზე. ნუ შევხედავთ ამ ანგარიშს ისე, თითქოს რადგან ეს არ არის კონგრესის რეზოლუცია ან კანონი, რომელიც უკვე პრეზიდენტს ეგზავნება ხელმოსაწერად. ეს არის რესპუბლიკური პარტიის სტრატეგიული ხედვის დოკუმენტი. განცვიფრებული ვარ მოსაზრებით, რომ თურმე ლობისტები წყვეტენ ყველაფერს. მაშინ რაღად გვინდა საპარლამენტო ჯგუფები, სენატორებსა თუ კონგრესმენებთან ურთიერთობა, დავიქირაოთ ლობისტები და ისინი დაგვილაგებენ ყველაფერს! თუ ვინმე ფიქრობს, რომ ასე იგება პოლიტიკა, ცდება. გარდა ამისა, ეს განცხადებები შეურაცხმყოფელია იმ ადამიანებისათვის, ვინც ხელს აწერენ დოკუმენტს. ამ განცხადებებით ვამბობთ, რომ შეერთებული შტატების საკანონმდებლო ორგანო არის იმ ხალხით დაკომპლექტებული, რომლებიც ასე ჰაიჰარად, ლობისტების დაძახილზე დაწერენ და ხელს მოაწერენ ყველაფერს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თენგიზ ფხალაძე.

“ამ პროცესში გამოჩნდა კიდევ ერთი პრობლემა - ჩვენ ვამბობთ, რომ ეს ხალხი არ ხელმძღვანელობს სანდო წყაროებით და კითხვის ნიშნის ქვეშ ვაყენებთ მათ კეთილსინდისიერებას, რაც ნიშნავს, რომ ის კომუნიკაციის საშუალება, რომელიც ჩვენს ხელისუფლებას აქვს, ვერ მუშაობს. თუ რომელიღაც ლობისტური კომპანიის დაწერილ ტექსტებს აწერენ ხელს ეს კონგრესმენები, ჩნდება კითხვა: მაშ, ჩვენი ხელისუფლება და მისი დაქირავებული ლობისტები რას აკეთებენ? რატომ ხარჯავენ ამაში დიდძალ ფულს?! კი, აშშ-ში არის ლობიზმის ტრადიცია და კულტურა, მაგრამ ამას თავისი ფუნქცია და ადგილი აქვს. პოლიტიკოსებისა და დიპლომატების აქტიურობას სხვა მნიშვნელობაც აქვს და კარგი იქნება, თუ ამას ერთმანეთში არ ავურევთ. მოვისმინე, ეს არ არის აშშ-ის ხელისუფლების ოფიციალური პოზიციაო. კი ბატონო, მეც ვადასტურებ და კიდევ კარგი, არ არის, რადგან ასეთ შემთხვევაში მას უკვე ექნებოდა კანონის ძალა და სანქციებიც უკვე დაწესებული იქნებოდა. არ უნდა დავუშვათ, რომ პრობლემა მხოლოდ მაშინ დავინახოთ, როცა პროცესი ბოლო სტადიამდე მივა. უკვე მოვისმინეთ არაერთი გამაფრთხილებელი განცხადება და შეფასება. ახლა საჭიროა სწორი დასკვნების გამოტანა”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ვფიქრობ, ჩვენს ხელისუფლებას ამ ხალხთან ურთიერთობის არასწორი სტრატეგია აქვს არჩეული. კითხვები, რომლებიც ყველას გვიჩნდება, ამ კონგრესმენებს ხელისუფლების წარმომადგენლებმა უნდა დაუსვან, ნაცვლად იმისა, რომ ილაპარაკონ, ეს ტყუილია და იმათ არაფერი იციანო... სახელმწიფო და საგარეო პოლიტიკა იმიტომ არსებობს, რომ ასეთ თემებზე პარტნიორებს პირისპირ ველაპარაკოთ და არა ეპისტოლარული ჟანრით... ყველაზე სწორი იყო კელი დეგნანის შეფასება. საქართველოში აშშ-ის ელჩმა თქვა, ეს, უპირველესად, ნიშნავს, რომ აშშ-სა და მის კონგრესმენებს გული შესტკივათ საქართველოზე და ფიქრობენ, რა გააკეთონ საქართველოს დასახმარებლადო. უმნიშვნელოვანესია, გაირკვეს, რატომ გაჩნდა ამგვარი ეჭვი კონკრეტული პირებისა თუ თემების მიმართ. უნდა მოვძებნოთ ჩვენი შეცდომები და ვიზრუნოთ მათ გამოსწორებაზე. ადრეც ვნახეთ კრიტიკული წერილები, რომლებშიც ლაპარაკი იყო ბიზნესპროექტებზე, მაგალითად, ანაკლიაზე და ა.შ. თუ სტრატეგიულ პარტნიორს სწორად და კარგად არ აუხსენი შენი მოქმედების მოტივაცია, კითხვებსაც დასვამს, ეჭვებიც ექნება და მწვავე შეფასებებსაც არ მოგვაკლებენ. ერთი წელი ხდება სახელმწიფო მდივან პომპეოსა და ექსპრემიერ მამუკა ბახტაძის შეხვედრიდან, როცა ისინი ვაშინგტონში გვერდიგვერდ იდგნენ და მაიკ პომპეო ანაკლიის პორტის მნიშვნელობაზე ლაპარაკობდა, ეს პროექტი კი ერთი წლის შემდეგაც ისევ ჰაერშია გამოკიდებული”, - იხსენებს ექსპერტი.

“არ შეიძლება 21-ე საუკუნეში არსებობდეს კომუნიკაციის პრობლემა. ეს არის უფრო პარტნიორების რჩევების გათვალისწინება-გაუთვალისწინებლობის პრობლემა და ნდობისაც, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” ბოლო ერთი წლის განმავლობაში დაუფიქრებლად გაფლანგა... ამას ემატება ჩაგდებული სასამართლო რეფორმა, რომელიც ისევ აქილევსის ქუსლად რჩება, ასევე საარჩევნო სისტემა და ა.შ. თუ რა შეიძლება მოჰყვეს ამ დოკუმენტსა და მკაცრ შეფასებებს ეს დამოკიდებულია საქართველოს ხელისუფლებაზე. რადგან არსებობს ეს ეჭვები, ამას საქმით უნდა უპასუხონ. ვნახოთ, რის შეცვლას მოახერხებს “ქართული ოცნება”, როგორ შეძლებს სხვადასხვა მიმართულებით თავის წარმოჩენას. უმნიშვნელოვანესი იქნება, როგორ ჩაატარებს “ოცნება” არჩევნებს შემოდგომაზე. სწორედ ეს იქნება სერიოზული ტესტი. გვახსოვს, რომ წინა არჩევნებზე მკაცრი შეფასებები გაისმა. არც ის დაგვავიწყდეს, რომ საარჩევნო რეფორმა დასამთავრებელია. უკვე მერამდენედ გაცემული დაპირება, ბოლოს და ბოლოს, უნდა შესრულდეს და საკონსტიტუციო ცვლილებები მიიღონ. სამწუხაროა, რომ ამას ამდენი დრო და ძალისხმევა დასჭირდა. ამასობაში მივიღეთ უამრავი შენიშვნა, დაზარალდა ქვეყნის იმიჯი, არადა, ამის უმტკივნეულოდ გაკეთება შეიძლებოდა”, - მიიჩნევს თენგიზ ფხალაძე.

“ქართული ოცნება” ნამდვილად არ ჰგავს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც შინ წასვლისთვის ემზადება. ფაქტია, რომ კრიზისის მნიშვნელოვანი ეტაპი საქართველომ ბევრ სხვა ქვეყანასთან შედარებით წარმატებით გაიარა. ხელისუფლებას ჰქონდა ბევრი საინტერესო ინიციატივა, ქმედება, რაც დასაფასებელია. ცხადია, ეს არის პლუსი და მნიშვნელოვანი შენატანი საარჩევნო კალათაში, მაგრამ არჩევნებამდე კიდევ არის დრო და საკითხავია, როგორი იქნება შემდგომი ნაბიჯები. ერთია პანდემიის მართვა, მაგრამ მეორეა მისი პოლიტიკური კაპიტალიზაცია და ეკონომიკასთან დაკავშირებულ დიდ გამოწვევებთან გამკლავება... პარლამენტმა ახლახან იმსჯელა კრიზისულ ბიუჯეტზე. უმნიშვნელოვანესია, როგორ მოხერხდება რესურსების მოზიდვა და განაწილება. ასევე მთავარი ამოცანაა, რომ საქართველოში გადარჩეს მცირე და საშუალო ბიზნესი. უნდა გვახსოვდეს, რომ სახელმწიფოს ძლიერების საფუძველი სწორედ ამ სეგმენტის ძლიერებაა”, - ამბობს რესპონდენტი.

“ოპოზიციის სისუსტედ რჩება არა მხოლოდ დაქსაქსულობა, არამედ გამაერთიანებელი იდეის შეთავაზების პრობლემაც. არ მგონია, ქართველი საზოგადოება კიდევ გაერთიანდეს ბელადის ირგვლივ. ვფიქრობ, ბელადომანიის ეტაპები უკვე გავიარეთ. დღეს ჩვენი საზოგადოება უნდა გაერთიანდეს ეროვნული თანხმობის იდეით, ამიტომ დიდ ფორას მიიღებს ის, ვინც ამას მოახერხებს. ამის ცდა იყო, მაგრამ წარმატებით ვერ დასრულდა, თუმცა კიდევ არის დრო, რომ პოლიტიკურმა ძალებმა ამაზე იმუშაონ... რაც შეეხება სააკაშვილის იდეას, ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება უკრაინის თანამდებობის პირი საქართველოში ბრძოლის პირველ ხაზზე იყოს. მოქმედი კანონმდებლობით ეს აკრძალულია. ცხადია, გაერთიანებულ ოპოზიციას მეტი შანსი ექნება, იდეა თავისთავად საინტერესოა, მაგრამ მისი განხორციელება ძალიან საეჭვოა. ვფიქრობ, ეს კარგად იცის მიხეილ სააკაშვილმაც. ასეთი რამ წინასწარი კონსულტაციის გარეშე არ ხდება. ამ შემთხვევაში კი პირიქით არის და ინიციატივა სიურპრიზი აღმოჩნდა... თუმცა, ვნახოთ”, - დასძენს თენგიზ ფხალაძე და შეკითხვაზე - “ოცნებაში" აცხადებენ, რომ მათი საარჩევნო სია გადახალისდება. კულუარული ინფორმაციით, ამ სიის პირველი ნომერი გიორგი გახარია იქნება...” - პასუხობს:

“არ გამიკვირდება, რომ გიორგი გახარია იყოს სიის პირველი ნომერი. დღევანდელი მდგომარეობით, ამ კრიზისში თუ ვინმემ საუკეთესო კუთხით წარმოაჩინა საკუთარი შესაძლებლობები და გამოავლინა კარგი მენეჯერული თვისებები, ეს იყო პრემიერ-მინისტრი... რაც შეეხება გადახალისებას, არ ვიცი, ამას როგორ აპირებენ, თუმცა მთავარი გვარების კი არა, იდეის შეცვლაა. საზოგადოება უფრო და უფრო მომთხოვნი ხდება. ლაპარაკი გვარებზე კი არ უნდა იყოს, არამედ იმაზე, როგორია ამ გუნდის მიმართ ნდობა და რა არის მისი ძლიერი და სუსტი მხარეები... რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი თავისი ფინანსური რესურსით ამ პარტიის ძლიერი მხარეა. `ქართული ოცნების~ რეიტინგი ბიძინა ივანიშვილთან ერთად და მის გარეშე ძალიან განსხვავებულია, მაგრამ, ამავდროულად, ეს არის სუსტი წერტილიც. გვარებს არა აქვს მნიშვნელობა, რადგან ამომრჩეველი გვარებისგან კი არ ელის პასუხებს, არამედ აინტერესებს, რას შესთავაზებს ადამიანი, ვინც სიაში ამ გვარებს შეცვლის...”

რუსეთის პირველი მადლობა საქართველოს ბოლო 14 წლის განმავლობაში - მოულოდნელი მინიშნებები მოსკოვიდან

“რუსეთის ხელისუფლება ოფიციალურად უხდის მადლობას საქართველოს ხელისუფლებას - ასეთი რამ არ მომხდარა 2006 წლის შემდეგ, როდესაც ცნობილი ჯაშუშთა სკანდალის გამო, საქართველო-რუსეთის ურთიერთობა მკვეთრად გაუარესდა. თბილისში მიიჩნევენ, რომ ეს ერთის მხრივ, რბილი ძალის გამოყენების კლასიკური შემთხვევაა და მეორეს მხრივ მნიშვნელოვანი დიპლომატიური მესიჯი, რომელიც შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ მოსკოვში მზად არიან თბილისთან საკვანძო საკითხებზე კონსულტაციის დასაწყებად. თავისი მოულოდნელი “მადლობა” კრემლმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას პირით გააჟღერა. მან თავის ტრადიციულ ყოველკვირეულ ბრიფინგზე საქართველოს ცალკე პუნქტი დაუთმო და ვრცლად ისაუბრა საქართველო-რუსეთის თანამშრომლობის ერთ კონკრეტულ შემთხვევაზე. კერძოდ, საუბარია ნიგერიაში ჩარჩენილ რუს მესაზღვრეებზე, რომელთა სამშობლოში დაბრუნებაც სწორედ საქართველოს დახმარებით მოხერხდა”, - წერს გაზეთი რეზონანსი სტატიაში, სათაურით რუსეთის პირველი მადლობა საქართველოს ბოლო 14 წლის განმავლობაში - მოულოდნელი მინიშნებები მოსკოვიდან.

“დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომელზეც განსაკუთრებული სიხარულით ვისაუბრებ. მინდა მოგითხროთ საქართველოსთან ეფექტური თანამშრომლობის შესახებ, რის შედეგადაც რუსეთის მოქალაქეები სახლებში დაბრუნდნენ. მადლობას ვუხდით საქართველოს სპეცრეისით რუსეთის სამი მოქალაქის - ვ. კრეიცუსის, დ. სივოხინისა და ო. ორდინის ნიგერიიდან ჩამოყვანისთვის. მათი კონტრაქტები ამოიწურა, ხოლო რუსეთსა და ნიგერიას შორის რეგულარული ავიამიმოსვლა შეწყვეტილი იყო”, - განაცხადა ზახაროვამ. მისივე ცნობით, ქართული მხარის ჩარევის შედეგად, რუსი მეზღვაურები ნიგერიიდან სპეცრეისით საქართველოში ჩაფრინდნენ, სადაც მათ შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომლები დახვდნენ და ზემო ლარსში რუსეთის საზღვრამდე მიაცილეს. “გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობას იმისთვის, რომ მადლობა ვუთხრა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, მოსკოვში საქართველოს ინტერესების სექციასა და თბილისში შვეიცარიის საელჩოს, რომლებიც ათანხმებდნენ და წყვეტდნენ იმ მრავალრიცხოვან პრობლემებს, რომელიც რუსეთის მოქალაქეების ევაკუაციასთან იყო დაკავშირებული”, - თქვა ზახაროვამ, რომლის აზრით, “მნიშნელოვანია, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული რთული ურთიერთობის მიუხედავად, ასეთი ჰუმანიტარული ურთიერთქმედება შესაძლებელი გახდა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“დარწმუნებული ვართ, რომ ეს არის სწორი მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ, როდესაც საერთო გასაჭირო გვაქვს. კარგი იქნებოდა, თუ შემდეგ შემთხვევას არ დაველოდებოდით და ამ გამოცდილებას ყოველდღიურად გამოვიყენებდით. ვიმედოვნებთ, რომ დადებითი გამოცდილება მოთხოვნადი იქნება გლობალური პანდემიის დასრულების შემდეგაც”, - დასძინა ბრიფინგზე მარია ზახაროვამ. საქართველოს პარლამენტში ამის საპასუხოდ ზახაროვას საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია შეახსენეს და განაცხადეს, რომ რუსეთთან ურთიერთობის რაიმე ახალი ფორმატი არ განიხილება. “ოკუპანტი ოკუპანტად რჩება და შესაბამისად, ფორმატი არსებობს ის, რაც აღიარებულია საერთაშორისო დონეზე. სხვა ფორმატები არ განიხილება. ოკუპანტი რჩება ოკუპანტად და ჩვენ გვაქვს შესაბამისი რეაქციები. ოკუპანტ ქვეყანასთან თანამშრომლობის ფორმები განსაზღვრულია საერთაშორისო დონეზე, საერთაშორისო პარტნიორებთან, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად”, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა. ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია აღნიშნავს, რომ კონკრეტული მიზეზისა და ქვეტექსტის გარეშე ზახაროვა კომენტარს არ გააკეთებდა, თუმცა ჯერჯერობით ბოლომდე გასაგები არაა, რა მიზნები ამოძრავებს მოსკოვს”, - დასძენს გამოცემა.

“ზახაროვას ასეთი ჟესტი საქართველოს მიმართ, ჩემი აზრით, შემთხვევითი არაა. ეს რბილი ძალის კლასიკური ინსტრუმენტია. ზახაროვა გამორჩეული ფიგურა და კრემლის რუპორია პესკოვთან ერთად. ცოტა ხნის წინ პუტინმა იგი დააწინაურა - ზახაროვა საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გახდა და პუტინმა სახელმწიფო ჯილდოც გადასცა. იმის გათვალისწინებით, რომ ამ დაწინაურების შემდეგ ეს ზახაროვას პირველი ოფიციალური განცხადება იყო, გამოვრიცხავდი რაიმე შემთხვევითობას”, - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ. მისივე აზრით, ეს განცხადება შესაძლო საქართველოს წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდებოდეს, რადგან რუსეთს ამ მიმართულებით თავისი კონკრეტული ინტერესები აქვს”, - წერს სტატიის ავტორი.

“როგორც ჩანს, რუსეთი ცდილობს, რომ შეცვალოს მიდგომები და გააძლიეროს თავისი გავლენები, მათ შორის, საინფორმაციო, კულტურული, ჰუმანიტარული და შეიძლება პოლიტიკური კუთხითაც. თან ეს იმ ყველაფრის ფონზე ხდება, როდესაც საქართველოში დაგეგმილია ყველაზე მნიშვნელოვანი და, მე თუ მკითხავთ, ისტორიული საპარლამენტო არჩევნები. სიტუაცია იმდენად აჭრელებული და აზელილია, რომ აქ ვერ გაარკვევ, როგორ განვითარდება მოვლენები. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, რუსეთი შეეცდება შედარებით “მღვრიე წყალში” თავისი გავლენები გაზარდოს. ზახაროვას განცხადებაში შეიძლება იყოს გარკვეული სიგნალი აქ მოქმედი პრორუსული თუ პროევრაზიული ძალებისათვის, შეიძლება ეს იყოს მესიჯი საქართველოს ხელისუფლებისათვის იმის შესახებ, რომ მზად არიან განიხილონ თანამშრომლობის ნებისმიერი ფორმა და ა.შ. როგორც ჩანს, რუსეთში განიხილება იმის ვარიანტები, თუ როგორ შეიძლება საქართველოსთან კონსენსუსის მიღწევა. რუსეთიდან წამოვიდა სასიგნალო დიპლომატიის მესიჯი, რაც გულისხმობს შეფარული წინადადების გაგზავნას სხვა ფორმების გამოყენებით - ზახაროვამ ეს განახორციელა და აღნიშნული მოქმედება შემთხვევითი არ იქნება”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

გიორგი გობრონიძე - “მე არ ვთვლი, რომ ივანიშვილი რუსეთმა მოავლინა საქართველოს დასაქცევად”

“ივანიშვილი პუტინის კაცია? არ ვიცი, თუმცა ფაქტია, კონგრესმენების ანგარიშში მსგავსი ჩანაწერი გაჩნდა. ვერც ერთი ლობისტური კომპანია ვერ შეძლებდა, რომ ასეთ დოკუმენტში უსაფუძვლო ბრალდება მოხვედრილიყო. პროვინციული ყვითელი პრესა ხომ არ არის, სადაც 150 დოლარის სანაცვლოდ ნებისმიერი სტატიის შეკვეთას შეძლებ?! როდესაც სტრატეგიული პარტნიორის ქვეყნის ანგარიშში მსგავსი კითხვები და ეჭვები ჩნდება, ძალიან ცუდია და ჩვენს საგარეო იმიჯს მნიშვნელოვნად აზიანებს. არ ვიცი, რა ხდება საქართველოს ხელისუფლების კულუარებში, მაგრამ შორიდან ჩანს, რომ მოვლენების სათანადოდ აღქმის უნარი არა აქვთ. ჩვენ ახლა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე არ ვლაპარაკობთ. ეს რომ სახელმწიფოს პოზიცია იყოს, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობაზე საუბარი აღარ იქნებოდა...” - აცხადებს ექსპერტი გიორგი გობრონიძე გაზეთ კვირის პალიტრისთვის მიცემულ ინტერვიუში, სათაურით მე არ ვთვლი, რომ ივანიშვილი რუსეთმა მოავლინა საქართველოს დასაქცევად” / ახლა ქართული პოლიტიკური ელიტის იმაზე მსჯელობა, თუ რა რანგის პოლიტიკოსები აფასებენ მათ ქმედებას, ძალიან არასერიოზულია“.

“არ შეიძლება ამერიკა თავის სტრატეგიულ პარტნიორს რუსეთის მოკავშირეს უწოდებდეს, თუმცა “დაბალი რანგის” დოკუმენტში, ასეთი ჩანაწერი სიგნალია, რომ შესაძლოა ჩვენი, როგორც სანდო პარტნიორის, იმიჯი უკვე შეირყა და მსგავსი ჩანაწერი შესაძლოა მალე მაღალი რანგის დოკუმენტშიც გაჩნდეს. ჩვენი ხელისუფლება რას ელოდება? აუცილებლად სახელმწიფო მდივანმა ჩრდილოეთ კორეისა და ირანის მსგავსად უნდა გაგვაკრიტიკოს, რომ ჯეროვანი რეაგირება მოვახდინოთ? აშშ-ის ელჩმა ორ საკითხს გაუსვა ხაზი - თქვა, რომ ეს არ არის ოფიციალური პოზიცია და ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა არასდროს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორიც დღეს. მეორე საკითხი ხაზგასმაა, რომ ამერიკის ინტერესი ჩვენი ქვეყნის მიმართ საკმაოდ დიდია. შესაბამისად, დიდი რესურსიც აქვს აქ ჩადებული. ეს დახმარება ორივე ქვეყნის ინტერესებში შედის და ცალმხრივი არ არის. ამიტომ ჩვენი ურთიერთობა ღირებულია და ამის შენარჩუნებისთვის ორივე მხარემ უნდა ვიმუშაოთ. ახლა ქართული პოლიტიკური ელიტის იმაზე მსჯელობა, თუ რა რანგის პოლიტიკოსები აფასებენ მათ ქმედებას, ძალიან არასერიოზულია. დიპლომატიაში არსებული წესების მიხედვით, თუ მაღალი რანგის პოლიტიკოსი გაკრიტიკებს, ეს ნიშნავს, რომ ძალიან ცუდად გაქვს საქმე; თუ დაბალი რანგის პოლიტიკოსი გაკრიტიკებს, - არც ისე მნიშვნელოვანი ხარ - ერთიც ცუდია და მეორეც”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი გობრონიძე.

“წარმოუდგენელია, მაგრამ დავუშვათ, ჩანაწერი ბიძინა ივანიშვილის შესახებ “ნაციონალების” ლობისტების მუშაობის შედეგია. სად არიან ხელისუფლების ლობისტები? ქართული დიპლომატიური სამსახური, საელჩო რას აკეთებს? “ოცნებას” ხომ ყველაზე მეტი ფული აქვს და შეუძლია ლობისტურ საქმიანობაში მეტი ფული დახარჯოს? რა გამოდის, “ნაციონალურ პარტიას”, რომელსაც ფინანსებით რამდენჯერმე აღემატება, ლობისტების შერჩევაში ვერ ჯობნის?! სიმართლე ის არის, რომ საგარეო პოლიტიკაში სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს ლობისტების მარკეტინგული პრომოუშენის საფუძველზე არ იღებენ. ასე რომ, სანამ იმას ვიტყვით, ვიღაცის ლობისტი რაღაცას აფუჭებსო, იქნებ დავფიქრდეთ... ლობისტებმა შეიძლება ბევრი რამ დაწერონ. მაგალითად, ის, რომ საქართველოში­ ადამიანების უფლებები ირღვევა, რომ პოლიტელიტა შეცდომებს უშვებს, მაგრამ იმის დაწერა, რომ ქვეყნის პირველი პირი ანტიამერიკულ საქმიანობას ეწევა და ქვეყანაში, რომელსაც მართავს, დესტაბილიზაციას უწყობს ხელს, განსხვავებული მოცემულობაა”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“როდესაც ქვეყანაში ეპიდემია მძვინვარებს, ხალხს ყოველდღიურად უფრო და უფრო უჭირს, როგორ შეიძლება მინისტრები ასე ლაპარაკობდნენ და აღიზიანებდნენ ხალხს? პირველი პირის ოჯახის წევრები სახალისო ვიდეოებს არ უნდა ავრცელებდნენ სოციალურ ქსელებში... ხალხის გამხნევება ის იყო, ფუკუსიმას კატასტროფის შემდეგ იმპერატორი ფეხშიშველი რომ გამოვიდა ხალხის წინაშე და დაუჩოქა - მას არ უჩვენებია თავის ბაღში აყვავებული საკურა... ქვეყანაში იზრდება პოლარიზაციის ხარისხი, მმართველი გუნდი ან ვერ ართმევს თავს პროცესებს, ან არ ართმევს. შეიძლება გაჩნდეს ეჭვი, რომ პროცესებს მიზანმიმართულად უწყობენ ხელს. იმედია, თავს ვერ ართმევენ საქმეს და მიზანმიმართულ ბოროტებასთან არა გვაქვს საქმე... ვფიქრობ, თუ საქართველოში ოდნავ მაინც არ გაჯანსაღდა სიტუაცია, სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობა გაგვიფუჭდება და ჩვენი ხელისუფლება სხვა დონის დოკუმენტებს წაიკითხავს და სხვა დონის განცხადებებს მოისმენს”, - მიიჩნევს ექსპერტი და შეკითხვაზე - “თუ არჩევნების შემდგომ დასავლელი მეგობრები, ხელისუფლების სათავეში ისევ მათგან არაერთგზის გაკიცხულ ძალას ნახავენ...” - პასუხობს:

“მაშინ მოუწევს დასავლეთს თავისი პარტნიორის ჭკუაზე მოყვანა და არა მარტო სანქციებით. ვრცელი დისკუსიის საგანია, თუ როგორ მოჰყავთ ასეთი პარტნიორები ჭკუაზე. პარტნიორს ისე უნდა ელაპარაკო, რომ იძულებული გახადო შეასრულოს თავისი ვალდებულება. იმედია, საქმე აქამდე არ მივა. ქართულ-ამერიკული ურთიერთობა არ არის ხელწამოსაკრავი თემა. ვაშინგტონს ჩვენს განვითარებასა და დაცვაში ძალიან დიდი რესურსი აქვს ჩადებული და ეს იოლიც არ იყო. ამიტომ, ცხადია, ამერიკა თავის ინტერესებს აუცილებლად დაიცავს”.

“ისე არ უნდა მოვიქცეთ, რომ ამერიკის ინტერესების დაცვა დაუპირისპირდეს ჩვენს ინტერესებს. უპირველესად მათ კავკასიასა და პოსტსაბჭოთა სივრცეში მეტი დემოკრატია სჭირდებათ. გარდა ამისა, ამერიკისთვის შავი ზღვის აუზში საქართველო უფრო და უფრო ღირებული ხდება თუნდაც იმიტომ, რომ საქართველოს ჩაკეტვით კასპიის ზღვის აუზის ხუთ ქვეყანას რუსეთის გვერდის ავლით დასავლურ ეკონომიკებში ინტეგრაციის თეორიული შანსიც აღარ ექნება და აპრიორი ამ რეგიონს რუსეთი და ჩინეთი გაიყოფენ. შესაბამისად, ამერიკა განდევნილი იქნება ცენტრალური აზიიდან. სამწუხაროდ, ჩვენ უკვე დავუპირისპირდით ამერიკულ ინტერესებს, როდესაც ანაკლიის პროექტი, რომელიც დიდ სიკეთეს გვიქადდა, დავბლოკეთ. მე არ ვთვლი, რომ ივანიშვილი რუსეთმა მოავლინა საქართველოს დასაქცევად. ის პოსტსაბჭოთა ადამიანია - ისეთივე, როგორებიც არიან რუსეთში, უკრაინასა და აზერბაიჯანში. დააკვირდით, რა განსხვავებულ მოცემულობაში ხდებიან მილიარდერები დასავლეთსა და პოსტსაბჭოთა სივრცეში. რუსეთში ადამიანი მილიარდს ვერ გამოიმუშავებს, მან საიდანღაც უნდა აიღოს. არავითარი ტექნოლოგიური ინოვაცია არ შეუქმნიათ, ისევე როგორც, მაგალითად, ილონ მასკს”, - ამბობს ექსპერტი.

“შესაბამისად, არ იქნება სწორი, ივანიშვილს დავაბრალოთ, რომ სიღრმისეულ პოლიტიკურ და დიპლომატიურ თამაშებშია ჩაბმული. ის თავად არ არის პოლიტიკაში და ცდილობს ქვეყანა გარემოცვის საშუალებით მართოს, ეს გარემოცვა კი პანდემიას კარგად აკონტროლებს, მაგრამ დიპლომატიისა არაფერი გაეგება. ადამიანები, ვისი ხელითაც პოლიტიკას აკეთებს, დიდად ეფექტურები არ არიან. რა ამოძრავებს ამ ადამიანებს, იდეის ერთგულება? თუ გავიხსენებთ 2012 წლის შემოდგომას, თვალწინ წარმოგვიდგება დიდი აჯაფსანდალი: ლიბერალები, დემოკრატები, სოციალისტები, კონსერვატორები, “ნაციონალებიდან” პორტირებულები, ყოფილი არასამთავრობოები - რა იყო მათი მთავარი გამაერთიანებელი? ფული. აქედან გამომდინარე, ადამიანები მანამდე არიან მასთან, სანამ სარგებელს იღებენ. თუ ვინმე შედარებით პრეზენტაბელური ფიგურა იყო მის გუნდში, ყველა წავიდა. მაგალითად, კვირიკაშვილი, ადამიანი, რომელიც ამბობდა, 9 წელზე გამოკიდება არ არის სწორიო; ეს იყო ადამიანი, რომელიც გოიმსა და ძროხას არ უწოდებდა ოპოზიციონერს. მის დროს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა გაფორმდა. მსგავსი ადამიანები აღარ ჰყავს ივანიშვილს, შესაბამისად, მისი გემი ჩასაძირად არის განწირული”, - დასძენს გიორგი გობრონიძე.

კორონავირუსის კლიმატური რუკა - რომელ ზონაშია საქართველო

“მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა მასშტაბური კვლევა ჩაატარა იმის დასადგენად, თუ რა გავლენას ახდენს კლიმატი კოვიდ-19 ვირუსის გავრცელების სიჩქარეზე და რა პირობებში ხდება ეპიდემიის გაცრცელება ყველაზე სწრაფად. კვლევა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილებში, 50 მსხვილ ქალაქში ჩატარდა და მისი შედეგები ამერიკის სამდიცინო ასოციაციის ჟურნალ JAMA Network Open-ში გამოქვეყნდა”, - წერს გაზეთი რეზონანსი სტატიაში, სათაურით კორონავირუსის კლიმატური რუკა - რომელ ზონაშია საქართველო და სად იქნება ახალი “აფეთქებები”.

“ბრიტანული გამოცემა “დეილი მეილის” ცნობით, კვლევა იანვრიდან მარტის ჩათვლით ჩატარდა, რისთვისაც მიზანმიმართულად შეირჩა 8 ისეთი ქალაქი, სადაც ინფიცირებულთა რაოდენომა ყველაზე მაღალი იყო - მილანი (იტალია), უხანი (ჩინეთი), ტეგუ (სამხრეთ კორეა), ტოკიო (იაპონია), ყუმი (ირანი), პარიზი (საფრანგეთი), სიეტლი (აშშ) და მადრიდი (ესპანეთი) - და 42 ისეთი ქალაქი, სადაც კოვიდ-19-ით ინფიცირების მხოლოდ ერთეული შემთხვევები ფიქსირდებოდა. კვლევისას დადგინდა, რომ ის ქალაქები, სადაც ინფიცირების ახალი შემთხვევების ზრდის ტემპები ყველაზე მაღალია, ჩრდილოეთ განედის 30-ე და 50-ე გრადუსებს შორის მდებარეობს. გარდა ამისა, კვლევით დადგინდა, რომ ეპიდემიის ყველაზე სწრაფი ზრდა ამ ქალაქებში მაშინ იყო, როდესაც ჰაერის საშუალო დღიური ტემპერატურა +5-დან +10 გრადუსამდე მერყეობდა და ტენიანობა კი 44-84% იყო. ამ და მონაცემებზე დაყრდნობით, მკვლევარებმა შეადგინეს რუკა, სადაც აღნიშნულია, თუ რომელ რეგიონში როგორი კლიმატური პირობებია ეპიდემიის გავრცელებისათვის”, - აღნიშნავს გამოცემა.

“საქართველო, რომლის ტერიტორიაც სწორედ ჩრდილოეთ განედის 30-ე და 50-ე გრადუსებს შორის მდებარეობს, ყველაზე საშიშ ზონაში მოხვდა. მკვლევართა ოფიციალური დასკვნის თანახმად, რისკის ქვეშ აღმოჩნდა შემდეგი რეგიონები: ცენტრალური აზია, კავკასია, ევროპის ნაწილი, დიდი ბრიტანეთი, აშშ-ის სამხრეთ აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილები, ასევე კანადის როვინცია ბრიტანული კოლუმბია. კვლევის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, მერილენდის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის პროფესორმა, მოჰამედ საჯადიმ განმარტა, რომ ეს რუკა და შეგროვებული მონაცემები მეცნიერებს იმის წინასწარ განსაზღვრაში დაეხმარება, თუ მსოფლიოს რომელ რეგიონშია მოსალოდნელი ეპიდემიის ახალი “აფეთქება”, - დასძენს გამოცემა.

თინა ხიდაშელი - “ასეთი უმწეო “ნაცები” მე არ მახსოვს. “ლელოს” იმედით ვუყურებ...”

“კონგრესში სულ ორი პარტიაა - რესპუბლიკელები და დემოკრატები. ამჯერად ერთ-ერთი პარტია, რომელიც მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფია, აქვეყნებს ანგარიშს როგორც სახელმძღვანელოს ამერიკის სახელმწიფოს საგარეო და უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ. ეს კონკრეტული ექსპერტთა ჯგუფი წყვეტს იმ დოკუმენტში რომელი ქვეყანა, პირი ან პარტია უნდა მოხვდეს. 60 წელია მას აქვეყნებენ და პირველად შეიყვანეს ქართველი პერსონა... როდესაც მმართველი გუნდის წევრები უსირცხვილოდ აცხადებენ, რომ ეს დაბალი რანგის დოკუმენტია და მოსყიდულმა პირებმა შეადგინეს, უნდა გვახსოვდეს, მართლაც რა მნიშვნელობის დოკუმენტზეა საუბარი...” - აცხადებს ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეის” ხელმძღვანელი თინა ხიდაშელი გაზეთ კვირის პალიტრისთვისმიცემულ ინტერვიუში, სათაურით თინა ხიდაშელი: მე არ მახსოვს ასეთი უმწეო ნაცები” / ლელოსიმედით ვუყურებ და ვხედავ კიდეც მისი წარმატების შესაძლებლობას, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ იმ ადამიანებს შემოიკრებენ, რომელთაც სურთ, მოქმედი და ყოფილი მმართველი გუნდი ხელისუფლებაში აღარ დატოვონ“.

“პარლამენტში “ნაციონალური მოძრაობა” სხვადასხვა ფრთით არის წარმოდგენილი. სხვათა შორის, 12 ივნისს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან არშეხვედრის მიზეზი ძალიან უსუსური იყო: მე არ მახსოვს ასეთი უმწეო “ნაცები”. გაუგებარია იმ ოპოზიციური ძალის ლოგიკა, რომელსაც უმწვავესი დებატები აქვს ხელისუფლებასთან, ეუბნება, პრორუსული ხარო და მისთვის პარლამენტში კითხვების დასმის შესაძლებლობა არ გამოიყენოს. ღარიბაშვილიმა წინასწარ თქვა, რომ კითხვებს არ უპასუხებდა - აბა, რას იტყოდა?! “ნაციონალების” ბუნება რომ ვიცი, ამის გამო მათი გაჩუმება წარმოუდგენელია და ეს არგუმენტი ძალიან სასაცილოა. რაც შეეხება პარლამენტს გარეთ მყოფ ოპოზიციურ პარტიებს, მე მათაც ორად გავყოფდი: ისინი, ვინც უკვე ჩამოყალიბებული არიან პოლიტიკურ პარტიებად, და ვინც, სავარაუდოდ, არჩევნების დროს შეუერთდებიან ვინმეს... ვფიქრობ, პარლამენტს გარეთ მყოფი პოლიტიკური ძალები უნდა დაფიქრდნენ, ბრძოლას, რომელშიც ჩართვა პირველად გადაწყვიტეს, ხომ არ იწყებენ ასეთი განაცხადით, მე ჩემი ხალხი და ჩემი ძალა მყავს, საბოლოოდ რა მოხდება, არ მაინტერესებსო. ასეთი მიდგომით ისინი იმ პოლიტიკურ ძალებს წაართმევენ ხმებს, რომელთაც ცვლილების რეალური შესაძლებლობა აქვთ”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თინა ხიდაშელი.

“მომავალ არჩევნებზე ბევრად უკეთესი იქნებოდა 3-4 დიდი პოლიტიკური ძალა, რომლებიც მესამე და პირველი “ძალობისთვის” იბრძოლებდნენ. არ ვგულისხმობ “ქართულ ოცნებასა” და “ნაციონალურ მოძრაობას”, ასევე მის განშტოებებს. ის პირველი ძალა იქნებოდა იმ პირთა ერთობა, რომლისთვისაც დღევანდელი და გუშინდელი ხელისუფლება თანაბრად მიუღებელია. დღეს არჩევანი სწორედ ასე დგას - ახალი კონსტიტუცია საპარლამენტო რესპუბლიკას გულისხმობს და დარწმუნებული ვარ, პარლამენტში შესვლის შემდეგ ამ პოლიტიკური ძალებისგან ძალიან საინტერესო მთავრობასა და მმართველობის სისტემას მივიღებთ. ახლა კი მათ მხოლოდ იმის შანსი აქვთ, ამ ბრძოლაში ერთმანეთი დაჩეხონ და საბოლოოდ გზა ისევ ამ ხელისუფლებას გაუხსნან”, - დასძენს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “მესამე ძალა ახსენეთ, ამ კონტექსტში ხშირად მოიხსენიებენ “ლელოს”... - პასუხობს:

“ლელოს” დღემდე იმედით ვუყურებ და ვხედავ კიდეც მისი წარმატების შესაძლებლობას, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ იმ ადამიანებს შემოიკრებენ, რომელთაც სურთ, მოქმედი და ყოფილი მმართველი გუნდი ხელისუფლებაში აღარ დატოვონ... “ლელო” დატოვა ლაშა ბაქრაძემ, მე არ ვემხრობი პირველივე შემთხვევაზე ბრძოლის ველიდან გაქცევას - თუ არ შეუძლია სხვადასხვა სახის ზეწოლის გაძლება, პოლიტიკაში მისი ადგილი არ არის. თუმცა ლაშა ამ ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩემთვის ძალიან პატივსაცემ ფიგურად დარჩება. მისი პერსონა მნიშვნელოვანი იყო იმითაც, რომ ის არასდროს არც ერთ პოლიტიკურ პარტიაში არ ყოფილა”.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს