ალექსანდრე თვალჭრელიძე - საქართველოში ვერა და ვერ გაჩნდა შუალედური გავლენიანი მესამე ძალა, ამიტომ, ამ არჩევნებშიც წამყვანი როლი ლანძღვა-გინების ტექნოლოგიას ექნება

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტს ალექსანდრე თვალჭრელიძეს ესაუბრა.

- ბატონო ალექსანდრე, პარლამენტი პანდემიის გამო ბიუჯეტის კორექტირებულ პროექტს განიხილავს. კორექტირებულ ბიუჯეტზე საუბრისას სამთავრობო გუნდის წევრები კომპლიმენტებს არ იშურებენ.

ოპოზიციის წარმომადგენლები კი, გარდა იმისა, რომ მის თითქმის ყველა პარამეტრს ეჭვ ქვეშ აყენებენ, ამტკიცებენ, რომ იგი მმართველი გუნდის საარჩევნო დღის წესრიგზეა მორგებული. მეტიც, მათივე აზრით, ბიუჯეტის კორექტირებული ბიუჯეტიდან არა მარტო ნათლად არ ჩანს ვის დაეხმარება მთავრობა და რა ოდენობით, არამედ ისიც უცნობია, თუ როგორ აპირებს ხელისუფლება პანდემიის გამო დაზარალებული ეკონომიკის ამოქმედებას.

თქვენ როგორ შეაფასებდით კორექტირებული ბიუჯეტის ძირითად პარამეტრებს და თქვენი აზრით, რამდენად საფუძვლიანია ხელისუფლების მისამართით ოპოზიციის მხრიდან გამოთქმული კრიტიკა?

- „რა გითხრათ, რით გაგახაროთ?!“. პანდემია ჯერ არ არის ამოწურული, აგერ, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა ოდენობამ 8 მილიონს გადააჭარბა. საფრანგეთი, ისრაელი, ნაწილობრივ სხვა ქვეყნებიც ისევ ამკაცრებენ შეზღუდვებს. ნახეთ, რა ხდება ჩვენ სამეზობლოში.

ჩვენ არ ვიცით, რა გველის უახლოეს მომავალში და რა ნიშნულამდე დავა კრიზისი და ამ პირობებში ოპოზიციას უნდა, რომ მთავრობამ ეკონომიკური რეცესიიდან გამოსვლის ერთი თეთრის სიზუსტით გაწერილი გეგმა წარმოგვიდგინოს? ეს ხომ ფარატინა ქაღალდი იქნება, რომელსაც პროპოგანდისტული მიზნების გარდა სხვა დატვირთვა არ ექნება.

კორექტირებული ბიუჯეტი ასახავს დღევანდელ მდგომარეობას. რა თქმა უნდა, ის არ არის იდეალური და არც შეიძლება იყოს. სრულიად შესაძლებელია, რომ მისი ახალი კორექტირების აუცილებლობა შეიქმნას. მაგრამ, ეს ბიუჯეტი ასახავს რეალურ რესურსებს და გვაძლევს მითითებას, ან, როგორც ასე უყვარს დასავლური სლენგის მოყვარულთ - გაიდლაინს, თუ რისი შესაძლებლობა გვაქვს და როგორია მთავრობის ქმედების თავისუფლების ხარისხი. მერწმუნეთ, ეს ძალზე მნიშვნელოვანია.

კორექტირებული ბიუჯეტი ასახავს დღევანდელ მდგომარეობას... ეს ბიუჯეტი ასახავს რეალურ რესურსებს და გვაძლევს მითითებას თუ რისი შესაძლებლობა გვაქვს და როგორია მთავრობის ქმედების თავისუფლების ხარისხი

ნუ დაგვავიწყდება ისიც, რომ წინა ხელისუფლების პირობებში სახელმწიფო სტატისტიკა, ისევე, როგორც საბჭოთა პერიოდში, მითების ამსახველ სურათს ხატავდა და მეძავი ქალივით ასრულებდა დამკვეთის სურვილს. ეხლა ჩვენ სტატისტიკურ მონაცემებს, სულ მცირე, შეგვიძლია ვენდოთ.

გვახსოვდეს კიდევ ერთი რეალობა. საქართველოს მთავრობა კარგად უმკვლავდება სიტუაციას და ეს, რა თქმა უნდა, ყოველგვარი საარჩევნო კამპანიის გარეშეც, მის წისქვილზე ასხავს წყალს. ამას კარგად ხვდება რადიკალური ოპოზიციაც და თავისი ჩვეული რიტორიკით ცდილობს ხელისუფლების კრიტიკას.

გვახსოვდეს კიდევ ერთი რეალობა. საქართველოს მთავრობა კარგად უმკვლავდება სიტუაციას და ეს, რა თქმა უნდა, ყოველგვარი საარჩევნო კამპანიის გარეშეც, მის წისქვილზე ასხავს წყალს. ამას კარგად ხვდება რადიკალური ოპოზიციაც და თავისი ჩვეული რიტორიკით ცდილობს ხელისუფლების კრიტიკას

მაგრამ ჯერ კიდევ ჰერაკლიდემ თქვა, რომ ორჯერ ერთ მდინარეში შესვლა შეუძლებელია. შეცვლილ ვითარებაში, თუ გინდა წარმატებას მიაღწიო, შენც უნდა შეიცვალო, მაგრამ არა ისე, მერაბ მამარდაშვილმა რომ შეარქვა „გარდასახვა ცვლილებების გარეშე“, არამედ რეალურად. ამის მზაობასა და ინტელექტუალურ რესურსს, ძალიან მცირე გამონაკლისით, მე ოპოზიციაში ვერ ვხედავ, ვერ ვხედავ ვერც ძველ და, როგორი გულდასაწყვეტიც არ უნდა იყოს, ვერც ახალ სახეებში.

თუ გინდა წარმატებას მიაღწიო, შენც უნდა შეიცვალო, მაგრამ ამის მზაობასა და ინტელექტუალურ რესურსს, ძალიან მცირე გამონაკლისით, მე ოპოზიციაში ვერ ვხედავ, ვერ ვხედავ ვერც ძველ და, როგორი გულდასაწყვეტიც არ უნდა იყოს, ვერც ახალ სახეებში

ტუ-104-ის საჭეს შეჩვეული მფრინავი გადამზადების გარეშე აერობუსს ვერ მართავს. თუ აფრინდა, მას დიდი ალბათობით კატასტროფა ელოდება. გინდა მომკალით, მაგრამ მე ასეთი გადამზადების ვერც შედეგს და ვერც მზაობას ოპოზიციაში ვერ ვხედავ.

საქმე იქამდეც მივიდა, რომ მე მხოლოდ თქვენს ვებ-გვერდზე განთავსებული პოლიტიკური მასალის სათაურს თუ წავიკითხავ ხოლმე, შინაარსზე დროს არ ვკარგავ.

- მოძრაობა „აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის მტკიცებით, მაშინ როცა პანდემიის გამო ყველა დაზარალდა, საქართველოს ბანკებს არნახული მოგეგებები აქვთ. აპრილის თვეში ჩვენს ბანკებს 80 მილიონიანი მოგება ჰქონდათ, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს მონაცემი მათივე შარშანდელ მაჩვენებეზე 16%-ით მეტია.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ბანკებს 50 მილიარდიანი კაპიტალი აქვთ, მათ მიერ გაცემული სესხების პროცენტი ძალიან მაღალია. არადა, 15%-იანი სესხის პირობებში ვერც ერთი ბიზნესი ვერ განვითარდება. ეს იცის ეროვნულმა ბანკმა, მთავრობამ, მაგრამ ბანკებმა რომ სესხების პროცენტი დაწიონ არაფერი კეთდება.

იგი პანდემიის გამო დაზარალებული ეკონომიკის მხარდასაჭერად სთავაზობს ცალკე ბანკებს და ცალკე მთავრობას, ჩამოაწერონ ხალხს ვალები და სასესხო განაკვეთები მინიმუმ გაანახევრონ.

მისივე თქმით, ბანკების ქცევა იმ თვალსაზრისითაცაა გაუგებარი, რომ თუ ყველა კლიენტი გაკოტრდა, ეს მათ მოგებებზეც აისახება და საერთოდ, გაუგებარია შექმნილ ვითარებაში ეროვნული ბანკის უმოქმედობა.

თქვენი დაკვირვებით რატომაა უმოქმედო ეროვნული ბანკი ბანკებთან მიმართებაში? - მოგეხსენებათ, ყველაფერი რეფინანსების განაკვეთზეა დამოკიდებული. ჩვენი წამყვანი ბანკების აქციონერები საერთაშორისო სავალუტო და ეკონომიკური ინსტიტუტებია. ამ ბანკებმა, ყოველ შემთხვევაში „საქართველოს ბანკმა“ და „თიბისიმ,“ ლონდონის ბირჟაზე განათავსა ფასიანი ქაღალდები და, რასაკვირველია, ისინი ემორჩილებიან საერთაშორისო თამაშის წესებს.

არაერთხელ მითვამს, რომ თუ გვინდა ჩვენი მაკროეკონომიკური კლიმატის შეცვლა, ეროვნულმა ბანკმა უფრო ხისტი წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს მსოფლიო ბანკსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს.

თუ გვინდა ჩვენი მაკროეკონომიკური კლიმატის შეცვლა, ეროვნულმა ბანკმა უფრო ხისტი წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს მსოფლიო ბანკსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს

არაერთხელ მითქვამს ისიც, რომ ეს საერთაშორისო ფინანსური გიგანტები ზოგად მსოფლიო ვითარებას აქცევენ ყურადღებას და მათთვის საქართველო ისეთივე გამოწვევაა, როგორც რწყილი სპილოსთვის.

ჩვენ თუ გვინდა იაფი ფული, მაშინ უნდა ვაიძულოთ პარლამენტის შუამავლობით ეროვნული ბანკი მართლაც ეროვნულ და არა გლობალისტურ საქმეს აკეთებდეს. ასე, რომ ბატონ გიორგის „მისამართი შეეშალა“.

ჩვენ თუ გვინდა იაფი ფული, მაშინ უნდა ვაიძულოთ პარლამენტის შუამავლობით ეროვნული ბანკი მართლაც ეროვნულ და არა გლობალისტურ საქმეს აკეთებდეს

გაიხსენოს, რა ენთუზიაზმით უჭერდა მხარს რომან გოცირიძე ბატონი გვენეტაძის ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაზე დანიშვნას.

- ბანკებთან მიმართებაში გიორგი ვაშაძის მიერ გაკეთებული განცხადებები და შეფასებები სტატმონაცემებს ეყრდნობა. ასეთ ვითარებაში სავსებით ლოგიკური იქნებოდა კითხვის ასე დასმა - რამდენად მართებულია მტკიცება რომ მთავრობა ხელს უწყობს ქვეყანაში იმგვარი ბანკური ოლიგოპოლიის ჩამოყალიბებას, რომლის დროსაც ეკონომიკური კრიზისიდან დაღწევის ალბათობა ბევრად ნაკლებია, ვიდრე კონკურენტული გარემოს პირობებში?

- თქვენი შეკითხვა შინაარსობრივად შეიძლება სწორია, მაგრამ პროფესიულად არაკორექტულია შემდეგი მიზეზის გამო. ჩვენ ვცხოვრობთ, ან თავს ვიტყუებთ, რომ ვცხოვრობთ, სამოქალაქო საზოგადოებაში, სადაც, მაპატიეთ ტავტოლოგია, უზენაესია კანონის უზენაესობის პრინციპი.

კანონით ეროვნული ბანკი, რომელიც საბანკო სექტორის მარეგულირებელი ორგანოა, დამოუკიდებელი ინსტიტუტია და მთავრობა და საერთოდ ხელისუფლება მის საქმიანობაში ვერ ჩაერევა. ვერც კერძო ბანკების საქმიანობაში ვერ ჩაერევა ხელისუფლება, თუ ამ ბანკების საქმიანობა კანონსაწინააღმდეგო არ არის.

კანონით ეროვნული ბანკი, რომელიც საბანკო სექტორის მარეგულირებელი ორგანოა, დამოუკიდებელი ინსტიტუტია და მთავრობა და საერთოდ ხელისუფლება მის საქმიანობაში ვერ ჩაერევა. ვერც კერძო ბანკების საქმიანობაში ვერ ჩაერევა ხელისუფლება, თუ ამ ბანკების საქმიანობა კანონსაწინააღმდეგო არ არის

საბანკო, თქვენ როგორც ბრძანეთ, „ოლიგოპოლია“ კი ბატონი მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაციის დროს მიღებულმა კანონებმა განაპირობა. ეს კანონებიც მართლაც სახიფათოა, რომლებიც ბანკებს სხვა საქმიანობის უფლებასაც აძლევს, რითაც იქმნება წინაპირობა მძლავრი ფინანსურ-ეკონომიკური, პრაქტიკულად მონოპოლისტური სტრუქტურების შესაქმნელად - საბანკო სექტორი, დაზღვევა, მშენებლობა, მრეწველობა, ჯანმრთელობის დაცვა, კიდევ რა ჩამოგითვალოთ.

გაიხსენეთ, ეგორ გაიდარის მიერ შემუშავებულმა საფინანსო-სამრეწველო კომპლექსების არაადექვატურმა განვითარებამ 1998 წელს რუსეთში დეფოლტი გამოიწვია, რომელმაც ბუმერანგივით კინაღამ თავი წააცალა იმ დროს მეტად სუსტ ქართულ ეკონომიკას. მადლობა ღმერთს, რომ იმ წლებში ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ირაკლი მანაგაძე იყო...

შემაშფოთებელი სხვა რამ არის. არც მთავრობა და არც პარლამენტი საერთოდ არ ფიქრობს ასეთი რეგულაციების შეცვლაზე და ამაყად აშშ-ს მაგალითი მოყავთ. მაშინ გაიხსენონ, რომ აშშ-ის ფიუჩერსული ვაჭრობის მარეგულირებელმა 2008 წელს მკვეთრად შეცვალა საბანკო რეგულაციები ენრონის საქმის შემდეგ, რომელმაც საბანკო კანონმდებლობის ხარვეზები გამოავლინა.

შემაშფოთებელი სხვა რამ არის. არც მთავრობა და არც პარლამენტი საერთოდ არ ფიქრობს ასეთი რეგულაციების შეცვლაზე და ამაყად აშშ-ს მაგალითი მოყავთ

სხვათა შორის, „ნიუ იორკ თაიმსის“ სტატიის შემდეგ ამ ხარვეზებს „ენრონის ხრიჭო“ (Enron Loophole) დაერქვა. ამ საკითხზე მე საათობით შემიძლია ვილაპარაკო.

- საპარლამენტო არჩევნებამდე 5 თვეზე ოდნავ ნაკლებია დარჩენილი. ყველა კი დარწმუნებულია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები იქნება მიღებული და პრაქტიკულად ნახევრადპროპორციული სისტემით ჩატარდება 2020 წლის არჩევნები, მაგრამ, ისეა გადღაბნილი ამ საკითხზე სურათი, მისი საბოლოო კონტურების გარჩევა აშკარად ჭირს.

თქვენ როგორ შეაფასებდით არჩევნებამდე არსებულ ვითარებას ქვეყანაში და თქვენი დაკვირვებით, 2020 წლის წინასაარჩევნო პერიოდი რით განსხვავდება წინა წლების საარჩევნო პერიოდებისაგან, და თუ რამე მსგავსებები არსებობს, რა ტიპის მსგავსებებზე შეიძლება საუბარი?

- ის მითხარით, საერთოდ რა შეიცვალა? არაერთხელ მითქვამს, რომ თუ რომელიმე პოლიტიკურ ძალას ხალხის მხარდაჭერა აქვს, იგი აუცილებლად მოვა ხელისუფლებაში ნებისმიერი საარჩევნო სისტემის პირობებში და ნებისმიერი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების მიუხედავად.

თუ რომელიმე პოლიტიკურ ძალას ხალხის მხარდაჭერა აქვს, იგი აუცილებლად მოვა ხელისუფლებაში ნებისმიერი საარჩევნო სისტემის პირობებში და ნებისმიერი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების მიუხედავად

ზვიად გამსახურდიამ კომუნისტური ხელისუფლება 100%-ანი მაჟორიტარული არჩევნების დროს დაამარცხა. ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში მოვიდა მიხეილ სააკაშვილის მიერ თავისთვის დაწერილი საარჩევნო კანონმდებლობის პირობებში.

მაშინ მართებულია კითხვა - რატომ უჭერენ მხარს ჩვენი დასავლელი კეთილმოსურნეები პროპორციულ ან, ასე ვთქვათ, კვაზიპროპორციულ საარჩვენო სისტემას? საქმე იმაში გახლავთ, რომ ეს სისტემა პარლამენტში გასვლის შანსს მცირე, დაბალი ფინანსური რესურსების მქონე პარტიებს აძლევს.

პოლიტოლოგების აზრით, ეს კოალიციური მთავრობების ჩამოყალიბების შესაძლებლობას შექმნის, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს პარლამენტში და საერთოდ საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში პოლიტიკური დაძაბულობის, ტემპერატურის შემცირებას.

საერთოდ, არც ერთი საარჩევნო სისტემა იდეალური არ არის. თავის დროზე ჩერჩილმა თქვა, რომ დემოკრატია ძალიან ცუდი რამეა, უბრალოდ, ადამიანს უკეთესი ჯერ არაფერი გამოუგონია. ამიტომ, აბსოლუტურად გაუმართლებელია რომელიმე საარჩევნო სისტემის ტლუ კოპირება. ასეთი სისტემა ეროვნულ ხასიათს, ეროვნულ ტრადიციებს, ეროვნულ ფასეულობებს უნდა ეფუძნებოდეს. გამახსენეთ არჩევნების შემდეგ თუნდაც სამი წყნარი წელი იტალიაში პოლიტიკური კრიზისების გარეშე.

პროპორციულ სისტემას კიდევ ერთი ნაკლი აქვს. ის პარლამენტში გასვლის შესაძლებლობას, უსახო, მორჩილ, ხშირად ანგარებით გამსჭვალულ ადამიანებსა და პარტიების „სპონსორებს“ აძლევს. ასეთი ადამიანები მხოლოდ კენჭისყრისთვისაა საჭირო, უმრავლესობის ჰეგემონიისთვის.

პროპორციულ სისტემას კიდევ ერთი ნაკლი აქვს. ის პარლამენტში გასვლის შესაძლებლობას, უსახო, მორჩილ, ხშირად ანგარებით გამსჭვალულ ადამიანებსა და პარტიების „სპონსორებს“ აძლევს. ასეთი ადამიანები მხოლოდ კენჭისყრისთვისაა საჭირო, უმრავლესობის ჰეგემონიისთვის

მაგრამ კრიზისების დროს ისინი იწყებენ თვითგადარჩენისთვის ზრუნვას, ივიწყებენ ერთგულებას და უერთდებიან იმ ჯგუფებს, რომლებიც მათი აზრით უმრავლესობაში მოვლენ. ესეც არაერთხელ, თუმდაც ერთი წლის წინ ვიხილეთ.

რასაკვირველია, მხედველობაში არ მყავს ის ადამიანები, რომლებიც მსოფლმხედველური, პრინციპული მოსაზრებებით ტოვებენ პარტიებსა და უმრავლესობას.

მიმაჩნია, რომ საქართველოსთვის მაჟორიტარული სისტემა გაცილებით მომგებიანია. ამომრჩეველს მაშინ ზუსტად ეცოდინება, პიროვნულად ვის აძლევს ხმას და მაშინ დეპუტატის პასუხისმგებლობა მკვეთრად გაიზრდება. მეორეც, ეს პარლამენტის ინტელექტუალური დონის ამაღლებასაც მასიურად შეუწყობს ხელს.

მიმაჩნია, რომ საქართველოსთვის მაჟორიტარული სისტემა გაცილებით მომგებიანია. ამომრჩეველს მაშინ ზუსტად ეცოდინება, პიროვნულად ვის აძლევს ხმას და მაშინ დეპუტატის პასუხისმგებლობა მკვეთრად გაიზრდება

მაგრამ ამისთვის ზოგადი პოლიტიკური კულტურის მკვეთრი ზრდაა საჭირო, რის წინაპირობებს კი მე ჯერ-ჯერობით საუბედუროდ ვერ ვხედავ.

- ჩვენივე უახლესი ისტორიისგან ვიცით, რომ არც ერთ ხელისუფლებას არ ჰქონია პატივი არჩევნებში სამჯერ ზედიზედ გაერმარჯვა და ემართა ქვეყანა.

რადგან ამ თვალსაზრისით 2020 წლის არჩევნები „ქართული ოცნებისთვის“ ხელისუფლებაში მესამე ვადით დარჩენის შესაძლებლობაა, თქვენი დაკვირვებით, რამდენად აქვს შანსი „ოცნებას“ შევარდნაძისა და სააკაშვილის ხელისუფლებებისაგან განსხვავებით მესამეჯერაც იქნას არჩეული?

- არ მიყვარს ხოლმე მარჩიელობა, არც ნოსტრადამუსი და არც ვანგა არ ვარ. მაგრამ, როგორი პარადოქსული არ უნდა მოგეჩვენოთ, სწორედ პანდემიასთან ეფექტურმა ბრძოლამ ასეთი შანსი ნამდვილად გააჩინა.

თუ პანდემიის მართვის სადავეები მთავრობას ხელიდან არ გაექცევა, თუ საქართველო მართლაც გამოცხადდა მწვანე ზონად და თუ გაუგებარი მიზეზებით არ გადაწყდა პრემიერ მინისტრის შეცვლა, მაშინ მოახლოებულ არჩევნებზე „ქართული ოცნების“ გამარჯვების შანსები საკმაოდ რეალურად მიმაჩნია და ჩვენ შეიძლება გავხდეთ პირველი პრეცენდენტის მოწმეები, როცა მმართველ ძალას ექნება ქვეყნის მესამეჯერ მართვის შესაძლებლობა.

თუ პანდემიის მართვის სადავეები მთავრობას ხელიდან არ გაექცევა, თუ საქართველო მართლაც გამოცხადდა მწვანე ზონად და თუ გაუგებარი მიზეზებით არ გადაწყდა პრემიერ მინისტრის შეცვლა, მაშინ მოახლოებულ არჩევნებზე „ქართული ოცნების“ გამარჯვების შანსები საკმაოდ რეალურად მიმაჩნია

კარგია ეს თუ ცუდი, სხვა საკითხია და თითოეულმა ამომრჩეველმა ეს თავისთვის უნდა გადაწყვიტოს.

- რჩება შთაბეჭდილება, რომ ქართული პოლიტიკის მთავარ აქტორებად კვლავ რჩებიან კულუარებში მყოფი ივანიშვილი და საქართველოდან დისტანცირებული მესამე პრეზიდენტი სააკაშვილი. ძირითადი მოთამაშეები თუ ღიად არა, ფარულად მაინც არიან იმ აზრის მატარებლები, რომ გამარჯვების შემთხვევაში ოპონენტებს გაანადგურებენ.

ხელისუფლების ლიდერებს არაერთხელ განუცხადებიათ „ნაცმოძრაობაზე“ - „დაგამთავრებთ“! „დაგასრულებ“!, დაახლოებით იგივეს ამბობს „ნაცების“ ნაწილი. „ევროპული საქართველო“ აშკარად იჩენს მეტ წინდახედულებას და ივანიშვილს მოუწოდებს ისე არ მოიქცეს, რომ შემდეგ თავად მეტად დაზარალდეს.

შესაძლოა ვცდებოდე, მაგრამ ვფიქრობ, რომ ქართული კლასის პრობლემა ისაა, რომ ერთმანეთთან მკვეთრად დაპირისპირებული ძალები არ უშვებენ, რომ ოპონენტებთან თანამშრომლობის რეჟიმში შეიძლება იყვნენ.

თქვენი აზრით, რამდენად საფუძვლიანად გამოიყურება ამგვარი მტკიცება?

- ბიძინა ივანიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის პოზიციები სრულიად განსხვავებულია. ბატონი ბიძინა პოლიტიკური პარტიის ოფიციალური ლიდერია და სავსებით ბუნებრივია, რომ მას „ქართული ოცნების“ პოლიტიკის სადავეები ხელში უჭირავს.

ვინ თქვა, რომ არჩევნებში გამარჯვებული პარტიის ლიდერი მთავრობის მეთაური უნდა იყოს? ევროპაში ძალიან ბევრია იმის მაგალითი, რომ ამა თუ იმ მიზეზის გამო პარტიის ლიდერი მთავრობის მეთაურობაზე უარს ამბობს, მაგრამ მას ეს პარტიის პოლიტიკის ჩამოყალიბებაში ხელს არ უშლის.

ამიტომ ბიძინა ივანიშვილის გავლენა სრულებით არ არის ჩრდილოვანი და ეს ყველა ჩვენ პარტნიორს ესმის ანგაჟირებული და მიკერძოვებული პიროვნებების გარდა.

სულ სხვაგვარია მიხეილ სააკაშვილის პოზიცია. მან საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვა, იგი უკრაინის მოქალაქეა და იქ საკმაოდ მნიშვნელოვანი, ვიტყოდი ფინანსებთან დაკავშირებული პოზიცია უკავია. იგი აღარ არის „ნაცმოძრაობის“ ლიდერი, ერიდება საქართველოში ჩამოსვლას და ცალკეულ პოსტებსა და ინტერვიუებში გაბნეული ლოზუნგებით ქადაგებს.

მეჩვენება, რომ „ნაცმოძრაობის“ ლიდერები რაც მეტს დაუჯერებენ სააკაშვილს, ისინი მით უფრო მეტად დაკარგავენ გავლენას.

მეჩვენება, რომ „ნაცმოძრაობის“ ლიდერები რაც მეტს დაუჯერებენ სააკაშვილს, ისინი მით უფრო მეტად დაკარგავენ გავლენას

კოჰაბიტაციის სიკეთეები ჩვენ კარგად გვახსოვს. მეჩვენება, რომ „ქართულ ოცნებასა“ და „ნაცმოძრაობას“ შორის თანამშრომლობა შეუძლებელია, ოღონდ ლანძღვის რიტორიკა მათ უნდა დაივიწყონ და უფრო კულტურული ლექსიკონის ხმარებაზე გადავიდნენ. მეჩვენება, რომ ამის შესაძლებლობა ბატონმა არჩილ თალაკვაძემ დაგვანახა.

მეჩვენება ისიც, რომ სულ უფრო მეტი ადამიანი ასეთ აუცილებლობას ხედავს და რამდენიმე ოდიოზური ფიგურის გარდა ერთსა და მეორე მხარეს დისკურსი მინუს თვრამეთი წლის ასაკამდე ახალგაზრდებისთვისაც საზიანო აღარ არის.

საუბედუროდ, საქართველოში ვერა და ვერ გაჩნდა შუალედური გავლენიანი მესამე ძალა. ამიტომ, ამ არჩევნებშიც წამყვანი როლი ლანძღვა-გინების ტექნოლოგიას ექნება.

- ვხედავთ, თუ როგორ ვითარდება პროცესები ოპოზიციური ძალების იმ ფლანგზე, რომლებიც „ლეიბორისტული“ პარტიის ოფისში იკრიბებიან. ამ ფლანგზე აქტიურობით გამორჩეულმა პარტიებმა უარი თქვეს სააკაშვილის წინადადებაზე ისინი ერთიანი სიით წარმდგარიყვნენ 2020 წლის არჩევნებზე.

მიუხედავად ამისა, მათ შორის მაინც გრძელდება კონსულტაციები თბილისში მაჟორიტარულ ოლქებში კანდიდატების შეთანხმებაზე.

რა მიზანს ისახავდა სააკაშვილი, როცა ოპოზიციას ერთიანი სიით არჩევნებში მონაწილეობას შესთავაზა და თქვენი დაკვირვებით, რამდენად წარმატებული შეიძლება აღმოჩნდეს თბილისში მაჟორიტარებზე ოპოზიციის ერთი ნაწილის ერთიან კანდიდატებზე შეთანხმების იდეა?

- რამდენი ნაკლიც არ უნდა აღმოვუჩინოთ მიხეილ სააკაშვილს, ის უდავოდ ნიჭიერი ადამიანია. ის კარგად აანალიზებს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს და ხვდება, რომ 2012 წლის არჩევნებში ბატონი ბიძინა ივანიშვილის წარმატების ქვაკუთხედი გახდა მის ირგვლივ არსებული ყველა მეტ-ნაკლებად გავლენიანი ოპოზიციური პოლიტიკური ძალის გაერთიანება.

ოღონდ ასეთი გაერთიანებისთვის დაუღალავი მეცადინეობაა საჭირო, რომელსაც თავის დროზე 13 თვის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილი ეწეოდა. ლოზუნგებით ქადაგება საკმარისი არ არის. მეჩვენება, რომ ოპოზიციაში გამაერთიანებელი ღერძი არ არსებობს და მრავალი მიზეზის გამო „ნაცმოძრაობა“, რომელსაც პოზიციების დათმობა არ სურს, ასეთ ღერძად ვერ გამოდგება. ამიტომ ასეთი სიის ჩამოყალიბებას მე სკეპტიკურად ვუყურებ. ხომ თქვა „ლელომ“, რომ მას თავისი კანდიდატები ეყოლება. თუმცა, მოვლენებს ნუ გავასწრებთ.

მეჩვენება, რომ ოპოზიციაში გამაერთიანებელი ღერძი არ არსებობს და მრავალი მიზეზის გამო „ნაცმოძრაობა“, რომელსაც პოზიციების დათმობა არ სურს, ასეთ ღერძად ვერ გამოდგება

- პოლიტიკურ ველზე „ლელო საქართველოსთვის“ აქტიურობა სულ უფრო მეტად შესამჩნევი ხდება. „ლელოს“ ძირითად ოპოზიციურ ძალებთან კოორდინაციასა და თანამშრომლობაზე უარი არ უთქვამს, მაგრამ უკვე ვიცით, რომ რიგ მაჟორიტარულ ოლქებში მას თავისი კანდიდატები ეყოლება.

თქვენი დაკვირვებით, არჩევნებამდე 5 თვით ადრე როგორ შეაფასებდით 2020 წლის არჩევნებზე „ლელო საქართველოსთვის“ შანსებს?

- მე პირადად კარგად ვიცნობ ამ მოძრაობის დამფუძნებლებს, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვთ ბიზნესში და პატარა პოლიტიკაში.

მართალია, „ლელოს“ რამდენიმე გამოცდილი პოლიტიკოსი შეუერთდა, მაგრამ მანამდე, როგორც თქვენთან ინტერვიუში ორჯერ აღვნიშნე, მათ დიდი შეცდომები დაუშვეს, იმაში გამოიხატა, რომ ამ მოძრაობამ თვითიდენტიფიცირებას მთავრობის კრიტიკით შეეცადა.

მართალია, „ლელოს“ რამდენიმე გამოცდილი პოლიტიკოსი შეუერთდა, მაგრამ მათ დიდი შეცდომები დაუშვეს, იმაში გამოიხატა, რომ ისინი თვითიდენტიფიცირებას მთავრობის კრიტიკით შეეცადნენ

ამით იგი მაშინვე გაიგივდა ოპოზიციის ერთიან ამორფულ მასასთან. მე დღესაც დიდ განსხვავებას ვერ ვხედავ „ლელოსა“ და ვთქვათ, ალეკო ელისაშვილის გუნდს შორის. ამიტომ, თუ მათ უნდათ სასიკეთო შედეგების მიღწევა, მათ ძალიან შეზღუდულ დროში უნდა მოახერხონ თავიანთი უბრალო ხალხისთვის გასაგები ორიგინალური პოლიტიკის ჩამოყალიბება, რომელიც მათ სხვა ოპოზიციური ძალებისგან განასხვავებს. ასევე, დაუყოვნებლივ შესამუშავებელია საზოგადოებასთან ურთიერთობის პროფესიული პოლიტიკა, რასაც ჯერ-ჯერობით ვერ ვხედავ - ყველა იმას ლაპარაკობს, რაც უნდა.

- თუ საკონსტიტუციო ცვლილებები იქნა მიღებული 2020 წლის არჩევნებზე არა ერთი პოლიტიკური ძალა მოსინჯავს თავის შესაძლებლობას. მათ შორის იქნებიან ქართული პოლიტიკური სცენის ვეტერანებიც და ახალი თაობის წარმომადგენლებიც, რომელთა ლიდერებსაც უკვე იცნობს ქართული საზოგადოება.

თქვენი აზრით, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ მომავალ პარლამენტში ახალი გენერაციის პოლიტიკური ჯგუფები მოხვდნენ?

- ჯგუფები შეიძლება არა, მაგრამ ახალი სახეები ნამდვილად გამოჩნდებიან და არა მხოლოდ მცირე საპარლამენტო პარტიებში, არამედ ტრადიციულად ერთმანეთთან დაპირისპირებულ „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძაობაში“.

როგორი იქნება ეს სახეები, ვთქვათ, რეინოლდის ტილოებზე ასახული კეთილშობილი ადამიანებისა თუ უილიამ ჰოგარდის პოლიტიკური კარიკატურებისა, მომავალი გვიჩვენებს.

- სუს-მა რუსეთის მოქალაქე ბოკოვი დააკავა, რომელიც ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მკვლელობას გეგმავდა. ტვ „მთავარის“ გენდირექტორი ნიკა გვარამია მკვლელობის დამკვეთად რამზან კადიროვს ასახელებს.

ამაში უცნაური არაფერია, ვინაიდან რამზან კადიროვს რუსეთში პუტინის არა ერთი ოპონენტის და ასევე ევროპაში მისი პირადი ოპონენტის მკვლელობა ბრალდება. ფაქტია, რომ ქართულმა სპეცსამსახურებმა ჟურნალისტ გაბუნიას მკვლელობა აღკვეთეს.

ახლა როცა ვიცით, რომ საქართველოს მოქალაქის მკვლელობა იგეგმებოდა, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ჟურნალისტი გაბუნია ვინმეს მოსწონს თუ არა. მიუხედავად იმისა, რომ ამ საქმეში პასუხგაუცემელი კითხვები მეტია, ვიდრე პასუხები, თქვენ როგორ შეფასებდით ერთი მხრივ მომხდარს და მეორე მხრივ ჩვენი სპეცსამსახურების ქმედებებს?

- ინფორმაცია ამ საკითხზე თქვენზე ნაკლები მაქვს. რამდენად მართებულია ნიკა გვარამიას ვარაუდი, საკითხავია. ის ხშირად როგორც სწორ, ასევე ტყუილ ინფორმაციას აჟღერებს.

ფაქტი ერთია. სუს-მა დაადასტურა რუსეთის მოქალაქის დაპატიმრება განზრახ მკვლელობის ორგანიზების ბრალდებით. კარგია, რომ საქმე გაიხსნა მკვლელობის ჩადენამდე და არა მის შემდეგ. მერწმუნეთ, ასეთი პრეცენდენტები მსოფლიოში იშვიათია.

ფაქტი ერთია. სუს-მა დაადასტურა რუსეთის მოქალაქის დაპატიმრება განზრახ მკვლელობის ორგანიზების ბრალდებით. კარგია, რომ საქმე გაიხსნა მკვლელობის ჩადენამდე და არა მის შემდეგ. მერწმუნეთ, ასეთი პრეცენდენტები მსოფლიოში იშვიათია

დაველოდოთ გამოძიების შედეგებს, რომელიც, მჯერა, დამკვეთსაც დაადგენს. ამ ისტორიაში ყველაზე ცინიკურია ოპოზიციის ზოგი ოდიოზური ფიგურის შეძახილები, რომ თურმე ჩვენთან ჯაშუშები და ტერორისტები თავისუფლად გადაადგილდებიან. მაშ, როგორ შევაფასოთ 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტები? ძალიან კარგი, რომ ჯორჯ ბუშს ოპოზიციად „ნაცმოძრაობა“ არ ედგა.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა