ქართული ღვინის ექსპორტი კოვიდ 19-ის ფონზე, 2020 წლის გამოწვევები და სამომავლო პერსპექტივები

წლების განმავლობაში, ღვინის ექსპორტის სტაბილური მატების დინამიკა 2020 წლის პირველ კვარტალში კლებით შეიცვალა, რაც მსოფლიოში კოვიდ-პანდემიამ განაპირობა. შესაბამისად, მსოფლიო ეკონომიკის ტემპის შენელება, ქართული ღვინის გაყიდვებსაც შეეტყო. 2020 წლის იანვარ-მარტში საქართველოდან ღვინის ექსპორტი 9,6%-ით შემცირდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელს პირველ კვარტალში ქვეყნიდან 44,261 მლნ დოლარის ღირებულების ღვინო გავიდა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში კი – 48,976 მლნ დოლარის ღირებულების. შემცირებული მოცულობა ყველა ძირითად იმპორტიორ ქვეყანაზე თანაბრად ნაწილდება, შესაბამისად, მკვეთრი კლება არცერთგან არ დაფიქსირებულა. ამ ყველაფერს კი ობიექტური მიზეზი – კოვიდ 19 ჰქონდა. რა ხდება ახლა ღვინის ბაზარზე და როგორ მოახერხა სექტორმა ეპიდემიის პირობებში საქმიანობის გაგრძელება – ამ საკითხებზე „მეღვინეობა ხარებას“ აღმასრულებელი დირექტორი ბატონი პაატა აბუთიძე გვესაუბრება.

კოვიდ 19–მა ბიზნესს ახალ რეალობაზე გადაწყობა აიძულა. როგორ აისახა ეს ღვინის ბაზარზე? „მეღვინეობა ხარებამ“ რამდენად ოპერატიულად შეძლო ონლაინ გაყიდვებზე აქტიურად გადასვლა?

ზოგადად, ნებისმიერი ბიზნესის წარმატებისთვის მომხმარებელთან ახლო კონტაქტში ყოფნა არის ძალიან მნიშვნელოვანი. რაც პირველ რიგში პირდაპირ გაყიდვებს გულისხმობს. ჩვენ შემთხვევაში ეს იყო სხვადასხვა ტიპის სარეალიზაციო წერტილი ქვეყნის შიგნით თუ მის ფარგლებს გარეთ. კოვიდ19–ით გამოწვეულმა პანდემიამ კი გარკვეული პაუზა შექმნა სავაჭრო სფეროსა და გაყიდვებში. გარკვეული დრო დასჭირდა ბიზნესსაც და საზოგადოებასაც, რომ ახალ რეალობასთან ადაპტაცია მოეხდინათ.

21–ე საუკუნე დიგიტალიზაციის ხანაა, თუმცა გამოწვევების დაძლევას მაინც გარკვეული დრო და ძალისხმევა დასჭირდა, რომ ახალ გარემოებებს სწრაფად მოვრგებოდით. ჩვენ, როგორც ღვინის ინდუსტრიის ფლაგმანი კომპანია, ერთ–ერთი პირველი ვიყავით, ვინც მომხმარებელს აქტიური ონლაინ გაყიდვები შევთავაზეთ და ჩვენს ყოველდღიურ გაყიდვებში პოპულარული ონლაინ პლატფორმები ჩავრთეთ. ამ გზით ნამდვილად მოვახერხეთ, რომ შეგვენარჩუნებინა მომხმარებელი და მეორე მხრივ, მათთვის დისკომფორტი, ან მიწოდებაში წყვეტა არ შეგვექმნა.

როგორ აისახა ეს პროცესი ღვინის ექსპორტზე?

პანდემიამ თავისი კვალი ცალსახად დაატყო როგორც შიდა გაყიდვებს ისე ექსპორტს. ეს იყო დარტყმა ბიზნესსა და სავაჭრო სფეროზე არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. ბიზნესის მხრიდან საჭირო გახდა სწრაფი რეაგირება და ქმედებები, რომ წარმოებული პროდუქცია ხელმისაწვდომი ყოფილიყო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ამ პროცესში კი დიდი როლი დაეკისრათ იმ საერთაშორისო პარტნიორებს, რომლებიც ქართულ კომპანიებს საერთაშორისო ბაზრებზე პროდუქციის იმპორტირებაში ეხმარება.

ჩვენ შემთხვევაში ზუსტად ისევე ოპერატიულად მოხდა ონლაინ გაყიდვების წახალისება და პრიორიტეტულობის ამაღლება, როგორც ადგილობრივ ბაზარზე. ყველა ჩვენს მსხვილ ექსპორტიორ ქვეყანაში, მათ შორის დიდ ბრიტანეთში, აშშ–ში, პოლონეთში სრული მხარდაჭერა გამოვუცხადეთ ჩვენს პარტნიორებს და მათი დახმარებით ამ საექსპორტო ბაზრებზეც ონლაინ პლატფორმებზე გადავეწყვეთ.

ზოგადად, როგორია ქართული ღვინის ექსპორტის მაჩვენებლები? და როგორი მოლოდინი გაქვთ მიმდინარე წელს?

ქართული ღვინის ექსპორტის მაჩვენებლები წლიდან წლამდე იზრდება და მასშტაბური ხდება. გასულ წელს კი ღვინის ექსპორტის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2019 წელი ღვინის ექსპორტის რეკორდული მაჩვენებლებით დასრულდა. გასულ წელს საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში, 94 მილიონამდე ბოთლი ღვინო გავიდა, რაც 2018 წლის რაოდენობას 9%-ით აღემატება. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება კი, ჯამში 240 მლნ. აშშ დოლარს აღწევს, რაც 2018 წლის ანალოგიურ მონაცემზე 17%-ით მეტია.

სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ყოველწლიურად ხდება საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია და ჩვენ უფრო და უფრო ნაკლებად ვხდებით დამოკიდებული რომელიმე ერთი კონკრეტული ქვეყნის ბაზარზე. დღეს საქართველოდან ღვინის მსხვილი ექსპორტიორი ქვეყნები არიან როგორც ევროპიდან, ისე აზიიდან და ასევე აშშ, საკმაოდ მზარდი რეალიზაციის ტენდენციით. ეს კი ცალსახა ნიშანია იმისა, რომ მსოფლიო ნელ–ნელა საუკეთესო ფრანგული და იტალიური ღვინის გვერდით აყენებს ქართულ ღვინოსაც.

ძალიან საინტერესოდ ვითარდება ექსპორტი აშშ–ში. გასულ წელს ამერიკულმა გავლენიანმა ბიზნესგამოცემამ Forbes–მა სპეციალური სტატიაც მიუძღვნა ქართული ღვინის იმპორტს აშშ–ში. სტატიაში ნათქვამი იყო, რომ ბოლო სამი წელია ამერიკაში ქართული ღვინის იმპორტი საშუალოდ 54%-ით იზრდება. 2019 წლის პირველ ნახევარში კი ზრდამ 88%-ს მიაღწია. სტატიაში საუბარი იყო იმაზეც, რომ საქართველოს ღვინის წარმოების 8 000 წლიანი ისტორიის მქონე ქვეყანაა.

რა განაპირობებს ქართული ღვინის ასეთ მზარდ პოპულარობას მსოფლიო ბაზარზე?

ღვინო არის საქართველოს ერთ-ერთი ძლიერი ელჩი მსოფლიო მასშტაბით. საქართველოდან ღვინის მწარმოებელი ყველა მსხვილი კომპანია ახორციელებს პროდუქციის ექსპორტს. მათ შორის ერთ–ერთი უმსხვილესი ექსპორტიორია „მეღვინეობა ხარება“. თითოეული ექსპორტიორი კომპანიის და მათ შორის ჩვენი კოლოსალური ძალისხმევა და მარკეტინგული აქტივობა იდება იმაში, რომ ქართული ღვინო მსოფლიოს გავაცნოთ და ის ფრანგული და იტალიური ღვინოების გვერდით დავაყენოთ. ამას დიდი შრომის ფასად ნამდვილად ვახერხებთ კიდეც. ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი საერთაშორისო კონკურსისა და ფესტივალის გამარჯვებული გახდა ქართული ღვინო და ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მხოლოდ „მეღვინეობა ხარებას“ წლების განმავლობაში 200–ზე მეტი ჯილდო აქვს მიღებული. მათი 60% კი უმაღლესი სინჯისაა. სწორედ ამან გამოიწვია ის, რომ ქართული ღვინო უკვე ღირსეულად არის წარმოდგენილი ფრანგული და იტალიური კონკურენტების გვერდით და მასზე მოთხოვნა და ფასიც დღითიდღე მნიშვნელოვნად იზრდება.

რომელი ქართული ღვინო არის საზღვარგარეთ ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი?

საექსპორტო ბაზრებზე შედარებით პოპულარული წითელი ღვინოა. მათ შორის ნახევრად ტკბილი ღვინოები არის განსაკუთრებით მოთხოვნადი. მაგალითისათვის, „მეღვინეობა ხარებას“ „ქინძმარაული“ მსოფლიო მასშტაბით ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული ქართული ღვინოა. ასევე საკმაოდ მოთხოვნადია საფერავი, ხვანჭკარა, თეთრი ღვინოებიდან რქაწითელი, კრახუნა, ციცქა, ცოლიკოური და სხვა.

ჩვენ გვეამაყება, რომ ვართ კომპანია, რომელიც ღვინის ერთ–ერთი ყველაზე ფართო ასორტიმენტით ვართ წარმოდგენილი როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე.

კომპანიისთვის ექსპორტი უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე შიდა ბაზარი? რომელი საექსპორტო ქვეყნებია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი?

ამ კითხვაზე ცალსახა პასუხი და არჩევანი არ იქნება სწორი და მიზანშეწონილი, რადგან ერთ მხარეს არის საკუთარი ქვეყანა, როგორც ბრენდის პლატფორმა, რეპუტაციისა და იმიჯის განმსაზღვრელი და ღვინის წარმომავლობისა და ისტორიის ძლიერი საყრდენი, ხოლო მეორეს მხრივ მსოფლიო ბაზარი თავის უსაზღვრო პოტენციალით და შემოსავლების მასშტაბებით. თუკი თითოეულს განვიხილავთ, ნებისმიერი, ექსპორტზე ორიენტირებული პროდუქციისთვის საექსპორტო ბაზრები ბიზნესის მზარდი შემოსავლიანობის თვალსაზრისით არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. რაც შეეხება შიდა ბაზარს, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ნებისმიერი ბრენდისთვის შიდა ბაზარი არის საყრდენი პლატფორმა. ადგილობრივი ბაზრის მომხმარებელი ყოველთვის ყველაზე მკაცრი შემფასებელია. აქვე, რადგან მომხმარებლის დამოკიდებულებებს შევეხეთ უნდა აუცილებლად აღვნიშნოთ პროდუქციის ხარისხის შესახებაც, რაც ჩვენი ბიზნეს სტრატეგიის ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპია - პროდუქციის ხარისხი მუდამ, ყველგან და ყოველთვის უმკაცრესად კონტროლდება, რადგან საქართველოში ჩვენ წარმოვადგენთ ჩვენს კომპანიას, ჩვენს პროფესიონალიზმს და დამოკიდებულებას ჩვენი ისტორიისა და თანამოქალაქეებისადმი, საზღვრებს გარეთ კი ჩვენ წარმოვადგენთ ჩვენს ქვეყანას, საქართველოს. შესაბამისად, როდესაც შენი პროდუქტის ღირებულებას, ფასეულობას და ხარისხს აიგივებ შენი ქვეყნის რეპუტაციასთან, ეს პირდაპირ გულისხმობს რომ გარდა საკუთარი ბიზნეს ინტერესებისა შენ შენი ქვეყნის სამსახურში ხარ, სადაც საჭირო და აუცილებელია იყო საკუთარი ქვეყნის ღირსეული, სამაგალითო წარმომადგენელი ყოველმხრივ, ყველგან და ყოველთვის. სწორედ ამიტომ ჩვენ პროდუქციის უმაღლესი ხარისხით, თანაბარი პრიორიტეტულობით ვართ წარმოდგენილი, როგორც საკუთარ ქვეყანაში, ისე მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.

ახსენეთ, რომ მოთხოვნიდან გამომდინარე ქართულ ღვინოზე ფასი მსოფლიოში იზრდება. რა მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოში?

ფასწარმოქმნას ბაზარი და კონკურენცია არეგულირებს. ღვინის მწარმოებლები ყოველდღიურ რეჟიმში ვკარნახობთ ერთმანეთს ფასს და ამ პროცესში აქტიურად არის ჩართული უპირველეს ყოვლისა მომხმარებელი, რადგან მომხმარებელი ირჩევს მუდამ საუკეთესო ხარისხს, საუკეთესო ფასად. მართალია, საექსპორტო ფასები იზრდება და ქართული ღვინო უცხოურ ბაზარზე უფრო ძვირადღირებული ხდება. თუმცა იმავე ღვინის ფასი საქართველოში ბევრად ჩამოუვარდება საექსპორტო ფასებს. ეს გარკვეულ წილად ჩვენი სოციალური პასუხიმგებლობის ნაწილიც არის, რომ ქართული ღვინო თითოეული ქართველისთვის ხელმისაწვდომი იყოს. თუ პრემიუმ კლასის ბოთლის ღვინო საქართველოში ღირს 50–70 ლარი, ექსპორტზე იგივე ღვინო 50–70 ევრო ღირს. ყველა ბაზარს თავისი სპეციფიკა აქვს. ჩვენთვის კი ქართული ბაზარი უმნიშვნელოვანესია.

ყურძნის პოპულარული ჯიშების მოვლის პარალელურად, მივიწყებული ჯიშების აღდგენაზე თუ მუშაობთ? რომელ ქართულ ჯიშებს სჭირდება დღეს განსაკუთრებული ყურადღება?

„მეღვინეობა ხარებას“ სოციალური პასუხიმგებლობის ერთ–ერთი ძლიერი ხაზი გადის სწორედ ჩვენს სანერგე მეურნეობაზე, რომელიც მივიწყებულ, დაკარგულ ქართული ვაზის ჯიშების მოძიებაზე, გაცოცხლებასა და წარმოების პროცესში დაბრუნებაზე მუშაობს. საქართველოში მეღვინოების სფეროში ლიდერობა უდიდესი პასუხისმგებლობაა და ეს სწორედ რომ გულისხმობს ქართული ღვინის 8000 წლიანი ტრადიციების დაცვას, გაფრთხილებას და გაგრძელებას, შესაბამისად „მეღვინეობა ხარებასთვის“ საამაყოა, რომ ფლობს ისეთ სანერგე მეურნეობას, რომელიც იძიებს თითქმის გადაშენებულ ქართულ აბორიგენულ ვაზის ჯიშებს, ნერგავს, ელოდება მათ გამოზრდას, ამრავლებს და შემდეგ ღვინოსაც ამზადებს ამ ვაზის ნაყოფისგან. თუკი სადმე იშვიათი ჯიშის ერთ ნერგს მაინც მივაგნებთ, მის აღორძინებას ვიწყებთ. სწორედ ასეთია „ოცხანური საფერე“, ასეთი იყო წლების წინ კრახუნა, რომელიც უკვე რეგულარულ წარმოებაშია დანერგილი და ექსპორტზეც გადის. მალე დაგვემატება უიშვიათესი და უნიკალური ჯიში „კოლხური საფერე“. საქართველოში 500-ზე მეტი აბორიგენული ჯიშია დაფიქსირებული და აქედან ნახევარზე მეტი გვაქვს შენარჩუნებული. 40-50 წლის წინ კი ამაზე ბევრად მძიმე სურათი იყო. დღესდღეობით კი ჩვენი და ჩვენნაირი კომპანიების დამსახურებაა, რომ ქართული ვაზის ჯიშების მოძიება, გაცოცხლება, აღორძინება ხდება და მათი დაბრუნება, უპირველეს ყოვლისა საქართველოსთვის და შემდეგ რა თქმა უნდა მთელი მსოფლიოსთვის.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა